30 რაკეტა პირადად აიათოლასთვის - როგორ მოკლეს ირანის სულიერი ლიდერი: უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები
"სარაკეტო სასიკვდილო პინგ-პონგი" - სხვანაირად ვერ უწოდებ იმას, რაც 2026 წლის 28 თებერვლის დილას დაიწყო და გრძელდება 24 სთ-ის შემდეგაც, როდესაც ეს სტატია იწერება. 28 თებერვლის დილას დაწყებული "ლომის ღრიალის" (ასე მონათლეს ისრაელში ეს სამხედრო ოპერაცია), ისრაელ-აშშ-ის ირანზე ერთობლივი საჰაერო დარტყმების შემდეგ, სიტუაცია სწორედ ისეთივე სიჩქარით ვითარდება, როგორც დაპირისპირებული მხარეების რაკეტების ფრენის სიჩქარე, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, რადგან ყოველ ახალ სტარტაღებულ ბალისტიკურ რაკეტას მიზანში მისაღწევად ათიოდე წუთი ჰყოფნის. შესაბამისად, მსოფლიოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის მორიგი სენსაციური ახალი ამბავი იბადება თავისი შემაძრწუნებელი ვიდეოკადრების თანხლებით.
გასული წლის 12-დღიანი "სარაკეტო ომისგან" განსხვავებით ამჯერად ირანმა თავისი ბალისტიკური რაკეტებით არა მარტო ისრაელს უპასუხა, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც: ბაჰრეინს, ქუვეითს, საუდის არაბეთს, იორდანიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ერაყს, სირიას, კატარს, ომანს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული და საიდანაც აფრინდნენ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები ირანის დასაბომბად.
ირანმა, ფაქტობრივად აასრულა მუქარა, როდესაც განაცხადა, რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში ისრაელის გარდა სარაკეტო პასუხს მიიღებდა აშშ-ც, რომელსაც არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ ირანული საშუალო სიშორის რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ვერ მისწვდებოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს, სამაგიეროდ, ირანული რაკეტების მოქმედების რადიუსში ხვდებოდა ახლო აღმოსავლეთში განთავსებული თითქმის ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა.
რატომ დაარტყა ისრაელ-ამერიკის კოალიციამ ირანს მაინცდამაინც 28 თებერვალს და არა მანამდე? ამის მთავარი მიზეზი ის იყო, თუ როდის დაიგულეს აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვებმა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისეთ ადგილას, სადაც მისი, დიდი ალბათობით, ლიკვიდაცია იქნებოდა შესაძლებელი მოულოდნელი სარაკეტო დარტყმებით, რის შემდეგაც ტრამპმა და ნეთანიაჰუმ გასცეს ბრძანება სარაკეტო დარტყმების მიყენებაზე თეირანში, უშუალოდ აიათოლების რეზიდენციაზე, რომლისკენაც არანაკლებ 30 რაკეტა გაუშვეს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ხამენეის და მისი ადგილმდებარეობისა და ქცევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიპოვა. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, რომ შაბათ დილით თეირანის ცენტრში, უზენაესი ლიდერის რეზიდენციაში ირანის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელსაც ხამენეიც დაესწრებოდა. აშშ-მა ისრაელს გადასცა ინფორმაცია, რომელიც მაღალი დარწმუნებით მიუთითებდა ხამენეის ადგილსამყოფელზე. ამ ახალი დაზვერვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოპერაციის დაწყების დროის შეცვლის შესახებ, რადგან დარტყმები თავდაპირველად ღამით იყო დაგეგმილი.
ისრაელმა დაადგინა, რომ შეხვედრას დაესწრებოდნენ ირანის თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური მოჰამედ პაკპური, თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი, ადმირალი ალი შამხანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური სეიედ მაჯიდ მუსავი და დაზვერვის მინისტრის მოადგილე მოჰამედ შირაზი და სხვები.
