„ლომის ღრიალმა“ ახლო აღმოსავლეთი „გააღვიძა“ - ამერიკა-ისრაელის შეტევების საპასუხოდ ირანი 10 ქვეყანას ბომბავს - კვირის პალიტრა

„ლომის ღრიალმა“ ახლო აღმოსავლეთი „გააღვიძა“ - ამერიკა-ისრაელის შეტევების საპასუხოდ ირანი 10 ქვეყანას ბომბავს

"სარაკეტო სასიკვდილო პინგ-პონგი" - სხვანაირად ვერ უწოდებ იმას, რაც 2026 წლის 28 თებერვლის დილას დაიწყო და გრძელდება 24 სთ-ის შემდეგაც, როდესაც ეს სტატია იწერება. 28 თებერვლის დილას დაწყებული "ლომის ღრიალის" (ასე მონათლეს ისრაელში ეს სამხედრო ოპერაცია), ისრაელ-აშშ-ის ირანზე ერთობლივი საჰაერო დარტყმების შემდეგ, სიტუაცია სწორედ ისეთივე სიჩქარით ვითარდება, როგორც დაპირისპირებული მხარეების რაკეტების ფრენის სიჩქარე, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, რადგან ყოველ ახალ სტარტაღებულ ბალისტიკურ რაკეტას მიზანში მისაღწევად ათიოდე წუთი ჰყოფნის. შესაბამისად, მსოფლიოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის მორიგი სენსაციური ახალი ამბავი იბადება თავისი შემაძრწუნებელი ვიდეოკადრების თანხლებით.

გასული წლის 12-დღიანი "სარაკეტო ომისგან" განსხვავებით ამჯერად ირანმა­ თავისი ბალისტიკური რაკეტებით არა მარტო ისრაელს უპასუხა, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც: ბაჰრეინს, ქუვეითს, საუდის არაბეთს, იორდანიას, არაბთა­ გაერთიანებულ საამიროებს, ერაყს, სირიას, კატარს, ომანს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული და საიდანაც აფრინდნენ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები ირანის დასაბომბად.

ირანმა, ფაქტობრივად აასრულა მუქარა­, როდესაც განაცხადა, რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში ისრაელის გარდა სარაკეტო პასუხს მიიღებდა აშშ-ც, რომელსაც არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ ირანული საშუალო სიშორის რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ვერ მისწვდებოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს, სამაგიეროდ, ირანული რაკეტების მოქმედების რადიუსში ხვდებოდა ახლო აღმოსავლეთში განთავსებული თითქმის ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა.

რატომ დაარტყა ისრაელ-ამერიკის კოალიციამ ირანს მაინცდამაინც 28 თებერვალს და არა მანამდე? ამის მთავარი მიზეზი ის იყო, თუ როდის დაიგულეს აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვებმა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისეთ ადგილას, სადაც მისი, დიდი ალბათობით, ლიკვი­დაცია იქნებოდა შესაძლებელი მოულოდნელი სარაკეტო დარტყმებით, რის შემდეგაც ტრამპმა და ნეთანიაჰუმ გასცეს ბრძანება სარაკეტო დარტყმების მიყენებაზე თეირანში, უშუალოდ აიათოლების რეზიდენციაზე, რომლისკენაც არანაკლებ 30 რაკეტა გაუშვეს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ხამენეის და მისი ადგილმდებარეობისა და ქცევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიპოვა. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, რომ შაბათ დილით თეირანის ცენტრში, უზენაესი ლიდერის რეზიდენციაში ირანის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელსაც ხამენეიც დაესწრებოდა. აშშ-მა ისრაელს გადასცა ინფორმაცია, რომელიც მაღალი დარწმუნე­ბით მიუთითებდა ხამენეის ადგილსამყოფელზე. ამ ახალი დაზვერვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოპერაციის დაწყების დროის შეცვლის შესახებ, რადგან დარტყმები თავდაპირველად ღამით იყო დაგეგმილი.

ისრაელმა დაადგინა, რომ შეხვედრას დაესწრებოდნენ ირანის თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური მოჰამედ პაკპური, თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი, ადმირალი ალი შამხანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური სეიედ მაჯიდ მუსავი და დაზვერვის მინისტრის მოადგილე მოჰამედ შირაზი და სხვები.

ოპერაცია დაახლოებით დილის 6:00 საათზე დაიწყო, ისრაელის საჰაერო ბაზებიდან მცირე რაოდენობის გამანადგურებლების აფრენით. თვითმფრინავების აფრენიდან ორი საათისა და ხუთი წუთის შემდეგ, თეირანის დროით დაახლოებით დილის 9:40 საათზე, აიათოლების რეზიდენციისკენ შორი მოქმედების აერობალისტიკური რაკეტები გაუშვეს. დარტყმის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში იმყოფებოდნენ, ხოლო ხამენეი - ახლომდებარე შენობაში.

გასული წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, აშშ-მა უფრო მეტი სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობისა და უზენაესი ლიდერის ურთიერთქმედებისა და გადაადგილების შესახებ და ეს გამოყენებულ იქნა ხამენეის თვალთვალისა და მისი გადაადგილების პროგნოზირების უნარის გასაუმჯობესებლად. აშშ-სა და ისრაელს ასევე ჰქონდათ ინფორმაცია ირანის დაზვერვის ძირითადი წარმომადგენლების ადგილსამყოფლის შესახებ. წყაროების ცნობით, რეზიდენციაზე თავდასხმის შემდეგ დარტყმები მიმართული იყო იმ ადგილებისკენ, სადაც დაზვერვის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გამოდის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვებმა სპეციალურად შეარჩიეს მომენტი, როდესაც ხამენეი ჩათვლიდა, რომ მორიგმა ღამემ მშვიდად ჩაიარა, არ დაიწყო ომი და დილით დაუბრუნდა თავის რეზიდენ­ციას, რასაც ელოდნენ კიდეც ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების პილოტები, რომლებმაც ერაყის ციდან ხამენეის რეზიდენციისკენ გაუშვეს მართვადი აერობალისტიკური რაკეტები (რუსული "კინჟალის" მსგავსი), ხოლო ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის სანაპიროსთან მოდრეიფე ამერიკული სარაკეტო კრეისერებიდან კი მანამდე სტარტი აიღეს "ტომაჰავკის" ფრთოსანმა რაკეტებმა.

ტრამპმა და ნეთანიაჰუმ გარისკეს და დაუჯერეს სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ხამენეი თავის რეზიდენციაში, საკუთარ­ კაბინეტში დაბრუნდა და იმ დღეს აღარ ელოდა ომის დაწყებას, რაც ირანის უზენაესი ლიდერის უახლოეს გარემოცვაში ამერიკელი ან ისრაელის (ან ორივესიც) ჯაშუშის (ჯაშუშების) ყოფნაზე უფრო მიუთითებს, რომლის (რომელთა) ოპერატიული ინფორმაცია აიათოლას იმ მომენტში ადგილსამყოფელზე დაადასტურა ამერიკულმა თანამგზავრულმა სადაზვერვო ქსელმაც.

"მას არ შეეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემების თავიდან აცილება და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით მას ან მასთან ერთად დახოცილ სხვა ლიდერებს არაფერი არ შეეძლოთ", - ამის განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპიც ადასტურებს, რომ ამერიკულ-ისრაელის სარაკეტო დარტყმების უმთავრესი მიზანი სწორედ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია გახლდათ. გარდა თავად ხამენეისა, პირველი სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა მისი ოჯახის რამდენიმე წევრიც, მათ შორის ქალებიც, რომლებიც იმ მომენტში ვერ იქნებოდნენ რეზიდენციაში, რაც მიანიშნებს, რომ თავის დაზღვევის მიზნით ერთდროული წერტილოვანი სარაკეტო დარტყმები, რეზიდენციის გარდა, ასევე მიაყენეს იმ ადგილებსაც, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო აიათოლა, რასაც მოჰყვა მისი ოჯახის წევრების დაღუპვაც.

ომის დაწყების პირველივე წუთებში ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდირებით­ ტრამპმა და ნეთანიაჰუმ თავიდან აირიდეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ზუსტად ოთხი წლის წინ დაშვებული დიდი "შეცდომა", როდესაც აგრესორმა რუსეთმა ვერ შეძლო 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას პირველივე სარაკეტო დარტყმებით ან მას შემდეგ კიევზე შეტევის მცდელობისას უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდირება, რამაც შემდგომში მთელი რუსეთი ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი ომის ჭაობში ჩააგდო.

სწორედ იქ, რასაც ახლა ძალიან უფრთხიან ტრამპი და ნეთანიაჰუ, რადგან აიათოლას ლიკვიდირების მიუხედავად, ირანი­ აგრძელებს ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით ისრაელის გარდა, ახლო აღმოსავლეთის კიდევ ცხრა ქვეყნის­ დაბომბვას, მაგრამ, დიდი ალბათობით, აშშ-მა და ისრაელმა თავიანთი მთავარი საქმე­ პირველივე სარაკეტო დარტყმით მოაგვარეს, როდესაც თავისივე რეზიდენციაში გაანადგურეს ირანის უზენაესი ლიდერი­ აიათოლა ალი ხამენეი, რითაც ირანში აიათოლების 47-წლიანი რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის მექანიზმი აამოქმედეს, რასაც, წესით, ირანის ქალაქების ქუჩებში ოპოზიციის ხალხმრავალი დემონსტრაციების დაწყება უნდა მოჰყვეს, როგორც ა.წ. დამდეგს, რაც უკვე დაიწყო, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებით - ქუჩებში გამოსული ირანელების ერთი ნაწილი თუკი ზეიმობს ხამენეის ლიკვიდაციას და მოითხოვს რეჟიმის დამხობას, მეორე გლოვობს სულიერი ლიდერის დაღუპვას, რაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს.

მანამდე კი გრძელდება ორმხრივი სარაკეტო დარტყმები, რომლებიც ძალიან დიდხანს (როგორც რუსეთ-უკრაინის ომში ხდება) ვერ გაგრძელდება, რადგან ინტენსიური საჰაერო ორთაბრძოლის შემთხვევაში რამდენიმე დღეში ირანსაც ამოეწურება ბალისტიკური რაკეტების მარაგი და აღარც აშშ-სა და ისრაელს დარჩებათ ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ძალზე ძვირად ღირებული ანტირაკეტები.

პრეზიდენტ ტრამპს არ სურს ეს საჰაერო ომი სახმელეთოში გადაიზარდოს, ამიტომაც ის ამერიკელ ქვეითებს ირანში ხელისუფლების შესაცვლელად არ გაგზავნის. სამაგიეროდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს (რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს მიეღო რთული გადაწყვეტილება ამერიკული ძალების ჩასართავად ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებში) არ სურს ხელიდან გაუშვას საუკეთესო­ მომენტი და ისრაელის ნახევარსაუკუნოვანი­ დაუძინებელი მტერი - აიათო­ლების რეჟიმი არ დაამხოს.

ასე რომ, "ლომის ღრიალით" "გამოღვი­ძებულ" ახლო აღმოსავლეთს სიმშვიდე კიდევ დიდხანს არ უწერია.

P.S. აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე მიყენებული ზუსტი სარაკეტო დარტყმების ფონზე, არ შეიძლება არ ითქვას უდიდესი ტრაგედიის შესახებაც - ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლაზე აშშ-ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული მოსწავლეების რიცხვი, სულ მცირე, 108-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სამხრეთის პროვინცია ლამერდში სპორტულ კომპლექსსა და საცხოვრებელ უბნებზე სარაკეტო დარტყმების გამო, სულ მცირე, 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 100 კაცი დაშავდა.

ამ ტრაგედიების გამართლება იმით, რომ ომის დროს ასეთებიც ხდება, ვერაფერი ნუგეში იქნება დაღუპული ირანელი ბავშვების მშობლებისთვის.