„პოლიტიკური“ სისხლიანი გარჩევა სოხუმში
ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური დაპირისპირება მორიგ სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა. 21 თებერვალს სოხუმის ცენტრში, რესტორან "აფსნიში" მძიმედ დაჭრეს დე ფაქტო გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და ოპოზიციური გაერთიანება "აიდგილარას" ერთ-ერთი ლიდერი ეშსოუ კაკალია. თავდასხმა შუადღისას, ხალხმრავალ გარემოში მოხდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის ბესლან ეშბას კლანის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ეშსოუ კაკალიამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბესლან ეშბას წინააღმდეგ ბრალდებები გაახმაურა. კერძოდ, გასული წლის დე ფაქტო ადგილობრივი არჩევნების დროს რუსი პოლიტიკური სტრატეგები აფხაზეთში უკანონოდ სწორედ "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" უფროსის ბესლან ეშბას ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ და ამიტომ ეშბას "მოღალატური" საქმიანობით "პროკურატურა" უნდა დაინტერესდეს.
თავდასხმა რესტორანში
ინციდენტი შაბათს დაახლოებით დღის სამ საათზე მოხდა. ზოგიერთი ტელეგრამარხი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ეშსოუ კაკალიას რესტორანში სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი, ალხას (ალხო) გურგულია, კაკალიას მოპირდაპირე მაგიდასთან დაჯდა და ცეცხლი მაგიდის ქვემოდან გაუხსნა. სროლის შემდეგ ორი პირი, საიდ ეშბა და აბზაგუ გურგულია, დაჭრილ კაკალიას ფეხებით შესდგნენ და ცემა დაუწყეს. სამივე თავდამსხმელი გუნბას "ადმინისტრაციის" უფროსის ბესლან ეშბას ნათესავია: ორი ბესლან ეშბას ცოლის ძმისშვილია და ერთი - ძმისშვილი.
დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას ორივე ფეხში მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს, ასევე მოტეხილობები და თავის ტრავმა. საქმე განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით აღიძვრა. მომხდარს გამოეხმაურა ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანეს. სროლაში მონაწილე ერთი პირი, ალხას გურგულია, მეორე დღეს დააკავეს. დანარჩენ ორ ეჭვმიტანილზე გამოძიება ჯერ არაფერს ამბობს. რეზონანსი გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ თავდასხმაში მონაწილე პირები დე ფაქტო სამთავრობო თანამდებობებზე არიან: ალხას გურგულია სოხუმის ცენტრალური ბაზრის დირექტორი და აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრია, პალატის წევრად ის თავდასხმამდე ერთი დღით ადრე დაინიშნა. აბზაგუ გურგულია სოხუმის "ვოდოკანალის" მუნიციპალური საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილეა, ასლან ეშბა კი "მწვანე ქალაქის" მუნიციპალური საწარმოს დირექტორი.

რუსი პოლიტტექნოლოგების საქმე და სისხლიანი გაგრძელება
მომხდარი უკავშირდება გასული წლის ნოემბერში დაწყებულ რუსი პოლიტტექნოლოგების საქმეს. მაშინ ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ, ეშსოუ კაკალიამ და სხვა აქტივისტებმა სოხუმში აღმოაჩინეს ოფისი, სადაც რუსეთის სამი მოქალაქე დე ფაქტო პრეზიდენტ გუნბას შტაბისთვის ფარულად მუშაობდა დე ფაქტო მუნიციპალური არჩევნებისთვის. ოპოზიციონერები ოფისში შეიჭრნენ, ტექნიკა წაიღეს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ "აფხაზეთის არჩევნებში" უკანონო ჩარევის ფაქტზე. მოგვიანებით რუსი მოქალაქეები აფხაზეთიდან გააძევეს. ამის შემდეგ რუსეთში სს საქმე აღიძრა "რუსეთის მოქალაქეების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ძარცვის ფაქტებზე", რაც 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით გამოცხადდა ძებნა რამდენიმე აფხაზ ოპოზიციონერზე, მათ შორის ეშსოუ კაკალიასა და კან კვარჩიაზე. გასულ წლის დეკემბერში რუსეთმა ინციდენტში მონაწილე სამი პირის, მათ შორის ეშსოუ კაკალიას ძებნა გამოაცხადა და აფხაზეთისგან მათი გადაცემა მოითხოვა. მაშინ ამ მოთხოვნამ სოხუმში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტმა სიტუაცია განმუხტა, როცა განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა არ მოხდებოდა. წელს კი რუსეთმა დასასჯელთა სია გაზარდა. 11 თებერვალს სოჭის სასამართლომ კან კვარჩიას, ეშსოუ კაკალიასა და კიდევ 5 ოპოზიციონერს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, იმავდროულად, აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურას გაუგზავნა საქმის მასალები და მათი დაპატიმრება მოითხოვა. კან კვარჩია დე ფაქტო დეპუტატია, ამიტომაც მის წინააღმდეგ აფხაზეთში სს საქმე ვერ დაიწყება, სანამ "პარლამენტი" ხელშეუხებლობის იმუნიტეტს არ მოუხსნის, სიის რამდენიმე ფიგურანტი კი აფხაზურ პროკურატურაში თავისი ნებით გამოცხადდა. მათი ნაწილი შინაპატიმრობაში გაუშვეს, კაკალია კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც კაკალიამ განაცხადა, "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ეშბა და "პრეზიდენტის" მრჩეველი ახრა სმირი რუსი სპეციალისტების უკანონო საქმიანობის სავარაუდო ორგანიზატორები არიან და "პროკურატურამ" მათ წინააღმდეგ სს საქმე უნდა აღძრას.
18 თებერვალს სოხუმში ოპოზიცია შეიკრიბა, სადაც გაკეთდა კრიტიკული განცხადებები: "ჩვენი მთავრობა კვლავ გვიბიძგებს აფხაზეთის ავტონომიისკენ, რაც საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისას უკვე გავიარეთ" და ამის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ. მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ოპოზიცია ბადრა გუნბას ადმინისტრაციის უფროსის ბესლან ეშბასა და ე.წ. შს მინისტრ რობერტ კიუტის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს. მიმართვა გუნბას გადაეგზავნა, ბადრა გუნბამ კი, ყველასთვის მოულოდნელად, ოპოზიციური დოკუმენტი იმავე დღეს დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა აღნიშნული ბრალდებების გადასამოწმებლად. სამი დღის შემდეგ ეშბას ნათესავებმა ეშსოუ კაკალია დაჭრეს.
თავდასხმის შემდეგ, 23 თებერვალს, ოპოზიცია ხელახლა შეიკრიბა, უზენაესი სასამართლოსთან ახლოს წითელ ხიდთან, სადაც გაკეთდა განცხადებები, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა და აშკარა პოლიტიკური შურისძიება. ამჯერად ოპოზიციამ ბადრა გუნბას ულტიმატუმი წაუყენა: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" უფროსის თანამდებობიდან ბესლან ეშბა; დაისაჯონ არა მხოლოდ უშუალოდ თავდამსხმელები, არამედ ორგანიზატორებიც; დაიწყოს გამოძიება ეშბას წინააღმდეგ რუსი სტრატეგების საქმეზეც. ოპოზიცია აცხადებს, რომ გუნბას რამდენიმე დღეს აძლევენ მოთხოვნების შესასრულებლად.
ულტიმატუმის გამოცხადებიდან ერთი კვირა გავიდა, თუმცა გუნბას რეაგირება არ ჩანს. კვლავ თანამდებობაზე არიან ბესლან ეშბაც და თავდასხმაში ეჭვმიტანილი მისი ნათესავებიც. ოპოზიციური მედია წერს, რომ გუნბას მმართველობისას აფხაზეთი სულ უფრო ემსგავსება ველურ დასავლეთს და ბოლო დროს გახმაურებულ მკვლელობებს იხსენებენ:
2024 წლის ბოლოს, როდესაც ბადრა გუნბა "პრეზიდენტის" მოვალეობას ასრულებდა, დე ფაქტო პარლამენტში დეპუტატი მოკლეს. კომიტეტის სხდომაზე, სადაც მაინინგის აკრძალვის საკითხს განიხილავდნენ, კან კვარჩიასა და ადგურ ხარაზიას შორის დაპირისპირება მოხდა. სასიკვდილოდ დაიჭრა ვახტანგ გოლანძია, ხოლო კვარჩია ხელის ჭრილობით საავადმყოფოში მოხვდა. ხარაზია 6 თვის შემდეგ დააკავეს.
დეკემბერშივე იყო გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის, ადგურ არძინბას ნათესავმა და კლანის წევრმა ომარ სმირმა სოხუმში რესტორანში გაგრის რაიონის ე.წ. პროკურორს ჯერ აგინა, შემდეგ წიხლქვეშ გაიგდო და რამდენჯერმე ისროლა დასაშინებლად. პროკურატურამ საქმე აღძრა, თუმცა სმირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
2025 წლის იანვარში სოხუმში ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამშრომელმა რესტორანში სამი კაცი მოკლა უძრავი ქონების გაფორმებაზე დავისას, ხოლო გასულ წლის ნოემბერში დაპირისპირებულმა კრიმინალურმა კლანებმა დაკრძალვაზე ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ორი კაცი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.
"აფხაზეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა იარაღით წყდება"
მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - კაკალიას დაჭრა ერთი ეპიზოდია მთელი იმ პროცესისა, რომელიც ოპოზიციამ 2024 წელს დაიწყო. ეს არის გავლენებისთვის ბრძოლა. აფხაზეთში არის გუნბა-ბჟანიას გუნდი და მეორე, სადაც ოპოზიციის წევრების უმეტესობა შედის. დღეს აფხაზეთში ძალზე რთული ვითარებაა - დიდი აგრესიაა პოლიტიკურ კლანებს შორის. ოპოზიციის განსაკუთრებული ლიდერია კან კვარჩია, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბიოგრაფია აქვს, კრიმინალის ელემენტებით. თუმცა ყველაზე ენერგიული და აქტიური ფიგურა ეშსოუ კაკალიაა, რომელიც კვარჩიასთან ერთად ოპოზიციური პარტია "აიდგილარას" ლიდერია. ოპოზიციას აქვს ლოზუნგები, რომ რუსეთი აფხაზეთს კოლონიასავით ექცევა და "ხელისუფლებაც" ამ კოლონიურ პოლიტიკას ატარებს. რუსულ საქმეში მონაწილეობაში კაკალიამ დაადანაშაულა ბესლან ეშბა, რომელიც გავლენიანი ფიგურაა და რომლის საგვარეულო ძლიერი კლანია. ამიტომ მის წინააღმდეგ გახმოვანებული ბრალდებები უყურადღებოდ არ დარჩენილა. ეშბას წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება ბადრა გუნბამ "პროკურატურას" გადაუგზავნა - ეს იყო საჩვენებელი ნაბიჯი, თითქოს ასე უნდა მოქცეულიყო "დემოკრატიული სახელმწიფო". ყველამ იცოდა, რომ გამოძიება არ დაიწყებოდა. თუმცა ამ ფორმალურ ნაბიჯს ის მოჰყვა, რომ ეშბას ნათესავებმა ფეხებში ესროლეს კაკალიას. კან კვარჩიას ცემას ვერ გაუბედავდნენ, რადგან კვარჩიას უკან სერიოზული ძალა დგას, კაკალია კი შედარებით უპატრონოა, თანაც მთავარი მბრალდებელი სწორედ კაკალია იყო, შემდეგ კი სხვებიც აჰყვნენ. პოლიტიკოსებზე თავდასხმები და იარაღის ტრიალი აფხაზეთში მიღებული ქცევის ნორმაა. ეს არის კლანური ანგარიშსწორება და დღევანდელი აფხაზი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.
ეს ყველაფერი არის შიდა გავლენებისთვის, ფულისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა. აფხაზებს უნდათ რუსეთთან ყოფნა, მაგრამ უნდათ რუსეთის "წველა" და არა რუსეთის გავლენა. არ სურთ რუსეთი მათ მითითებებს აძლევდეს. ზოგი ამას საჯაროდ აცხადებს, ზოგი კი ჩუმად, სამზარეულოში ლაპარაკობს. რუსეთს კი უნდა, რომ აფხაზეთი მორჩილი იყოს და ჩართოს იმ სქემაში, რასაც სამხრეთკავკასიური სატრანსპორტო დერეფნები ჰქვია, რათა ამ გზით დაიბრუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში. დღეს რუსეთს არა აქვს იმის რესურსი, რომ, მაგალითად, გიუმრის ბაზის მიმდებარე სამხედრო კონტინგენტი გამოიყვანოს და ერევანს შეუტიოს. ამიტომ ეკონომიკის, ფინანსების და გავლენების მეშვეობით ცდილობს პოზიციების დაბრუნებას, რაც ყარაბაღის ომის შემდეგ შეუსუსტდა.
- აფხაზური ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთმა უკვე დაიწყო ნაბიჯები რუსი პოლიტტექნოლოგების საქმის გამოძიებით და დაუსწრებელი პატიმრობით. კიდევ რას უნდა ველოდოთ, შესაძლებელია ოპოზიციის წევრების დაკავება აფხაზეთში?
- გამორიცხული არაფერია. 2024 წელს რუსეთმა მოახერხა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში გაეტანა კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებები აფხაზეთის ტერიტორიაზე სავალდებულო გახდა. სისხლის სამართლის საქმეებში ასეთი პირდაპირ ვალდებულება არა აქვთ, მაგრამ თუ რუსეთმა საკითხი უფრო მაღალ დონეზე აიყვანა და ეს შანტაჟის ერთ-ერთ ფორმად გამოიყენა, მაშინ ამ პირთა დაკავება აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება, ამას კი შეიძლება მოჰყვეს დიპლომატიური სკანდალი აფხაზებსა და რუსებს შორის.
- ახსენეთ, რომ აფხაზეთში კლანური ანგარიშსწორება მიღებული ნორმაა. რამდენად ხშირია პოლიტიკური კონფლიქტები და იარაღის გამოყენება?
- ძალიან ხშირია. გვახსოვს 2024 წელს დე ფაქტო პარლამენტის შენობაში მომხდარი დაპირისპირება, როდესაც ერთმა "დეპუტატმა" მეორე მოკლა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი სამჯერ ჩამოაგდეს. კან კვარჩიასაც სერიოზული კრიმინალური წარსული აქვს. ახალგაზრდობაში ქუჩის გარემოში გაიზარდა და მის ბიოგრაფიაში ბნელი ეპიზოდებიც არის. სოციალურ ქსელებში ხშირად იხსენებენ მის მონაწილეობას სხვადასხვა გარჩევაში, ადამიანის დაჭრაში, ფულის გამოძალვასა და ძალადობაში. ახლა საუბარია მისი იმუნიტეტის მოხსნაზეც, თუმცა ვერ გაუბედავენ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, მას სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს და გავლენაც აქვს. მოქალაქეობა ჩამოართვეს, რუსეთში ძებნა გამოაცხადეს, ნელ-ნელა ავიწროებენ, რომ "გონს მოვიდეს", როგორც მოსკოვში ფიქრობენ, მაგრამ კვარჩია სხვა კატეგორიის ადამიანია - ქუჩაში გაზრდილია და კარგად იცის, როგორ იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, უკან არ დაიხევს.
- როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება ეს დაპირისპირება?
- როგორ უნდა ჩაწყნარდეს ეს დაძაბულობა, როცა მოცემულობა ასეთია - ფულისა და გავლენებისთვის ბრძოლა? ეს კავკასიისთვის დამახასიათებელი რეალობაა. პოლიტიკაში მოსასვლელად და მაღალი პოზიციების დასაკავებლად ბრძოლა მუდმივია. ამ მოცემულობას ვერაფერი შეცვლის.
ეკატერინე ბასილაია