„ადგილობრივი მუშახელის მონურ მდგომარეობაში ჩაყენების მიზეზი უცხოელების უკონტროლო დასაქმებაა“ - კვირის პალიტრა

„ადგილობრივი მუშახელის მონურ მდგომარეობაში ჩაყენების მიზეზი უცხოელების უკონტროლო დასაქმებაა“

სტატისტიკის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში არაერთი პროფესია განიცდის მუშახელის დეფიციტს, მათ შორის, საშუალო­ სკოლის მასწავლებლების, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერების, ექთანებისა და ექიმების, მშენებლობის მენეჯერებისა და ზედამხედველების, საინჟინრო-ტექნიკური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალისტების და ა.შ. სულ ამ ეტაპზე სახელდება 23 დეფიციტური სპეციალობა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. იმავდროულად, შეუძლებელია თქმა, ექნება თუ არა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ე.წ. განათლების რეფორმას შედეგი და დაკმაყოფილდება თუ არა ქვეყანა დეფიციტური კადრებით. თუმცა შეგვიძლია აღვწეროთ, როგორი ხარისხის შრომა და ხელფასია ჩამოთვლილი დეფიციტური პროფესიების ერთ-ერთ სფეროში, კერძოდ, მშენებლობაში. რომელიც თანდათან ივსება უცხოელი მუშახელით, აქაურები კი ისედაც მზარდ ემიგრაციის ნაკადს უერთდებიან. როგორც წესი, დედაქალაქში სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოდან, განსაკუთრებით ზემო იმერეთიდან არის. ამის საფუძველი ადგილობრივი ნიადაგის სიმწირეა, რაც ყოვლთვის უწყობდა ხელს სამშენებლო საქმის შესწავლას, შემდეგ კი დაქირავებულ მუშახელად გასვლას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აქაურთა უმრავლესობა ახლაც დედაქალაქის კორპუსების მშენებლობებზე მუშაობს და აქვე, ძირითადად, დაქირავებულ ბინებში ცხოვრობს. ინჟინერი როლანდ ბაზაძე ზემო იმერეთიდან დედაქალაქის მშენებლობაზე ბოლო 15 წელია მუშაობს.

- ბატონო როლანდ, წლებია საქმიანობთ დედაქალაქის მშენებლობებზე, სადაც ასევე ცხოვრობთ დაქირავებულ ბინაში ცოლ-შვილთან ერთად. რამდენად გიღირთ ასეთი სამსახური, როდესაც ბინის ქირაში დიდ ფასს იხდით?

- ჯერჯერობით, მიღირს, თორემ საჩხერიდან თბილისში არ წამოვიდოდი სამშენებლო მტვრის საყლაპავად და დღედაღამ სამუშაოდ. მყავს ოთხი შვილი, რომელთაც ისეთი აუცილებელი საჭიროებები აქვთ, რომ სოფელში მუშაობით ვერაფერს გავხდი. თუმცა ოჯახიდან მხოლოდ მე რომ ვმუშაობდე, ვერ გეტყვით, რამდენად გამართლებული იქნებოდა ეს სამუშაო, რადგან ბინის ქირაში 1000 ლარს ვიხდი. ჩემთან ერთად მუშაობს ჩემი ვაჟიც და ორივეს თვეში დახლოებით 6.000 ლარი ხელფასი გვაქვს - ანუ თითოეული 3.000 ლარს ვიღებთ. ამ თანხით ცოტ-ცოტა სოფლის სახლის შეკეთებას და თავის რჩენას ვახერხებთ. სამომავლოდ სოფელში უნდა ვიცხოვროთ, თბილისში ბინის ყიდვაზე არც ვოცნებობთ, დღეს ეს თითქმის შეუძლებელია პატიოსანი შრომით. ბინა რომ იყიდო, ან ემიგრაციაში უნდა იყო გადახვეწილი, ან თაღლითობდე, ან განსაკუთრებული ნიჭი გქონდეს. ჩვენ არც ერთი არა გვაქვს. Oჩემთვის ოჯახის გვერდით ყოფნა მხოლოდ სიმშვიდის შესანარჩუნებლადაც არ კმარა. მეუღლე შინ რომ ოჯახურ სადილებს არ ამზადებდეს, ნახევრაფაბრიკატები იმდენად ძვირია, ჩემი მთელი ხელფასი პროდუქტებში წავიდოდა. ჩვენი ბიჭები სწორედ კვებასა და ბინის ქირაში ხარჯავენ ხელფასის დიდ ნაწილს.

- თუმცა შეიძლება თქვა, რომ 3.000 ან მეტი ხელფასი ცოტა არ არის.

