რა ეკონომიკური ეფექტი ექნება უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის შეზღუდვას?! - კვირის პალიტრა

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის შეზღუდვას?!

მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც უცხოელ შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს ამკაცრებს და რიგ სფეროებში, მათ შორის საკურიერო მომსახურებასა და მგზავრთა გადაყვანაში ნულოვან კვოტებს აწესებს, 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს, როგორ შეიცვლება შრომის ბაზარზე კონკურენცია, შეიზღუდება თუ არა იაფი სამუშაო ძალის შემოდინება და რა ეკონომიკური ეფექტი ექნება - ამ საკითხებზე ეკონომისტი პაატა აროშიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახო შურღაია და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოცია­ციის დირექტორი მიხეილ ჭელიძე გვესაუბრებიან.

"რაც უფრო სწრაფად აღსრულდება რეგულაციები, მით ნაკლები საფუძველი დარჩება სპეკულაციებისთვის"

პაატა აროშიძე: - მანამდე, ვიდრე კანონს მიიღებდნენ, განიხილებოდა საკითხი,­ რომ საქართველოში ადგილობრივი­ მოსახლეობის დასაქმებას გარკვეულწილად ხელს უშლიდა უცხოელი მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა. არსებობდა ეჭვები, რომ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ფარგლებში უცხოელები დასაქმდებოდნენ­ და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამ­უშაო ადგილები შემცირდებოდა. შრომის ბაზრის შესწავლამაც აჩვენა, რომ საჭირო­ იყო კანონმდებლობის დაახლ­ოება ევროპულ პრაქტიკასთან. ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი, საცხოვრებელი ან სტუდენტური ვიზა არ ნიშნავს სამუშაო უფლებას­, ამისთვის საჭიროა შრომითი ნებართვა. დღეს საქართველოში დასაქმებულ უცხოელთა ნაწილი შრომითი ნებართვის გარეშე საქმიანობს, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია თბილისსა და ბათუმში. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხშირად ვხვდებით კურიერების, ტაქსის მძღოლების, დისტრიბუტორების პოზიციებზე. ახალი რეგულაციები სწორედ ამ მიმართულებით ამკაცრებს კონტროლს და მათ საქმიანობას სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს. ვფიქრობ, ამ პირობებში დამსაქმებელი ნაკლებად გარისკავს ვინმეს არალეგალურად დასაქმებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოდის და იწყებს მუშა­ობას, პირველი­ 183 დღე ითვლება არარეზი­დენტ ფიზიკურ პირად და ამ პერიოდში, ანუ 6 თვის განმავლობაში, საშემოსავლო გადასახადს არ იხდის.

- არსებობს ისეთი პროფესიული მიმართუ­ლებები, სადაც ადგილობრივი კადრების დეფიციტია და ძირითადად უცხოელები არიან დასაქმებული. ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ არსებობს რისკი, რომ დროებითი დისბალანსი ან კადრების ნაკლებობა შეიქმნას?

- ნამდვილად არიან უცხოელები, რომლებიც სპეციფიკურ პროფესიებში არიან დასაქმებულები. მაგალითად, ბათუმის საზღვაო პორტში მაღლივი ამწეების­ ოპერატორებად ხშირად უცხოელები მუშა­ობენ. თუმცა ამ პროფესიის დაუფლება ქართველ სპეციალისტებსაც შეუძლიათ და მომზადება საქართველოშიც არის შესაძლებელი. საქმე ის არის, რომ უცხოელი, რომელიც არალეგალურადაა დასაქმებული, დამსაქმებლისთვის იაფ მუშახელად აღიქმება. კურიერების, მიმტანების თუ მძღოლების პოზიციებზე უცხოელი თანამშრომელი ხშირად ნაკლებ ხარჯს ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე, რომელიც სრულფასოვანი საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია და საგადასახადო აგენტის სტატუსიც აქვს. კი, იყო მოსაზრება, რომ ახალი რეგულაციები გარკვეულ სფეროებში დასაქმების პრობლემებს შექმნიდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მასშტაბური­ ჩავარდნა იქნება. რაც შეეხება ისეთ სპეციფიკურ პროექტებს, მაგალითად, თუ უცხოური კომპანია საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვებს და საკუთარ მუშახელს შემოიყვანს, ეს საკითხი სატენდერო კანონმდებლობით რეგულირდება. პრობლემა უფრო იმ შემთხვევებში ჩნდება, როცა დამსაქმებელს მიზანმიმართულად შემოჰყავს­ უცხოელი ბრიგადები, რადგან ისინი იაფი უჯდება და მათი მართვა უფრო მარტივია.

