რა არის შნობელის პრემია?
უჩვეულო და აბსურდული, ამ სიტყვებით ახასიათებენ Iგ ნობელ - შნობელის პრემიას, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი ნობელის პრემიის ანტიპოდია. თანამედროვე მსოფლიოში არაერთი უცნაური კონკურსი იმართება, მაგრამ შნობელი განსაკუთრებულია. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არის ანტინობელი, რომელიც ამერიკელმა მეცნიერმა მარკ აბრაჰამსმა 1991 წელს დააარსა. "ეს არის პაროდიული ცერემონია, სადაც პრიზებს გადასცემენ მეცნიერებს, რომელთა აღმოჩენები და მიგნებები ჯერ გაგაცინებთ, შემდეგ კი დაგაფიქრებთ. ცხადია, სამეცნიერო ღირებულება ყველა ამ კვლევას აქვს, თუმცა ანტინობელის პრემიით ყველაზე არაორდინარულ კვლევებს აჯილდოებენ", - გვითხრა თსუ-ის ეკონომიკური ანალიზისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ, რომელსაც ამ პრემიასა და ყველაზე უცნაურ ლაურეატებზე ვესაუბრეთ.
ამოუცნობი ნარცისები
შნობელის პრემიის არსს შესანიშნავად ასახავს კვლევა, რომელიც ჯერ ვერ მიიღეს, მაგრამ მერე მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა: მე-20 საუკუნეში უკანასკნელი ანტინობელის პრემია მიანიჭეს იტალიელ მეცნიერებს, დონატელა მარაციტის, ალესანდრო როსისა და ჯოვანი კასანოს, რატომ? - მათ გამოიკვლიეს და დაადგინეს მსგავსება რომანტიკულ სიყვარულსა და მწვავე ნერვულ აშლილობას შორის. ისინი ერთდროულად აკვირდებოდნენ 20 შეყვარებულ ახალგაზრდასა და იმ 20 პაციენტს, ვისაც აკვიატებული იდეები აწუხებდა. დასკვნა უჩვეულო და სკანდალური იყო: ორივე ჯგუფის წევრებს მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ და მათ ტვინშიც ერთნაირი ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობდა.
მოგვიანებით ამავე ჯილდოს მფლობელები გახდნენ პოლონელი მეცნიერები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ვიღაცის IQ-ს შექება ამ ადამიანის თვითშეფასებას და საკუთარი უნიკალურობის განცდას ზრდის, IQ-ს ნეგატიური შეფასება კი, პირიქით, ამცირებს. ამავე საკითხზე კიდევ ერთ, არცთუ სასიამოვნო დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს, როგორი რეაქცია აქვთ ადამიანებს, როცა მათ აქებენ და ეუბნებიან, რომ მათი ინტელექტი საშუალოზე მაღალია: უმრავლესობა თავის გამორჩეულობაში რწმუნდება და მაღალი ალბათობით, ნარცისად გადაიქცევა.
უჩვეულო დასკვნა
2012 წელს მონპელიეს ბიზნესსკოლის პროფესორმა პაველ ბლავატსკიმ შნობელის პრემია მიიღო უჩვეულო აღმოჩენის გამო: მისი დაკვირვებით, პოლიტიკოსების სიმსუქნე შეიძლება მათ ქვეყანაში კორუფციის დონის ინდიკატორი იყოს. ამისათვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის წევრებს აკვირდებოდა და კომპიუტერული ვიზუალიზაციის მეთოდს იყენებდა.
კვლევის მიხედვით, იმ პერიოდში ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნები იყვნენ: ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და საქართველო, ხოლო უფრო მეტად კორუმპირებული შუა აზიის სამი ქვეყანა - ყაზახეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. საინტერესოა, როგორ დასკვნას დაწერდნენ ეს მეცნიერები დღევანდელ საქართველოზე.
შნობელის პრემიის მფლობელებმა კიდევ ერთი, მოულოდნელი რამ დაადგინეს: თურმე ჩრდილოეთის ქვეყნებში მცხოვრები ხუჭუჭა ადამიანების თმა საათის ისრის მიმართულებითაა დახვეული. ამის შემდეგ, ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში, კერძოდ, საფრანგეთსა და ჩილეში მცხოვრები ხუჭუჭა ადამიანების თმა და დაადგინა, რომ სამხრეთელების თმა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით იყო დახვეული. მათ დაასკვნეს, რომ ეს განსხვავება დამოკიდებულია არა მხოლოდ გენეტიკურ ფაქტორებზე, არამედ გარემოზეც. ძნელია ითქვას, ვის რა სიკეთე მოუტანა ამ კვლევამ, მაგრამ ფაქტია, ის შნობელის პრემიით დაჯილდოვდა.