- კი, მაგრამ მხოლოდ მე არ ვამბობ, რომ ეს ფული ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რა შრომაშიც გვიხდიან. ჩვენ პრაქტიკულად შესვენების საათებისა და დღეების გარეშე, მტვერში, ცემენტში, სიცივესა და აუტანელ სიცხეში ვმუშაობთ. როდესაც ყველა ისვენებს, ჩვენ ამ ჯოჯოხეთში­ ვართ და ზოგჯერ 16 საათსაც კი. ასეთ შრომაში ეს ხელფასი ცოტაა, მით უფრო, რომ ცხოვრება ძალიან გაძვირდა.

- შრომის უსაფრთხოება როგორ არის ამ სფეროში დაცული?

- ამ ბაზარზე უამრავი კომპანიაა, მათგან მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელებში ითხოვენ უსაფრთხოების წესების დაცვას, ჩაფხუტის ხმარებას და დაგაჯარიმებენ კიდეც, თუ არ გახურავს. არადა, სწორედ ჩემი მუშაობის დროს მოხდა, რომ უჩაფხუტო მუშას სინკარი დაეცა და თავი გაუხვრიტა. ჩაფხუტი რომ ხურებოდა, ეს არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჩვენს მშენებლობებზე ისევ ჩვეულებრივი ამბავია. ჩვეულებრივად აღიქმება ისიც, რომ გაზრდილი ინფლაციისა და მძიმე სამუშაო პირობებში ხელფასები ადეკვატურად არ იზრდება. ყოველ შემთხვევაში არც ჩემთვის და არც გარშემო ბიჭებისთვის არ მოუმატებიათ წლები. რატომ? იმიტომ, რომ სექტორი ივსება უცხოელებით, რომლებიც თანახმა არიან მძიმე შრომაშიც დაბალ გასამრჯელოზე, მით უფრო, რომ ისინი ბინის დაქირავებაში პრაქტიკულად ქირას არ იხდიან. ან როგორ გადაიხდიან როდესაც ერთ ბინაში 10-15 კაციც კი ცხოვრობს. წარმოდგენაც გაგიჭირდებათ, თბილისში მშენებარე კორპუსებში რამდენ უცხოელს ნახავთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მშენებლობაზე მუშაობენ ჩვენი ინგილოები და ფერეიდნელები, მაგრამ მათ გარდა არიან ჩინელები, ინდოელები და თურქებიც კი.

- თურქების ნახვა ამ სიაში გამიკვირდა, რადგან ჩვენი მოქალაქეები აქედან მიდიან თურქეთში სამუშაოდ.

- ეს ორმხრივი პროცესია. ჩვენი მომვლელები თურქეთში მოხუცის მოვლისთვის 500 დოლარს იღებენ, თურქი მუშები­ კი ჩვენს სამშენებლო სექტორში ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც აქაურები. ეს დიდი განსხვავებაა. ამიტომაც არის, რომ ჩვენს სამშენებლო სექტორში ბევრ თურქს, ინდ­ოელს ან ჩინელს შეხვდებით, რომელთაც დიდი პრეტენზია არა აქვთ ადეკვატურ ხელფასზეც, დამქირავებელიც სარგებლობს ამით და ადგილობრივ მუშახელს ანაცვლებს. არ ვიცნობ უცხოეთს, რომ დაბეჯითებით ვამტკიცო, იქ როგორ არის, თუმცა ვიცი, რომ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად სწორედ ადგილობრივ მუშახელს ენიჭება უპირატესობა. ადეკვატური ხელფასების არარსებობისა და ადგილობრივი მუშახელის მონურ მდგომარეობაში ჩაყენების მიზეზი უცხოელების ამგვარი უკონტროლო დასაქმებაა.

- ამ მხრივ დადებითი ტენდეციაა, სახელმწიფომ განაცხადა, რომ ბინადრობის უფლების გარეშე უცხოელს სამუშაოდ­ არ მიიღებს.

- მივესალმები. თუმცა, არა მგონია, ეს ბოლომდე შეასარულონ. როდესაც ეს კანონი მიიღეს, იქვე განაცხადეს, რომ მუშახელის კრიტიკული სიმცირის პირობებში­ გამონაკლისი დაიშვება. ეჭვი მაქვს, ასეთ სფეროდ ითვლება სამშენე­ბლო სფეროც, რომელიც ქაოსური აღმასვლით ვითარდება.­ ამ შემთხვევაში ადგილობრივი მუშახელის დიდ ნაწილს უცხოეთში გადაბარგება მოგვიწევს.