შურისძიება საიქიოდან: რა საიდუმლო გეგმა დატოვა აიათოლა ხამენეიმ?! - "მსოფლიო დიდ ცეცხლში გაეხვევა" - კვირის პალიტრა

შურისძიება საიქიოდან: რა საიდუმლო გეგმა დატოვა აიათოლა ხამენეიმ?! - "მსოფლიო დიდ ცეცხლში გაეხვევა"

„ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს იმ გეგმის განხორციელება, რომელიც აწ უკვე დაღუპული აიათოლა ალი ჰამენეისა და ირანის უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ არის შემუშავებული - შეიქმნას ქაოსური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, რაც გამოიწვევს მკვეთრ რყევებს მსოფლიო ბაზრებზე, შესაბამისად, ზეწოლა განხორციელდება აშშ-სა და ისრაელზე იმ მიზნით, რომ მათ საომარი მოქმედება შეწყვიტონ და ირანს თავი დაანებონ“, - აღნიშნულია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ირანმა აიათოლა ალი ჰამენეის მიერ შემუშავებული გეგმის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანს რეგიონში ომის გავრცელება წარმოადგენს“ (ავტორები - ნაჯმე ბოზორმერი და ენდრიუ ინგლენდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

წყარომ, რომელიც ახლოს დგას ირანის მმართველ რეჟიმთან, „ფაინენშელ თაიმსს“ აცნობა, რომ გასული წლის ივნისში აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის 12-დღიანი დაბომბვის შემდეგ, აწ უკვე დაღუპულმა ალი ჰამენეიმ და მისმა თანაშემწეებმა დაიწყეს „შურისძიების გეგმის“ შემუშავება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ სტრატეგიულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ ობიექტებზე (ნავთობის საბადოებზე, საზღვაო ტერმინალებზე, აეროპორტებზე, და საზღვაო ნავსადგურებზე) შეტევას გულისხმობს და რომელსაც რეგიონში კატასტროფული სიტუაციის გამოწვევა შეუძლია: შეწყდება ნავთობ//გაზის გატანა დასავლეთში, შეწყდება საზღვაო და ავიამიმოსვლა და ა.შ.

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს იმის გარდა, რომ ესკალაცია მოვახდინოთ და დიდი ცეცხლი დავანთოთ - ისეთი ხანძარი გამოვიწვიოთ, რომელსაც ყველა დაინახავს [„და რომელშიც ბევრი დაიწვება]“, - თქვა წყარომ, - „როცა ამერიკამ და ისრაელმა „წითელი ხაზები “ გადაკვეთეს და ყოველგვარი საერთაშორისო კანონები დაარღვიეს, ჩვენც მეტად ვეღარ შევძლებთ თამაშის წესების დაცვას“. მან აღნიშნა, რომ გეგმა რეალიზებული იქნება აიათოლა ალი ჰამენეისა და ირანელი მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაურების დაღუპვის მიუხედავად.

აიათოლა ალირეზა არაფიმ, რომელიც დროებითი მმართველი სამკაციანი საბჭოს ერთ-ერთ წევრს წარმოადგენს, ირანის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „ჩვენი ბრძოლა ალი ჰამენეის მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით გაგრძელდება“.

სამწუხაროდ, „შურისძიების გეგმა“ უკვე ნაყოფს იღებს: კატარმა, რომელიც თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, დამკვეთებს ბუნებრივი საწვავის მიწოდება შეუწყვიტა. ნავთობზე და გაზზე ფასებმა სწრაფად მოიმატეს - იმიტომ, რომ ომის გამო ტანკერების მოძრაობა ორმუზის სრუტეში (სპარსეთისა და ომანის ყურეებს შორის) ძალიან შენელდა და თითქმის შეწყდა. ორმუზის სრუტის გავლით რეგიონიდან დანარჩენ მსოფლიოში ენერგომატარებლების დაახლოებით ერთი მეხუთედი ნაწილი გადის.

ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა დაიწყეს ისეთი ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო-ეკონომიკური ობიექტების დაბომბვა, როგორებიცაა ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი, ომანი და ბაჰრეინი. თეირანმა ათობით უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები გაუშვა რეგიონში არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზებისაკენ და როგორც იუწყებიან, ასევე დარტყმა მიაყენა კვიპროსზე მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ბაზას.

„ომის ესკალაცია გაგრძელდება“, - განაცხადა ზემოთ ხსენებულმა წყარომ, - „აბა, სხვას რას ელოდებოდნენ თავდამსხმელები? იმ დროს, როცა ირანის სახელმწიფოს მეთაური მათი სამიზნე ხდება და კლავენ, ნუთუ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები ვიქნებით და არაფერს არ მოვიმოქმედებთ?“.

ირანის მმართველი რეჟიმის მიდგომები სამხედრო სფეროში არის თავდაცვითი სისტემის დეცენტრალიზება, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხედრო ქვედანაყოფები ამჟამად, პრაქტიკულად დამოუკიდებლად, ერთმანეთისგან იზოლირებულად მოქმედებენ, მაგრამ იმ საერთო ინსტრუქციების საფუძველზე, რომლებიც მათ ადრევე აქვთ მიცემული“.

ამ ტაქტიკაში შარშანდელი ივნისის ომის გაკვეთილებია ასახული: იმ დროს ირანელი სამხედროები შოკში ჩავარდნენ, როცა მიხვდნენ, თუ რა დონეზე იყვნენ ინფორმირებულები სადაზვერვო მონაცემებით ისრაელი და აშშ, როცა მათ ზუსტად გათვალეს რიგი პოლიტიკური და სამხედრო მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია. ამჯერად ირანმა სწრაფად მიიღო საპასუხო ზომები მას შემდეგ, რაც ალი ჰამენეი და სხვა მაღალი სამხედრო ჩინოსნები მოკლეს.

რეჟიმთან დაახლოებული წყაროს თქმით, შარშანდელი ივნისის ომის დროს „სარდლობა ზემოდან ხდებოდა“, მაგრამ ამჟამად ადგილობრივმა ქვედანაყოფებმა ზემოდან ოპერატიული ბრძანების გარეშეც კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ. იმავდროულად, მათი ნაბიჯები სრულიად არის კოორდინირებული სამეთაურო ცენტრთან“. (...)

რეგიონული კონფლიქტის გაფართოება - ეს არის სწორედ ის მიზანი, რომელიც ირანმა შარშანდელი 10-დღიანი ომის შემდეგ დაისახა. ირანის მიერ მასობრივად გაშვებულმა რაკეტებმა და დრონებმა უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი გაურკვევლობა და ალიაქოთი აშშ-ის რეგიონულ მოკავშირეებში, მაგალითად, ქუვეითის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ძალებმა „მეგობრული ცეცხლით“ სამი ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს თქმით, ირანის განსაკუთრებული სამიზნეა არაბთა გაერთიანებულ საამიროები, რომლებიც შარშან თავს იკავებდნენ ანტიირანული ნაბიჯებისაგან, ახლა კი აშშ-სა და ისრაელის მხარეზე დადგნენ. დუბაის სასტუმროს დაბომბვა იმას ნიშნავს, რომ თეირანი ყველას გასაგონად აცხადებს: „არ არსებობს უსაფრთხო ადგილი ამერიკელებისათვის. ნებისმიერი ადგილი, სადაც ისინი იქნებიან, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომ იქ გაჩერების სურვილი არავის აღარ ექნება“. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანის მეზობლები, რომლებიც ნავთობით არიან მდიდარები, ახლა მომატებული საინვესტიციო რისკების წინაშე დგანან: „ინვესტორები მათ ეტყვიან, რომ თქვენ ირანთან ახლოს მდებარეობთ და ამიტომ რისკები მომატებულია - ირანელების რაკეტა შეიძლება თქვენი ქვეყნის ცენტრში ჩამოვარდეს“.

მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებებიც. ანალიტიკოსების აზრით, ირანის „შურისმაძიებლური“ ნაბიჯების გამო რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც მანამდე აშშ-სა და ისრაელს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისაგან აკავებდნენ და დიპლომატიურ ზემოქმედებას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებდნენ, ახლა შეიძლება ვაშინგტონისა და იერუსალიმის მხარეზე გადავიდნენ, ანუ თეირანი შეიძლება იზოლაციაში აღმოჩნდეს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ირანის რეაქცია შორს დგას მკაფიოდ შემუშავებული გეგმისაგან, ამიტომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ არავითარი გეგმა არ არსებობს და ყველაფერი რეჟიმის სიგიჟეზე მიუთითებს. „თეირანი კოშმარული სცენარით მოქმედებს. ბევრი შიშობს, რომ ირანის რეჟიმი ირაციონალური შეშლილია, რომელიც კონტროლიდან გამოდის“, - ამბობს ბურკუ ოზსელიკი, ლონდონის ანალიტიკური ცენტრის RUSI-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ასევე დაგაინტერესებთ: შაჰი თუ ახალი აიათოლა?! - გიორგი სანიკიძის ანალიზი: "რეჟიმი შეიცვლება თუ არა, ირანი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ისლამური რესპუბლიკის არსებობის მანძილზე იყო“

"კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა პუტინის წინაშე „თავი დახარეს“: უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ჯარები რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ შევლენ" - The Daily Telegraph

კანდალური სტატია: „ღალატი უკრაინის მიმართ - ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღალატი, რაც კი ამერიკას ჩაუდენია“ - The Guardian

საიდუმლო ფაილები: ტრამპი უცხოპლანეტელებს მიადგა - "გაასაჯაროვეთ მასალები მფრინავ თეფშებზე და არამიწიერ არსებებზე!"

ზემოთხსენებული წყაროს თქმით (რსაც ზოგიერთი ექსპერტი ეთნხმება), 86 წლის ალი ჰამენეი ელოდებოდა, რომ მას თავს დაესხმებოდნენ და მოწამეობრივად მოკლავდნენ, ამიტომ, პრინციპში, იგი მზად იყო სიკვდილისთვის: სპეციალურად რჩებოდა თეირანში მდებარე რეზიდენციაში, ოჯახთან ერთად, იმ იმედით, რომ მას თავს დაესხმებოდნენ და სიცოცხლეს შეწირავდა.

ამჟამად სამხედრო ოპერაციებს თვალს ადევნებს და აკონტროლებს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“, რომელსაც გენერალ-მაიორი აჰმად ვაჰიდი მეთაურობს. მან შაბათს მოკლული გენერალი მოჰამად პაპკური ჩაანაცვლა. ირანის ისლამური რეჟიმის კიდევ ერთი დამცველია უშიშროების სამსახური, ალი ლარიჯანის ხელმძღვანელობით. „რანი, აშშ-საგან განსხვავებით, ხანგრძლივი ომისათვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა“, - განაცხადა ალი ლარიჯანმა.

თანდათან ფართოვდება როგორც ომის არეალი, ისე მისი მონაწილეთა რაოდენობაც: საფრანგეთი თავის ავიამზიდს „შარლ დე გოლს“ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ გზავნის, დიდი ბრიტანეთი კი, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა, ახლა ნებას აძლევს ამერიკას, რომ პენტაგონმა ისარგებლოს როგორც ბრიტანული ბაზით ფერფორდში, ასევე დიეგო-გარსიას ბაზით კუნძულ ჩაგოსზე, ინდოეთის ოკეანეში, ირანისათვის საჰაერო დარტყმების მისაყენებლად.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო