„დასავლეთის ფრონტი“ უცვლელია
ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "პოს ტვ"-ის დასანქცირება მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია იმისა, რაც ხდება საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთ ევროპის (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) მმართველ წრეებს შორის. ეს იყო პოლიტიკური მესიჯი და ზეწოლა. სინამდვილეში, ბევრი არაფერი შეცვლილა - ურთიერთობები დაძაბული და გაყინულია. ხანდახან მწვავდება სიტყვიერი დუელი და არის ჩხვლეტები დასავლეთიდან - ახლახან ვიხილეთ "იმედისა" და "პოს ტვ"-ის დასანქცირება. ეგ კი არა, აგერ გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში იყო ყულევის პორტის დასანქცირებაც, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა საკითხი დაბლოკეს.
გამწვავება დაემთხვა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მეოთხე წლისთავს. "ოცნებისთვის" წითელი ნაჭრის ფუნქცია შეასრულა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების ერთობლივმა განცხადებამ:
"ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ქართველებმა იციან რუსული შეჭრის და მათი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილი. მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი. ამ კონტექსტში ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატოს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მის ევროპელ პარტნიორებს სუვერენიტეტის პრინციპების დასაცავად, რუსეთის აგრესიის დაგმობის, რუსეთის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობების მხარდასაჭერად და საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების გასაძლიერებლად. საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრი, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და რადგან რუსეთი ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს 1.5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები.
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით. საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით, საქართველოს შეუძლია გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ. რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში, ამავდროულად ხელს შეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს - ენერგეტიკულ მდგრადობას.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ამ კრიტიკულ საკითხებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ იმ მძიმე ფასს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იხდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა იმავე აგრესორის მხრიდან. უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ასევე ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ხელს შეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას", - ნათქვამია განცხადებაში.
ვინ ვისზე ახდენს ზეწოლას?!
ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარისა და "ოცნების" სხვა ლიდერების მწვავე განცხადებები, რომლის მიხედვითაც, დიახაც, საქართველოს აიძულებდნენ მეორე ფრონტის გახსნას და დღესაც არის ზეწოლა, რომ თბილისმა მოსკოვს სანქციები დაუწესოს. იგულისხმება საელჩოების განცხადების ბოლო ნაწილი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი და ქვეყანამ ენერგორესურსების დივერსიფიკაცია უნდა სცადოს. "ოცნების" ლიდერების განცხადებით, საქართველოს აიძულებენ, რომ იაფი საწვავი არ იყიდოს.
"ეს ადამიანი არ იშლის, პირდაპირ დადის კაბინეტებში: არ იყიდოთ საწვავი რუსეთისგან, არ ქნათ ის, არ ქნათ ეს. ეუბნებიან, რომ თავისუფალი ბიზნესია და სადაც არის იაფი და ხარისხიანი, ბიზნესი იქ მიდის, მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები. ნუ დააწესებს, ისე უთხარით ბიზნესსო ანუ ზეწოლა მოახდინეთ ბიზნესზეო. ეს ადამიანი უკვე აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობს. ფაქტია, ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და ამით ჩვენი ქვეყანა დავაზიანოთ!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თუ პარლამენტის თავმჯდომარე მართალია და ასე იქცევა ბრიტანეთის ელჩი, რა თქმა უნდა, განსახილველია, რამდენად მეგობრულია ეს საქციელი. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს კულუარული პოლიტიკა, მათ შორის, კულუარული ზეწოლაც და ამის ტრიბუნიდან გახმაურება რამდენად სერიოზული პოლიტიკაა, ესეც საკითხავია.
