"ქალი ამბობდა, ვფიქრობდი, შვილებს არასოდეს ვცემო, მაგრამ ცემა კი არა, უარესი ჩავიდინე, საკუთარი შვილი მოვკალიო" - რას ჰყვება ფსიქოლოგი, რომელსაც შვილების მკვლელობისთვის მსჯავრდადებულ დედებთან მუშაობა ევალებოდა
შემზარავი ფაქტი ბათუმში 22 თებერვალს მოხდა. კლინიკა "მედინაში" მომუშავე რეანიმაციის სანიტარმა გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგ ახალშობილს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ჩვილს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად რეანიმაციაშია და სიკვდილს ებრძვის. მიუხედავად მრავლობითი ქირურგიული ჩარევისა და ინტენსიური თერაპიისა, ახალშობილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტის მკურნალობაში ჩართული არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები. ექიმები აგრძელებენ ყველა შესაძლო ღონისძიებას პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად", - აცხადებენ კლინიკაში.
სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა ბრალდებულ დედას. ის სასამართლო პროცესზე არ მიუყვანიათ, რადგან თავად მას მკურნალობდნენ კლინიკაში - მშობიარობის დროს დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა ქალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარუდგინეს.
რატომ მიიღო ქალმა ასეთი უმძიმესი გადაწყვეტილება, რატომ კლავდა თავის ახალშობილს, რა თქვა მან დაკითხვაზე, ეს და სხვა დეტალები ჯერ უცნობია. როგორც კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ის მეუღლესთან გაშორებული იყო და მალავდა ორსულობას. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ქალს წინასწარ ჰქონდა განზრახული ჩვილის მკვლელობა. როგორც კლინიკა "მედინის" დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, ახალშობილს არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა: "არავის ეგონა, ბავშვი თუ გადარჩებოდა... გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, მეორე რეკონსტრუქციული იყო. ჯერ მძიმეა მისი მდგომარეობა, თუმცა იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა. ალბათ, ბავშვს პლასტიკური ოპერაციებიც დასჭირდება. ჯერ წინა პლანზეა თავის ტვინის პრობლემები, მას მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული - მოტეხილია ხაზოვანი თხემის ძვალი, არის ტვინის შეშუპებაც...".
საზოგადოების განსჯის საგანი გახდა უმძიმესი ფაქტი, როცა ნამშობიარევმა დედამ ახალშობილს დანით დაზიანებები მიაყენა, ტომარაში მოათავსა და სასიკვდილოდ გაიმეტა. მოქალაქეების უდიდესი ნაწილის აზრით, დამნაშავე დედა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ის ამჟამად ციხეშია. სავარაუდოდ, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა მისი ფსიქიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დედამ შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა. ამ ბრალდებით ახლაც და ადრეულ წლებშიც არაერთი ქალია გასამართლებული. ახალშობილის მკვლელობის შემთხვევები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ასეთი ქალები მშობიარობენ დაუხმარებლად, მარტო, მალულად სახლში, საპირფარეშოში. მკვლელობის მოტივია არასასურველი ბავშვის მოცილება, ხოლო მკვლელობის მეთოდებს შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება რესპირატორული გზების გადაკეტვა, რათა ბავშვის ტირილი არავინ გაიგოს და ქალის საიდუმლო ორსულობა და ბავშვის გაჩენა არ გამოაშკარავდეს.
რატომ ხოცავენ დედები შვილებს, როგორია მკვლელი დედის ფსიქოსოციალური პორტრეტი? - ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი წლების წინ იკვლევდა სწორედ ამ საკითხებს, ის თავად შედიოდა ციხეში და ჰქონდა კომუნიკაცია ასეთ ბრალდებულებთან. დღემდე ახსოვს იმ დედებთან დიალოგებიც, რომლებიც შვილის მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ მას ბათუმში მომხდარი ფაქტის შეფასება.
- თქვენი აზრით, რატომ მიდის ასეთ უმძიმეს გადაწყვეტილებამდე დედა, რატომ კლავს თავის შვილს, ახალშობილს?
- ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი შვილს არ მოკლავს და ასე სადისტურად არ მოექცევა. მე არაერთხელ შევხვედრივარ შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედებს. დღემდე მახსოვს ამ ბრალდებით გასამართლებულთა რიცხვიც და თითოეული ფაქტიც. მე ფსიქოლოგად ვმუშაობდი "ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში". მაშინ
შვილების მკვლელობისთვის 22 ქალი იხდიდა სასჯელს. თითქმის ყველა მსჯავრდადებული ამბობდა, რომ თვითონ იყო ძალადობის მსხვერპლი როგორც მშობლების ოჯახში, ასევე ქორწინებაში. ნაწილს ჰყავდა გაჩენილი შვილი მეგობარი მამაკაცისგან ან ქმრისგან და არასასურველ ჩვილს მოსაკლავად იმეტებდნენ.
