"აიათოლამ გადაწყვიტა რეზიდენციაში მომკვდარიყო, ეს არის შეტყობინება, რომ არ გაქცეულა და სიკვდილს შეხვდა „ღირსეულად“.....რეჟიმის მომხრეებში ეს გამოიწვევს სერიოზულ პატივისცემას" - პაატა ზაქარეიშვილი - კვირის პალიტრა

"აიათოლამ გადაწყვიტა რეზიდენციაში მომკვდარიყო, ეს არის შეტყობინება, რომ არ გაქცეულა და სიკვდილს შეხვდა „ღირსეულად“.....რეჟიმის მომხრეებში ეს გამოიწვევს სერიოზულ პატივისცემას" - პაატა ზაქარეიშვილი

ჯერჯერობით რეჟიმი არ შერყეულა. ხამენეის ლიკვიდაცია, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს - ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის სამოქალაქო ომი და თუ ეს მოხდა, მხოლოდ ირანით არ შემოიფარგლება, შესაძლოა, მთელ არაბულ სამყაროზე გავრცელდეს, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ირანი არის ტიპური საბჭოთა კავშირი და რეჟიმის ჩამოშლას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში.

„თუ რამეს შეიძლება შევადაროთ დღევანდელი ირანი, ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირი. ირანის მმართველობა ალაჰის ნებაზეა მორგებული. რეჟიმის ჩამოშლა ასეთი იოლი არ არის. აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს. ამით ისტორია არ მთავრდება, ახალი ისტორია იწყება. ხამენეი 86 წლის იყო, წამსვლელი იყო და 3-4 წელია, ირანში საჯაროდ საუბრობენ იმაზე, როგორ მოხდებოდა რეფორმები მას შემდეგ, რაც ხამენეი გარდაიცვლებოდა. უამრავ საკითხზე იყო საუბარი ირანში, მათ შორის, იმაზე, თუ ვინ იქნება მისი მემკვიდრე.

ხამენეი მოკვდა თავის ოფისში, რეზიდენციაში. ის არ გაიქცა, არ დაიმალა. მან გადაწყვიტა რეზიდენციაში მომკვდარიყო. ეს არის შეტყობინება იმისა, რომ არ გაქცეულა და სიკვდილს შეხვდა „ღირსეულად“. რეჟიმის მომხრეებში ეს გამოიწვევს სერიოზულ პატივისცემას. რეჟიმი არ შერყეულა ჯერჯერობით. რაც შეუძლია ისრაელს და ამერიკას ისაა, რომ გაანადგუროს მთლიანად ინფრასტრუქტურა. ირანის დაჩოქება შეიძლება განიარაღებით, მაგრამ რეჟიმის შეცვლა, როგორც საბჭოთა კავშირში დასჭირდა 4-5 წელი რეჟიმის შეცვლას, ასე უნდა მოხდეს. ან შეიძლება დაიწყოს სამოქალაქო ომი - მტრისას. ეს იქნება უარესი, ვიდრე ერაყში რაც მოხდა. ამიტომ რეჟიმის არასწორი ჩამოშლის რისკები ძალიან ბევრია. ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის სამოქალაქო ომი. თუ სამოქალაქო ომი დაიწყო, არ შემოიფარგლება მხოლოდ ირანით. შიიზმი ძალიან ძლიერი იდეოლოგიაა, ეს არ არის ხამენეის იდეოლოგია, პირველი საუკუნეებიდან მოდის.

თუ არასწორად ჩამოიშალა რეჟიმი, როგორც ერაყში, ერაყივით არ დამთავრდება ეს. ჯაჭვური რეაქცია ექნება ერაყში, სირიაში, ლიბანში და ისრაელსაც არ დაადგება კარგი დღე. თუ ვინმე ყველაზე მოწყვლადია ამ საერთო ჯაჭვში, ეს არის ისრაელი. ტრამპის არ იყოს, ამერიკას მართლა 2 დიდი ოკეანე იცავს და ისრაელს ვინ იცავს?! ყველაზე მომგებიანი დღეს არის არაბული სამყარო. ირანმა დაარტყა არაბულ სამყაროს. ეს აბსოლუტურად იდიოტური გადაწყვეტილებაა. არ სჭირდებოდა მას ამის გაკეთება. არაბული სამყარო გაძლიერდა,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ მაღალი შანსია, ირანმა ბირთვული პროგრამა დათმოს და დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პირობებს დათანხმდეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა