აბიტურიენტობის ფასი და რეპეტიტორობის ინსტიტუტი – როცა სკოლა საკმარისი არ არის
"მარტოხელა დედა ვარ, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩემი შვილის ქართულ ენაში, ინგლისურსა და ისტორიაში მომზადება ყოველთვიურად 700 ლარი მიჯდება, ანუ საბოლოო ხარჯები წელიწადში 6.000 ლარს სცდება. ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ჩემი შვილის აბიტურიენტობის პერიოდი ფინანსური და ფსიქოლოგიური წნეხია", - გვიყვება ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი და თან, ანონიმურობის დაცვას გვთხოვს, რადგან განათლების სისტემის საჯარო კრიტიკისთვის სამსახურიდან არ გაათავისუფლონ. რესპონდენტის თქმით, შვილი პირველი კლასიდან კერძო სკოლაში დაჰყავს, თუმცა მოზარდის თავდაჯერებულობისთვის, კონკურენტუნარიანობისთვის, ფსიქოლოგიური მზაობისთვის და მასალის სრულად ათვისებისთვის რეპეტიტორების სამ სხვადასხვა საგანში აყვანა და დამატებით ფინანსური ხარჯის გაწევამ მაინც მოუწია. მშობელი განათლების სისტემის სიმახინჯეზე გვესაუბრება, ამბობს, რომ ეს სამწუხარო რეალობა მშობლის კისერზე საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების უგულებელყოფის ხარჯზე გადადის.
"რეპეტიტორების შერჩევა და შემდეგ შედეგზე გასვლა უდიდეს მოთმინების უნარსა და დამატებით ფინანსებს მოითხოვს. ვიცოდი, რომ კერძო სკოლაში ცოდნისა და შემეცნების იმ დოზას ვერ მიიღებდა, რაც საჭირო იყო მისი სრულყოფილი განათლებისთვის, თუმცა ჩემი, როგორ მშობლის, გადაწყვეტილება სრულად ბავშვის უსაფრთხოებაზე იყო მორგებული - მოსწავლეებისა და მასწავლებლების ბულინგის არიდებაზე და ამ კუთხით ნამდვილად გაამართლა. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მოსწავლეა კლასში, თუ კვალიფიცირებული პედაგოგი არ არის და შესაბამისი ცოდნის მიცემის უნარი არ აქვს?!"
ეს ერთი, კონკრეტული, პირადი ისტორიაა, თუმცა ის, რომ შვილების ცალკე, რეპეტიტორებთან მომზადება ოჯახებისთვის მძიმე ტვირთია - ამაზე ბევრი საუბრობს. წლიდან წლამდე სხვადასხვა საგანში მომზადების ფასები იზრდება. უფრო მეტიც, რეპეტიტორები თანხას ზოგჯერ დოლარებში ითხოვენ. მაგალითად, 10 თვეში სრული სააბიტურიენტო პროგრამის გავლისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზოგიერთი 1.800 ლარს იხდის, მათემატიკაში კი - 1200 $-ს. განსხვავებულია მომზადების ფასები რეგიონების მიხედვით და თავად თბილისშიც კი. პერიფერიებში რეპეტიტორთან სწავლის ღირებულება შედარებით დაბალია, ვიდრე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში. ბუნებრივია, ზოგიერთ შემთხვევაში შეთანხმება უხერხულ მომენტებსაც მოიცავს, მაგალითად, საუბარს სწავლის საფასურის დაკლებაზე, ასე ხდება, როდესაც, ერთი მხრივ, მშობელი საკუთარი არასახარბიელო ფინანსური შესაძლებლობებისთვის ანგარიშის გაწევას ითხოვს, მასწავლებელი კი სკოლის მიღმა მაინც საკუთარი შრომის ადეკვატურ დაფასებას. საბოლოოდ, ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი, გამოდის, სახელმწიფო პოლიტიკის სიღრმეებში უნდა ვეძებოთ - ხელისუფლებამ მოქალაქეებს ღირსეული სამუშაო პირობები და ანაზღაურება უნდა შესთავაზოს.
