უნიკალური ხის ტაძრები, რომლებიც ოსტატებმა ლურსმნის გარეშე ააგეს
შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში ქვის საუკუნოვან არქიტექტურასთან ერთად, ხის ტაძრებიც შენდებოდა. მათგან რამდენიმე ორ საუკუნეზე მეტი ხნის არის და აღიარებულია ქართული კულტურის მატერიალურ ძეგლად. ხის ტაძრებს უმეტესად დასავლეთ საქართველოში აშენებდნენ. ცხადია, არა იმიტომ, რომ იქაური ნესტიანი ჰავისთვის ხის არქიტექტურა მიიჩნეოდა უფრო შესაფერისად. ასე რომ იყოს, ამ ტერიტორიაზე ქვის უძველესი არქიტექტურის ნიმუშებიც არ იქნებოდა შემორჩენილი. საქმე მტერშია, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს შემოვარდნილიყო და უპირველესად სწორედ ეკლესიას შესეოდა გასანადგურებლად, როგორც ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგეს. მშვიდობიანი დრო კი იმდენად ხანმოკლე იყო, რომ ტაძრის თავიდან აშენება ვეღარ ხერხდებოდა, ამიტომ ქვას ხით ცვლიდნენ. მართალია, მტერი ხის ტაძრებსაც წვავდა, მაგრამ მათ სწრაფადვე აღადგენდნენ, მით უფრო, რომ მუდამ იქვე იყვნენ ხის დიდი ოსტატებიც, რომლებიც ლურსმნის გარეშე აშენებდნენ. მათ შორის სამტრედიის გვერდიგვერდ სოფლებში მდებარე, ღანირისა და ჭაგნის ორსაუკუნოვანი სამი ეკლესიაც ულურსმოდ არის ნაშენები. მათგან სამივე: ღანირის წმინდა გიორგის ტაძარი, ჭაგნის ღვთისმშობლის შობისა და მთავარანგელოზის ეკლესიები ხის არქიტექტურის უნიკალური ნიმუშია და ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებად არის აღიარებული მშენებლობის იმ ტექნიკის გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანაში არ მოიპოვება. ეს ტაძრები ააშენეს ოსტატებმა, რომლებიც ოჯახებში, ყოველგვარი სამშენებლო სკოლის გარეშე სწავლობდნენ მშენებლობას. ცოცხლობს თუ არა ეს ცოდნა დღეს? ამ კითხვაზე პასუხი არც მასწავლებელს ჭაგნის მკვიდრ ლია არველაძეს აქვს, მაგრამ ასეთი ხელოსნები დიდი ძებნის შემდეგ იპოვა და მათი დახმარებით სამტრედიის მისტიკური სამებიდან ერთ-ერთი, ჭაგნის XVIII საუკუნის მთვარანგელოზის ტაძარი აღადგინა.

- ქალბატონო ლია, ჩვენს ქვეყანას აქვს ულამაზესი და ჩემი აზრით, მისტიკური ადგილი სამტრედიაში, სადაც ორ გვერდიგვერდ სოფელში ხის სამი უნიკალური ტაძარია. მათგან ერთ-ერთი უკიდურესად იყო დაზიანებული, მაგრამ თქვენ აღადგინეთ.
- აღვადგინე, თუმცა არა მხოლოდ მე, არამედ მთელმა სოფელმა. ჭაგანი ჩემი სოფელია, სადაც ორ საუკუნეზე მეტი ხნის ორი საოცარი ხის ეკლესიაა, მეზობელ სოფელ ღანირში ასევე უნიკალური წმინდა გიორგის ხის ეკლესიაა, რომელიც შიდა მხრიდან ნოეს კიდობანს ჰგავს.
მშენებლობის განსაკუთრებული სტილი აქვს, მთლიანად ოვალური ფორმისაა, ჭაგნის ღვთისმშობლის შობის ტაძარი. ბოლშევიკები დასანგრევად რომ მიადგნენ, მაშინ ამ ტაძრის დიაკვანი ჩემი დიდი ბაბუა, იაკობ არველაძე იყო. მან გადამალა ამ ეკლესიის ქონება და მანვე იხსნა დანგრევისაგან ჩვენი თანასოფლელი ქალბატონის, გვარად ნინუას დახმარებით. როდესაც ტაძარს ბოლშევიკები მიადგნენ, ჩემმა დიდმა ბაბუამ ნინუას დაუძახა და ორივემ დაუსაბუთა მომხდურებს, რომ ეკლესიის დანგრევა არ ღირდა, რადგან ნაგებობის გამოყენება თივის შესანახად შეიძლებოდა. ბოლშევიკებმა დაიჯერეს, ეკლესიას გაერიდნენ და იქ მართლაც თივას ინახავდნენ, სანამ ბოლშევიკური სახელმწიფო დაიქცეოდა. ამასობაში ეკლესია უშველებელმა ხემ დაანგრია. მე ჭაგნელი ვარ და ეს ამბავი გულზე ყოველთვის დანასავით მხვდებოდა, მით უფრო, როდესაც ჩვენს სახლში მისასვლელად ამ ჩამოგრეულ ტაძართან უნდა გამევლო. ჩვენი ეკლესიის აღდგენაში მთელი სოფელი მონაწილეობდა. ეს იყო 90-იან წლებში, არც მათ გააჩნდათ არაფერი ამ საქმის წამოსაწყებად და არც მე. ორი მცირეწლოვანი შვილის დამტოვებელიც კი არ მყავდა. მე და ჩემი მეუღლე ვენაცვლებოდით ერთმანეთს, თანაც ისე, რომ ორივე ვმუშაობდით. ამიტომ დღესაც მიკვირს, როგორ შევძელი და სანახევროდ დანგრეული ტაძრის აღდგენას როგორ გავუძეხი. როგორც გითხარით, სოფელი და მისი მაშინდელი ხელმძღვანელობა დამიდგა გვერდით, მერე კი დედაქალაქში მივედი ცნობილ პირებთან, ვინც სამშენებლო საქმესთან იყვნენ დაკავშირებული. ერთმა, რომელიც იმხანად სამშენებლო სფეროს მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მშენებლობისათვის საკმარისი უმაღლესი ხარისხის წაბლის ფიცარი გვაჩუქა. მახსოვს, როგორ მომებჯინა გული ყელში მოულოდნელი ბედნიერებისაგან. ხე სატვირთო ავტომანქანით წამოვიღეთ თბილისიდან ქუთაისში. ცხადია, კაბინაში ყველა ვერ დაეტეოდა და ხალხი, რომელმაც მასალა ავტომანქანაში ჩატვირთა, მთელი გზა ღია ძარით ჩამოვიდა თბილისიდან სამტრედიაში.
- ისეთი ხის ხელოსნები როგორ იშოვეთ, ვისაც შეეძლოთ ულურსმნოდ ზუსტად ისე აღედგინათ ხის ნაგებობა, როგორც ორსაუკუნე-ნახევრის წინ იყო.
- ძალიან ბევრი ვიარე ქუთაისში, მივადექი რაჭველებს, სწორედ მათი აშენებულია ჩვენი ოდების უმრავლესობა, თუმცა მსგავსი ოსტატი ვერც მათთან ვიპოვე. მეუბნებოდნენ, იმის პირობას ვერ მოგცემთ, ულურსმნოდ ავაშენოთო. ერთ დღესაც ჩემი ბიძაშვილი, რომელმაც ხის ხელობა იცის, მეუბნება, მოდი ვცდი, ეგებ გამომივიდეს რამეო. მოკლედ გაბედა და მერე სხვა გამბედავებიც გამოჩნდნენ. ასე რომ, დავიწყეთ და აღარ გავჩერებულვართ.
თბილისიდან სამტრედიაში წარამარა დავდიოდი; ვნერვიულობდი, რადგან ბევრჯერ, როდესაც მეუღლე სამსახურიდან ვერ მოდიოდა, შვილებს მარტო ვტოვებდი. ხანდახან ისე ვიყავი, წამოდგომაც მიჭირდა, მაგრამ რაღაც ძალა მაძლევდა ამ ენერგიას, რომელიც დაღლილობას ცვლიდა ბედნიერებით. 8 წელიწადი ვშრომობდით და მილევისას უკვე ძალა რომ გამომელია, ღვთის წინაშე პირობა დავდე, ოღონდ ეს საქმე დამამთავრებინე, დანარჩენისათვის აღარ ვიწვალებ, რაც ეკლესიას სამსახურისთვის დასჭირდება, იმ ნივთებს ჩემი სახლიდან გავიტან-მეთქი. რა თქმა უნდა, ჩემი დიდი ბაბუის მიერ ოჯახში გადანახული ნივთები სრული სიით ეკლესიასვე დავუბრუნეთ. იმ ნივთებს თაობები ვპატრონობდით, განსაკუთრებით მამაჩემი, მამუკა, რომლის მოკრძალება ამ ნივთებთან შეხებისას ან საუბრისას ისე მახსოვს, თითქოს ყველაფერი გუშინ იყო. იქნებ ჩემი ბაბუის სასულიერო მოღვაწეობაც იყო იმის საფუძველი, რომ ეს საქმე მოვინდომე. რადგან ჩვენს შტოში ბაბუის საქმის გამგრძელებლად კაცი აღარ არის და მხოლოდ ქალები დავრჩით, იქნებ ამიტომაც უნდა მეტვირთა ეს საქმე.
როდესაც ეკლესიის აღდგენა დასრულდა, ჩემმა მეუღლემ მთხოვა, მორჩა, აწი ამ საქმეს, რაც დარჩა, სოფელს ჩააბარე და ბავშვებს მივხედოთო. არაფერი მითქვამს, მაგრამ მეორე დღეს ჩემს მეუღლეს ფეხი მოსტყდა. საბედნიეროდ, დიდი ტრავმა არ იყო, მაგრამ ორმოცი დღე წოლა სჭირდებოდა და შინ დარჩენილმა ბავშვებზე ზრუნვა გადაიბარა. იმ ორმოც დღეში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე ჩვენი ხის ტაძრის საბოლოოდ დასასრულებლად. დღეს ის მოქმედია და აქ ყველას ერთად გვლოცავენ. მჯერა, რომ ეს ლოცვები შეგვეწევა და გვაძლიერებს.