„ამერიკა რუსეთთან რეგიონში ჭიდაობას არ დაიწყებს!“ - კვირის პალიტრა

„ამერიკა რუსეთთან რეგიონში ჭიდაობას არ დაიწყებს!“

საქართველოს ხელისუფლება რიტორიკას არ ცვლის. ერთი მხრივ, ცდილობს,­ ყველა განცხადებაში ტრამპი აქოს და თქვას, რომ საქართველოში იმაზე ლაპარაკი, რასაც დღეს ტრამპი ამბობს, მანამდე დაიწყეს, ვიდრე ის ხელისუფლებაში მოვიდოდა და ცდილობენ, რასაც ის აკეთებს, როგორც შეუძლიათ, გაიმეორონ, ცხადია, ლოკალურ დონეზე. მაგალითად, ქვეყნიდან გააძევონ არალეგალი მიგრანტები და ა.შ. თუმცა, ფაქტია, ამერიკასთან ურთიერთობას მაინც ვერ აუმჯობესებენ. ევროპასთან ურთიერთობაც სულ უფრო იძაბება... სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი და რა ელოდება საქართველოს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, უნდა განვასხვაოთ ამერიკასა და ევროპასთან ურთიერთობების კონტექსტი. ტრამპის­ მოსვლის შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთანა ქვეყნებთან რადიკალურად­ შეიცვალა­ - ვაშინგტონს ნაკლებად აინტერესებს ჩვენი შიდადემოკრატიული პროცესები; მათი მიდგომა წმინდა სტრატეგიული და პრაგმატულია. ამ ორივე ასპექტში კი საქართველოს, სამწუხაროდ, ძალიან მოკრძალებული­ როლი აქვს. ამას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს: გაჩნდა ალტერნატიული სატრანსპორტო გზები, დასრულდა ავღანეთ­ის მისია და საქართველო მასში მონაწილეობის პრეზენტირებას ვეღარ აკეთებს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებასაც გაცხადებული აქვს მულტივექტორული პოლიტიკა, რომ სურთ ყველას­თან იყვნენ კარგად. შესაძლოა ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის დღეს გამართლებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას, ალბათ, ამერიკულ ისტებლიშმენტში აღიქვამენ როგორც ნიშანს, რომ საქართველო აღარ არის ისეთი ერთგული მოკავშირე, როგო­რიც ადრე იყო. ამას ემატება­ ტრამპის პიროვნული ფაქტორიც. მან თავის მშვიდობისმყოფლის იმიჯის სიაში ჩაიწერა,­ რომ ვთქვათ, მოაგვარა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ასეთ რამეს კი საქართველოს შემთხვევაში ვერ იზამს, რუსეთთან კონფლიქტს ვერ მოაგვარებს. მაშინ უნდა დაუპირისპირდეს რუსეთს და ეს მისი იმიჯისთვის წამგებიანი იქნება. ამიტომაც საქართველო მისთვის ამ მხრივ უინტერესოა, რაც პირდაპირ აისახება კიდეც ჩვენს იგნორი­რებაზე. ანუ, ეს ფაქტორები, ჩემი აზრით, მაინც განმსაზღვრელია საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობაში.

კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გაააქტიუროს დიპლომატიური კამპანია ამერიკაში, შეცვალოს მესიჯბოქსი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ექნება ამას გავლენა, რომ ამერიკამ საპასუხოდ კარდინალურად შეცვალოს მიდგომა.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში გარკვეულ პროექტებს ახორციე­ლებს, ვფიქრობ, ამერიკის მიდგომა მაინც ტრანზაქციულია. ამის გამო ისინი რეგიონში რუსეთთან პირდაპირ გეოპოლიტიკურ კონკურენციაში არ შევლენ. რუსეთიც ამ ყველაფერს სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში უყურებს და დიდად არ განიცდის იმას, რასაც ამერიკელები სომხეთსა თუ აზერბაიჯანში აკეთებენ. სომხეთი მაინც რუსეთზე რჩება მიბმული, ამიტომ რუსეთის ინტერესებს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება. ჩემი აზრით, მოსკოვი საქართველოში ამერიკის გავლენის ზრდას დღეს უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე სომხეთში. ამასთან, სომხეთში რამდენიმე თვეში არჩევნებია და პრორუსული ოპოზიციის გაძლიერების ფონზე შესაძლოა ხელისუფლებაში­ ისევ პრორუსული ძალები მოვიდნენ. ამერიკის მიდგომა რეგიონში გააქტიურდა, თუმცა ის მაინც ჩინეთის მსგავსად ტრანზა­ქციულია - თუ გამოვა ეკონომიკურ-სატრანსპორტო პროექტები, განახორციელებს, მაგრამ ამის გამო რუსეთთან რეგიონში ჭიდაობას არ დაიწყებს. სწორედ ამიტომ საქართველოს შესაძლებლობებიც შეზღუდულია.

- ევროკავშირთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" რიტორიკა რა შედეგებს მოიტანს?

- ევროკავშირთან კონფრონტაციული ფონი გაცილებით მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის ზოგიერთი ნაბიჯი უსამართლოდ ეჩვენება,­ მათგან მაინც მოითხოვება უფრო დიპლომატიური და მოზომილი ტონი. ევროპის ბევრ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ რადგან საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლა და ასოცირების ხელშეკრულება, ხელისუფლებას გაცილებით მეტი მოეთხოვება. თუმცა აქაც არსებობს ლიმიტები. გაფართოების დღევანდელი ტალღა წმინდა გეოპოლიტიკური პროცესია, რაც უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. სწრაფი ტემპით სვლამ და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ განცხადებებთან სრულმა მიერთებამ შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად დაძაბოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს მოლდოვასთანა მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა არა აქვს. მოლდოვა დაცულია უკრაინისა და რუმინეთის ფარით, ჩვენ კი რუსეთთან პირდაპირი საზღვარი და ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, რაც ქვეყანას უფრო მოწყვლადს ხდის - რუსეთს მცირე რესურსებითაც შეუძლია ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემები შეუქმნას. ამ რისკებს გათვალისწინება სჭირდება. ამიტომ ყველაფერზე, რასაც გთხოვენ, თანხმობას ვერ განაცხადებ.

მეორეა ეკონომიკური ასპექტი. ამას შეიძლება ირონიულად შევხედოთ, მაგრამ ფაქტია, საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომით ეკონომიკურად გარკვეულწილად ისარგებლა და მოლდოვისგან განსხვავებით, კარგი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. სანქციებზე მიერთებას საქართველოსთვის უარყოფითი გვერდითი ეფექტები ექნება როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ სფეროში... თუმცა ევროკავშირთან საკომუნიკაციო ასპექტის გაუმჯობესება და კონფრონტაციული რიტორიკის შეწყვეტა ურთიერთობის მცირედით მაინც გამოსწორების საშუალებას მოგვცემს. ევროკავშირიც გეოპოლიტიკური აქტორია და ბევრ ავტორიტარულ ქვეყანასთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, აქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რა ხდება ქვეყანაში, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს ევროკავშირთან პარტნიორობის საშუალება, როგორც რუსეთთან, ჩინეთთან თუ სხვა აქტორებთან აქვს. ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობა საქართველოს ინტერესებში ნამდვილად­ არ შედის. გასაგებია, რომ ქვეყნის შიდა პროცესების გამო ევროკავშირი ყოველთვის გაგვაკრიტიკებს, თუმცა შესაძლებელია არაერთი პრობლემის მოგვარება. ამის მიღწევა კონფრონტაციული რიტორიკის ტრანსფორმირებითა და უფრო პროფესიული დიპლომატიით არის შესაძლებელი. ეს რეალურია დღევანდელ პირობებშიც კი. საჭიროა ევროპელ პოლიტიკოსებთან, როგორც ბრიუსელში, ისე ცალკეულ დედაქალაქებში დიპლომატიური და მშვიდი კომუნიკაციის დამყარება.

- ბრიტანეთმა დააწესა სანქციები, ევროპარლამენტი სულ უფრო და უფრო მწვავე რეზოლუციებს იღებს და თუკი ევროკავშირიც გადავა სანქციებზე, ყველაზე ცუდი სცენარი საქართველოსთვის რა იქნება?