- თუ ახალი წესების­ ამოქმედება დამსაქმებლებისთვის თავდაპირველად დამატებით ხარჯებს უკავშირდება, რამდენად მზად არის ბიზნესი ამ ტვირთის ასაღებად?

- დიახ, თავდაპირველად ეს ცვლილება დამსაქმებლისთვის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ჯობს შრომითი ბაზარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს. რაც უფრო სწრაფად აღსრულდება რეგულაციები, მით ნაკლები საფუძველი დარჩება სპეკულაციებისა და მითქმა-მოთქმისთვის.

- რა ეკონომიკურ ეფექტს ელოდებით?

- ამ კანონის მიზანია შრომითი ბაზრის დაბალანსება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო შესაძლებლობების გაფართოება. არა ვარ სრულიად დარწმუნებული, რომ, მაგალითად, უცხოელი კურიერის წასვლის შემთხვევაში მის ადგილს­ დაუყოვნებლივ საქართველოს მოქალაქე დაიკავებს, თუმცა ეტაპობრივად ბაზარი ჩარჩოში მოექცევა. ვისაც კანონიერად აქვს საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება, საქმიანობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. ცვლილებები ძირითადად არალეგალურად დასაქმებულ პირებს შეეხება. ვფიქრობ, ერთ კვარტალში შრომის ბაზარი დაბალანსდება და კანონი სრულფასოვნად ამოქმედდება. რაც შეეხება ეკონომი­კურ ეფექტს, 183 დღის განმავლობაში უცხოელები საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან, მაშინ როდესაც მათი პოტენციური ჩამნაცვლებლები, საქართველოს მოქალაქეები, ვალდებული იქნებიან გადაიხადონ ეს გადასახადი. ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, თუმცა საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"არასწორია შეფასება, თითქოს დამსაქმებელს ყოველთვის იაფი უჯდება უცხოელი მუშახელი"

ვახო შურღაია: - იყო პრეტენზიები,­ თითქოს უცხო­ელები ადგილობრივებს ანაცვლებდნენ, თუმცა რეალურად სურათი­ უფრო მრავალფეროვანია. არსებობს სექტორები, სადაც პრობლემა ნაკლებად მწვავეა, მაგრამ არის მიმართულებები, სადაც უცხოელი კვალიფიციური მუშახელის გარეშე საქმიანობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, მსხვილი ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს ან დონორების დაფინანსებით ხორციელდება, ხშირად მოითხოვს­ სპეციფიკურ კვალიფიკაციას. ამ სფეროში კადრების დეფიციტია და რისკიანი სამუშაოებიდან გამომდინარე, კვალიფიციური სპეციალისტის მოძიება აუცილებელია. ასეთ შემთხვევებში უცხოელი სპეციალისტი, როგორც წესი, უფრო ძვირიც კი ჯდება, ვიდრე ადგილობრივი. ამიტომ არასწორია ზოგადი შეფასება, თითქოს დამსაქმებელს ყოველთვის იაფი უჯდება უცხოელი მუშახელი, რადგან ისინი ნაკლებად მომთხოვნები არიან. მსხვილ და კვალიფიციურ პროექტებში ეს რეალობას არ შეესაბამება.

"ეს რეგულაცია პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას"

მიხეილ ჭელიძე: - უცხოელი თანამშრომელი ყოველთვის იაფი არ არის და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საერთოდაც არ იყოს ხარჯის მხრივ მომგებიანი. მაგალითად, თუ გიდებზე ვსაუბრობთ და არსებობს ენობრივი ბარიერი, როდესაც ადამიანს არა აქვს საკმარისი ცოდნა არც ენის, არც ადგილობრივი გარემოსი და ისტორიის, ეს პრობლემებს ქმნის. თუ კურიერს ან მძღოლს მისამართს ვერ აგებინებთ, კომუნიკაცია უჭირს, ეს მომსახურების ხარისხზე აისახება. ამ ნაწილში რეგულაცია სწორი ნაბიჯია. ბიზნესისთვის ეს მიმართულება კრიტიკული არ არის, რადგან საუბარია შედარებით მცირე წილზე. პირველ რიგში, დამსაქმებელმა კადრი ადგილობრივ ბაზარზე უნდა მოძებნოს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიმართოს უცხოელ მუშახელს. ამგვარი მიდგომა ადგილობრივ შრომით ბაზარს უფრო დაიცავს და ადგილობრივ დასაქმებულებს ნაკლებად მოუწევთ კონკურენცია დაბალფასიან ალტერნატივასთან.

- ხომ არ არსებობს რისკი, რომ მომსახურების ღირებულება გაიზარდოს, მაგალითად, ტაქსის ან მიტანის სერვისებში?

