შაჰი თუ ახალი აიათოლა?! - გიორგი სანიკიძის ანალიზი: "რეჟიმი შეიცვლება თუ არა, ირანი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ისლამური რესპუბლიკის არსებობის მა - კვირის პალიტრა

შაჰი თუ ახალი აიათოლა?! - გიორგი სანიკიძის ანალიზი: "რეჟიმი შეიცვლება თუ არა, ირანი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ისლამური რესპუბლიკის არსებობის მანძილზე იყო“

ირანის მმართველმა ელიტამ აიათოლას დროებითი შემცვლელის ვინაობა დაასახელა, მაგრამ პროცესები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ძნელი სათქმელია, „გადარჩენის რეჟიმში“ მყოფი ირანი რას გააკეთებს, მით უმეტეს, რომ ისევ ძალის დემონსტრირებას ცდილობს და დიპლომატიურ გზას მეზობლების დაბომბვას ამჯობინებს.

სავარაუდოდ, ახალი ლიდერი კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული სამხედრო ელიტაზე და მნიშვნელოვანი იქნება აიათოლას მემკვიდრის ლეგიტიმაციის საკითხი - ხომ არ გამოიწვევს ეს კლანებს შორის დაპირისპირებას, რაც ცხადია, შიდაპროცესებზე აისახება? მეორე მხრივ, ცხადია, რომ ირანის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ინტენსიური დაბომბვა რამდენიმე მიზანს ემსახურება - ლიდერის შეცვლის პერიოდში რეჟიმს სჭირდება იმის ჩვენება, რომ ის კვლავ ქმედითუნარიანია და შიდაკრიზისი მის სამხედრო პოტენციალზე არ ასახულა, ამასთან, საგარეო მტრის ხატის გააქტიურდება შიდაპროტესტებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გადასაფარად. ტრამპის ბოლო განცხადებები კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას. მისი რიტორიკა, რომელიც ითვალისწინებს „უკომპრომისო პასუხს“ და „სრულ ეკონომიკურ ბლოკადას“, ირანს კუთხეში აყენებს.

რა პერსპექტივა ჩანს ამ ყველაფრის გათვალისწინებით და რა შეიძლება მოხდეს ირანში? - ამ საკითხებზე აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეს გვესაუბრება:

- მთავარი, იცით, რა არის? -სრულიად ახალი რეალობა შეიქმნა, იმიტომ, რომ ირანი თავის ისტორიაში მეორედ გახდა სულიერი ლიდერის შეცვლის მოწმე გახდა - 1989 წელს და ახლა. 1989 წელს სულ სხვა ვითარება შეიქმნა - ომი დამთავრებული იყო, ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სიმშვიდე სუფევდა და ეს საკმაოდ ადვილად განხორციელდა. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა.

ახლა ვინც დასახელდა, ასე ვთქვათ, ცნობილი პიროვნება არ არის. ის დასახელდა როგორც დროებითი შემსრულებელი. კონსტიტუციის მიხედვით, ამას 88-კაციანი ასამბლეის შეკრება სჭირდება და მერე - კანდიდატების დასახელება.

რაც შეეხება იმას, თუ რა იცვლება ირანელი ხალხისთვის, ამ შემთხვევაში - ჯერჯერობით არაფერი არ იცვლება, იმიტომ, რომ სისტემა ამბობს - სახელმწიფო შენარჩუნდება. ყველაფერი დამოკიდებულია სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაზე. ირანმა უკვე ძალიან მძიმე დარტყმები მიიღო. ეს არ არის მხოლოდ ხამენეის დაღუპვა - მთელი სამხედრო მეთაურობა, პრაქტიკულად, განადგურდა, მაგრამ თითქოსდა სწრაფად ჩანაცვლდა ყველა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ფეხზე დგას. ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია. ახლა რასაც ვუსმენ, დასავლეთ ექსპერტებსაც, ზუსტი მონაცემები თითქმის არ არსებობს ირანის შეიარაღებული სამხედრო შესაძლებლობის შესახებ. რამდენია აქედან დრონი, რამდენი - სხვა შეიარაღება და ა.შ. ამაზე წინააღმდეგობრივი მონაცემები არის. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ირანი ახორციელებს დარტყმებს და გაცილებით უფრო დიდი დარტყმებით იმუქრება. ამიტომ ვნახოთ, რა იქნება.

- ეს ჯგუფი, ვინც ახლა ხელისუფლებაშია - თუნდაც გენერლები, სამხედრო მეთაურები და ა.შ. ვინ არიან, რა წონა აქვთ ხალხში? არის ეს ის ჯგუფი, ვისაც მოსახლეობა ანგარიშს გაუწევს?

- აქ არის ორი მომენტი, რაც უნდა გავყოთ ერთმანეთისგან - მოსახლეობის მცირე, მაგრამ ნაწილი მაინც, რამდენიმე მილიონი, ალბათ, ამ რეჟიმის მომხრეა. მეორე, მოსახლეობის გაცილებით უფრო დიდი ნაწილი ამ რეჟიმის მოწინააღმდეგეა და რეჟიმმა ხალხის ამ დიდი ნაწილის წინააღმდეგ განახორციელა იანვრის სასტიკი რეპრესიები. ახლა მოსახლეობის ამ ნაწილისთვის შეუძლებელია ლაპარაკი იმაზე, რომ ვინმე მისაღებია ამ რეჟიმიდან და ეს გასაგებიცაა. ისინი ითხოვენ საერთოდ რეჟიმის ცვლილებას.

საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ფაქტობრივად, ამ საპროტესტო მოძრაობის დაწყებასთან ერთად, გამოჩნდა რეზა ფეჰლევის ფიგურა, რომელიც მანამდე პრაქტიკულად არ ჩანდა ან თუ ჩანდა, ძალიან იშვიათად და მხოლოდ ფოტოს სახით.

მეორე საკითხი არის ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა განზრახვა აქვს ტრამპს, ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი ზუსტად რა არის, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა გათვლები არსებობს. საერთოდ, ტრამპს სურდა ძალიან სწრაფი ოპერაციები, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი ვითარება ნამდვილად არ არის - ვგულისხმობ რეჟიმის სწრაფად დამხობას. ახლა ერთ რეგიონში სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების ისტორიაში ყველაზე დიდი თავმოყრის ფაქტის წინაშე ვდგავართ.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ ვიცით, ირანის ხელისუფლების ეშელონებში რა კავშირებია თუნდაც შტატებთან ან ისრაელთან. ამაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ, რადგან ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, დიდი ალბათობით, უნდა ვთქვათ, რომ არსებობს.

გავრცელდა ცნობა, რომ აჰმადინეჯადიც, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც საერთოდ თვალთახედვაში არ იყო, ისიც დაიღუპა წერტილოვანი დარტყმის შედეგად. აჰმადინეჯადმა თავის დროზე "მოსადის" საწინააღმდეგო ჯაშუშური შენაერთი შექმნა და აღმოჩნდა, რომ თვითონ ამ შენაერთის უფროსიც და კიდევ აქედან 20 წარმომადგენელი "მოსადის" აგენტები იყვნენ. აი, ასეთი ვითარებაა და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.

რა ინფორმაციაც გავრცელდა, ნათელი ხდება, რომ ეს დარტყმა მოხდა დღისით, როდესაც ირანის პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ ელოდა, იმიტომ, რომ ყოველთვის ღამით ხდებოდა დარტყმები - ამჯერად მოხდა ისეთ დროს, როდესაც სამხედრო და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი შეკრებილი იყო ხამენეის რეზიდენციაში. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია საიდანღაც გავიდა და გაიტანა იმან, ვინც იცოდა, ხომ? მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ ვისი ჯაშუში არის და როგორ მოქმედებს. ამიტომაც მე, ზოგადად, ძალიან ვიკავებ თავს ამგვარი, ასე ვთქვათ, პერსპექტივების და სამომავლო ვითარების წარმოსახვისგან, იმიტომ, რომ ინფორმაცია, ბუნებრივია, ჯერჯერობით ძალიან მწირია.

- რეჟიმის შეცვლის პერსპექტივა რამდენად რეალურია?

- ამ საკითხზე დღეს ყველგან დიდი დავაა. ამ რეჟიმმა საკუთარი თავი უკვე კარგა ხანია, ამოწურა. თუ რა სახით და როგორ შეიცვლება ის, ამაზე ჯერ პასუხი არ მაქვს. ვხედავთ, რომ ისლამური მმართველობის ეს გამოგონილი მოდელი სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა. ის მრავალი წელია, რეალურად, მხოლოდ სლოგანებზეა დამყარებული და მხოლოდ საკუთარი თავის შენარჩუნებაზე ზრუნავს. ეს არ არის ის მოდელი, რომელიც იმუშავებს. ჩემი აზრია, რომ რეჟიმი შეიცვლება თუ არა, ირანი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ისლამური რესპუბლიკის არსებობის მანძილზე იყო. აი, ეს შემიძლია ვთქვა, დანარჩენზე კი პროგნოზისგან თავს შევიკავებ.

- დემოკრატიის რა პერსპექტივა აქვთ, თუნდაც ელემენტარულ, საწყის დონეზე?

