„დედა მიყვარხარ!“ - როგორ ულოცავენ 3 მარტს დედებს ცნობილი ფეხბურთელები - კვირის პალიტრა

„დედა მიყვარხარ!“ - როგორ ულოცავენ 3 მარტს დედებს ცნობილი ფეხბურთელები

დიდი სპორტსმენების უკან, ხშირად ძლიერი დედები დგანან. ადამიანები, რომლებმაც დაიჯერეს საკუთარი შვილების, გაამხნევეს, მხარში ამოუდგნენ და ასწავლეს ის, რაც ხშირად პროფესიაზე მთავარია, - ადამიანების სიყვარული. 3 მარტი დედის დღეა, როგორ ულოცავენ ამ დღეს დედებს ზურიკო დავითაშვილი და ბუდუ ზივზივაძე?­ - ამ სასიამოვნო ტრადიციის შესახებ, მათი დედები გვესაუბრებიან.

"ზუკასგან ვარდების დიდი თაიგული ყოველ 3 მარტს მოდის"

თამუნა წიწილაშვილი, ზურიკო დავითაშვილის დედა: - ზუკა, ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის ცდილობდა თავისებურად გავეხარებინე. ბაღში ფურცლებზე ხატავდა ყვავილებს, აწერდა "დედა, გილოცავ!", "დედა მიყვარხარ!"... მამამისს სთხოვდა, იის კონები ეყიდა, მერე თავის დასთან ერთად სიხარულით მოჰქონდა და მილოცავდა.

- რაც გაიზარდა და დიდი ბიჭია, ახლა როგორ იქცევა?

- ვარდების დიდი თაიგული საჩუქრად ყოველ 3 მარტს მოდის, ახლა ზუკა და თავისი მეუღლე ერთად მიწყობენ სიურპრიზებს.

- ალბათ სიდედრსაც ასე ულოცავს...

- იმდენად ყურადღებიანები არიან, უსაჩუქროდ არც ერთს არ გვტოვებენ, სასაჩუქრე ბარათები, თანხა... ზუკას ამ დღის მოლოცვა არასდროს დავიწყებია და რაც ჩემს გულს ყველაზე მეტად ახარებს, მისგან ტკბილი სიტყვების მოსმენაა. ზუკას არასდროს ერიდებოდა, მომფერებოდა, ასეთი ხასიათი აქვს, არავის მიმართ გრძნობების გამოხატვა არ უჭირს. ახლა მანძილი გვაშორებს და როცა ვხვდებით, ისევ ძველებური ზუკაა, თბილი, მოსიყვარულე.

- ემოციურად რამდენად რთულია იყო პროფესიონალი სპორტსმენის დედა?

- ძალიან რთულია, როცა ვარჯიშობს, მაშინაც კი ვღელავ, არ მინდა, ტრავმა მიიღოს. ფეხბურთელის კარიერა ხომ მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. თამაშს რომ ვუყურებ, ყოველ წაქცევას, მის ყველა რეაქციას განვიცდი. წლების განმავლობაში თითქოს უნდა შევჩვეოდი, მაგრამ დედის გული მაინც სხვაგვარად მგრძნობიარეა. ვიცი, რომ ძალიან გადატვირთული რეჟიმი აქვს და სულ ვცდილობ, ზედმეტად არ შევაწუხო. სანამ დაოჯახდებოდა, მანამდე ყოველდღე ველაპარაკებოდი. ახლა იმდენად კარგი და მზრუნველი მეუღლე ჰყავს, ყოველდღიურად აღარ ვაწუხებ.

- როდესაც ტრიბუნიდან უყურებთ, როგორ იცავს საკუთარი ქვეყნის ღირსებას,­ ეს თქვენთვის რა განცდაა?

- ნაკრების თამაშებს სულ სხვა მუხტი აქვს, უდიდესი ემოციები ახლავს. ახლგაზრდულში ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიასთან გოლი რომ გაიტანა, ეგ ემოცია არასდროს დამავიწყდება. ყოველი წარმატებული თამაში თავადაც უზომოდ უხარია. ხალხისგან დიდ სიყვარულს იღებს და ეს უდიდესი მოტივაციაა. ზედმეტი ლაპარაკი არ სჩვევია, მაგრამ თვალებში რომ შევხედავ ხოლმე, ყველაფერს ვხედავ. უცხოეთში გოლი რომ გააქვს და 40 000 ადამიანი ქართულ გვარს სკანდირებს, ამაზე ემოციური რა უნდა იყოს? ერთ თამაშში სამი გოლი რომ გაიტანა, სასწაული იყო, ამ მატჩს ჩვენც ვესწრებოდით და ის ღამე როგორ გათენდა, ვერ გეტყვით, ისეთ განცდებში ვიყავით.

- როდესაც უცნობი ადამიანები იგებენ, ზურიკო დავითაშვილის დედა რომ ხართ, რეაქცია როგორია?

- ყოველთვის ვცდილობ, ეს არ ვთქვა, არ გაიგონ, გვერდით მყოფმა თუ არ გამთქვა. იმდენად დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ, უხერხულობას ვგრძნობ. მსაყვედურობენ, როგორ შეგიძლია­ არ თქვა, ასეთი საამაყო შვილის დედა ხარ, უნდა გიცნობდეთო, მერე მადლობებს მიხდიან და მერიდება.

- ზუკას შესახებ რა რის ისეთი, რაზეც საჯაროდ არასდროს გილაპარაკიათ?

- არც ვიცი, ვთქვა თუ არა, მისაყვედურებს - უზომოდ კეთილია და მიხარია, რომ ეს თვისება აქვს. თავის სიკეთეებზე საჯაროდ არასდროს ლაპარაკობს და მეც მეტს არაფერს ვიტყვი... ბავშვობიდან ძალიან მოწესრიგებული იყო. პირველად შეკრებაზე­ 8 წლის ასაკში წავიდა, თავის­ თავს თავად უვლიდა. სასტუმროს ოთახიდან ისე არ გამოვიდოდა, რომ არ დაელაგებინა. რამდენ­ჯერ მაისურიც კი დაუტოვებია. შინ მოსულს, ვეკითხებოდი, დაკარგე-მეთქი? - არა, დედა, იატაკი მოვწმინდეო. შენ რატომ მოწმინდე-მეთქი? აბა, რომ იკითხავდნენ, ამ ნომერში ვინ იყო, არეულს ხომ არ დავტოვებდიო.

- თქვენთვის მთავარი რა იყო, რა გინდოდათ ესწავლა, როგორც ადამიანს?

- პირველ რიგში კაცი უნდა ყოფილიყო, კეთილი, უნდა ჰყვარებოდა ადამიანები, დახმარებოდა მათ. ხშირად ვუმეორებდი, დე, იცოდე, რასაც არ უნდა მიაღწიო, თავმდაბალი იყავი!

დღეს მისი წარმატებები მახარებს, მაგრამ ამ სიხარულზე გაცილებით მეტია იმის გააზრება, რომ კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდა. ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, ბევრი სირთულე დავძლიეთ. კი მერიდება, ჩემს შვილზე ამდენი რომ ვილაპარაკე, მაგრამ ვინც იცნობს, ყველა დამეთანხმება, არაფერი გადამიჭარბებია. ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს და თავიანთი შვილებით გახარებას ვუსურვებ!

3-1772372723.jpg

"მეუბნება, დე, შენ რომ ასეთი თავგანწირვა არ გამოგეჩინა, ამდენს ვერ მივაღწევდიო"

რუსუდან გეგეშიძე, ბუდუ ზივზივაძის დედა: - ბუდუ ბავშვობდან თბილი და ყურადღებიანი იყო. ასაკის შესაბამისად, ყვავილებითა და სიმბოლური საჩუქრებით მანებივრებდა. საჩუქრებს, ჩემგან მალულად, ის და თავისი და ერთად იძენდნენ. ბაღში რომ დადიოდა, მასწავლებელი მოსალოც ბარათებს ახატვინებდა და ეს ბარათები დიდი სიხარულით მოჰქონდა.

- ინახავთ?

- დიახ, შენახული მაქვს, მაგრამ ახლა რემონტი გვაქვს და მოძებნა გამიჭირდება. შემთხვევა არ მახსენდება, ბუდუს დედის დღის მოლოცვა დავიწყებოდა.

