აიათოლა მოკლეს?! - ფოტომასალა ამერიკა - ირანის ომიდან: ახალი მსოფლიო საგიჟეთი
28 თებერვლის დილას მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დადგა. ისრაელმა და აშშ-მ ირანზე ერთობლივი საჰაერო შეტევა განახორციელეს.
ისრაელ კაცის განცხადებით, „მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“.
„ისრაელის სახელმწიფომ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, - განაცხადა ისრაელ კაცმა შეტევის შემდეგ.
„47 წლის განმავლობაში აიათოლას რეჟიმი გაჰყვიროდა „სიკვდილი ისრაელს“ და „სიკვდილი ამერიკას“. მან ჩვენი სისხლი დაღვარა, მრავალი ამერიკელი მოკლა და საკუთარი ხალხი დახოცა. არ შეიძლება ამ მკვლელ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რათა კაცობრიობას დაემუქროს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციას „ლომის ღრიალი“ ეწოდება.

„ჩვენი ერთობლივი მოქმედება შექმნის პირობებს იმისთვის, რომ მამაცმა ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღოს “, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ირანზე საჰაერო შეტევის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა:
"ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა Washington Post-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში.
„ხალხისთვის მხოლოდ თავისუფლება მსურს. უსაფრთხო ქვეყანა მსურს და ეს არის ის, რაც გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა.
ირანზე შეტევის შემდეგ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად აიათოლა ხამენეის რეზიდენცია განადგურდა. სულ მალე კი გავცელდა ვერსია, რომ ხამენეი დაიღუპა, მაგრამ შემდეგ ირანის სულიერი ლიდერის გარდაცვალება უარყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა:
"რამდენადაც ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი და პრეზიდენტი ცოცხლები არიან", - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„თითქმის ყველა ოფიციალური პირი უსაფრთხოდ არის. შესაძლოა, ერთი ან ორი მეთაური დავკარგეთ, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა არაღჩიმ.

CNN -ის ჟურნალისტების ცნობით, დუბაიში აფეთქებების ხმა გაისმა.
უცნობია, აფეთქებები ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად მოხდა, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ მათი ჩამოგდების შედეგად.
Reuters-ის ინფორმაციით კი, დუბაიში საცხოვრებელ ზონაში აფეთქება მოხდა.
გამოცემის ცნობით, დუბაის პალმ-აილენდის საცხოვრებელ უბანში რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ასევე, მედიის ინფორმაციით, ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დრონით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე მუშა დაშავდა. აფეთქებების ხმა გაისმა დოჰაშიც.

უახლესი ინფორმაციით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა:
"ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასვლა აუკრძალა", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ევროკავშირის ხომალდები ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რადიოსიგნალებს იღებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ „გემებს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება არ აქვთ“.
ამასთან, Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს მსგავსი ბრძანების გაცემის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

(სტატია მომზადდა "ინტერპრესნიუსის" მასალებზე დაყრდნობით)
წაიკითხეთ ასევე: აშშ-ისრაელის თავდასხმიდან 12 სთ-ის თავზე ირანმა საპასუხოდ ათამდე ქვეყანა დაბომბა...