"სალომე ზურაბიშვილი არ იყო ბოიკოტის მომხრე? და არ იყო ერთ-ერთი ვინც ლანგრით მიართვა 64-ვე მუნიციპალური ხელისუფლება „ოცნებას“? არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე?" - გიორგი შარაშიძე
ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემგანაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა.
მისივე თქმით, ხალხი წყვეტს, პირველ რიგში, ვინ იქნება „ოცნების“ ალტერნატივა და ვინ არის ნამდვილი და რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში.
„ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“. ამ პარტიებმა პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით გააკეთეს „ოცნების“ საქმე, შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ“ წარსულს და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი კავშირი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი გზა, სტრატეგია, ტაქტიკა, რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის გამიზნული „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ და ისეთი უპასუხისმგებლო მოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, ეს დაიწყო ჯერ ბოიკოტის კამპანიით, რასაც მოჰყვა შემდეგ „მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაცია, რა თქმა უნდა, იყო „ოცნების“ დაგეგმილი და ამ პარტიებს არ ეყოთ გამჭრიახობა თუ უნარი ამ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ და „ოცნება“ არ გაეძლიერებინათ. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც ბოიკოტის მომხრე იყო. როცა ბოიკოტზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ვგულისხმობ აქ და სალომე ზურაბიშვილი არ იყო ბოიკოტის მომხრე? და არ იყო ერთ-ერთი ვინც ლანგრით მიართვა 64-ვე მუნიციპალური ხელისუფლება „ოცნებას“? არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე? 4 ოქტომბერსაც კი, სანამ ფაქტობრივად არ დაინახა ის ქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლესთან, მანამ ხალხს მოუწოდებდა რუსთაველზე გასვლისკენ. ხალხი წყვეტს, პირველ რიგში, ვინ იქნება „ოცნების“ ალტერნატივა და ვინ არის ნამდვილი და რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში”,- აღნიშნავს შარაშიძე.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ .
"ინტერპრესნიუსი"