"ლომის ღრიალის" კავკასიური ექო - რა საფრთხეები ელის საქართველოს, თუ თბილისიდან 300 კილომეტრში ომი დიდხანს გაგრძელდა
აშშ-ირანის სამრაუნდიანი მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებას მოვლენათა რადიკალური ესკალაცია მოჰყვა - აიათოლა მოკლულია, იბომბება ირანში ცალკეული ადგილები და ირანი ესვრის რაკეტებს სამეზობლოში, ფაქტობრივად, ყველას. ფაქტია, ბირთვულ შეთანხმებაზე კომპრომისი შეუძლებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ირანის რეჟიმისთვის თითქოს შიდა კრიზისიდან გამოსავლად ჩანდა. თუმცა მას შემდეგ, რაც თეირანის რეჟიმმა შიდა ლეგიტიმაციის კრიზისის გადაფარვა საგარეო პოლიტიკის რადიკალიზაციით სცადა, ნებისმიერი დათმობა ბირთვულ პროგრამაზე ისლამურ რესპუბლიკაში კაპიტულაციად აღიქმებოდა, რამაც დიპლომატიური გზები საბოლოოდ ჩაკეტა. პროცესების კულმინაცია ალი ხამენეის ლიკვიდაცია გახდა - ოპერაცია, რომლისთვისაც ვაშინგტონი და იერუსალიმი 100%-ით მომზადებულნი აღმოჩნდნენ. უმაღლესი ლიდერისა და მისი იერარქიის რღვევამ შექმნა სახიფათო პოლიტიკური ვაკუუმი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ინერციით არსებობას განაგრძობს, ფაქტია, ეს არის უმძიმესი დარტყმა რეჟიმისთვის, რომლის შემდეგაც მისი გადარჩენის რესურსი ბუნდოვანია. მეორე მხრივ, ირანში მიმდინარე პროცესებმა უკვე გავლენა იქონია რეგიონზეც - ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიო ნავთობის არტერია გადის, გადაკეტილია და ცხადია, ეს ნავთობიმპორტიორებისთვის დარტყმაა. ფაქტია, მოვლენათა ნებისმიერი განვითარება, იქნება რეჟიმის ტრანსფორმაცია თუ ქაოსი, რადიკალურად შეცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში და აიძულებს საერთაშორისო მოთამაშეებს გადახედონ თავიანთ სტრატეგიებს რეგიონში. პროცესების განვითარების პერსპექტივებზე საერთაშორისო პოლიტიკის დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.
- ჰორმუზის სრუტე თუ დიდხანს დარჩება ჩაკეტილი, ნავთობის ფასები ძალიან აიწევს. ეს დიდი პრობლემაა, რადგან სრუტე ვიწროა და ამერიკული ფლოტი იქ მარტივად ვერ შევა, ირანელებს კი მისი ჩაკეტვის რესურსი აქვთ. მსოფლიო ეკონომიკა ერთ ან ორ კვირას გაუძლებს მაღალ ფასს, მაგრამ თუ პროცესი თვეზე მეტხანს გასტანს და ფასი 150 დოლარს მიაღწევს, ეს სერიოზული შოკი იქნება.
ეს კი არც ამერიკელი ამომრჩევლისთვის იქნება სახარბიელო. მიუხედავად დიდი წარმოებისა, ამერიკა მაინც ნავთობის იმპორტიორია, რადგან იმდენს მოიხმარს, რომ შემოტანა მაინც სჭირდება. ამიტომ ვამბობ, რომ კონფლიქტის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის ფასიც.
არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკელებმა, მადუროს შემთხვევის მსგავსად, განაცხადონ, მთავარ წარმატებას მივაღწიეთ, დიქტატორი მოვკალით, ამოცანა შესრულებულია და სახლში ვბრუნდებითო. ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტი გაურკვეველი ვადით გადავადდება.
- ტრამპმა ახსენა რეჟიმის ცვლილებაც. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი.
- ეს უკვე მეორე სცენარია. მეორე სცენარი გულისხმობს ომის გაგრძელებას იმ იმედით, რომ ირანში აჯანყება დაიწყება და ხალხი რეჟიმს დაამხობს.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლოა ძალოვანების ნაწილი, კერძოდ, "არტეში" (პროფესიონალური არმია და არა რევოლუციის გუშაგები) ამერიკელებისა და ისრაელის მხარეს გადავიდეს და "გუშაგებს" დაუპირისპირდეს. თუმცა, თუ ეს არ მოხდა და გამოჩნდა, რომ რეჟიმის დამხობისთვის სახმელეთო ოპერაციაა საჭირო, ვფიქრობ, ამერიკა ამ ნაბიჯზე არ წავა. იტყვიან, რომ ამოცანა შესრულებულია, დიქტატორი აღარ არის, რეჟიმი დასუსტდა და სახლში დაბრუნდებიან.
- რეგიონს უკვე შეეხო ეს ყველაფერი, დაიბომბა დუბაი, კატარი და გარშემო ქვეყნები. რა შედეგები ექნება ამას რეგიონისთვის და პირველ რიგში, ჩვენთვის?
