პირველი ამერიკული დანაკარგი - ვინ ჩამოაგდო "არწივი"?! - კვირის პალიტრა

პირველი ამერიკული დანაკარგი - ვინ ჩამოაგდო "არწივი"?!

პირველი ამერიკული „არწივიც“ ჩამოგდებულია... ოღონდ ქუვეითის თავზე და თანაც -„მეგობრული ცეცხლით“?

ირანზე საჰაერო იერიშების განმახორციელებელმა ამერიკულმა საავიაციო დაჯგუფებამ პირველი საბრძოლო დანაკლისი განიცადა - ინტერნეტსივრცეში ვრცელდება 2 მარტის დილას გადაღებული ვიდეოკადრები, თუ როგორ „ფარფატით“ ეშვება ძირს და ფეთქდება შტოპორში გადასული ორადგილიანი F-15E Strike Eagle ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც ძრავების ნაკვეთურში ცეცხლი აქვს გაჩენილი, თუმცა მანამდე ეკიპაჟის ორივე წევრი ასწრებს კატაპულტირებას...

მიწაზე უვნებლად დაშვებული ერთ-ერთი მფრინავის გარშემო თვითმხილველები რკალს კრავენ და მობილური ტელეფონებიდან მასთან ერთად სელფის იღებენ - ჩანს, რომ ის ამერიკელი პილოტია, რომელსაც შიშის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მისი თვითმფრინავი ირანის კი არა (სადაც მიწაზე დაშვებისას ირანელ „ბასიჯისტებს“ ის შეიძლება ადგილზე გაეგლიჯათ), არამედ... ქუვეითის თავზე ჩამოაგდეს...

სხვა გავრცელებულ ვიდეოკადრებში უკვე ცხადად ჩანს, რომ ქუვეითის ცაში საშუალო სიმაღლეზე მფრენი ამერიკული „არწივის“ კუდის ნაწილში მოულოდნელად ხდება ძლიერი აფეთქება, რის შემდეგაც ამ საბრძოლო თვითმფრინავს ცეცხლი უჩნდება - უდავოა, რომ ამ ომში პირველი ამერიკულ „არწივი“ მართლაც ჩამოგდებული იქნა საზენიტო რაკეტის უშუალო მოხვედრით, მაგრამ ვინ გაუშვა ეს საზენიტო რაკეტა?

1-arcivi-1772435017.jpg
დღეს, დილით, ქუვეითის ცაში სწორედ ასეთი ამერიკული „დამრტყმელი არწივი“- F-15E Strike Eagle-ი ჩამოაგდეს...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ირანმა მაშინვე თავის საბრძოლო წარმატებად ჩაიწერა ამერიკული „არწივის“ ჩამოგდება (აქამდე დადასტურებულად ცნობილი იყო ირანელი მეზენიტეების მიერ ირანის ცაში მხოლოდ ერთი, ისრაელის კუთვნილი „ჰერმეს-900“-ის ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე), რაც ტექნიკურად შესაძლებელი გახლდათ, რადგან ქუვეითისა და ირანის სახმელეთო საზღვრები მხოლოდ იმ 15 კმ-ით არიან დაცილებულნი, რომლითაც ერაყს გასასვლელი აქვს სპარსეთის ყურეში...

ამ ომის დაწყებამდე ირანის განკარგულებაში იყო ას კმ-ზე შორს მოქმედი რუსული და საკუთარი წარმოების მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც ირანის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან წვდებიან ქუვეითის ტერიტორიის შუაგულამდე, მაგრამ გაბედავდნენ კი ირანელი გენერლები ამ მნიშვნელოვანი საზენიტო საშუალებების ერაყის საზღვრისპირას მიყენებას, როდესაც დედაქალაქი თეირანი ვერ დაუცვიათ?

2-arcivi-1772437423.jpg
ცეცხლწაკიდებული ამერიკული „არწივის“ ჩამოვარდნის მომენტი...

უფრო სავარაუდოა, რომ ამერიკული „დამრტყმელი არწივი“... „მეგობრული ცეცხლის“ მსხვერპლი შეიქმნა და ის ან თავად ამერიკელმა, ან სულაც - ქუვეითელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს შეცდომით, როდესაც რადიოლოკატორის ეკრანზე ირანიდან გამოშვებულ მორიგ ფრთოსან რაკეტაში ან კამიკაძე-დრონში აერიათ...

ამასთან, ეს საზენიტო რაკეტა (ან შეიძლება სულაც „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტა) არ იყო იმ სიმძლავრის, რომ აფეთქების შედეგად ჰაერშივე ფრაგმენტებად დაეშალა 30-ტონიანი ამერიკული „არწივი“, ხოლო ის გარემოება, რომ რაკეტის აფეთქება თვითმფრინავის რეაქტიული ძრავების საქშენებთან მოხდა, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ გამოყენებული იქნა სითბური დამიზნების რაკეტა...

იხილეთ ვიდეო: ქუვეითის ცაში ამერიკულ F-15E Strike Eagle-ზე რაკეტის მოხვედრის მომენტი...

ისრაელი და აშშ აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს ირანის მნიშვნელოვან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე, მაგრამ ვალში არც ირანი რჩება და ისრაელის ქალაქებისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტებით არ კმაყოფილდება, პარალელურად, საჰაერო დარტყმებს აყენებს ახლოაღმოსავლეთის რეგიონის კიდევ ათ ქვეყანას, ახლა კი თვით კვიპროსზე, ბრიტანულ სამხედრო-საჰაერო ბაზასაც კი შეუტია კამიკაძე-დრონით, სადამდეც ირანის დასავლეთ საზღვრიდან ათას კმ-მდეა...

ომი ღვივდება და ჯერ არაფერი უჩანს იმის, რომ სულიერი ლიდერის ლიკვიდირების შემდეგ, მისი თანამოაზრეები ირანში დანებებას აპირებენ...

P.S. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიციალური განცხადებით, ქუვეითმა შეცდომით სამი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო.