"როგორც წესი, შავ ფერს ვანიჭებ უპირატესობას. უმეტესად მარტივ სილუეტებს ვირჩევ. ჩემი სხეულის ტიპისთვის სიმარტივე უკეთესია" - მონიკა ბელუჩის ვრცელი ინტერვიუ სტილის, სილამაზისა და შთაგონების შესახებ
61 წლის მონიკა ბელუჩი მრავალი წელია, სტილისა და სილამაზის სიმბოლოდ ითვლება და საზოგადოებაში მისი ყოველი ახალი გამოჩენა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მსახიობის დახვეწილი, ელეგანტური, მარტივი სტილი დღემდე ბევრი ქალისთვის შთამაგონებელია.
იგი 2026 წლის BAFTA-ს დაჯილდოებაზე საკმაოდ ეფექტური კოსტიუმითა და აქსესუარებით გამოჩნდა და არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
მსახიობთან ინტერვიუ Harper's Bazaar UK-მა ჩაწერა და დღეს საინტერესო მონაკვეთებს გაგიზიარებთ.
ინტერვიუში მონიკა ბელუჩი BAFTA-ს ლუქის შესახებ აღნიშნავს:
"Stella McCartney-ის სამოსი მოვირგე, რადგან მისი ნამუშევრები ძალიან მიყვარს. მისი სტილი ძალიან ქალური და დახვეწილია, თუმცა, ამავე დროს, მასში სიმარტივე, სისუფთავე და ელეგანტურობა იგრძნობა. ეს სამოსი საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნის განცდას მმატებს. სტელასთან ადრეც მითანამშრომლია. 2017 წელს Cannes Film Festival-ზე ცერემონიის წამყვანი ვიყავი და პრესკონფერენციაზე მისი შავი კომბინეზონი მეცვა. წუხელ ჩემი ლუქის მთავარი აქსესუარი Cartier-ის სამკაული იყო, ამიტომ უფრო საინტერესოდ მივიჩნიე ძალიან ლამაზი, სადა კაბის შერჩევა, სწორი და მინიმალისტური ხაზებით, რომ კონტრასტი უფრო მკაფიო გამხდარიყო."

მსახიობი საუბრობს, რამდენად ჩართულია მსგავსი ღონისძიებისთვის ლუქის შერჩევის პროცესში:
"ამ პროცესში ჩართული ვარ, რადგან მნიშვნელოვანია ისეთი სამოსის არჩევა, რომელიც განწყობასა და ემოციას შეესაბამება. ზოგადად, მოდას ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან კარიერა მოდელად დავიწყე, ამიტომ თითოეული კოლექციის უკან არსებულ შრომას კარგად ვიცნობ. დიზაინერების წნეხსაც ვგრძნობ და მინახავს, როგორ კანკალებდნენ ისინი ჩვენების წინ კულისებში. მოდის მეშვეობით საზოგადოების დროში ცვალებად ისტორიას გადმოვცემთ. ეს უბრალოდ ტანსაცმელი არ არის - მას უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს."