„ერთი წლის შემდეგ სოხუმში ჩემი სახლის ნომერზე რომ დავრეკე, ყურმილი ვიღაც ქალმა აიღო და რუსულად მკითხა, შენ ვინ ხარო?“ - კვირის პალიტრა

„ერთი წლის შემდეგ სოხუმში ჩემი სახლის ნომერზე რომ დავრეკე, ყურმილი ვიღაც ქალმა აიღო და რუსულად მკითხა, შენ ვინ ხარო?“

"მაშინდელი ემოციები შეუძლებელია დამავიწყდეს", - ამბობს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მარინა სოლომონია და მშობლიური ქალაქიდან გამოძევების ტკივილს იხსენებს.

"ასეთ დიდ ტკივილს ვატარებთ ყველა, ვისაც დევნილი გვქვია"

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, ამ ულამაზეს ქალაქში არაჩვეულებრივი დღეები მაქვს გატარებული. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, სადაც საინტერესო და კარგი სტუდენტობის წლები მქონდა. ჩემი პედაგოგი დავით კობახიძე გამორჩეული პროფესიონალი და ადამიანი იყო...

წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო რეჟისორთან მიმუშავია, ყველასგან რაღაც ვისწავლე, გასახსენებელიც ბევრი მაქვს, მაგრამ დღეს ისეთ ამბებს გიამბობთ ჩემი ცხოვრებიდან, რომელთა დავიწყება შეუძლებელია...

სოხუმში ძალიან კარგ ადგილას ვცხო­ვ­რობდი - თარხნიშვილის ქუჩაზე. ქართველები და აფხაზები ვმეგობრობდით, ვმეზობლობდით, ჩვენ შორის პატივისცემა იყო, მაგრამ...

ქალაქში ვითა­რება თანდათან იძაბებოდა, სოხუმს რუსების მიერ დაქირავებული მეომრები იკავებდნენ, მოსახლეობას ზუსტი ინფორმაციაც არ გვქონდა, რა ხდებოდა. ვერც წარმოგვედგინა, ასე სწრაფად თუ შემოიჭრებოდნენ.

მშობლიური ქალაქის დატოვება სას­წრაფოდ მოგვიხდა. გულრიფშში, ახლო­ბლის ოჯახს შევაფარეთ თავი. სახლიდან მხოლოდ ერთი ჩემოდნით გამოვედი,­ ძვირფასეულობაც კი იქ დამრჩა.

ჩემი მეუღლე მსახიობი ნუგზარ ჩიქოვანი გახლავთ.­ ის თეატრში თამაშის­ პარალელურად, აფხაზეთის ტელევიზიის დიქტორი იყო. ვფიქრო­ბდი, რომ გულრიფშიდან სოხუმში მეორე დღესვე დავბრუნდებოდი. ამბობდნენ, ქალაქი გაიწმინდება­, მტერი უკან დაიხევსო. რეალურად კი სულ სხვა რამ მოხდა, რა დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი, გავიგეთ, რომ მტერს სოხუმი მთლიანად დაეკავებინა და გულრიფშიდანაც კი გამოსაქცევები გავხდით...

აეროპორტიდან თვითმფრინავი უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ იქ იმდენი ადამიანი ირეოდა, კიბეზე ასვლაც­ კი შეუძლებელი იყო... ოჯახის წევრების გარდა, მეგობარიც მახლდა, ჟურნალისტი დალი ჯონჯუა. დალის მეუღლე და ნუგზარი გვაცილებდნენ, მათ თვითმფრინავის­ კიბის­ თავზე ნაცნობები დაინახეს, როგორღაც მოახერხეს და იმ სიმაღლეზე ხელით აგვსვეს, თავად კი სოხუმში­ დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარი თბილისელია, სოხუმის დატოვება­ არც უფიქრია...

თვითმფრინავი ხალხით იყო გადაჭედილი, უჟანგბადობისგან სუნთქვა ჭირდა. აფრენისთანავე თვითმფრინავის წინა მხარემ დახრა დაიწყო და ძალიან შეგვეშინდა. ბორტგამცილებელმა ხალხს სთხოვა, იქნებ უკან გადაიწიოთო, რადგან ფრენა­ შეუძლებელი იყო... როგორღაც უკან გადავიწიეთ და თვითმფრინავი გასწორდა, მაგრამ თითოეული ჩვენგანის გულში­ ისეთი შიში ტრიალებდა, ამის გადმოცემა შეუძლებელია... თბილისის აეროპორტში რომ დავეშვით და მიწაზე ფეხი დავდგი, მეორედ დავიბადე და ამ განცდაში არაფერი იყო გადაჭარბებული...

ახლა ჩემი შვილი ნორვეგიაში ცხოვრობს, მასთან ჩასასვლელად ფრენა მიწევს და რამდენჯერაც თვითმფრინავი ჰაერში ადის, იმდენჯერ ის შეგრძნება მახსენდება, გულრიფშიდან თბილისამდე გადატანილ წუთებს რომ ახლდა და ეს ემოცია ვერაფრით მოვიშორე.

486950409-1126560479484707-1524971282941484379-n-1772372722.jpg

- სოხუმში დარჩენილ მეუღლესთან კავშირი გქონდათ?

- ის ერთხანს სოხუმში იყო, მერე ჭუბერის უღლეტეხილი გადმო­იარა... ეს ცალკე ისტორიაა, ბევრი მძაფრი­ ამბითა და ემოციით სავსე...

სოხუმში ყოფნისას, ჩემი მეუღლე სიკვდილს რამდენჯერმე შემთხვევით გადაურჩა. ტელევიზია რომ დაიბომბა, ნუგზარს იმ დღეს პირდაპირი ეთერი ჰქონდა, სამუშაო საათები რომ დაასრულა, სტუდიიდან გავიდა თუ არა, ბომბი ჩამოვარდა ზუსტად იქ, საიდანაც პირდაპირი ეთერი გადიოდა, ზუსტად იმ წერტილს დაარტყეს...

იყო კიდევ ერთი შემთხვევა: ჩვენგან მოშორებით ახლობლები ცხოვრობდნენ, იცოდნენ, ნუგზარი შინ მარტო იყო და ერთ დღეს სადილზე დაპატიჟეს.­ მიუხედავად ყველაფრისა, ამ ქალაქში ცხოვრება­ თითქოს ჩვეული­ რიტმით გრძელდებოდა, სოხუმი ლაღი ქალაქი იყო, სიცოცხლით სავსე და ჯერ კიდევ ძველებური ხალისი და ენერგია ინერციით მოჰყვებოდათ.­ ნუგზარს სახლში სიგარეტი დარჩენია და სტუმრად მისულს უთქვამს, შინ დავბრუნდები, სიგარეტს ავიღებ და მოვალო. მასპინძელმა დაუშალა, აქვეა მაღაზია, სახლში რატომ უნდა წახვიდეო. ნუგზარმა რჩევა გაითვალისწინა... ზუსტად ამ დროს კი ჩვენს სახლში ბომბი ჩამოვარდა, იმ ოთახში, სადაც ბავშვებს ვაძინებდი. ნუგზარს მასპინძლებისთვის რომ არ დაეჯერებინა, ალბათ, ვერ გადარჩებოდა...

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ერთ დღეს ჩემი მეუღლე გადასაღებად წინა ხაზზე უნდა გასულიყო. ტელევიზიაში­ შეიარა აპარატურის წამოსაღებად. მანქანაში ოპერატორიც უნდა ჩაესვათ... უკან დაბრუნებულს, მძღოლის გვერდით ოპერატორი დახვედრია და ნუგზარი უკანა სავარძელზე მოკალათებულა. მერე იცით რა მოხდა? ამ მანქანას წინა მხრიდან ტანკი შეაჯდა, მანქანა დაიჭეჭყა, წინ მჯდომი ოპერატორი გარდაიცვალა, მძღოლი დაშავდა,­ მაგრამ ნუგზარი გადარჩა...­

ახლაც მიმძიმს ამ ამბების გახსენება. სოხუმში გარეული­ მტერი გვიტევდა და ამ დროს ენგურს აქეთ საქართველოში გამსახურდიასა და შევარდნაძის მომხრეების დაპირისპირება იყო. ნუგზარმა ჭუბერი რომ გადმოიარა, გზად ეს დაჯგუფებები ხვდებოდნენ. რადგან ნუგზარი ტელევიზიაში მუშაობდა, ყველა იცნობდა და ორივე მხარე უფრთხილდებოდა...