- უნდა ვილოცოთ, რომ ეს კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაზე არ გადმოვიდეს და მასში აზერბაიჯანი არ იქნეს ჩათრეული. საინტერესოა ისიც, თუ რა ბედი ელის ირანს რეჟიმის დამარცხების შემთხვევაში. იქცევა ის მეორე სირიად? დაიშლება თუ სამოქალაქო ომსა და ქაოსში ჩაეფლობა? საუკეთესო სცენარი ირანის დემოკრატიად გადაქცევა იქნებოდა, მაგრამ ამის ნაკლებად მჯერა. ირანს დემოკრატიის გამოცდილება თითქმის არა აქვს _ ბოლოს მსგავსი რამ 50-იან წლებში, მოსადეყის პერიოდში სცადეს. შაჰის დამხობასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა, რადგან ის დიქტატორი იყო, თუმცა მის შემდეგ უკეთესი რეჟიმი არ მოსულა. მოკლედ, შაჰის შემდეგ ირანს დემოკრატია არ უნახავს და გარედან მისი დამყარება, როგორც ერაყის მაგალითზე ვნახეთ, ძალიან რთულია და ხშირად ვერც ხერხდება.
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის დამყარებას მივესალმებით, უნდა ვიყოთ რეალისტები და უფრო უარესი სცენარებისთვის მოვემზადოთ.
ამერიკელებს ისეთი სცენარი სურთ, სადაც ტრამპი ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს. მათ აქვთ იმედი, რომ ძალოვანებშიც მოხდება განხეთქილება. თუმცა არ არის გამორიცხული კომპრომისული სცენარიც _ ამერიკელები იტყვიან, რომ ამოცანა შესრულებულია, რადგან ხამენეი ლიკვიდირებულია და სახლში წავლენ.
შესაძლოა მოხდეს შიდა გარიგებაც - ხელისუფლებაში მოვიდნენ ნაკლებად ფანატიკოსი ძალები, რომლებთანაც შეთანხმება იქნება შესაძლებელი.
ასეთი გარიგება ორივე მხარისთვის მომგებიანია - ირანი დაიწყებს ნავთობის ექსპორტს, ამერიკული მხარე კი ნავთობის მოპოვების სექტორში შევა. საბოლოოდ შესაძლოა ბირთვულ საკითხზეც მორიგდნენ.
- ის, რაც ახლა ირანში ხდება, რუსეთზე რა გავლენას მოახდენს?
- ნავთობი ყველგან გაძვირდება, მათ შორის, რუსეთშიც. ორკვირიანი ან ორთვიანი გაძვირება რუსეთს ვერ "ააშენებს". სულ სხვა სურათს მივიღებთ, თუ პროცესები ქაოსში გადაიზარდა. თუ ირანში სირიის სცენარი განვითარდა და არეულობას ტერორისტული თავდასხმები მოჰყვა, მაგალითად, არაბეთის წინააღმდეგ, მაშინ ნავთობის ფასი დიდხანს დარჩება მაღალი. იმ შემთხვევაში, თუ ქაოსი ნავთობმომპოვებელ არაბულ ქვეყნებსაც გადაედება, ფასმა შესაძლოა წლობით არ დაიწიოს. აი, ეს არის სერიოზული პრობლემა, რაც რუსეთის ინტერესებში შედის.
- ჩინეთის შემთხვევაში რა მოხდება?
- ჩინეთს ნავთობის გაძვირება არ აწყობს. ისიც, ამერიკის მსგავსად, ნავთობის მსხვილი იმპორტიორია. რაც შეეხება პოლიტიკურ ინტერესებს, ირანის ჩამოშლა ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესებში არ შედის, რადგან ასეთ შემთხვევაში რეგიონში დასაყრდენი აღარ დარჩება. ახლო აღმოსავლეთში ძირითადად ამერიკაა წარმოდგენილი თავისი მრავალრიცხოვანი სამხედრო ბაზებით, ირანმაც სწორედ ის ბაზები და ქვეყნები დაბომბა. რუსეთს კი მხოლოდ სირიის სანაპიროზე აქვს ლოჯისტიკური ბაზა. თუმცა ირანი უზარმაზარი სახელმწიფოა და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა ისეა გაფანტული და გადამალული, რომ ყველაფრის განადგურება მარტივი არ იქნებას.
- დავუშვათ, რეჟიმი არ შეიცვალა, ჰყავთ ახალი აიათოლა, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას გადაწყვეტს.
- გააჩნია, რა დონეზე `დალაგდებიან~. მე ნაკლებად მგონია, რომ ირანი მყისიერად გადაიქცეს ამერიკის სატელიტად. თუმცა რუსეთისთვის დასავლეთთან ირანის ნებისმიერი სახის დაახლოება სერიოზული დარტყმა იქნება. გარდა ამისა, თუ ახალი ხელისუფლება ამერიკელებს ნავთობის სექტორში შეუშვებს და ბირთვულ საკითხზეც მორიგდებიან, რუსეთი დაკარგავს ბერკეტს, რომლითაც რეგიონში სიტუაციას აბალანსებდა. ირანის დასავლური ორიენტაცია რუსეთის ინტერესებს არაფრით არ შეესაბამება.
რუსა მაჩაიძე
(სპეციალურად საიტისთვის)