რას ეზიდებოდნენ ირანული სპეცსამსახურები საქართველოდან თეირანში?! - კვირის პალიტრა

რას ეზიდებოდნენ ირანული სპეცსამსახურები საქართველოდან თეირანში?!

დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, ირანში მიმდინარე მოვლენები იქნება. ყველა გულდასმით ვაკვირდებით, თუ თანდათან როგორ ფართოვდება სამხედრო კონფლიქტის არეალი და შეიძლება ყველაზე მძიმე პროგნოზები გამართლდეს. თავდასხმიდან უკვე მეორე დღეს ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა: „ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი - შიიტების წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადება, მთელ მსოფლიოში“. ეს ფაქტობრივად ჯიჰადის (საღვთო ომის) გამოცხადებას ნიშნავს, როდესაც შურისძიება კანონიერ უფლებად და მოვალეობადაც არის მიჩნეული.

რამდენად ღრმად და ობიექტურად გათვალა ტრამპის ადმინისტრაციამ მოსალოდნელი შედეგები? ხომ არ გახსნეს „პანდორას ყუთი“, რომლის დახურვას წლები დასჭირდება? ხომ არ აშალეს „კრაზანების ბუდე“, რომელიც: „მოწამებრივი სიკვდილით აღსრულებული აიათოლა ალი ხამენეის“ გამო ტერორისტულ მიზანში ამოიღებს აშშ-ს, ისრაელს და მათ მთავარ მოკავშირეებს: მათ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს? არსებობს კი ირანში იმდენად ძლიერი ოპოზიცია, რომ შიგნიდან შეძლოს მმართველი რეჟიმის დამხობა? ამის შესახებ დადასტურებული სადაზვერვო მონაცემები არ არსებობს. ამიტომ ცოტა მიამიტური და ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება ირანელი ხალხისადმი: ისარგებლეთ ამ მომენტით, გამოიჩინეთ სიმამაცე და დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა, ამერიკა თქვენთან არისო.

მისი მეორე მიმართვა უკვე სერიოზულ საფიქრალს აჩენს: ჰყავს კი ტრამპს კვალიფიციური მრჩეველ-ექსპერტები? სავარაუდოდ - არა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევში, ამერიკის პრეზიდენტი ირანის „რევოლუციურ გვარდიას და ირანის სამხედრო პოლიციას“ იარაღის დაყრისა და დანებებისკენ არ მოუწოდებდა. საინტერესოა ირანის რეჟიმის ბურჯმა და საყრდენმა - შეიარაღებულმა ძალებმა და სპეცსამსახურებმა, იარაღი მართლაც რომ დაყარონ, ვის, რომელ ხელისუფლებას უნდა დანებდნენ და ჩაბარდნენ? ვაშინგტონში ხომ არ ჩავლენ, ტრამპთან?

khamenei

ირანის თავდაცვის საბჭოს მდივანი ალი შამხანი (მარჯვნივ) და აიათოლა ხამენეი

ზოგადად კი, ირანის ისლამური რესპუბლიკა აშშ-ის სპეცსამსახურებისთვის „აუღებელი ციხესიმაგრეა“. რომელი ერთი მარცხი ჩამოვთვალოთ: გამოეპარათ 1979 წლის ისლამური რევოლუცია და ქვეყნის სათავეში ფუნდამენტალისტების მოსვლა; 1980 წელს მათ ვერ შეძლეს თეირანში დატყვევებული ამერიკელი მძევლების გათავისუფლება (უფრო მეტიც: იმ სპეცოპერაციის დაგეგმვა, შესრულება და შედეგები უპრიანი იქნება შევაფასოთ, როგორც სამარცხვინო, ისეთი ზესახელმწიფოსთვის, როგორიც აშშ-ია); წლების მანძილზე ვერ შეუშალეს ხელი ირანის ბირთვული პროგრამის განხორციელებას და უახლესი სარაკეტო დანადგარებით აღჭურვას; დროულად ვერ აღკვეთეს ირანის, როგორც საერთაშორისო ტერორისტთა (უპირველესად „ჰესბოლას“) სპონსორობა და ა.შ.

ამ დროს კი ირანის ხელისუფლებამ “რკინის ფარდა” ჩამოაფარა ქვეყანას, რომელსაც ჯერ კიდევ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

papuri

მუჰამად პიკპური

28 თებერვლის დაბომბვებს შეეწირა გენერალი მუჰამად პიკპური, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, თუმცა მას მალე სხვა გენერალი შეცვლის, ასევე - სხვებსაც და ისლამური ფუნდამენტალისტური რეჟიმი კვლავ გააგრძელებს არსებობას.

ირანი საუკუნეების მანძილზე იყო და დღესაც რჩება ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის რომანის („ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“) სახელწოდების პერეფრაზირება, რომ მოვახდინო - მიზეზი ჩვენი მღელვარებისა.

ამ ქვეყნის აგრესიულმა პოლიტიკამ საქართველოს ისტორიას უმძიმესი დაღი დაასვა და ის ასწლეულების მანძილზე, ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებთან ერთად, საქართველოს უმთავრესი მტერი იყო. მათმა თარეშმა, სულ მცირე, ერთი საუკუნით უკან დასწია ჩვენი ქვეყნის განვითარება. შაჰ აბასი პირველი და აღა მაჰმად ხანი, რომლებიც დღეს ირანის ეროვნული გმირები და კერპები არიან, სისასტიკისა და ბოროტების განსახიერებად აღიქმებიან ყველა ქართველის ცნობიერებაში. ამიტომ რა დასამალია და სპარსეთ/ირანს ჩვენთვის ასწლეულების მანძილზე დამპყრობელი და აგრესორი სახელმწიფოს დამღა „ამშვენებდა“. არც ის უნდა იყოს საკამათო, რომ აღა მაჰმად ხანის მიერ 1795 წელს აღმოსავლეთ საქართველოს დარბევამ დააჩქარა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაცია.

„გიორგი სააკაძე“, „ბაში აჩუკი“, „მაია წყნეთელი“ – მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ პატრიოტულ ფილმებზე იზრდებოდა საქართველოს ახალგაზრდობა. ამ სტრიქონების ავტორიც მათ შორის იყო, ვინც „მეფე ერეკლეს მეზარბაზნეების“ ნაკლებობას ძალზე განიცდიდა. ჩემთვის სრულიად შეიცვალა ირანზე წარმოდგენა მას შემდეგ, რაც 1970-იანი წლების დასაწყისში საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა, ლამაზმა ქალბატონმა ციალა ოსიპოვამ, რომელიც მანამდე ორი წლის მანძილზე იქ თარჯიმნად მუშაობდა, შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევისა და ირანის შესახებ საინტერესო, ჩვენთვის სრულიად უცნობი ინფორმაცია მოგვაწოდა. გაოცებული ვუსმენდით მასწავლებელს და ვერ ვიჯერებდით, რომ, თურმე, საბჭოთა პროპაგანდის მიერ გაჭირვებულ და ჩამორჩენილ ქვეყნად წარმოჩენილი ირანი თანდათან, „მძიმე-მძიმედ“ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნას ემსგავსებოდა. თუმცა ევოლუციური გზა რევოლუციამ შეაჩერა და პროგრესი უკან დასწია. ირანის შაჰის საშინაო და საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილო რელიგიურმა მოღვაწეებმა მოსახლეობაში დიდი საპროტესტო მუხტის შეტანა შეძლეს. თავად თვითკმაყოფილებაში მყოფი შაჰის რეჟიმი იმდენად იყო დასუსტებული, რომ 1979 წლის იანვარ-თებერვალში სტუდენტებისა და რელიგიური დაჯგუფებების მრავალათასიან საპროტესტო გამოსვლებს ვეღარ გაუძლო და დაემხო. ირანში მთელი ხელისუფლება შიიტმა ფუნდამენტალისტებმა აიღეს, რომელთაც აიათოლა ხამენეი ხელმძღვანელობდა. ეს 1940 წლის შემდეგ ირანში მომხდარი რიგით მესამე სახელმწიფო გადატრიალება იყო.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ირანის შაჰინშაჰმა რეზა ფეჰლევმა (1878-1944) უარყო დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის თხოვნა, ირანში ჯარების განლაგების შესახებ. თუმცა 1941 წლის აგვისტოს ბოლოს საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარები ირანში შეიჭრნენ, დაიკავეს ქვეყნის ტერიტორია და შაჰი გადააყენეს. ირანის ახალ მმართველად და შაჰად მისი ვაჟი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი (1919-1980) გამოცხადდა, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირთან და დიდ ბრიტანეთთან და ომი გამოუცხადა გერმანიას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევმა მკვეთრად პროდასავლური კურსი აირჩია. იმ პერიოდში ირანში მრავლად იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი სამხედრო მრჩევლები და ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირმა ამ დანაკარგის ანაზღაურება ფარული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურებით სცადა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.

1951 წლის აპრილში ახალგაზრდა შაჰმა ირანის პრემიერ-მინისტრად მოჰამედ მოსადეყი (1882-1967) დანიშნა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის, უპირველესად კი - ნავთობმომპოვებელი მრეწველობის ნაციონალიზაცია და ამ სფეროდან უცხოელი კომპანიების გაძევება გადაწყვიტა. ამის შემდეგ მოსადეყს „მადა გაეხსნა“ და 1952 წლის ივლისის დასაწყისში შაჰს პრემიერ- მინისტრის უფლებამოსილების გაზრდა და ირანის არმიის მის დაქვემდებარებაში გადასვლა მოსთხოვა. ამის საპასუხოდ შაჰმა 16 ივლისს მოსადეყი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ამას კი საბჭოთა დაზვერვისგან მხარდაჭერილი ირანის კომუნისტური „სახალხო პარტია „თუდეს“ მიერ კარგად ორგანიზებული საყოველთაო გაფიცვა და აჯანყება მოჰყვა. 22 ივლისს შაჰი იძულებული გახდა, მოსადეყი ხელახლა დაენიშნა პრემიერ-მინისტრად. 1953 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა მოსადეყმა შაჰს პირდაპირ შეუტია და ირანის დატოვება მოსთხოვა. მაშინ კი მიხვდნენ ბრიტანეთსა და აშშ-ში, რომ ირანს კარგავდნენ და ეს ქვეყანა სულ მალე საბჭოთა კავშირის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოექცეოდა.

1953 წლის აგვისტოში ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვამ ("მი-6") დაგეგმეს და განახორციელეს ერთობლივი სპეცოპერაცია “აიაქსი”, რის შედეგადაც ირანის მემარცხენე ძალების პროსაბჭოთა მთავრობა პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მოსადეყის მეთაურობით დაემხო და ქვეყანაში რეზა ფეჰლევი დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ამ ოპერაციას კერმით რუზველტი, აშშ-ის პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის შვილიშვილი, ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა შაჰმა ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარება დაიწყო, ხოლო საგარეო-პოლიტიკური კურსი გამოკვეთილად “პროდასავლური” გახადა. იმ პერიოდში ირანში მრავლად იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი სამხედრო მრჩევლები და ამ ქვეყნების სპეცსამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები. მოჰამედ მოსადეყი კი გარდაცვალებამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

khamenei

აიათოლა ხამენეი და იასერ არაფატი

1979 წლის თებერვალში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ირანი თეოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და ირანის ისლამურ რესპუბლიკად იწოდება: შარიათის კანონები და რელიგიური ფანატიზმი ირანის ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა. ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის ნავთობისა და გაზის უზარმაზარი რესურსები და მათი ექსპორტისგან მიღებული მილიარდობით დოლარი ახალ სასულიერო ხელისუფლებას ჩაუვარდა ხელში და მათაც ამ თანხებით უახლესი სამხედრო იარაღის, სარაკეტო დანადგარების და ბირთვული ტექნოლოგიების წარმოება-შეძენა დაისახეს მთავარ მიზნად. ისლამური რევოლუციის და ირანის შაჰის, რეზა ფეჰლევის გაქცევის შემდეგ, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ირანი ყოველთვის განიხილებოდა, ქვეყნად, საიდანაც ტერორიზმის მთავარი საფრთხე მოდიოდა. თავის მხრივ, ირანის სასულიერო ლიდერები და სამოქალაქო ხელისუფლება ამერიკას სატანას უწოდებდნენ და არც მალავდნენ იმ ფაქტს, რომ „ჰესბოლას“ ტერორისტებს ფულით და იარაღით ეხმარებოდნენ.

სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, აშშ-ის ხელისუფლებამ დროულად ვერ შეძლო, ხელი შეეშალა ირანის ბირთვული ამბიციებისთვის და დღეს მსოფლიო სერიოზულ კრიზისის წინაშეა, რაც შესაძლებელია, ხანგრძლივ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ჩემი აზრით, ირანის ბირთვული პროგრამის (საიდანაც უკვე ერთი ნაბიჯია ატომური იარაღის წარმოებამდე) განხორციელება შესაძლებელი გახდა ორი ფაქტორის თანხვედრის შედეგად. პირველი ფაქტორი ობიექტურია და ირანის ბუნებრივ რესურსებს უკავშირდება. ნავთობისა და ბუნებრივი გაზის რესურსების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს მთლიანად ირანის რეჟიმი განკარგავს და თუ საით წარმართავს ამ უზარმაზარ "ფინანსურ იარაღს", ეს მხოლოდ მათ კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. თუმცა ბირთვული იარაღის შესაქმნელად მხოლოდ ფული საკმარისი არაა. საჭიროა, აგრეთვე, შესაბამისი ტექნოლოგიები და სამეცნიერო კადრები. ეს კი ირანს საიდან უნდა ჰქონოდა? სწორედ მეორე ფაქტორის - სპეცსამსახურების მოქმედებით შეძლო ირანის ხელისუფლებამ ბირთვული პოტენციალის ამ აუცილებელი კომპონენტების მოპოვება, რის შემდეგაც ეს ქვეყანა XXI-ე საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს ყველაზე დიდ თავისტკივილად იქცა.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ არ დაეხმარა ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს?! - უცნობი ამბები წარსულიდან

რუსთაველის გამზირი: "კაგებეს" საცდელი პოლიგონი?! - საიდუმლო ნივთიერება, რომლითაც ქართველები დაწამლეს

"ეს სტალინისთვის! ეს ბერიასთვის!" - ქართველთა დასჯის ქრონიკა: რა საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა "სობჩაკის კომისიამ"

პუტინის შხამიანი ბაყაყი: როგორ მოკლეს რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი - კრემლის ბინადრის სტალინური ფორმულა: "არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა"

