„რიგგარეშე არჩევნები ქუჩის მოთხოვნით არ ინიშნება“ - რამაზ საყვარელიძის ანალიზი: რა სჭირდება ოპოზიციას?!
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, სანქციებს ყოველთვის სჭირდება მკაფიო მოტივი, რომელიც ქვეყანაში არსებული რეალური ქმედებებით უნდა დასაბუთდეს. მისი შეფასებით, საქართველოს როლი რეგიონში ჯერ კიდევ ტრანზიტული და სიმბოლურია, ხოლო ოპოზიციის მოქმედებები ბუნდოვანია და მხოლოდ ხელისუფლების დამხობაზე ორიენტირებული სერიოზულ შედეგებს ვერ იძლევა.
- სანქციებს ყოველთვის სჭირდება მკაფიო მოტივი და საფუძველი. ზოგადი განცხადებები საკმარისი არ არის. პოლიტიკაშიც, ისევე როგორც კრიმინალისტიკაში, აუცილებელია მოტივის პოვნა, ვინ რას და რატომ აკეთებს. ამ შემთხვევაში დასავლეთის მოტივი ბუნდოვანი და ბევრ შემთხვევაში გაუგებარია. მაგალითად, როცა ევროპასა და ამერიკას შორისაც შეინიშნება დაძაბულობა და პარალელურად ვხედავთ მათ აქტიურობას რეგიონში - სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საქართველოს საქმე ცუდადაა. უფრო სწორად, ეს ნიშნავს, რომ რეგიონი მათი ინტერესის სფეროა.
- საქართველოს როლი როგორია დღეს?
- საქართველოს როლი ამ ეტაპზე ძირითადად ტრანზიტულია - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცეა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკისთვის საქართველო ნომერი პირველი საკითხი არ არის. მას გაცილებით მასშტაბური გამოწვევები აქვს. სანამ ვაშინგტონი საკუთარ გლობალურ პოლიტიკას დაალაგებს, ჩვენ მკაფიო და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას არ უნდა ველოდოთ.
- პრემიერის განცხადებით, ევროკავშირმა პოლიტიკური დიალოგი ცალმხრივად შეწყვიტა და თბილისი მზადაა მის განახლებაზე. არსებობს ამის რესურსი?
- რესურსი ყოველთვის არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ფართო კონტექსტი. ევროპას დღეს საკუთარი სტრატეგიული დილემები აქვს, შეერთებულმა შტატებმა ევროპა გარკვეულწილად მძიმე მდგომარეობაში დატოვა - უკრაინის ომი, ენერგეტიკული კრიზისი, უსაფრთხოების გამოწვევები. ასეთ ვითარებაში ევროპა შესაძლოა ეძებდეს ახალ ფორმულებს, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გადახედვასაც.
- ევროპა შესაძლოა რუსეთთან ახალი ტიპის ურთიერთობას ეძებდეს?
- ეს მხოლოდ ვერსიაა, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ. თუ ევროპა ცდილობს საკუთარი უსაფრთხოების ამერიკისგან დამოუკიდებლად უზრუნველყოფას, მას მოუწევს რეალობასთან შეგუება. ასეთ პროცესებში პატარა ქვეყნები ხშირად ხდებიან სიმბოლური სიგნალების ნაწილი ვიღაცისთვის რაღაცის საჩვენებლად. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მიმართ სიმკაცრე გარკვეულწილად მესიჯიც იყოს.
- ამ ფონზე, როგორ აფასებთ ოპოზიციის ქმედებებს, განსაკუთრებით, როცა არჩევნების ბოიკოტიდან საუბარი ერთიან საარჩევნო სტრატეგიაზე გადავიდა?
- დღეს ოპოზიციას ერთიანი და მკაფიო მიზანი არა აქვს. თუ მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ხელისუფლების დამხობაა, საზოგადოება ამას უკვე არ ეხმაურება. 2012 წელს საზოგადოებამ სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებიდან გაუშვა. ამავე საზოგადოებისგან იმავე პოლიტიკური ძალის დაბრუნების მოლოდინი არარეალურია. თუ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდება ახალ მიზანზე, მაგალითად, კონკრეტულ სოციალურ თუ ეკონომიკურ პროგრამაზე, მხოლოდ ანტაგონიზმით წარმატებას ვერ მიაღწევს.
- არსებობს ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა?
- რიგგარეშე არჩევნები ქუჩის მოთხოვნით არ ინიშნება. ამისთვის არსებობს სამართლებრივი საფუძვლები და მექანიზმები. ხელისუფლებას შეიძლება რეალობის ობიექტურად აღქმა მოეთხოვება, მაგრამ ოპოზიციას კიდევ უფრო მეტი სჭირდება - ლოგიკა, სტრატეგია და კანონების ცოდნა.
- ანუ დღეს ოპოზიციისთვის პერსპექტივა ბუნდოვანია?
- ამ ეტაპზე დიახ. თუ არ შეიცვლება პოლიტიკური აზროვნება და მიზანი, რთულია სერიოზულ ალტერნატივად ჩამოყალიბება.
ხათუნა ბახტურიძე