- სანქციები, რომლებიც "იმედსა" და "პოს ტვ"-ის დაუწესეს, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, თუმცა ეს არც ამ ორგანიზაციებისა და მათი მფლობელებისთვისაა სამყაროს დასასრული, რადგან არსებობს შემოვლითი გზები, მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და სხვა სახის სანქციებში გადაიზარდა, ეს ქვეყანას ეკონომიკურად მოკლავს. ევროკავშირის სხვადასხვა ტიპის სანქციების შემოღება რთულად ხერხდება, რადგან ეს გადაწყვეტილება ხშირად იბლოკება ცალკეული ქვეყნების, მაგალითად, უნგრეთის ან სლოვაკეთის მიერ. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაბიჯი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება იქნება, რასაც წევრი ყველა ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება. ამ საკითხზე ევროკავშირში შიდა დისკუსია მიმდინარეობდა - ერთი მხრივ, ეს ხელისუფლების დასჯის საშუალებაა, მეორე მხრივ, ამით მოსახლეობაც ზარალდება, რაც ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში უარყოფითად აისახება. ამიტომ უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტი­ლება არ მიღებულა.­ მიუხედავად ამისა, ინდივიდუალური სანქციები შესაძლებელია გაგრძელდეს. ეს მძიმე იქნება როგორც მოსახლეობისა და ქვეყნისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, თავად ხელისუფლების ინტერესებშია ამ პროცესის შეჩერება.

- არის რამე ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ამ პროცესის შეჩერება და ამისთვის რა არის საჭირო?

- თუ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავსა და ქვეყანაზე რაციონალურად ფიქრობს, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს ევროკავშირთან ურთიერთობის გარკვეულ დონეზე დასტაბილურება, მით უმეტეს, ევროკავშირის ქვეყნები ურთიერთობების ნორმალიზებით არიან დაინტერესებული. მაგალითად, ბერლინში ხშირად მაქვს არაფორმალური შეხვედრები ბუნდესტაგის პოლიტიკოსებსა და მათ მრჩევლებთან, რომლებიც რეგიონის პოლიტიკის ფორმირებაში არიან ჩართული. ისინი ცდილობენ ჩამოაყალიბონ ისეთი მიდგომა, რაც, ერთი მხრივ, ურთიერთობას დაალაგებს, მეორე მხრივ, მათ საკუთარ ღირებულებებსა და მიზნებზე უარს არ ათქმევინებს. ევროპული მხარე ნამდვილად დაინტერესებულია ე.წ. ქმედითი სამუშაო ურთიერთობის აწყობით. როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლების ინტერესიც არის, თუმცა რატომღაც სიტყვის იქით საქმე ვერ მიდის. ამას ბევრი არაფერი სჭირდება - მხოლოდ სურვილი, რომ კონფრონტაციული რიტორიკის დონემ დაიწიოს, შემდეგ კი გამოჩნდება, რა ნაყოფს გამოიღებს ეს ნაბიჯი. ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანია, თუმცა არა იმ დონეზე, რომ მის გამო გაფართოების მეთოდოლოგია შეცვალონ ან რაიმე გამონაკლისი დაუშვან. უარყოფითი სცენარის შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორობის ხარისხი დაქვეითდეს, მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულებიდან ზოგიერთი მუხლი ამოიღონ ან უვიზო რეჟიმი შეაჩერონ. საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ ისეთივე სტრუქტურული ურთიერთობა, როგორიც ევროკავშირს აზერბაიჯანთან ან სომხეთთან აქვს.

- თუ ასე მოხდება, საქართველო გეოპოლიტიკურად სად აღმოჩნდება?

- რა თქმა უნდა, ევროკავშირის გავლენის შემცირება გამოიწვევს გეოპოლიტიკურ ვაკუუმს, რომელსაც სხვა ძალები შეავსებენ. რუსეთი მაინც ყველაზე გავლენიანი რეგიონული აქტორია და შეიძლება მისი გავლენა გაიზარდოს. შეიძლება ჩინეთისაც. ასე რომ, რაც უფრო ნაკლები იქნება ევროკავშირის გავლენა ამ რეგიონში, ეს დროთა განმავლობაში გადაიზრდება ავტორიტარული, არალიბერალური აქტორე­ბის გავლენის გაზრდაში. ეს შეიძლება­ იყოს რუსეთი, ჩინეთიც, თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთიც. საქართველოს ხელისუფლებაც ამბობს ამას და მართალიც არის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მულტიპოლარულ სამყაროში, ამიტომ საჭიროა ყველა მნიშვნელოვან აქტორთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამ "გრეით პაუერებში" მოიაზრება ევროკავშირიც. ამიტომ უნდა ეცადო, რომ ისინიც ჩართული იყვნენ რეგიონში და ქვეყანაში შემოჰქონდეთ ინვესტიცია, იყოს ვაჭრობა, ჰქონდეთ გეოპოლიტიკური ინტერესი, რაც შემდეგ, ბუნებრივია, დააბალანსებს რუსეთის, ჩინეთის და ა.შ. გავლენებს.

რუსა მაჩაიძე