ოპერაცია დაახლოებით დილის 6:00 საათზე დაიწყო, ისრაელის საჰაერო ბაზებიდან მცირე რაოდენობის გამანადგურებლების აფრენით. თვითმფრინავების აფრენიდან ორი საათისა და ხუთი წუთის შემდეგ, თეირანის დროით დაახლოებით დილის 9:40 საათზე, აიათოლების რეზიდენციისკენ შორი მოქმედების აერობალისტიკური რაკეტები გაუშვეს. დარტყმის დროს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში იმყოფებოდნენ, ხოლო ხამენეი - ახლომდებარე შენობაში.
ასევე დაგაინტერესებთ: "ლომის ღრიალის" კავკასიური ექო - რა საფრთხეები ელის საქართველოს, თუ თბილისიდან 300 კილომეტრში ომი დიდხანს გაგრძელდა
ჰორმუზის სრუტის ბლოკირება: ნავთობის "თრომბი" მსოფლიოსთვის - საწვავის შოკური ფასები?!
აიათოლა მკვდარია! რა იქნება ხვალ?
გასული წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, აშშ-მა უფრო მეტი სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობისა და უზენაესი ლიდერის ურთიერთქმედებისა და გადაადგილების შესახებ და ეს გამოყენებულ იქნა ხამენეის თვალთვალისა და მისი გადაადგილების პროგნოზირების უნარის გასაუმჯობესებლად. აშშ-სა და ისრაელს ასევე ჰქონდათ ინფორმაცია ირანის დაზვერვის ძირითადი წარმომადგენლების ადგილსამყოფლის შესახებ. წყაროების ცნობით, რეზიდენციაზე თავდასხმის შემდეგ დარტყმები მიმართული იყო იმ ადგილებისკენ, სადაც დაზვერვის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გამოდის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვებმა სპეციალურად შეარჩიეს მომენტი, როდესაც ხამენეი ჩათვლიდა, რომ მორიგმა ღამემ მშვიდად ჩაიარა, არ დაიწყო ომი და დილით დაუბრუნდა თავის რეზიდენციას, რასაც ელოდნენ კიდეც ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების პილოტები, რომლებმაც ერაყის ციდან ხამენეის რეზიდენციისკენ გაუშვეს მართვადი აერობალისტიკური რაკეტები (რუსული "კინჟალის" მსგავსი), ხოლო ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის სანაპიროსთან მოდრეიფე ამერიკული სარაკეტო კრეისერებიდან კი მანამდე სტარტი აიღეს "ტომაჰავკის" ფრთოსანმა რაკეტებმა.
ტრამპმა და ნეთანიაჰუმ გარისკეს და დაუჯერეს სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ხამენეი თავის რეზიდენციაში, საკუთარ კაბინეტში დაბრუნდა და იმ დღეს აღარ ელოდა ომის დაწყებას, რაც ირანის უზენაესი ლიდერის უახლოეს გარემოცვაში ამერიკელი ან ისრაელის (ან ორივესიც) ჯაშუშის (ჯაშუშების) ყოფნაზე უფრო მიუთითებს, რომლის (რომელთა) ოპერატიული ინფორმაცია აიათოლას იმ მომენტში ადგილსამყოფელზე დაადასტურა ამერიკულმა თანამგზავრულმა სადაზვერვო ქსელმაც.
"მას არ შეეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემების თავიდან აცილება და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით მას ან მასთან ერთად დახოცილ სხვა ლიდერებს არაფერი არ შეეძლოთ", - ამის განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპიც ადასტურებს, რომ ამერიკულ-ისრაელის სარაკეტო დარტყმების უმთავრესი მიზანი სწორედ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია გახლდათ. გარდა თავად ხამენეისა, პირველი სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა მისი ოჯახის რამდენიმე წევრიც, მათ შორის ქალებიც, რომლებიც იმ მომენტში ვერ იქნებოდნენ რეზიდენციაში, რაც მიანიშნებს, რომ თავის დაზღვევის მიზნით ერთდროული წერტილოვანი სარაკეტო დარტყმები, რეზიდენციის გარდა, ასევე მიაყენეს იმ ადგილებსაც, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო აიათოლა, რასაც მოჰყვა მისი ოჯახის წევრების დაღუპვაც.