"საბედნიეროდ, ჩვენი ჯგუფის წევრების შვილებიც აგრძელებენ ახლობლობას... კარგი წლები არ იყო, მაგრამ უფრო მეტი ენთუზიაზმი გვქონდა" - კვირის პალიტრა

"საბედნიეროდ, ჩვენი ჯგუფის წევრების შვილებიც აგრძელებენ ახლობლობას... კარგი წლები არ იყო, მაგრამ უფრო მეტი ენთუზიაზმი გვქონდა"

"რა სიყვარულსაც გვანიჭებდნენ, იგივე უბრუნდებოდათ ჩვენგანაც"

მსმენელის რაოდენობით ყველანაირი რეკორდის მოხსნა, ჰიტები, რომლებიც მსმენელმა თავიდანვე შეიყვარა და დროს გაუძლო, ასეთი იყო ჯგუფის "სახე" შემოქმედება, რომელმაც 1990-იან წლებში ქართულ პოპ-მუსიკაში გადატრიალება მოახდინა. სამი მამაკაცისგან დაკომპლექტებული ჯგუფის კონცერტები ყოველთვის უამრავი მსმენელის მოწონებას იმსახურებდა.

დათო ფორჩხიძის მიერ შექმნილი სიმღერები დღემდე პოპულარულია...

დავით ხუჯაძემ თავისი მოგონებები გაგვიზიარა:

- ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს გამოჩენას ხალხი ამდენად დიდი სიყვარულით ხვდება... დღესდღეობით, ძველ სიმღერებს განახლებული სახით ვთავაზობთ მსმენელს, ცვლილებები იქნება, რადგან მაშინ სულ სხვა ჟღერადობა იყო, დღეს უამრავი სხვა სტილია შემოსული და ჩვენც ვცდილობთ, ჩვენს შემოქმედებას ახალგაზრდული მიმართულება მივცეთ, ძველი ჰიტები ხარისხობრივად განვაახლეთ.

- თქვენს გამოჩენას სულ ახლავს 90-იანი წლების მოგონებები... დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენ როგორ გაგონდებათ ის პერიოდი?

- ჩემი მოგონებებიც ზუსტად იგივეა, როგორიც მსმენელის. რა სიყვარულსაც გვანიჭებდნენ, იმავეს იღებდნენ ჩვენგან ანალოგიურად. კარგი წლები არ იყო და ვერც იქნებოდა, მაგრამ კარგი ის იყო, რომ უფრო მეტი ენთუზიაზმი გვქონდა.

- მიუხედავად სირთულეებისა, მწირი ფინანსებისა?

- სირთულეები იყო, რაც შეეხება ფინანსებს, იმ დროისთვის რაღაც გარკვეული სახსრები თუ იყო, იმისთვის ვიყენებდით, რაღაც ახალი შეგვექმნა. ვერ ვიტყვით, რომ აწყობილი ცხოვრება და ყველაფერი რიგზე იყო. ძალიან მონდომებული ვიყავით, რაღაც გაგვეკეთებინა, ალბათ ეს მონდომება იმ დროისთვის დამახასიათებელი რამ იყო. მსმენელის ისეთი დამოკიდებულება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენც ამით გადავლახეთ ის რთული წლები. იმდროინდელმა ახალგაზრდებმა შეგვაძლებინეს.

ჯერჯერობით კონცერტებით აქტიურად ვერ დავბრუნდებით. სხვა სისტემაა, საკმაოდ ბევრი რეკლამაა საჭირო, ყველაფერთან ერთად, მუსიკალური არხიც კი არ გვაქვს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არ ვჩერდებით, სიმღერებს ვწერთ, ვმუშაობთ, ვფიქრობთ, წინ ვიაროთ. ვისურვებდი, ყველამ წინ იაროს და თავისი საქმე აკეთოს.

- პირადზეც რომ გვითხრათ...

- ყველაფერი ლამაზად და აწყობილად არის მაგ მხრივ, დანარჩენი კი პირადი მხოლოდ ჩემია და არ მსურს ამაზე საუბარი. საბედნიეროდ, ჩვენი ჯგუფის წევრების შვილებიც აგრძელებენ ახლობლობას.

(სპეციალურად საიტისთვის)