ღვთისმსახური, პედიატრი და... ბავშვების სულიერი მკურნალი - გამორჩეული მოძღვარი, რომელიც მთელ ქვეყანას დააკლდა
"63 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული სასულიერო პირი, 7 შვილის მამა, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. ამქვეყნად შედარებით ხანმოკლე მყოფობის მიუხედავად, მან ძალიან ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო და ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში. იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყო ღვთისმსახური, მაგრამ, ამავე დროს, სამშობლოს ღირსეული მსახურიც, რაც, განსაკუთრებით, მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნვაში გამოიხატა. სპეციალობით პედიატრი, ბავშვების სულიერ მკურნალადაც იქცა, - ფასდაუდებელია მისი შრომა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის“ დაბრუნების საქმეში (როგორც თანამედროვე, ისე ძველქართული ანბანების გამოყენებით) და აღზრდის თემასთან დაკავშირებულ არა ერთ სხვა საქმიანობაში", - ეს არის ამონარიდი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს სამძიმრის წერილიდან.

დეკანოზ კონსტანტინე - გამორჩეული, მრავალმხრივ განსწავლული, მოკრძალებული და დიდსულოვანი ადამიანი, რომელიც მუდამ სიკეთეს ასხივებდა. მამა კონსტანტინე წლების წინ, უფრო ზუსტად - 2012 წელს გავიცანი - "პალიტრა L“ - ის წიგნების წყალობით. მახსოვს, 2010 წლიდან დავიწყეთ ინოვაციური ქართული პროექტი - "წიგნები პრესასთან ერთად“. ამ პროექტების ხელმძღვანელობა, სამენეჯერო კუთხით, მე ჩამაბარეს, შესაბამისად: ავტორებთან, გამომცემლობებთან და მწერლების შთამომავლებთან ურთიერთობა უნდა მომეგვარებინა. ჩვენი შეხვედრა შედგა "ჩემი რჩეულის" სერიით გამოცემული დიდი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, პუბლიცისტის, მწერლის - იაკობ გოგებაშვილის 4-ტომეულის მესამე ტომთან დაკავშირებით, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის " საღმრთო ისტორია" და "დედა ენა" იყო თავმოყრილი. დეკანოზი კონსტანტინე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე გახლდათ. სწორედ ამ პერიოდში ვეწვიე მას სტუმრად და იაკობ გოგებაშვილის თაობაზე ჩავწერე ინტერვიუ.
მოკლედ, ასე მოვხვდი დეკანოზ კონსტანტინეს დიდ ოჯახში, საოცრად მშვიდ გარემოში, სადაც სუფევდა სიკეთე, სიყვარული და... ბევრი ბავშვი - მამა კონსტანტინეს შვილები. კარგა ხანს შემოვრჩი სტუმრად, გზადაგზა ბევრი საერთო ახლობელიც აღმოვაჩინეთ და გულიანადაც ვისაუბრეთ.
- მამა კონსტანტინე და უწმინდესი
- პროფესიით ექიმი გახლავართო, - მითხრა მამა კონსტანტინემ და მიამბო, რომ მღვდლად კურთხევამდე რამდენიმე წელი პეტერბურგში მუშაობდა. ერთხელ თბილისში რომ ჩამოსულა, უწმინდესს შეხვედრია და უჩვენებია წმინდა ექვთიმე გაენათელის წმინდა ნაწილების ფოტო, რომელიც რუსეთში, პეტერბურგთან ახლოს, მონასტერში გარდაიცვალა. მაშინ ის წმინდანად ჯერ კიდევ არ იყო შერაცხილი. პატრიარქს დიდი სურვილი ჰქონია, რომ მეუფე ექვთიმე სამშობლოში დაკრძალულიყო. საბოლოოდ, ამისთვის მიუღწია. მაშინ უკითხავს უწმინდესს, - შენ რას აკეთებო? - ექიმი ვარ და პეტერბურგში ვმუშაობო, - უპასუხია მამა კონსტანტინეს. უწმინდეს უთქვამს, - ექიმობა კარგია, მაგრამ ახლა აქეთ სჯობსო. ამ სიტყვებს მისი საქართველოში ჩამოსვლა დაუჩქარებია და ერთ წელიწადში ოჯახით სამშობლოში დაბრუნებულა.
წმინდა ექვთიმესთან დაკავშირებით ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდაო, - მითხრა მამა კონსტანტინემ. იმ დროს რუსეთში საფლავებს თხრიდნენ, ქონება რომ აღეწერათ. როცა პეტერბურგში დავბრუნდი, მეუფის საფლავი ამოთხრილი იყო და მისი სხეული ზემოთ დაგვხვდა, თითქოს გველოდებოდა. მის საფლავზე პირველი ქართული პანაშვიდი გადავიხადეთ. მე მედავითნე ვიყავი, მღვდელი კი - მამა რომანოზი (ფერაძე) იყო. მახსოვს, როცა პატრიარქმა გაიგო ჩემი თბილისში დაბრუნების ამბავი, გახარებულმა და გაკვირვებულმა მკითხა: - სულ წამოხვედიო?
პატრიარქს ძალიან უნდა, ყველა ქართველი ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს. ის ამას ყოველ ქადაგებაში აღნიშნავს. მისი სიტყვები, - ახლა აქეთ სჯობსო, დღესაც ჩამესმის...
- რატომ სჭირდება "დედა ენის" დაცვას გაცილებით მეტი ხანი, ვიდრე მის დაწერას დასჭირდა?!
წლების წინ, შინ სტუმრობისას მამა კონსტანტინეს ვთხოვე, იაკობ გოგებაშვილზეც ესაუბრა, მის "საღმრთო ისტორიაზე“, "დედა ენაზე“ და ცხადია, დიდი სიამოვნებით დამთანხმდა:
- ალბათ, იაკობ გოგებაშვილს საშუალება თუ მიეცემოდა, არავინ არაფერს დაიშურებდა, კომუნისტური გამყინვარების შემდეგ ისევ დაებრუნებინა ერში ასეთი დიდი ადამიანის შემოქმედება. სამწუხაროდ, საქართველოში, დიდი ტრადიციების ქვეყანაში, სადაც ენა, მამული, სარწმუნოება თითქოს წინა პლანზე დგას, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, რომ ქართული სული, ამ შემთხვევაში, იაკობ გოგებაშვილის სახით, კვლავ დაგვიბრუნდეს. პირიქით - კილავენ და აკნინებენ გოგებაშვილის შემოქმედებას. მე ვხედავ თქვენ მიერ გამოცემულ წიგნებს და მახარებს, რომ, მადლობა ღმერთს, კომპიუტერის ხანაში, როდესაც წიგნის კითხვა თითქოს დაავიწყდათ ადამიანებს, "პალიტრა L"-ისმიერ გამოცემულ წიგნებზე დიდი მოთხოვნილებაა.