ჩემგან დამოუკიდებლი მიზეზების გამო, რატომღაც ორჯერ „დავიმსახურე“ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების ყურადღება. პირველად ეს, დაახლოებით, სამი ათეული წლის წინ მოხდა. იმ პერიოდში ეროვნული უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს ვკურირებდი. ახალი კონსტიტუცია სულ რამდენიმე თვის მიღებული იყო, ეროვნული ვალუტა - ლარის კურსი სიმყარეს ინარჩუნებდა, პურზე და საწვავზე ფასები თანდათან დასტაბილურდა. მოკლედ ქვეყანა ნელ-ნელა სახელმწიფოს ემსგავსებოდა. თუმცა „უძველესი სენი“ - კორუფცია კვლავ მძლავრობდა საბაჟო და საგადასახადო სფეროებში, არც სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი იყო მთლად გამჭვირვალე. კუპონებად გაყიდული ფაბრიკა-ქარხნები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებოდნენ და იხურებოდნენ. მათი ახალი მფლობელები (უმეტეს შემთხვევაში, ძველი „წითელი დირექტორები“) თავს იმართლებდნენ: რა ვქნათ, ნედლეული არ გვაქვს და პროდუქციას ვერ ვაწარმოებთო. ათასობით ადამიანი - უმუშევარი, დირექტორები კი - მოგებულები რჩებოდნენ: კუპონებად ნაყიდ ფაბრიკა-ქარხნებს „გამოშიგნავდნენ“ და უნიკალურ ჩარხ-დანადგარებს „ჯართად“ აბარებდნენ. ზოგი, განსაკუთრებით „ტროფეინი“ (ანუ 1945 წლის შემდეგ გერმანიიდან ჩამოტანილი) დანადგარები კი მუშაობდნენ, თუმცა ფიზიკური ცვეთა ჰქონდათ უზარმაზარი და მართლაც რომ ჯართისთვის იყვნენ განკუთვნილები. მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურად ჯართისთვის, რეალურად კი - საწარმოო პროცესში ჩასართველად იყიდებოდა ორმაგი დანიშნულების ჩარხები?!

მკითხველს შევახსენებ, რომ ამგვარი სახელწოდება აქვს იმ მანქანა-დანადგარებს, რომლებიც დღეს თუ ტაფას ამზადებენ, ხვალ, შესაძლოა, ავტომატის დეტალები დაამზადონ. საბჭოთა ხელისუფლება ხომ სულ ომისთვის ემზადებოდა, ამიტომაც ყველა დიდ ფაბრიკა-ქარხანას „საომარ რელსებზე“ სწრაფად გადასვლის გეგმა ჰქონდა დამტკიცებული. ამასთან ერთად, მხოლოდ თბილისში არსებობდა ასამდე საკავშირო დაქვემდებარების სამრეწველო საწარმო, რომლებიც თავდაცვით/თავდასხმითი დანიშნულების პროდუქციას აწარმოებდა და ისინი ხშირად მართლაც რომ უნიკალური ჩარხ-დანადგარებით იყვნენ აღჭურვილნი. შეიძლება იკითხოთ: რა კავშირი აქვს ყოველივე ამას ირანთან?

გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისიდან ირანის სპეცსამსახურები აქტიურად ცდილობდნენ, ორმაგი დანიშნულების სამრეწველო, ტექნოლოგიური და სამეცნიერო დანადგარების, აპარატურისა და მოწყობილობების შეძენას პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის - საქართველოშიც. ორმაგი დანიშნულების დანადგარებია: მაღალი სიზუსტის ლითონმჭრელი ჩარხები; ვაკუუმური და გაზგამწმენდი სისტემები; სპეციალური ლაბორატორიული აპარატურა; ელექტრონული საზომი მოწყობილობები და სხვ. ირანის ბირთვული პროგრამისთვის მათ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდათ. თუ გავითვლისწინებთ გარემოებას, რომ იმ წლებში საზღვარზე სპილოსაც ისე გაიყვან-შემოიყვანდი, რომ მებაჟეები „ვერ დაინახავდნენ“, - ორმაგი დანიშნულების ხელსაწყო-დანადგარების ფარული გატანა საქართველოდან სისტემატურად ხდებოდა. დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში კი - აშშ, შეშფოთებულნი იყვნენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ირანის ფარული ტექნოლოგიური იმპორტით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო და გამოძიების ფედერალური ბიურო საქართველოშიც აქტიურად მუშაობდნენ ამგვარი ექსპორტის პრევენციის ღონისძიებების შესამუშავებლად.

(პირველი ნაწილის დასასრული)