და მაინც, რა არის რეპეტიტორობის ინსტიტუტი დღეს - სოციალური უთანასწორობის გაძლიერების საშუალება თუ საგანმანათლებლო საჭიროება? თანამედროვე სამყაროში საკითხი ახლა ასე დგას. მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ უკეთეს სოციალურ პირობებში მყოფ მოსწავლეებს აქვთ როგორც ფორმალური, ისე დამატებითი მხარდაჭერა. შედეგად, აკადემიური განსხვავებები შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ერთი შეხედვით, რეპეტიტორობის ინსტიტუტი თითქოს პასუხია განათლების სისტემის ნაკლოვანებებზე. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ რეპეტიტორობის ინდუსტრიის ზრდა ერთდროულად ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ასევე გამოწვევებს. ჩნდება კითხვა: თუკი რეპეტიტორების მეშვეობით საგანმანათლებლო შედეგები უმჯობესდება, ხომ არ ხდება ეს სოციალური უთანასწორობის, ოჯახური ფინანსური ტვირთის და სკოლების სანდოობის შემცირების ხარჯზე? საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხია - "დიახ". დღეს მშობლები, ძირითადად, სკოლებს საყვედურობენ, რათა ამ ეტაპზე 12-წლიანი სწავლება მათ შვილებს ვერ უზუნველყოფს იმ ცოდნით, რომლითაც მოსწავლე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას დამოუკიდებლად, ცალკე მომზადების გარეშე შეძლებს.
განათლების სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლის პედაგოგები, რომლებიც ამავე დროს რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან, კორუფციულ პრაქტიკას ნერგავენ. ისინი მოსწავლეებისგან იღებენ თანხას და ყველაზე ნაკლებად არიან დაინტერესებული სკოლის გაუმჯობესებაზე, რადგან სხვა შემთხვევაში ბავშვები მათთან კერძო გაკვეთილებზე აღარ მივლენ.
ინფორმაციისთვის, უნდა ითქვას, რომ „მასწავლებლის ქცევის კოდექსი“პედაგოგებს საკუთარი მოსწავლეებისთვის დამატებითი ფასიანი მომსახურების გაწევას უკრძალავს, თუმცა მეორე საკითხია, ვინ რამდენად იცავს კანონით გაწერილ წესებს.
და თუკი საკითხს ასე დავსვამთ: რატომ არის რეპეტიტორობის ინსტიტუტი ასე მომძლავრებული საქართველოში და რატომ ამზადებს სკოლის პედაგოგი დამატებით აბიტურიენტებს კერძო გაკვეთილებზე? - ამ კითხვაზე საპასუხოდ არაერთი პედაგოგი გვეტყვის, რომ სკოლის შემდეგ დასვენება ურჩევნია, თუმცა მხოლოდ სკოლის ხელფასი ოჯახთან ერთად ცხოვრების საშუალებას არ იძლევა.
"თუ მასწავლებელი დღეში 6-7 გაკვეთილს ატარებს, მისი საგაკვეთილო პროცესი სრულფასოვანი იქნება?!"
საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ჩიქოვანი მიზეზებს შორის მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკას ასახელებს:
"რაც უფრო მეტადაა მასწავლებელი დატვირთული, მით უფრო მეტი აქვს მას ხელფასი. ვის წარმოუდგენია, რომ იმ მასწავლებლის გაკვეთილი, რომელიც ატარებს დღეში 6-7 გაკვეთილს, კვირაში 25/27 საათის დატვირთვით, მისი საგაკვეთილო პროცესი სრულფასოვანი იქნება. თუკი მასწავლებელს საათობრივ ხელფასზე დატოვებენ, გამოსავალი ვერ მოიძებნება. ნებისმიერი მასწავლებელი აიყვანს მოსწავლეს, როდესაც მას ხელფასი მინიმალურზე მინიმალური აქვს. 900, 1.200, თუნდაც 1.600 ლარი არ არის საკმარისი, თან ზოგიერთ კერძო სკოლაში პედაგოგებს არ ერიცხებათ ზაფხულის ხელფასი და მათ, უბრალოდ, სჭირდებათ თანხა, რათა ივლისისა და აგვისტოს თვეებში ოჯახები არჩინონ. გიორგი ამილახვარმა, როდესაც განათლების მინისტრი იყო, თქვა, აუცილებელია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაო, და მე ვკითხე, იცოდა თუ არა, რომ ზოგიერთ მასწავლებელს 375 ლარი ჰქონდა ხელფასი... გაიღიმა. ნებისმიერ მასწავლებელს უნდა სახლში მისვლისას დაისვენოს, ჩვენი პროფესია ხომ ემოციურ მხარეზეა დაფუძნებული, მაგრამ უწევს კიდევ იმუშაოს, არა იმიტომ, რომ გაუმაძღარი და ეგოისტია, არამედ იმიტომ, რომ ელემენტალური მინიმალური თანხა ჰქონდეს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად. ასე რომ, როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვჭირდება დაღლილი მასწავლებელი და ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მასწავლებელი - ეს ფიზიკურად ვერ იქნება. გარდა ამისა,
თუ გვინდა, სწავლების ხარისხი გაიზარდოს, მოსწავლეები მე-12 კლასში რამდენიმე ჯგუფად უნდა გაყონ. რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი იყოს, რამდენად ხარისხიანი იქნება გაკვეთილი, 15-30 აბიტურიენტი რომ გიზის კლასში?! პრობლემაა მე-12 კლასის ზოგადი პროგრამები, მაგალითად, მე-10 კლასში ნასწავლ ჰაგიოგრაფიას ვინ გაგამეორებინებს 12 კლასში?!."
"არ მომწონს დღეს რეპეტიტორიუმის სისტემა, რომელიც სკოლაში შემოაქვთ"
რეპეტიტორობის ინსტიტუტის მიმართ მსოფლიოში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობს. მაგალითად, აზიის ქვეყნებში - კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში - რეპეტიტორობა დაკავშირებულია კონკურენტულ საგამოცდო სისტემებთან და ხშირად აღიქმება როგორც აუცილებელი და არა დამატებითი. აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით, დასავლეთის ქვეყნებში რეპეტიტორობაზე მასობრივი აუცილებლობა არ არის და ძირითადად მოთხოვნა კონკრეტულ საგნებზე, უცხო ენებისა და მათემატიკის შესწავლაზე არსებობს. განათლების სპეციალისტი ნიკო სილაგაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევა უფრო მეტად აზიური ქვეყნების პრაქტიკას ესადაგება:
"საბჭოთა პერიოდში ეს სექტორი მძლავრად ფუნქციონირებდა, ალბათ, მისი არსებობა უკავშირდება ჩვენში უმაღლესი განათლების კულტს, რადგან უმაღლესში ჩაბარება საქართველოში ყოველთვის იყო იმაზე მეტი, ვიდრე უნივერსიტეტში სწავლა. თითქოს ცხოვრებისეულ სტატუსთან იყო ასოცირებული, შეიძლება ასევე იყო პრესტიჟულობის მომენტიც.
ჩვენში რეპეტიტორობა აღქმული იყო, როგორც განათლების ჩრდილოვანი სექტორი და სკოლის ხარვეზი. საბჭოთა კავშირის დროსაც და დღესაც საქართველოში ასეთი მიდგომაა - თუ სკოლა კარგია, რეპეტიტორი არ არის საჭირო.
დასავლეთის ქვეყნებში ასე არ არის. სკოლა უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ემოციურად და სოციალურად დაცული გარემო შექმნას, უზრუნველყოს მოსწავლის წინსვლა კონკრეტულ საგნებში, ყოველგვარი საგამოცდო სტრესისა და დროითი ლიმიტების მკაცრად მოზომვის გარეშე. როცა სხვა ტიპის დაკვეთები შემოდის, მაგალითად, ჩააბარო უმაღლესში, გახდე სპეციალისტი, ამ დროს სკოლა უფრო მოსამზადებელ ცენტრს ემსგავსება. სკოლის ზედმეტად ორიენტირება გამოცდებზე ტიპურია აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, თუმცა კარგ ტონად არ ითვლება დასავლეთში, ამიტომ არ მომწონს დღეს რეპეტიტორიუმის სისტემა, რომელიც სკოლაში შემოაქვთ".
ამდენად, რეპეტიტორობის ინსტიტუტი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არა უბრალოდ დამატებითი საგანმანათლებლო სერვისი, არამედ შეიძლება ითქვას, სწრაფად მზარდი გლობალური ინდუსტრიაა. ამის დასტურია არაერთი კვლევა, მაგალითად, ბაზრის კვლევის კომპანია IMARC Group-ის ბოლო კვლევის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში მსოფლიოში კერძო რეპეტიტორობის სერვისებზე დახარჯული საერთო თანხა დაახლოებით 133.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თუ ბაზარი იმავე ტენდენციით განვითარდება, მაშინ 2034 წელს თანხა თითქმის გაორმაგდება და 248.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს. IMARC Group-ის გამოთვლებით, რეპეტიტორობის სფერო, როგორც ბაზარი, ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 7%-ით იზრდება. აქ გასათვალისწინებელია, რომ რეპეტიტორობა არ გულისხმობს მხოლოდ ერთ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეს სახლში ამზადებს, არამედ ეს არის ონლაინპლატფორმები, საგანმანათლებლო ცენტრები, AI-ზე დაფუძნებული სწავლების სერვისები. თანამედროვე სამყაროში ის უკვე განიხილება როგორც დასაქმების მოდელი და ინვესტიციების ობიექტი.
\მსოფლიოს მასშტაბით ამ სექტორში დახარჯული ასობით მილიარდი დოლარი მიუთითებს, რომ რეპეტიტორობა მასობრივი ფენომენი გახდა, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ ოჯახების მძიმე ტვირთი და სკოლების ხარვეზულობის ინდიკატორია.
მარიამ ბუკია