ბოლო წლებში 3 მარტს საქართველოში არასდროსაა, მაგრამ ყოველთვის მირეკავს, მერე მისი სახელით კურიერს ყვავილები მოაქვს. პატარა რომ იყო, ემოციების გამოხატვაში უფრო თავშეკავებული იყო. ჭადრაკზე რომ დადიოდა, მოიგებდა თუ წააგებდა, ერთნაირი რეაქცია ჰქონდა. დარბაზიდან გამოსულს სახეზე ვერაფრს შეატყობდი, მე კი ერთი სული მქონდა, გამეგო რა ხდებოდა, მოვიდოდა და ჩუმად მეტყოდა - "დე, მოვიგე". ამის გამო სულ ვსაყვედურობდი, მოგებული რომ გამოხვალ, შორიდან გამაგებინე-მეთქი. ფეხბურთზე სიარული რომ დაიწყო, მერე ცოტა შეიცვალა, ხომ იცით, ყველა ფეხბურთელს გოლის გატანის სიხარულის გამოხატვის თავისებური ფორმა აქვს.

- სიურპრიზების მოწყობა სჩვევია?

- ბუდუ განსაკუთრებით თბილი ბიჭია და არა მხოლოდ ჩემთვის. ხშირად იცის თანხის ჩუქება, დრო არა აქვს, საჩუქრებზე რომ იაროს. ახალ წელს ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს ყოველთვის ვჩუქნით. ბუდუ თითოეული ჩვენგანის სურვილს ისე ზუსტად ამოიცნობს, გაოცებული ვრჩებით.

- რა არის ისეთი ბუდუს შესახებ, რაც მხოლოდ თქვენ იცით და საჯაროდ არასდროს გისაუბრიათ?

- ბუდუს ტკივილის გამხელა არ უყვარს, მაქსიმალურად ცდილობს, არ გითხრას, არა აქვს მნიშვნელობა, ეს ფიზიკური ტკივილი იქნება თუ რთული პერიოდი. მიუხედავად მისი დიდი მოთმინებისა, მე ყოველთვის ვამჩნევ. წლების წინ, ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლას, თავისებური სირთულეები ახლდა, ეს ფეხბურთელისთვის მარტივი პროცესი არ არის. იმ დროს ჩემთან ყველაზე მეტად იხსნებოდა და ვცდილობდი თანადგომა და მხარდაჭერა გამომეცხადებინა თბილი საუბრებით....

- არაერთხელ მოგიყოლიათ, ბავშვობიდან როგორ იდექით მის გვერდით, წვიმაში, ყინვასა თუ პაპანაქება სიცხეში...

- ალბათ, ეს თანადგომის განცდაც ღრმა ბავშვობიდან მოდის. სულ მეუბნება,­ დე, შენ რომ ასეთი თავგანწირვა არ გამოგე­ჩინა, ამდენს ვერ მივაღწევდიო. ფარ-ხმალი არ დავყარე, მის ბავშვურ ოცნებებს ხელი შევუწყვე. მაშინ ბუდუს ასეთ დიდ წარმატებას არც ვფიქრობდი, უბრალოდ, რაც უყვარდა, იმ საქმეზე თავი არ დავანებებინე.

- როდის მიხვდით, რომ მას დიდი მომა­ვალი ექნებოდა?

- 14 წლის რომ იყო, თბილისში სათამაშოდ მიიწვიეს, სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, შინ 2 კვირა განვიხილავდით, როგორ მოვქცეულიყავით, რა გაგვეკეთებინა. მერე თავად გვითხრა, გამიშვითო და მაშინ მივხვდი, ეს მისი დიდი გზის დასაწყისი იყო. ჩემთვის მთავარი ჯილდო ის არის, რომ ბუდუ ხალხს გულწრფელად უყვარს და მინდა ამ სიყვარულისთვის მადლობა ყველას საჯაროდ გადავუხადო. "სახა­ლხო"­ უწოდეს - ეს ცოტას არ ნიშნავს.­ მხოლოდ­ ფეხბურთში კი არა, ნათესაობაში, მეზობლებში, მეგობრებში განსაკუთრებულ სითბოს ავლენს, ასეთია ზოგადად მისი ხალხისადმი დამოკიდებულება. ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ ყველა ჰყვარებოდა და გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობა გულთან მიეტანა. როგორც ჩანს, გამიგონა.

- მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ, რას ურჩევდით?

- უბრალო ადამიანად დარჩეს! კარგი პიროვნება თუ არ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთს კარგად ითამაშებს თუ არა. ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს და ვუსურვებ თავიანთი შვილების კარგი საქმეებით თავაწეულებს ევლოთ ამ სამყაროში!

თამუნა კვინიკაძე