დღეს მსხვილ ევროპულ ქვეყნებს (და მათ შორის აშშ-საც), რომლებიც რუსეთს უპირისპირდებიან, აქვთ კონკრეტული სტრატეგია, რაც შეიძლება ნაკლები რუსული ნავთობი გაიყიდოს ბაზარზე ანუ რაც შეიძლება ნაკლები ფული ჰქონდეს პუტინს ომის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე, ზეწოლაა, რათა არ იყიდონ რუსული ნავთობი. მაგალითად, ამერიკელების მოთხოვნა-ზეწოლით 2013 წელს საქართველომ ირანთან ცალმხრივად შემოიღო სავიზო რეჟიმი (თუმცა გაუქმდა 2016 წელს). როდესაც სხვა ქვეყანას აქვს თავისი სტრატეგია-ინტერესი, ეს არ ნიშნავს, რომ ბრმად დაემორჩილო და შენი ქვეყანა აზარალო. პირდაპირ ვთქვათ - საქართველოს ინტერესებში არ არის რუსეთთან ეკონომიკური ესკალაცია. თუმცა, ალბათ, ეს ზეწოლა კულუარებშივე უნდა მოიგერიო.
რა იკითხება "ოცნების" პასუხში?!
"იმედისა" და "პოს ტვ"-ის დასანქცირების შემდეგ, ბრიტანეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, შემდეგ კი "ოცნებამ" პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებას პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გააკეთებდა, საზოგადოება დაიძაბა - მთავარი ვერსია იყო, ალბათ, ბრიტანეთის ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენო. თუმცა, საბედნიეროდ, "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება იყო წმინდა პოლიტიკური, რომლის დედააზრი ასეთი იყო: "თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტირებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო - ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას" (ირაკლი კობახიძე). პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არც ბრიტანეთის ელჩის გაძევება იგეგმება და არც რაიმე ცვლილება ამ ქვეყანასთან დაკავშირებულ საგარეო პოლიტიკაში.
ზემოთ ვახსენეთ, საბედნიეროდო. იმიტომ, რომ რაიმე მკვეთრი მოძრაობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა ბრიტანეთის ასევე მკაცრ პასუხს და შესაძლოა მისი მოკავშირეებისაც, ეს კი მხოლოდ ორი კომპანიის დასანქცირება არ იქნებოდა და შესაძლოა უკვე ქვეყანა დაზარალებულიყო. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ეს რისკები გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა.
თუმცა ქვეყნის დაზარალების საფრთხე დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის საგანგაშო განცხადება
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილში (25.02.2026) ნათქვამია: "ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ ახალ ანგარიშში კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ უკუსვლა განიცადა მმართველობის, კანონის უზენაესობის, სავიზო შესაბამისობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ამ უკუსვლის სისტემური და წინასწარგანზრახული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში შემდგომი ზომების პროცედურა დაიწყო. ახალი წესების თანახმად, პირველი ფაზის ფარგლებში ვიზების შეჩერება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხება. მეორე ფაზის ფარგლებში, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება".
რა თქმა უნდა, შეიძლება ტელეკამერების წინ დაუსრულებლად ისაუბრო, რომ თავისუფლება ვიზებზე არ იყიდებაო და ა.შ. თუმცა სინამდვილეში უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ევროინტეგრაციის თითქმის დასასრული. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ქვეყანაში ახალ ესკალაციას გამოიწვევს და კიდევ ერთხელ გაჩნდება დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე.
სინამდვილეში ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლება, აქვს "ოცნებას" მანევრირების სივრცე. კერძოდ, ბოლო პერიოდში მიღებული უცნაური კანონების კორექტირება ან უკან წაღება და ამნისტიისა თუ პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმების გამოყენებით საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
და რა მოხდება, თუ ეს გააკეთა "ოცნებამ", ხელისუფლება ჩამოიქცევა?! არც ერთ შემთხვევაში. პირიქით, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის თვალში პოლიტიკურ ქულებს დაიწერს (სხვათა შორის, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც, ფაქტი არ არის, რომ "ოცნება" წააგებს). სამაგიეროდ, ბრიუსელს აღარ ექნება საფუძველი, რომ უვიზო რეჟიმის შეწყვეტაზე ისაუბროს და მმართველი გუნდი არადემოკრატიულ ქმედებებში დაადანაშაულოს.
გიორგი კვიტაშვილი