"თამარ ჩერგოლეიშვილს რომ უთხრა, რომ „ნაცი“ ხარო, ალბათ, ტუფლებიდან შეიძლება ამოხტეს, მაგრამ..." - გია ხუხაშვილი
ეს არ არის ოპოზიციის გაერთიანება, ეს არის ოპოზიციის გარკვეული გამსხვილება, რაც ცუდი არ არის, თავისთავად კარგია და მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა.
ამასთან, ხუხაშვილის თქმით, გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, რომ ეს ოპოზიციური გაერთიანება არის „მეორე პოლუსი ორპოლუსიან პოლიტიკურ ბრძოლაში“.
„განცხადება გასაგებია, თუმცა მე ამას ოპოზიციურ ერთობას მაინც ვერ დავარქმევდი, გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ამ გაერთიანების მიღმა დარჩენილი ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი და ამ პარტიების ჯამური რეიტინგი, დაახლოებით, თანაბარ ზომაზეა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ეს არის რაღაც ოპოზიციის გაერთიანება და ეს არის აუცილებლად მეორე პოლუსი ორპოლუსიან პოლიტიკურ ბრძოლაში, ეს გადაჭარბებულია, თუმცა პოლიტტექნოლოგიურად მესმის, რატომ კეთდება ეს განცხადებები - ეს არის მუდმივი მცდელობა, ვიღაცამ დაიბრალოს, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი ალტერნატივა მოქმედი ხელისუფლების. ეს ტექნოლოგიური თემაა და ამის კრიტიკას არ ვაპირებ. ვიმეორებ, ეს არ არის ოპოზიციის გაერთიანება, ეს არის ოპოზიციის გარკვეული გამსხვილება, რაც ცუდი არ არის, თავისთავად კარგია და მე არ ვარ ამის წინააღმდეგი. გამსხვილდნენ, რაღაც მოლოდინები შექმნას ცდილობენ და დანარჩენს პოლიტიკური პროცესი აჩვენებს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისი შეფასებით, საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის ერთიანობაზე არის მოთხოვნა, მაგრამ ერთიანობა არ არის გამარჯვების მოპოვების უნივერსალური გასაღები, რადგანაც „არც ერთად და არც ცალ-ცალკე ამომრჩევლის მასის ნდობა მათ არ აქვთ“. შესაბამისად, ხუხაშვილის თქმით, ძირითადი სამუშაო არის ხალხთან და ეს უნდა იყოს არა მონოლოგის, არამედ დიალოგის რეჟიმში, ვინაიდან „ხალხი პროპაგანდის მხრიდან არის ზომბირებული“.
რაც შეეხება სამი პარტიის: „ლელო-ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“პოზიციას, რომლებიც არ შეუერთდნენ ოპოზიციის ერთიანობას იმ მოტივით, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ იმ ოპოზიციურ ალიანსთან, სადაც არის „ნაციონალურ მოძრაობა“, ხუხაშვილის თქმით, ის იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ ალიანსით „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის დრო დადგა.
„ოპოზიციის ახალი ალიანსით, რეალურად, ვიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენას“ - ეს სწორი შეფასებაა და თვითონაც აღიარებენ. სადღაც მოვკარი თვალი იმას, რომ გუშინ თამარ ჩერგოლეიშვილმა გამარჯვებულის პოზიციიდან გამოიყენა ცნობილი ფრაზა „არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და არის ჟამი ქვათა შეგროვებისა“. პრინციპში, მან აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე დაიშალა და ახლა, „ქვების შეგროვების დრო დადგა“, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენის. ესენი ამას არ აღიარებენ, იგივე ჩერგოლეიშვილს რომ უთხრა, რომ „ნაცი“ ხარო, ალბათ, მე რამდენადაც ვიცი, ტუფლებიდან შეიძლება ამოხტეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს ხომ ის ადამიანები არიან, იმ წარსულით არიან და რატომ მიაჩნიათ ასე სამარცხვინოდ?“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, პარტიებს, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ თავისი დღის წესრიგი აქვთ და მშვენივრად ესმით, ელექტორატის დიდი ნაწილის განწყობა - რომ არ მოსწონთ აწმყო, მაგრამ არც წარსულში დაბრუნება არ სურთ იმიტომ, რომ, „ამომრჩევლის დიდი ნაწილი ტრავმირებულია იმ ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებებით“
"ინტერპრესნიუსი"