ჰორმუზის სრუტის ბლოკირება: ნავთობის "თრომბი" მსოფლიოსთვის - საწვავის შოკური ფასები?! - კვირის პალიტრა

ჰორმუზის სრუტის ბლოკირება: ნავთობის "თრომბი" მსოფლიოსთვის - საწვავის შოკური ფასები?!

ჰორმუზის სრუტის ბლოკირება რამდენად გააძვირებს ნავთობს მსოფლიოში...

დღევანდელი ომი ირანში ჰაერიდან უკვე ზღვაზეც ინაცვლებს-ამერიკული სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩაჰბეჰარის პორტში ცეცხლი უკიდია და იძირება ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო კორვეტი, თავის მხრივ თეირანიდან ირწმუნებიან, რომ მათ ოთხი ბალისტიკური რაკეტით თითქოს დააზიანეს ომანის ყურეში საბრძოლო პოზიციაზე მყოფი ამერიკული ატომური ავიამზიდი „აბრაჰამ ლინკოლნი“, რასაც პენტაგონში სულ სიცრუეს უწოდებენ...

სამაგიეროდ, უკვე რეალური ხდება ჰორმუზის სრუტის (რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებს ომანის ყურესთან და ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს) ბლოკირება, რაც უდიდეს პრობლემას შეუქმნის ერაყში, ქუვეითსა თუ არაბთა გაერთიანებული საამიროებში მოპოვებული ნედლი ნავთობის საზღვაო ტანკერებით ტრანსპორტირებას, ეს კი თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდის ნავთობისა და მისგან წარმოებული ბენზინის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის ფასს მსოფლიო ბირჟაზე...

1 მარტს ომანის სანაპიროსთან ორმა კამიკაძე-დრონმა ააფეთქა პალაუს დროშით მცურავი ტანკერი Skylight, რასაც ეკიპაჟის ოთხი წევრის დაჭრა მოჰყვა.

ასევე პირველ მარტს, ომანის დედაქალაქ მასკატიდან 82 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით,ჰორმუზის სრუტის შესასვლელთან ჭურვი მოხვდა მარშალის კუნძულების დროშით მცურავ ნავთობტანკერს MKD Vyom-ს.

1 მარტის საღამოსთვის ჰორმუზის სრუტის ორივე მხარეს 150 მდე ტანკერი დრეიფობს, რომელთა ეკიპაჟები ვერ ბედავენ ამ სრუტის გადალახვას...

აი, რა საფრთხეებზე საუბრობენ ნავთობის თემაზე მომუშავე დასავლეთელი ექსპერტები:

- 28 თებერვლის საღამოს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ფაქტობრივად გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის რადიობლოკადა.

რას ნიშნავს ეს?

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა საერთაშორისო საზღვაო არხ VHF Channel 16-ზე (156.8 MHz) დაიწყო შეტყობინების გადაცემა, რომ „სრუტეში გავლა აკრძალულია“.

ეს არ არის კლასიკური ბლოკადა იურიდიული და სამხედრო თვალსაზრისით. კლასიკური ბლოკადა გულისხმობს საზღვაო გზის გადაჭრას, გემების მიერ ფიზიკურ ბლოკირებას და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მეშვეობით ოფიციალურ განცხადებას.

სამაგიეროდ, ირანმა გამოიყენა VHF ბლოკადა — იურიდიული „ნაცრისფერი ზონა“.

რადიობრძანება თავად ფიზიკურად არ ხურავს მარშრუტს, არამედ ავტომატურად ხდის გადასასვლელს დაუზღვეველს, რადგან სადაზღვევო კომპანიები Lloyd's of London და UK P&I Club მარშრუტს „ომის რისკის ზონად“ აღიარებენ.

დაზღვევის გარეშე, 80–120 მილიონი დოლარის ღირებულების და 200 მილიონ დოლარამდე ტვირთის გადამზიდავი ტანკერის მფლობელი და ეკიპაჟი ვერ გარისკავს ჰორმუზის სრუტით გაცურვას .

ამას პრაქტიკული შედეგები უკვე მოჰყვა…

იაპონურმა გადაზიდვების კომპანიებმა Nippon Yusen-მა (NYK Line), Mitsui OSK Lines-მა და Kawasaki Kisen Kaisha-მ (K Line) ტანკერებს ჰორმუზის სრუტის გარეთ ლოდინი უბრძანეს. AIS-ის (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა) მონაცემებით, თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერები Bonito LNG, Al Ghariya და რამდენიმე VLCC (ნედლი ნავთობის გადამზიდავი სუპერტანკერები) კლასის გემი ომანის ყურიდან სრუტის შესასვლელთან შემობრუნდნენ.

რატომ არის ჰორმუზის სრუტე ასეთი კრიტიკული მსოფლიოსთვის და რატომ არის მისი გადაკეტვა მარტივი? ჰორმუზის სრუტე ირანსა და ომანს შორის ვიწრო საზღვაო დერეფანია, რომელიც სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. მისი სიგანე 33 კმ-ია. მაგრამ, საზღვაო დერეფნის რეალური სიგანე მხოლოდ 3 კმ არის თითოეული მიმართულებით და ამ ვიწრო ადგილას დღეში დაახლოებით 20-21 მილიონი ბარელი ნავთობი გადის, რაც მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

1-hormuzi-1772385438.png
იწვის ტანკერი Skylight-ი, რომელსაც დღეს ორმა,სავარაუდოდ ირანულმა კამიკაძე-დრონმა ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს მიაყენა დარტყმები...

ეს არის მარშრუტი, რომელზეც კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის თითქმის მთელი ნაწილი (წელიწადში 77 მილიონი ტონა) გადის. ამ მარშრუტზე კრიტიკულად ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული: საუდის არაბეთი (ექსპორტი რას ტანურიდან); ერაყი (ბასრას ნავთობტერმინალი); ქუვეითი; არაბთა გაერთიანებული საამიროები (ფუჯაირას პორტი ნაწილობრივ გვერდს უვლის სრუტეს); კატარი და თავად ირანი.

ძირითადი მყიდველები არიან ჩინეთი (იმპორტი დღეში 11 მილიონ ბარელზე მეტი), ინდოეთი (5 მილიონი ბარელი), იაპონია და სამხრეთ კორეა.

მოძრაობის ნაწილობრივი დარღვევაც კი გლობალურ შოკს იწვევს.

მნიშვნელოვანია, რომ ჰორმუზის სრუტის სავარაუდო დაბლოკვაზე ინფორმაცია გავრცელდა შაბათ საღამოს, როდესაც ICE (ლონდონი) და NYMEX (ნიუ-იორკი) ბირჟები დაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ ფასის სრული ეფექტი მხოლოდ ვაჭრობის გახსნის შემდეგ,ორშაბათს, 2 მარტს იქნება ხილული.

შეიძლება სამი სავარაუდო სცენარის განხილვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ჰორმუზის სრუტის სრული ჩაკეტვის შემთხვევაში და რამდენად გაიზრდება ფასები ნავთობზე:

2-hormuzi-1772385437.png
ასე გამოიყურება ჰორმუზის სრუტე,რომლის გადაკეტვა გემების მიმოსვლისთვის,ძალზე ადვილია...

სცენარი პირველი - ყველაზე ადვილი გამოსავალი: ხანმოკლე კრიზისი, ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების სწრაფი ჩამოშლა, მონარქიის აღდგენა და საბრძოლო მოქმედებების სრული შეჩერება.

ნედლი ნავთობის „ბრენტის“ ფასი ერთ ბარელზე( ერთ ბარელში 159 ლიტრი ნედლი ნავთობი იგულისხმება) მოკლევადიან პერსპექტივაში 80 დოლარამდე გაიზრდება. „ურალის“ ფასი კი დაახლოებით 65 დოლარამდე.

დეესკალაციის შემდეგ, ფასები შესაძლოა „ბრენტის“ 70 დოლარს დაუბრუნდეს, როგორც ეს გასულ ზაფხულს იყო.

სცენარი მეორე - გახანგრძლივებული კრიზისი, მაგრამ ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურების გარეშე. საწყისი შოკის მიუხედავად, ირანში დღევანდელი რეჟიმი ხელისუფლებაში რჩება და აგრძელებს საპასუხო სარაკეტო დარტყმებს. მხარეები უტევენ ერთმანეთისმხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეხების გარეშე.

აშშ ცდილობს ტანკერების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საზღვაო კონვოების ორგანიზებას, თუმცა ირანელები მათ მუდმივად უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით ესხმიან თავს.

ტანკერების დაზღვევისა და ტვირთის გადაზიდვის ფასები მკვეთრად იზრდება.

სცენარი მესამე: მასშტაბური ესკალაცია და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი დახურვა.

დაპირისპირებული მხარეები მასიურად ესხმიან თავს ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს: ჭაბურღილებს, ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, პორტებში ნავთობტერმინალებს, ტანკერებს.

რეგიონში ტანკერების მოძრაობა პრაქტიკულად შეჩერებულია. ტანკერების გამცილებელი ამერიკული სამხედრო ხომალდების კონვოები პრაქტიკულად ვერ შველიან სიტუაციას. ტანკერებზე თავდასხმებისა და ათობით სამოქალაქო მეზღვაურის დაღუპვის შემდეგ, გემებისთვის ეკიპაჟების პოვნა უბრალოდ შეუძლებელი ხდება.

ნედლი ნავთობის მიწოდების დანაკარგი დღეში 15-20 მილიონ ბარელამდე ადის, რომელსაც „ოპეკი“ მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს. „ბრენტის“ ნავთობის ფასი შესაძლოა 110-120 დოლარამდე გაიზარდოს, ხოლო „ურალის“ ნავთობი კი 100-110 დოლარად გაიყიდოს.

3-hormuzi1-1772386696.png
ჰორმუზის სრუტის შესასვლელებთან მოდრეიფე ტანკერები,რომელთა ეკიპაჟები ვერ ბედავენ ირანის სანაპიროსთან ახლოს გასვლას...

OPEC+ ნაწილობრივ ეფექტურ ზომებს იღებს (კონსულტაციები უკვე დაწყებულია, კვირას გამართულ შეხვედრაზე OPEC+ განიხილავს წარმოების დღეში 411,000 ბარელით ან მეტით გაზრდას, რაც აღემატება საწყის მოლოდინს (137,000 ბარელი დღეში), რათა გაზარდოს წარმოება კონფლიქტისგან შორს მდებარე ქვეყნებში და ნაწილობრივ დაფაროს დეფიციტი.

თუკი მესამე სცენარი გათამაშდა და სრულად ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე,ნავთობზე მსოფლიო ფასების მყისეულად გაზრდა გარდაუვალი გახდება...

P.S. 1 მარტის საღამოსთვის „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი უკვე 10%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 80 აშშ დოლარს მიაღწია...