„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ხალხი დაარწმუნოს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია“ - კვირის პალიტრა

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ხალხი დაარწმუნოს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია“

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ახლავე დაიწყოს არჩევნებისთვის მომზადება. უნდა შექმნან კომისიები, იყვნენ ორგანიზებულები, რადგან რაც უფრო ადრე დაიწყებენ მომზადებას, მით უკეთესად შეძლებენ არჩევნებში ჩართვას", - ამბობს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ყველაზე ძლიერი რესურსი კომისიებში ოპოზიციური წარმომადგენლების მოსყიდვაა. "ქუჩაში დგანან ადამიანები, რომლებიც პატრიოტები არიან. ოპოზიციამ მათი ენერგია უნდა გამოიყენოს. ამასთან, საჭიროა კიდევ მოიძებნოს 200 ისეთი პატრიოტი, რომლებიც კომისიის წევრობის დროს ფულის შეთავაზებას არ მიიღებენ. ეს ხალხი უნდა მოამზადონ, რათა გამორიცხონ გაყალბების ფაქტები", - ამბობს ზაქარეიშვილი და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

- არჩევნებში მონაწილეობა ყველაზე მშვიდობიანი ფორმაა ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად. რუსეთისგან განსხვავებით საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს არჩევნები, თუმცა მომავალში, როდესაც მესამე მოსმენით მიიღებენ კანონს "გრანტების შესახებ", პოლიტიკოსები, რომლებსაც 8 წლის განმავლობაში მიღებული აქვთ გრანტები დასავლეთიდან, ვეღარ მიიღებენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.

"ოცნება" იწყებს ფილტ­რების დაყენებას არჩევნებში მონა­წილეობისთვის, განსაკუთრებით ახა­ლგაზრდების შეზღუდვას ცდილობს.

- ნიკა გვარამიამ ოპოზიციურ ერთობაზე დაიწყო საუბარი. როგორ უნდა მოახერხოს ოპოზიციამ გაერთიანება ისე, რომ საზოგადოების ის ნაწილი მოიზიდოს, რომელსაც არც "ოცნება" სურს, მაგრამ "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლა დაუშვებლად მიაჩნია?

- საჭიროა კონკ­რეტულად განსაზღვრა, რას ნიშნავს გვარამიასთვის ერთობა. "ნაცმოძრაობა" შვიდ ნაწილად დაიშალა. სანამ ისინი არ გაერთიანდებიან, სხვა პარტიებზე ნუ ისაუბრებენ. როგორც კი ვინმე განსხვავებულ აზრს გამოხატავს ან პარლამენტში შედის, მაშინვე მოღალატედ შერაცხავენ­. ასეთი დამუნათება "ოცნებას" აძლევს უპირატესობას. ის იმარჯ­ვებს არა თავისი სიძლიერის, არამედ ოპოზიციის სისუს­ტის გამო. "ქართული ოცნება" სუსტია, თუმცა ოპოზიცია უფრო მეტად. ვერ წარმომიდგენია, როგორ მოახერხებს რომელიმე ოპოზიციური პარტია,­ რომელიც "ნაცმოძრაობის" წიაღიდან არ არის გამოსული, წარმატების მიღწევას "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანებით. საზოგადოებაში არსებობს სამი საარჩევნო ენერგია: ერთი - ვინც ხმას აძლევს "ქართულ ოცნებას", მეორე - ვინც ხმას აძლევს "ნაცმოძრაობას" და ვინც არ აძლევს ხმას არც ერთს. ეს არის მესამე ძალა. ვისაც არ სურს არც "ქართული­ ოცნება" და არც "ნაცმოძრაობა" არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც მესამე ძალის იგნორირებას მოახდენს, ხმას ვერ მიიღებს.­ ოპოზიცია ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდეს, მაგრამ ერთიანი სიით გასვლა ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.

ოპოზიციის მთავარი ამოცანაა ხალხის მობილიზება არჩევნებზე მისაყვანად. უნდა გადადონ პარტიული ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. თუ ეს ვერ მოხერხდება, "ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩება, ოპოზიცია იქნება უფრო დისკრედიტირებული, საზოგადოება კი პასიური.

- ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს?

- გამორიცხულია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ შეწყვიტეს შემწეობების გაცემა: 700 000-ზე მეტი კაცი იღებდა შემწეობას, ახლა ეს ციფრი დაახლოებით 60 000-მდე ჩამოიყვანეს. ეს ცხადყოფს, რომ "ოცნება" ფულის ეკონომიას აკეთებს და არ აპირებს ღარიბი მოსახლეობის დახმარებას არჩევნებამდე. არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება. "ოცნება" დისტანცირდება თვით რუსეთისგანაც კი. თუ ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს, რუსეთი მოსთხოვს არჩევნები ისე გააყალბოს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, რათა კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოიღოს, ეს კი გამოიწვევს დიდ დაძაბულობას ქვეყანაში­, ხალხი ქუჩაში გამოვა და გააქტიურდება აქციები.

ხელისუფლებას სურს ამ სამი წლის განმავლობაში მშვიდად გამოხრას ბიუჯეტი, სახელმწიფოს ფული მაქსიმალურად განკარგოს ბიზნესმენებისთვის, რათა წინასაარჩევნოდ ყველაფერი ხელში ჰქონდეს.

- მაშინ რატომ ამბობთ, რომ ოპოზიციამ­ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის?­

- ყველა ოპოზიციურმა ძალამ ახლა უნდა დაიწყოს მომზადება და სტრატეგიული მოქმედება, განსაზღვრონ, ვინ ვისთან, რა ფორმატით ითანამშრომლებს. ასეთ შემთხვევაში 2028 წელს კარგად მომზადებულები შეხვდებიან, ხოლო თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდება და ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდება, მობილიზებას უფრო სწრაფად შეძლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ დამარცხდებიან.

- "იმედისა" და "პოსტივის" წინააღმდეგ სანქციებს რა ტიპის გამოწვევად აფასებთ?

- პირველად ხდება ასეთი რამ - სანქციების გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული არგუმენტებით. საქმე არ არის მხოლოდ მედიასაშუალებების, ტელევიზიების დაჯარიმებაში, ეს არის ქვეყნის ინსტიტუტების პოლიტიკურად მოტივირებული სანქცირება.

ხათუნა ბახტურიძე