ყველაზე მეტად მახსოვს სოფელ მისაქციელში მომხდარი გახმაურებული შემთხვევა, როცა დედამ შეშით გაუპო თავი საკუთარ შვილს. ვინც იმხანად სასჯელს იხდიდა, მხოლოდ ის ერთადერთი დედა აღიარებდა, რომ მან მოკლა შვილი. ეს ქალი მიამბობდა, რომ ის ძალიან ცუდ პირობებში იზრდებოდა, ალკოჰოლიკ მშობლებთან, გამუდმებულ ცემა-ტყეპაში. სამი დედმამიშვილი იყვნენ. ამბობდა, ყოველთვის ვფიქრობდი, მე რომ შვილები მეყოლება, მათ არ ვცემო, მაგრამ ცემა კი არა, უარესი ჩავიდინე, საკუთარი შვილი მოვკალიო. როგორც ამბობდა, განზრახვით არ მოუკლავს, მაგრამ იმდენად მიჩვეული იყო მშობლების ოჯახში ცემა-ტყეპას, რომ შეშის ნაჭერი ესროლა ბავშვს და მოკლა.
ის 16 წლის გაიქცა სახლიდან, სახლიც არ ერქვა იმას, სადაც ის ოჯახი ცხოვრობდა, ფარდულივით იყო. სახლ-კარი რომ დაკარგეს, მწყემსებისგან ქირაობდნენ ფარღალალა ფარდულს, სადღაც მინდორში და იქ აფარებდნენ თავს. სიდუხჭირესა და ლოთი მშობლების ძალადობას რომ გაჰქცეოდა, შემთხვევით მამაკაცს გაჰყვა ცოლად, იქ კი უარესი ძალადობის მსხვერპლი გახდა, როგორც ქმრისგან, ისე დედამთილისგან. იქიდანაც გამოიქცა და მშობლებთან დაბრუნდა, ფარდულში, ბავშვით ხელში. ბავშვი, რომელიც მოკლა, მისი უფროსი შვილი იყო. იმ ქალს ფსიქიატრიულშიც მკურნალობდნენ. ეს დეტალები განსაკუთრებულად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ნანობდა მომხდარს. სხვა მსჯავრდადებული დედებიდანაც არც ერთი მათგანი არ იყო ჰარმონიულ ოჯახში გაზრდილი, ყველა ძალადობის მსხვერპლი იყო.
- რატომ იქცევიან ასე, რატომ ხოცავენ შვილებს?
- ამ დროს ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს.
როცა ახალშობილს კლავენ, ერთ-ერთი ფაქტორია გარემოცვის ზეწოლა, იმის შიში, რომ საზოგადოება გაკიცხავს. თუმცა შეუძლებელია ასეთ დედას ფსიქიატრიული თუ არა, ფსიქოლოგიური პრობლემა მაინც არ ჰქონდეს. ამ შემთხვევაშიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამასთან გვაქვს საქმე. ასეთ დროს ქალი პასუხს არ აგებს თავის ქცევაზე.
- როგორც გაირკვა, ქალი მალავდა არასასურველ ორსულობას. ის მეუღლესთან ყოფილა გაშორებული, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, გამოდის, რადგან მალავდა, განზრახული ჰქონდა ჩვილის მკვლელობა?
- როგორც ჩანს, არასურველი ორსულობა იყო. დასაფიქრებელი ის არის, აქამდე რატომ მიიყვანა? ფსიქოლოგმა სწორი შეფასება უნდა გააკეთოს, ამიტომ მიჭირს დასკვნების გაკეთება. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, იმიტომ მალავდა, რომ საზოგადოების განკითხვის ეშინოდა. ვის უმალავდა, ესეც საკითხავია. პირველ რიგში ასეთი სტერეოტიპული აზროვნების გამო სჩადიან ასეთ დანაშაულს.
არსებობს მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც, ეს ცნობილი სინდრომია მედიცინაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ, რომ ქალი მალავდა ორსულობას.
დედისთვის ის არასასურველი ნაყოფი იყო, მან წინასწარგანზრახვით ჩაიდინა დანაშაული. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას თუ განვიხილავთ, მაშინ არ უნდა დაემალა. ძალიან რთულია შეფასება, როცა არ იცნობ საქმეს.
- თავად კლინიკაში მუშაობდა და თუ მშობიარობა დაეწყო და არ ჰქონდა განზრახული ჩვილის მოკვლა, ხომ შეეძლო მიემართა ექიმებისთვის? საპირფარეშოში ჩაიკეტა, თან ჰქონდა შეტანილი დანა, ახალშობილს არაერთი ჭრილობა მიაყენა, ტომარაში ჩააგდო... უმძიმესია ამის გააზრებაც კი.
- როცა მალავდა ფეხმძიმობას, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მე მოსამართლე არა ვარ, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ასე ჩანს - არასასურველი ორსულობა და არასასურველი ბავშვი იყო, თან იმდენად ძლიერი იყო ოჯახისგან და საზოგადოებისგანაც წნეხი, რომ ყველაფერზე წავიდა. თუმცა მაინც ვერ ვიფიქრებ, რომ ქალი ჯანსაღი ფსიქიკისაა.