ცხოვრება ცხოველების გარემოცვაში
2016 წელს ლონდონელმა დიზაინერმა თომას ტუეიტსმა გადაწყვიტა, ყოვედღიური რუტინისგან დაესვენა და სამი დღე ალპურ ველებზე გაატარა. ის თხის კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ცხოველებთან ცხოვრობდა. თომასმა ლაპარაკი შეწყვიტა, ხელებსა და ფეხებზე სპეციალური პროთეზები დაიმაგრა და შეეცადა თხას დამსგავსებოდა. ის მოხარშული ბალახით იკვებებოდა, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ ცხოველების გარემოცვაში ყოფნა და ბალახის ჭამა ცუდი სულაც არ ყოფილა. კიდევ უფრო შორს წავიდა ადვოკატი და ვეტერინარი ჩარლზ ფოსტერი, რომელიც სხვადასხვა ცხოველად გარდაისახა - ის მელიებსა და ზღარბებს შორის ცხოვრობდა და მათ ფორმაში იყო გადაცმული; ამის შემდეგ რამდენიმე კვირით ტბაში "დაბინავდა" და ცდილობდა თევზი კბილებით დაეჭირა. ბოლოს რა მოხდა? - ორივე, თომას ტუეიტსიც და ჩარლზ ფოსტერიც, შნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
2025 წლის სექტემბრის ცერემონიაზე, რომელიც, ჩვეულებრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიმართა, შნობელის პრემია იაპონელ მეცნიერებს გადასცეს, რომლებმაც ძროხები გადაღებეს და ზებრებს დაამსგავსეს. ცნობილია, რომ ზებრა ზოლიანია და ამის გამო მწერები ნაკლებად აწუხებენ. ამ ექსპერიმენტის დროსაც იგივე მოხდა და მეცნიერებმა დაასკვნეს: იმ მწერების რაოდენობა, რომელიც შინაურ პირუტყვს ჰკბენს და აწუხებს, შეიძლება განახევრდეს, თუ მათ გადავღებავთ; გამორიცხული არ არის, რომ ამით სოფლის მეურნეობამ დიდი მოგება მიიღოს - როდესაც ცხოველი სტრესულ გარემოში აღარაა, მისი წველადობაც მატულობს და უფრო იშვიათად ავადდება. ამ კვლევაზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შნობელის პრემიას ხშირად დადებითი შედეგებიც მოაქვს.
შნობელიდან - ნობელამდე
ფიზიკოსი ანდრე გეიმი იმის დასტურია, რომ შნობელიდან ნობელამდე ხელის ერთი გაწვდენაა: მან მოსკოვში მიიღო ტექნიკური განათლება, მერე კი ჰოლანდიაში გადავიდა. გეიმმა შნობელის პრემია 2000 წელს მიიღო ბაყაყის ლევიტაციაზე ჩატარებული ექსპერიმენტის გამო. ლევიტაცია არის ფრენის უნარი დამხმარე საშუალებების გარეშე. ამ ექსპერიმენტის დროს ბაყაყი ჰაერში სხვადასხვა მოწყობილობის დახმარებით გააჩერეს, რითაც გეიმი ფიზიკის კანონებს დაუპირისპირდა და სამეცნიერო წრეების ყურადღება მიიპყრო. გავიდა ხანი და 2010 წელს ის უკვე ნამდვილი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
ანტინობელს ჰარვარდის უნივერსიტეტში გადასცემენ, რადგან ამ იდეის მხარდამჭერი სწორედ ეს უნივერსიტეტია. ცერემონია ძალიან სახალისოა: ჯილდოს მისაღებად სცენაზე ასულ ლაურეატებს ქაღალდის თვითმფრინავებს ესვრიან, გამარჯვებულებს კი ზიმბამბვეს ვადაგასული დოლარით აჯილდოებენ. მიუხედავად სატირული ხასიათისა, ამ ცერემონიაში ნამდვილი ნობელის პრემიის ლაურეატებიც მონაწილეობენ და დაჯილდოებას ყველა დიდი სიამოვნებით ესწრება. ალბათ, იმიტომ, რომ ანტინობელიანტთა მიგნებები და აღმოჩენები თითქოს აბსურდულია, მაგრამ საბოლოოდ მაინც მნიშვნელოვანია.
ხათუნა ჩიგოგიძე