- თბილისში თქვენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- ჩვენ საკუთარ სამშობლოში გავხდით ლტოლვილები... თავდაპირველად ნათესავებმა, ჭოლოკ­ავების არაჩვეულებრივმა­ ოჯახმა­ შეგვიფარა. მერე ჩვენს ბინაში გადავედით. როგორც სხვებს, რომელიღაც შენობაში ოთახი ჩვენთვისაც უნდა მოეცათ, მაგრამ ნუგზარს თბილისში ბინა ჰქონდა და ის ბინა, რომელიც ჩვენთვის უნდა მოეცათ, სხვას დაუთმო. ძალიან კმაყოფილი ვარ, ასე რომ მოიქცა, სიკეთე­ არ იკარგება...

- პოლიტიკამ ალბათ, თქვენს აფხაზ მეზობლებთან­ ურთიერთობები გააფუჭა...

- ჩვენ არაჩვეულებრივი მეზობლობა­ გვქონდა. გვერდით შერვაშიძეების ოჯახი ცხოვრობდა და ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით, მაგრამ...

ვითარება ძალიან რომ დაიძაბა, მე იქ უკვე აღარ ვიყავი, მაგრამ ჩემი მეუღლე­ ხომ დარჩა და ქალაქში კიტოვანის მეო­მრები რომ შევიდნენ (რაც დიდი შეცდომა­ იყო), აფხაზები შიშით სახლებიდან აღარ გამოდიოდნენ, ნუგზარი კი საკვებს ყიდულობდა და აფხაზ მეზობლებს აწვდიდა. თუმცა, რაც სოხუმი დავტოვეთ, მათთან ურთიერთობა აღარ გვქონია...

შეიძლება ითქვას, თბილისში ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. დიდი ოჯახი ვიყავით - მე, ნუგზარი, ორი შვილი, დედაჩემი და ჩემი და. მართალია, სახლი გვქონდა, მაგრამ სხვა ყველაფერი გვაკლდა...

სოხუმში, ჩემს სახლში ბომბი რომ ჩამოვარდა, ნუგზარმა დაზიანებული ნაწილის აღდგენა დაიწყო. რაღაც პერიოდის შემდეგ სამშვიდობო დღეები გამოაცხადეს­ და მე და ჩემი ბიჭი ჩავფრინდით. ჩემი და უკვე იქ იყო, სკოლა იწყებოდა, ბავშვს­ ტანსაცმელი და წიგნებიც კი ვუყიდე, პირველ კლასში უნდა შესულიყო. მახსოვს, კომპოტები და მურაბებიც კი გავაკეთე, რადგან მაშინაც კი წარმოუდგენელი იყო, რომ იქ ცხოვრების შესაძლებლობა აღარ გვექნებოდა, მაგრამ...

- სოხუმში თქვენს სახლს რა ბედი ეწია?

- ერთი წლის შემდეგ სოხუმში ჩემი სახლის ნომერზე რომ დავრეკე, ყურმილი ვიღაც ქალმა აიღო და რუსულად მკითხა, შენ ვინ ხარო? ვის სახლშიც ცხოვრობთ-მეთქი? ჩამეძია, რომელ ქუჩაზეო? ვუთხარი, რომ ჩემი სახლი თარხნიშვილის ქუჩაზე იყო. აგრესიულად მიპასუხა, რომ ეს არა თარხნიშვილის, არამედ შამილის ქუჩააო და გათიშა. მეორედ აღარ დამირეკავს, აზრი აღარ ჰქონდა...

ასეთ დიდ ტკივილს ვატარებთ ყველა, ვისაც დევნილი გვქვია.

თეატრალურში რომ ვსწავლობდი, იქ აფხაზური ჯგუფიც იყო. სტუდენტობისას და შემდეგ წლებშიც ვმეგობრობდით, მაგრამ ომის შემდეგ არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონია, ისინი ჩვენ მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილი. ალბათ, ეს პროპაგანდის შედეგი იყო, არასწორი პოლიტიკა ანადგურებს ადამიანებს.

ისეთი დღეები გამოვიარე და ისეთი ამბები გადავიტანე, შეუძლებელია დამავიწყდეს, მაგრამ მე დაბრუნების დიდი იმედი მაქვს და ამ დღეს ველოდები.

თამუნა კვინიკაძე