დიდი საფრთხე საქართველოსთვის: რამდენად შესაძლებელია, რომ ქართული ცის გავლით ირანულმა „შაჰიდებმა“ დაარტყან რუმინეთში ამერიკულ ანტისარაკეტო რადარს?! - კვირის პალიტრა

დიდი საფრთხე საქართველოსთვის: რამდენად შესაძლებელია, რომ ქართული ცის გავლით ირანულმა „შაჰიდებმა“ დაარტყან რუმინეთში ამერიკულ ანტისარაკეტო რადარს?!

რამდენად შესაძლებელია, ქართული ცის გავლით ირანულმა „შაჰიდებმა“ დაარტყან რუმინეთში ამერიკულ ანტისარაკეტო რადარს?

წლების წინ ქართულ მასმედიაში პერიოდულად „თავს წამოყოფდა“ ხოლმე რუსული სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული თემა, რომ თითქოს ოფიციალური თბილისი მზად იყო აშშ-ისთვის თუ ისრაელისთვის დაეთმო საქართველოს საჰაერო სივრცე, ირანზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმების მისაყენებლად...

ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო უშუალოდ არ ესაზღვრება ირანს და ქართული ციდან ირანის ცამდე მისაღწევად სომხეთის ან თურქეთის, ან კიდევ - აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეებია გადასალახი...

მაგრამ საპირისპიროდ თუ არის ამის შესაძლებლობა ანუ ირანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით... ევროპას დაარტყას?

1-iranuli-shahidebi-1772519327.png
ირანულ „შაჰიდებს“ ევროპამდე მიღწევაც შეუძლიათ... ქართულ ცაზე გადაფრენით?

სამი დღის წინ აშშ-ისა და ისრაელის მიერ დაწყებული ირანის საჰაერო დაბომბვები, როგორც ჩანს, დიდ რეგიონულ ომში იზრდება, რომელშიც უკვე მიმდინარეობს ახლოაღმოსავლეთის ათამდე ქვეყნის „ჩათრევაც“ და თვით ევროკავშირისა და ნატოს წევრი რამდენიმე ძირითადი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც ეტყობა, დღედღეზე ტრამპი-ნეთანიაჰუს ამ „სამხედრო კოალიციის“ გვერდში დადგებიან, რის შემდეგაც ირანი მათ ასევე აღიქვამს თავის მოწინააღმდეგეებად და შეიძლება შეეცადოს, ევროპასაც მიაყენოს საჰაერო დარტყმები...

ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან (რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანს ესაზღვრება) 2 ათასი კმ-ის რადიუსში ხვდება ნატოს წევრი ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიები, ხოლო 3 ათასი კმ-ის რადიუსში კი უკვე - იტალიის, ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, პოლონეთის, შვედეთისა და ფინეთის ტერიტორიების ნაწილები (მთლიანად ბალტიისპირეთის სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა) და თუკი ეს ქვეყნები აშშ-ისა და ისრაელის მხარეს ოფიციალურად დადგებიან, მათკენ ირანული ბალისტიკური რაკეტების გაშვება ისევე იქნება მოსალოდნელი, როგორც ეს მესამე დღეა, საუდის არაბეთის, ქუვეითის, ბაჰრეინისა თუ კატარის მიმართულებით ხდება...

2-sadamde-cvdebian-1772519327.png
ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების ფრენის მაქსიმალური რადიუსები, რომლებიც ნახევარ ევროპას ფარავს...

ირანის არსენალში არის 3 ათას კმ-მდე მფრენი (ოღონდ შემცირებული მასის საბრძოლო ქობინით) ბალისტიკური რაკეტები Khorramshahr-ები, ისევე, როგორც 2 ათასი კმ ფრენის რადიუსის მქონე Emad, Ghadr და Sejjil-ები, რომელთა პოლონეთისკენ, ფინეთისკენ თუ შვეციისკენ გაშვების შემთხვევაში, ისინი გადაიფრენენ საქართველოს თავზე...

ოღონდ ქართული საჰაერო სივრცის ეს „დარღვევა“ მოხდება რამდენიმე ათეული ან სულაც ასი კმ-ის სიმაღლეზე ანუ ღია კოსმოსში, ბალისტიკური ტრაექტორიით და ჩვენთვის ნაკლებად სადარდებელი იქნება.

მაგრამ, თუკი ირანმა გადაწყვიტა, წერტილოვნად დაარტყას მთავარ ამერიკულ რადიოლოკატორს რუმინეთში და ისიც - „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების გამოყენებით, მაშინ საჰაერო შეტევის რომელ მარშრუტს აირჩევს?

3-radari-1772519327.jpg
ამერიკული ანტისარაკეტო ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი რუმინეთში, რომელიც ირანული „შაჰიდების“ სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს, ისევე, როგორც ერთმა „შაჰიდმა“ უკვე ააფეთქა ამერიკული თანამგზავრული კავშირის ანტენა ბაჰრეინში...

რუმინეთის დევესელუში 2016 წლიდან მოქმედებს აშშ-ის ანტისარაკეტო ბაზა Aegis Ashore, ძლიერი ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორისა და „სტანდარტის“ ანტირაკეტების სისტემით, რომლის, ისევე როგორც პოლონეთის რეძიკოვოში განთავსებული და 2024 წლიდან ამოქმედებული ანალოგიური ანტისარაკეტო ბაზის, მთავარი ამოცანაა სწორედ ირანიდან სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტების დროული აღმოჩენა და მათი განეიტრალება.

ეს ორივე ამერიკული ანტისარაკეტო ბაზა რუსეთის მრავალწლიანი პროტესტის საგანია და სრულიად დასაშვებია, რომ პუტინის ჩაწოდებით, ირანმა მართლაც სცადოს მათზე საჰაერო იერიშების მიტანა, რაც უდიდეს დარტყმად იქცევა აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ იმიჯზე...

ირანთან ახლოს, უფრო რუმინეთში, განთავსებულია ამერიკული ანტისარაკეტო ბაზა და უმოკლესი, პირდაპირი საჰაერო მარშრუტი ირანიდან შეადგენს 1 737 კმ-ს, რისი გადალახვაც ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს ძალუძთ, ოღონდ - რუმინეთში მოქმედი ამერიკული ფაზირებულანტენიანი მძლავრი რადიოლოკატორი ბალისტიკურ სამიზნეს ადრეულად აღმოაჩენს და „სტანდარტის“ ანტირაკეტებით მას ადვილად ჩამოაგდებს, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გაუჭირდება დაბალ სიმაღლეზე მფრენი ირანული „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების აღმოჩენა...

ასევე დაგაინტერესებთ: "ერთი კი არა, სამი ამერიკული "არწივი" ჩამოუგდიათ ...

ჰორმუზის სრუტის ბლოკირება: ნავთობის "თრომბი" მსოფლიოსთვის - საწვავის შოკური ფასები?!

30 რაკეტა პირადად აიათოლასთვის - როგორ მოკლეს ირანის სულიერი ლიდერი: უნიკალური სპეცოპერაციის დეტალები

აიათოლა მკვდარია! რა იქნება ხვალ?

თუ რა შეუძლიათ ირანულ „შაჰიდებსა“ და მის რუსულ კლონებს - „გერანებს“, უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, სამწუხაროდ, მეხუთე წელია, ვუყურებთ, ასე რომ, „შაჰიდისთვის“ 2 ათას კმ-ზე გაფრენა პრობლემას არ წარმოადგენს.

4-marshruti-1772519326.png
ირანიდან სომხეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცეების გავლითა და შავ ზღვაზე გადაფრენით, რუმინეთის დევესელუში ირანული „შაჰიდების“ ჩაფრენის შესაძლო მარშრუტი...

თუმცა რუმინეთამდე ეს უმოკლესი საჰაერო გზა ნატოს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცეში გადის და ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ თურქეთის გამანადგურებლებმა ეს ირანული „შაჰიდები“ ჩამოაგდონ, ამასთან, თუ ხედავთ, ირანმა თითქმის ყველა მეზობელს დაარტყა, თურქეთის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ თურქულ ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები საკმაო რაოდენობითაა განთავსებული, მაგრამ თეირანი ერიდება ანკარასთან დაპირისპირებას.

რჩება მეორე საჰაერო გზა, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ცის გავლით და შავ ზღვაზე გადაფრენით, რუმინეთამდე მიდის...

სომხეთის ცაში 180-მდე კმ-ის დაბალ სიმაღლეზე გადაფრენა ირანული „შაჰიდებისთვის“ დიდ სირთულეს არ წარმოადგენს (გიუმრიში დისლოცირებული რუსული 102-ე სამხედრო ბაზის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა კიდეც რომ აღმოჩინონ ეს ირანული „შაჰიდები“, მოსკოვის მითითებით, რეაგირებას არც გააკეთებენ).

სომხეთიდან შემოფრენილ ირანულ „შაჰიდებს“ ქართულ ცაში გასაფრენი 200-მდე კმ-ი ექნებათ, რომ შავი ზღვის თავზე გავიდნენ, რისთვისაც „შაჰიდს“ ერთ საათზე ცოტა მეტი ხანი დასჭირდება და ძალზე საეჭვოა, ამ მცირე ხანში ქართულმა მხარემ რამე რეალური რეაგირება მოახდინოს, მათი ჩამოგდების სახით...

შავი ზღვის თავზე ფრენისას ირანულ „შაჰიდებს“ არავინ დაემუქრება, ხოლო რუმინეთის შავი ზღვის სანაპიროდან კიდევ 340 კმ-ის დაფარვას დევესელუშის ამერიკულ ანტისარაკეტო რადიოლოკატორამდე ორიოდე საათიც არ დასჭირდება...

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, დაუჯერებლად მოჩანს, მაგრამ ის, რაც ამ წუთში ხდება ირანში და მის გარშემო, ასევე ისიც, რასაც მეხუთე წელია, უკრაინაში ვუყურებთ ან სულაც აგვისტოს ომი ავიღოთ, ვინმე ამ ყველაფერს წარმოიდგენდა?