აშშ-ისრაელის თავდასხმიდან 12 სთ-ის თავზე ირანმა საპასუხოდ ათამდე ქვეყანა დაბომბა... - კვირის პალიტრა

აშშ-ისრაელის თავდასხმიდან 12 სთ-ის თავზე ირანმა საპასუხოდ ათამდე ქვეყანა დაბომბა...

28 თებერვლის დილას დაწყებული ისრაელის-აშშ-ის ირანზე ერთობლივი საჰაერო დარტყმების შემდეგ სიტუაცია სწორედ ისეთივე სიჩქარით ვითარდება, როგორც დაპირისპირებული მხარეების მიერ გაშვებული რაკეტების სიჩქარეა, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, რადგან ყოველ ახალ სტარტაღებულ ბალისტიკურ რაკეტას მიზანში მისაღწევად ათიოდე წუთი ჰყოფნის, შესაბამისად მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებისთვის მორიგი სენსაციური ახალი ამბავი იბადება თავისი შემაძრწუნებელი ვიდეოკადრების თანხლებით...

გასული წლის 12-დღიანი „სარაკეტო ომისგან“ განსხვავებით, ამჯერად ირანმა თავისი ბალისტიკური რაკეტებით არა მარტო ისრაელს უპასუხა, არამედ ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებსაც - ბაჰრეინს, კუვეიტს, საუდის არაბეთს, იორდანიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ერაყს, სირიას, კატარს - სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული...

ირანი ფაქტობრივად ასრულებს თავისივე მუქარას, როდესაც განაცხადა, რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში ისრაელის გარდა სარაკეტო პასუხს მიიღებდა აშშ-ც, რომელსაც არ უნდა ჰქონოდა იმის იმედი, რომ ირანული საშუალო სიშორის რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ვერ მისწვდებოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს, სამაგიეროდ, ირანული რაკეტების მოქმედების რადიუსში ხვდებოდა ახლო აღმოსავლეთში განთავსებული თითქმის ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა...

რატომ დაარტყა ისრაელ-ამერიკის კოალიციამ ირანს მაინდამაინც 28 თებერვალს და არა მანამდე?

ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ ტრამპი და ნეთანიაჰუ ელოდებოდნენ კარიბის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში უახლესი ამერიკული ატომური ავიამზიდის „ჯერალდ ფორდის“ ჩასვლას და მისი საავიამზიდო ჯგუფის სამხედრო ხომალდებისა და ატომური წყალქვეშა ნავის უშუალოდ ისრაელის სანაპიროსთან საბრძოლო პოზიციაში დადგომას, რომ სარაკეტო კრეისერების საზენიტო და ანტირაკეტებს მოეგერიებინათ ირანის მიერ ისრაელისკენ საპასუხოდ გაშვებული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე კამიკაძე-დრონები, ხოლო ავიამზიდიდან აფრენილ საგემბანო ავიაციას კი საჰაერო შეტევები განეხორციელებინა ირანის მნიშვნელოვან ობიექტებზე...

დღეს დილით, ირანზე განხორციელებული ისრაელ-ამერიკული საჰაერო თავდასხმიდან ჯერ მხოლოდ 12 სთ თუ არის გასული, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი უკვე დაემსგავსა იმ დენთის კასრს, რომლის ფითილს ცეცხლი უკვე წაუკიდეს და როდესაც ეს ფითილი ბოლომდე ჩაიწვება, დენთის კასრის აფეთქება რას მოუტანს მთელ მსოფლიოს, ჯერ ბოლომდე არავინ იცის...