აიათოლა მკვდარია! რა იქნება ხვალ? - კვირის პალიტრა

აიათოლა მკვდარია! რა იქნება ხვალ?

აშშ-ირანის სამრაუნდიანი მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებას მოვლენათა რადიკალური ესკალაცია მოჰყვა - აიათოლა მოკლულია, იბომბება ირანში ცალკეული ადგილები და ირანი ესვრის რაკეტებს სამეზობლოში, ფაქტობრივად, ყველას. ფაქტია, ბირთვულ შეთანხმებაზე კომპრომისი შეუძლებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ირანის რეჟიმისთვის თითქოს შიდა კრიზისიდან გამოსავლად ჩანდა. თუმცა მას შემდეგ, რაც თეირანის რეჟიმმა შიდა ლეგიტიმაციის კრიზისის გადაფარვა საგარეო პოლიტიკის რადიკალიზაციით სცადა, ნებისმიერი დათმობა ბირთვულ პროგრამაზე ისლამურ რესპუბლიკაში კაპიტულაციად აღიქმებოდა, რამაც დიპლომატიური გზები საბოლოოდ ჩაკეტა. პროცესების კულმინაცია ალი ხამენეის ლიკვიდაცია გახდა - ოპერაცია, რომლისთვისაც ვაშინგტონი და იერუსალიმი 100%-ით მომზადებულნი აღმოჩნდნენ. უმაღლესი ლიდერისა და მისი იერარქიის რღვევამ შექმნა სახიფათო პოლიტიკური ვაკუუმი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ინერციით არსებობას განაგრძობს, ფაქტია, ეს არის უმძიმესი დარტყმა რეჟიმისთვის, რომლის შემდეგაც მისი გადარჩენის რესურსი ბუნდოვანია. მეორე მხრივ, ირანში მიმდინარე პროცესებმა უკვე გავლენა იქონია რეგიონზეც - ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიო ნავთობის არტერია გადის, გადაკეტილია და ცხადია, ეს ნავთობიმპორტიორებისთვის დარტყმაა. ფაქტია, მოვლენათა ნებისმიერი განვითარება, იქნება რეჟიმის ტრანსფორმაცია თუ ქაოსი, რადიკალურად შეცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში და აიძულებს საერთაშორისო მოთამაშეებს გადახედონ თავიანთ სტრატეგიებს რეგიონში. პროცესების განვითარების პერსპექტივებზე "საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს ვესაუბრებით.

ზურაბ ბატიაშვილი:

- ირანი რეგიონის ყველაზე დიდი ქვეყანაა, 90 მილიონი მოსახლეობით, და იქ განვითარებული ნებისმიერი მოვლენა ეხება არა მხოლოდ ამ ქვეყანას, არამედ მის სამეზობლოს, რეგიონს და მთელ მსოფლიოსაც.

როდესაც მთავარი მტერი ომის პირველივე დღეს ლიკვიდირებულია, ეს ცხადყოფს, რომ აშშ და ისრაელი ამ ომისთვის ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული. მათ ზუსტად იცოდნენ, სად იმყოფებოდა მოწინააღმდეგე და დროც ზუსტად შეარჩიეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ხამენეის­ გარდა, ლიკვიდირებული არიან მაღალი რანგის პირები. ამან შეიძლება შექმნას, ერთი მხრივ, ვაკუუმი, მეორე მხრივ, შიდა დაპირისპირება, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ხელისუ­ფლება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ომი მიმდინარეობს.

ეს არ ნიშნავს რეჟიმის დამხობას, ის არსებობას განაგრძობს, თუმცა­ ეს ძალიან მძიმე დარტყმაა, რომლის შემდეგაც, კაცმა არ იცის, რამდენ ხანს შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას ან რა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ წინააღმდეგობა გასწიოს.

ეს ავიამზიდები რეგიონში მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის არ შეუყვანიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მაინცდამაინც ინტენსიურად ჩართული არ არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ წნეხი გაძლიერდება, სამხედრო ოპერაციის ინტენსივობა მოიმატებს და ამერიკელებიც უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. ჯერ მხოლოდ ისრაელი აქტიურობს, რაც ამ მომენტისთვის შეიძლება საკმარისიც იყოს, მაგრამ შესაძლოა მალე აღმავალი ხაზით გაგრძელდეს.

- მოსახლეობა შეუწყობს ხელს რეჟიმის შენარჩუნებას თუ პირიქით?

- რეჟიმს ჰყავს მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც. მთავარია, როგორი იქნება კრიტიკული მასა, არის თუ არა მზად ცვლილებებისთვის. თუ ეს მასა მხოლოდ 1 ან 2%-ია, არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ 30-40%-ს მიაღწევს, მაშინ ცვლილებების შანსი დიდია. თუმცა, სანამ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასეთ ცვლილებებზე საუბარი მაინც რთულია. სხვათა შორის, ტრამპის გამოსვლაშიც იკითხებოდა ეს აზრი: "ჯერ თავი შეიკავეთ. ჯერ ჩვენ ვატარებთ სამხედრო ოპერაციას და მერე დადგება დრო იმისთვის, რომ ხელისუფლება აიღოთ".

- ატომური სადგურებს რა ელის? ფაქტია, ძირითადად ამ საკითხზე ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი.

- მხოლოდ ბირთვული იარაღისა და პროგრამის საკითხი არ არის გადამწყვეტი. არის ბალისტიკური რაკეტების საკითხიც, რაც ისრაელს ძალიან აწუხებს, რადგან ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები პირდაპირ ისრაელისკენ არის მიმართული. მნიშვნელოვანია ირანული, ე.წ. პროქსების დაფინანსების საკითხიც - "ჰამასი", "ჰეზბოლა" და ჰუსიტები ისრაელს მოსვენებას არ აძლევენ. ირანმა დათმობაზე თუ უკან დახევაზე უარი განაცხადა, ირანში ამას კაპიტულაციად აღიქვამენ. ეს ყველაფერი სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ ისინი დათმობისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.

- რამდენად არის საფრთხე, რომ ეს ყველაფერი სწორედ გარე ჩარევად იქნეს აღქმული? შესაძლებელია მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლების, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს მისით, გაერთიანდეს?

- ირანში არის ხალხის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას მხარს უჭერს. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ვის რამდენი მომხრე ჰყავს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რომელი მხარე იგრძნობს მორალურ უპირატესობას და რომელი იქნება მზად, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, იბრძოლოს იდეებისთვის.

ადრე შაჰის ფიგურა არც ისე პოპულარული იყო, დღევანდელი გამოსვლებისგან განსხვავებით. ახლა შაჰი მთავარ ოპოზიციურ ფიგურად წარმოგვიდგა მაშინ­, როდესაც წინა გამოსვლების დროს ოპოზიციაც კი შაჰის წინააღმდეგი იყო. ეს სურათი შეიცვალა და მოვლენები დინამიკურად ვითარდება. ვნახოთ...

რუსა მაჩაიძე