- ვფიქრობ, ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში მცირე კორექტირება მოხდეს, თუმცა ეს არც მასშტაბური იქნება და უარყოფითი ეფექტის მქონე. ბიზნესი ადაპტირდება და პროცესი სტაბილურად გაგრძელდება. \

საზოგადოებაში­ არსებობდა მკაფიო მოთხოვნა, ხშირად იყო პრეტენზიები კურიერებისა და სხვა სერვისების სფეროში უცხოელთა დასაქმების­ შესახებ. შეიძლება ითქვას, ეს ნაბიჯი გარკვეულწილად პასუხობს საზოგადოებრივ მოთხოვნას. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ინიცია­ტივა დადებითია. ეს უფრო სოციალური ხასიათის გადაწყვეტილებაა, ვიდრე მკაცრად ბიზნესზე ორიენტირებული რეგულაცია. ვფიქრობ, ბიზნესი ამ ცვლილებას გადაიტანს და მნიშვნელოვანი შეფერხება არ იქნება.

მუშაობა ნებართვით

◊ ევროკავშირში უცხოელებისთვის მუშაობის უფლების მინიჭება ძირითადად ცალკეული ქვეყნების დონეზე რეგულირდება. აქ არ არსებობს ერთიანი, საერთო-ევროპული სამუშაო ნებართვა. წევრი ქვეყანა თავად წყვეტს, რამდენი უცხოელი მიიღოს, რომელ სექტორებში და რა პირობებით. განხილვების გასაადვილებლად რამდენიმე კატეგორიისთვის მოქმედებს ჰარმონიზებული წესები.

● Single Permit-ი, ერთიანი ნებართვა საცხოვრებლად და მუშაობისთვის. ეს არის ყველაზე გავრცელებული მექანიზმი პროფესიების უმრავლესობისთვის. 2026 წლის მაისიდან შედის სიახლეები - განაცხადის განხილვის მაქსიმალური ვადა იქნება 90 დღე, ახლანდელი 4 თვის ნაცვლად; შესაძლებელი იქნება განაცხადის შეტანა უკვე ქვეყანაში ყოფნისას, თუნდაც ტურისტული ვიზით; სხვა დამსაქმებელთან გადასვლა; უმუშევრობისას ქვეყანაში დარჩენა 3-6 თვით (ნებართვის ტიპის მიხედვით).

● EU Blue Card-ი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის. საჭიროა სამუშაო ხელშეკრულება მინიმუმ 1 წლით, გაიცემა ან განახლდება 1-4 წლით.

● სპეციალური დირექტივები (სეზონური მუშები, კომპანიის შიგნით გადაყვანილი თანამშრომლები და სხვა).

◊ აშშ-ში უცხოელებისთვის მუშაობის უფლების მინიჭება მკაცრად რეგულირდება. დროებითი მუშაობისთვის უმეტეს შემთხვევაში საჭიროა კონკრეტული დამსაქმებელი და სპეციფიკური ვიზა (მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სეზონური არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო მუშები, გადაყვანა კომპანიის შიგნით, მეცნიერება/ხელოვნება/სპორტი და სხვ.). მოქმედებს წლიური კვოტები. მუდმივი ნებართვების გაცემისას მეტი მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიკაციას. აღსანიშნავია, რომ 2025-2026 წლიდან წესები ძალიან სწრაფად იცვლება.

◊ ქვეყნების მიხედვით სტატისტიკა 2024 წლისთვის მოიცავს როგორც ახალ განაცხადებს, ისე განახლებებს თუ სეზონურ ტიპებს, დროებით და მუდმივ ნებართვებს.

● გერმანიაში გაიცა 200 ათასი ნებართვა. აქედან 56 ათასი - კვალიფიციური კადრებისთვის.

● იტალიაში გაიცა 345 ათასი ნებართვა, საიდანაც სეზონურია 145 ათასი.

● საბერძნეთში გაიცა 88 ათასი, აქედან სეზონურია 15 ათასი. ხოლო განახლებებთან ერთად სულ მოქმედებს 655 ათასი ნებართვა.

● თურქეთში გაიცა 300 ათასი ნებართვა, აქედან 110 ათასი - სირიელებზე.

● აშშ-ში გაიცა 1,138 მილიონი ნებართვა, საიდანაც დროებითია 1,085 მილიონი. განახლებების ჯამური რაოდენობა 400 ათასის ფარგლებშია. საერთო რაოდენობის ზრდა 2013 წელთან შედარებით 72%-ს შეადგენს.

◊ ცალკეულ ქვეყნებში რაოდენობების შემცირების ან შეზღუდვების მიუხედავად (ეკონომიკური ფაქტორები, პოლიტიკური მიზეზები), მთლიანობაში შრომითი მიგრაცია იზრდება.

ხათუნა ბახტურიძე