"კაზინოები ისევ ბრჭყვიალებს, ისევ იხსნება სხვისი პირადობის მოწმობებით ექაუნთები“ - კვირის პალიტრა

"კაზინოები ისევ ბრჭყვიალებს, ისევ იხსნება სხვისი პირადობის მოწმობებით ექაუნთები“

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კარგა ხანია ჩვენი სინამდვილის მწვავე პრობლემაა. ათასობით ადამიანი აზარტულ თამაშს ჯერ კიდევ სკოლის ასაკში იწყებს და ოჯახი ზოგჯერ ამას მაშინ იგებს, როცა მდგომარეობა უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. არაერთი შეზღუდვის მიუხედავად, აზარტული თამაშების სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე მილიონზე მეტი პირია რეგისტრირებული. საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ყვავის სათამაშო ბიზნესი. "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე წლებია ამ პრობლემაზე მუშაობს და გვიამბობს, გამოიღო თუ არა ნაყოფი კანონის ამოქმედებამ.

aritamasho.jpg

- მადლობა მინდა გითხრათ ჰოლდინგ "პალიტრამედიას". თქვენ ხშირად აშუქებთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს. სანამ აზარტულ თამაშებზე ვისაუბრებთ, მინდა ყურადღება გავამახვილო სხვა ქვეყნების, ავსტრალიის, კანადის და აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე - შეიქმნა ევროსაბჭოს ჩარჩო-კონვენცია მოზარდების სოციალურ ქსელში ჩართულობის შესახებ. ჩვენთანაც ძალიან გახშირდა 8-12 წლის და უფრო პატარა ასაკის ბავშვების სოციალურ ქსელებში ექაუნთების გახსნა, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვადასხვა კონტენტით მათ დაუკავშირდნენ თაღლითები, რასაც არცთუ იშვიათად უბედურება მოსდევს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს წამყვანმა სახელმწიფოებმა, რომ 15 წლამდე ასაკის თაობას მაქსიმალურად შეეზღუდოთ სოციალურ ქსელებში ექაუნთების და ანგარიშების გახსნა. ამ მხრივ ძალზე კატეგორიულია კანადა, რომელიც ყველანაირად უბლოკავს მოზარდებს სოციალურ ქსელებთან წვდომას, ავსტრალიამ კი ბავშვებისთვის საშიში კონტენტები აკრძალა. დაბლოკა კონტენტები, სადაც ბულინგი და სექსუალური თემებია.

ჩვენთან დიდი თუ პატარა თავით არის გადავარდნილი ტელეფონში და ეს სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აღიარებს, რომ ყოველდღიურად ერთ საათზე მეტი ხნით მობილური ტელეფონების მოხმარება ბავშვებისთვის ფსიქიკური აშლილობის წინა პირობაა.

ამიტომ ჩვენ ოფიციალური წერილი შევიტანეთ პრემიერის სახელზე, სადაც დავაფიქსირეთ საერთაშორისო გამოცდილებები და ვთხოვეთ გაეზიარებინა. აუცილებელია პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერების სტანდარტების შემოღება, სათამაშო და მავნე ექაუნთების შეზღუდვა ბავშვებისთვის. ექაუნთის გასახსნელად მშობლის თანხმობა უნდა იყოს საჭირო. გარდა ამისა, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა. ეს ის მოთხოვნებია, რასაც ვაყენებთ მთავრობის წინაშე და მოვუწოდებთ ამაზე მსჯელობა დაიწყოს. მართლწესრიგი ყოველთვის გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, როცა კანონმდებლობის აღსრულება მაღალ დონეზეა, მართლწესრიგიც არის. ჩვენს ქვეყანაში რეგულაცია გვაქვს, მაგრამ აღსრულება ნაკლებია. კაზინოები ისევ ბრჭყვიალებს, ისევ იხსნება სხვისი პირადობის მოწმობებით ექაუნთები. ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აბარიათ, მაგრამ არსად არ ჩანს სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლობა. არადა, სათამაშო ბიზნესს წელიწადში 77 მილიარდზე მეტი ბრუნვა აქვს. თუ სახელმწიფოს აქვს სურვილი, რომ სათამაშო ბიზნესი ჰქონდეს, მაშინ მისი რეგულირების საკითხები უნდა იყოს გამჭვირვალე.

სათამაშო ბიზნესს ზევიდან მფარველობენ, ხოლო მოსახლეობა ღატაკდება. პირს, რომელიც განრიდების სიაშია, არ შეიძლება მიეცეს არც სახმელეთო და არც ონლაინთამაშებზე წვდომის უფლება. თუ ხელზე ითამაშებს ქუჩაში, ვერავინ გააკონტროლებს, მაგრამ ოფიციალურად თამაშების სერვისების გამოყენების უფლება არ უნდა ჰქონდეს. ცდუნება დიდია. მაგალითად მოვიყვან ერთ ახალგაზრდას, რომელიც თამაშდამოკიდებული იყო. შემდეგ თვითონ შეიტანა განაცხადი და შეიტანეს თამაშდამოკიდებულთა რეესტრში. ამის შემდეგ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა, მუშაობდა, ერიცხებოდა ერთ-ერთ დიდ მსხვილ ბანკში ხელფასი, შექმნა ოჯახი და ერთ დღესაც დავუკავშირდა ბანკიდან საკრედიტო ოპერატორი­ და შესთავაზა სესხი. ამან უარი უთხრა, დაურე­კეს მეორედ. მერე მიუვიდა მობილბანკში ინფორმაცია, რომ სესხი დაუმტკიცდა. მან აიღო სესხი, გადარიცხა ონლაინაზარტულ თამაშებში და ზუსტად 60 წუთში წააგო. ათასებზეა ლაპარაკი. ახლა დედამისი და მეუღლე გვთხოვენ დახმარებას. გამოსავალს ეძებდნენ. ანალოგიურ სიტუაციაში კიდევ ბევრი მოქალაქეა. წესით,

სანამ ბანკი პირს შესთავაზებს სესხს, მანამდე ბანკის მუშაკმა უნდა გადაამოწმოს შემოსავლების სამსახურში არსებული თვითგანრიდების რეესტრი, სადაც ნახავს მოსამართლის მიერ განრიდებულებისა და სახელმწიფოს მიერ განრიდებულ მილიონ ხუთასი ათასი კაცის რეესტრებს. ამ ბაზების გადამოწმების შესაბამისად, ბანკის ქმედება ადეკვატური უნდა იყოს.

- ვინ არის განრიდებული, ეს ინფორმაცია­ ხელმისაწვდომია ყველასთვის?

- ყველასთვის არა, მაგრამ ხელმისაწვდომია ფინანსური ორგანიზაციებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სათამაშო დაწესებულებებისთვის.

- თუ პირი ფიქსირდება რეესტრში, როგორ­ გადარიცხავს სათამაშო დაწესებულებაში ფულს?

- ექაუნთს გახსნის სხვისი სახელით და გადარიცხავს. როდესაც პირი საკუთარი­ ანგარიშიდან გადარიც­ხავს ფულს, სათამაშო ბიზნესის ოპერატორის ვალდებულებაცაა­ შევიდეს ამ ბაზებში, შეიტანოს პირადი მონაცემი და გადაამოწ­მოს, ვინ რიცხავს ფულს და საიდან.

- 25 წლამდელთა თამაში რომ აიკრძალა,­ ეს სრულდება?

- ამან ნამდვილად მოგვცა შედეგი. ეს ჩანს ახალი მონაცემებით, რომელიც დაავა­დებათა ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. კვლევა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამჯერადაც შეირჩა მოსახლეობის ჯგუფი გამოსაკითხად, კერძოდ­, თინეიჯერები თბილისის თითქმის ყველა სკოლიდან. გამოკითხვაში 3000-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. თუ 2020 წელს ჩვენი მოზარდების 12% უკვე თამაშდამოკიდებული იყო, დღეს მკვეთრად შემცირდა და მოზარდების თამაშდამოკიდებულებით თითქმის 40%-ით ჩამოვრჩებით ევროპის ქვეყნებს. რაც მისასალმებელია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, იმიტომ, რომ სამაგიეროდ მოზარდები ხელზე თამაშობენ.

მოთამაშე, გოგონა იქნება თუ ბიჭი, ვალდებულია წაგებული თანხა აანაზღაუროს. როგორ აანაზღაურებს 16 წლის ბავშვი, თუ რაღაც კანონსაწინააღმდეგო არ ჩაიდინა? ან დედას უნდა მოჰპაროს ნივთი, ან ვიღაცას უნდა გამოართვას ტელეფონი და დაალომბარდოს, ან რაღაც უბედურება ჩაიდინოს. ამას მოჰყვება მერე ბულინგი, საქმის გარჩევები. ამის მაგალითია გლდანის სკვერი, იქ ყოველ საღამოს გაწევ-გამოწევაა ახალგაზრდებს შორის.

როდესაც ამ ქაოსში ვცხოვრობთ, როდესაც ციფრული გარემო ინტენსიურად ვითარდება და მასში ჩართული არიან ახალგაზრდები და მოზარდები, სახელმწიფომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. უნდა გამოიყოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ჯგუფი, სადაც არასამთავრობო სექტორიც ჩართული ვიქნებით და ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე. თქვენი მედიით

ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს ვთხოვთ ყველა მანდატი აამუშაოს, რათა რეგიონში გადააწყოს სათამაშო ბიზნესის ინფრასტრუქტურა, გადაამზადოს ფსიქიატრები, სოციალური მუშაკები, რათა მათ თამაშდამოკიდებულ პირებთან თავიანთ მუნიციპალიტეტებში იმუშაონ, თორემ მდგომარეობა უფრო დამძიმდება. 10 ფაქტიდან ექვსი ყოველთვის დამოკიდებულ პირთა ჩადენილია. ამიტომაც ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა დააკისროს 77-მილიარდიანი ბრუნვის მქონე სათამაშო ბიზნესს. ამ ბიზნესიდან ჯანდაცვის სექტორში გადაირიცხოს თუნდაც სამი მილიარდი ლარი, რომ თამაშდამოკიდებულთა განკურნებას, რესოციალიზაციას და პრევენციულ ღონისძიებებს მოხმარდეს. აუცილებელია სკოლებში მოზარდებთან მუშაობა, ინფორმირებულობა, ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებთან კვალიფიციური შეხვედრები და საუბრები, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ამ საფრთხისგან, როგორ აღმოვფხვრათ ციფრული სამყაროს უარყოფითი გავლენა და როგორ გამოვიყენოთ მისი დადებითი მხარე ჩვენი კარგი მომავლისთვის.

თუმცა, როგორ დავამკვიდრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, როდესაც საცურაო აუზში რომ ატარო ბავშვი, თვეში 280 ლარზე მეტი ღირს აბონემენტი. სპორტის სხვადასხვა სახეობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მშობლებისთვის. ამიტომ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, ხელისუფლებას, თბილისის მერიას:

ცათამბჯენების მშენებლობას თავი დაანებეთ და ინფრასტრუქტურა მოაწყვეთ ჯანსაღი ცხოვრებისთვის, რომლებიც ისევ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს გამოადგება.