- ამაზე პასუხიც რთულია. თუმცა ირანს მაინც გამოვარჩევდი, როგორც ამ მხრივ გარკვეული გამოცდილების მქონე ქვეყანას რეგიონში. 1950-იანი წლების დასაწყისში, პრემიერ მოსადეყის მმართველობისას, ირანში მართლაც იყო დემოკრატიული ექსპერიმენტი. მოგვიანებით ამერიკელებმა და ინგლისელებმა სპეცოპერაციით დაამხეს ის, რის გამოც 1999 წელს ამერიკამ ბოდიშიც კი მოიხადა. მთავარი მაინც გამოცდილებაა - ირანში საკმაოდ განათლებული მოსახლეობა და ძლიერი საშუალო კლასი არსებობს. სხვა ქვეყნებს არ ვაკნინებ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არაბ მეზობლებთან შედარებით, ირანი ბევრად დაწინაურებული ქვეყანაა. ამიტომ - ვნახოთ.

- დღევანდელ ირანში რეზა ფეჰლევთან დაკავშირებით რა განწყობებია, მას რა როლი შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც მისი ოჯახის წინააღმდეგ თავის დროზე არსებული დამოკიდებულებების გამო?

- ამ თემაზე ბევრი შეიძლება ილაპარაკო. მამამისის შეცდომებს ახლა ვერ განვიხილავ, თუმცა ვიტყვი, რომ რევოლუციის დროს ის მძიმედ იყო ავად და ქვეყანას „რკინის ხელით“ ვეღარ მართავდა. სხვათა შორის, სიტყვა „რევოლუცია“ პირველად სწორედ მან გამოიყენა ხალხისადმი მიმართვისას: „მესმის თქვენი რევოლუციის ხმა“. შემდგომში ეს პროცესი ისლამურ, რელიგიურ რევოლუციაში გადაიზარდა. სასულიერო პირებს ყველაზე მეტი ფული ჰქონდათ და ეს რესურსი გამოიყენეს კიდეც.

რაც შეეხება რეზა ფეჰლევის ფიგურას, აქ ბუნებრივად ბევრი კითხვა ისმის. ირანი ახალგაზრდა ქვეყანაა - მოსახლეობის დიდი ნაწილი 1979 წლის შემდეგ არის დაბადებული, მათ მონარქია არ უნახავთ და არ იციან, რა არის. XXI საუკუნის მეორე მეოთხედში მონარქიის აღდგენა ცოტა ანომალიურ ფაქტად ჩანს. თავად რეზა ფეჰლევი ამბობს, რომ ის გარდამავალი ფიგურაა და შესაძლოა შემდეგ კონსტიტუციურ მონარქიაზე ვილაპარაკოთო. თუმცა, ეს მხოლოდ მისი სიტყვებია და რა იქნება ხვალ, რთული სათქმელია.

- შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებების ჩაშლამ და მხარეთა მიერ დროის გაწელვის ტაქტიკამ პროცესები პირდაპირ სამხედრო ესკალაციამდე მიიყვანა? და იმ ფონზე, როდესაც ირანის პოლიტიკური და სამხედრო მმართველობა მძიმე დარტყმების ქვეშაა, რა არის ის საბოლოო ზღვარი, რომლის იქითაც, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გარდაუვალი ხდება რეჟიმის სრული ჩამოშლა?

- ჩემი აზრით, მოლაპარაკებები ორივე მხრიდან უბრალოდ დროის გაწელვის მცდელობა იყო. ამერიკას ისეთი პირობები ჰქონდა წაყენებული, რაც ელემენტარულად რეჟიმის შეცვლას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, მე ამ ცვლილების მომხრე ვარ, მაგრამ ბუნებრივია, რომ რეჟიმი ამაზე საკუთარი ნებით არ წავიდოდა. რაც შეეხება ახლა ტრამპის მუქარას, ეს მხოლოდ განცხადების დონეზე დარჩება თუ რეალურ ქმედებებში გადაიზარდება, რთული სათქმელია. ჩვენ არ ვიცით, რა იგეგმება მის გონებაში და რა ნაბიჯებს გადადგამს რეალურად.

- რას ელოდებით?

- ისევ მეკითხებით, თუ რა მოხდება მომავალში... ვფიქრობ, ჯერჯერობით გაურკვევლობაა. ეს პროცესები ნამდვილად არ დამთავრდება დღეს ან უახლოეს დღეებში. თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და როგორ შეიცვლება რეგიონი, ამაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი: ჩემი აზრით, ირანი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო და როგორი იქნება - ვნახავთ.

რუსა მაჩაიძე

(სპეციალურად საიტისთვის)