უკრაინული დრონების გასეირნება აფხაზეთში - რატომ მოუხშირეს "კამიკაძეებმა" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის თავზე ნავარდს?!
რატომ მოუხშირეს ოკუპირებული აფხაზეთის თავზე უკრაინულმა კამიკაძე - დრონებმა „ნავარდს“?
დღეს, დილიდან, რუსულ მასმედიაში ასეთი ინფორმაცია გავრცელდა:
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები იპოვეს, - გამოცემა „ეხო კავკაზას“ ცნობით, ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ რუსულ მედიას დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შესახებ გაგრაში, ახალ ათონსა და გულრიფშში, თუმცა ადგილზე გაგზავნილმა მაშველებმა მათი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ შეძლეს და, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
რუსულ მასმედიაში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ დრონის ნამსხვრევები ნაპოვნი იქნა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშთან, რომელსაც აფხაზებმა სახელი პაკუაშად გადაარქვეს.
სოფელი ფოქვეში ოჩამჩირიდან 12 კმ-ში, ბესლახუბას შემდეგ მდებარეობს, ოჩამჩირე-ტყვარჩელს შუა და იქ, ძირითადად, აფხაზები ცხოვრობენ.
ეს სოფელი არავითარ მნიშვნელოვან სამხედრო ან სხვა დანიშნულების ობიექტს არ წარმოადგენს, რომ მისკენ ვინმეს სპეციალურად მიემართა კამიკაძე-დრონი. ამ უკანასკნელის შეჯახება ელექტროგადამცემ ხაზთან უფრო შემთხვევითობას უნდა მიეწეროს, ვიდრე - წინასწარ განზრახულ ქმედებებს.
მაგრამ მაშინ როგორ აღმოჩნდა ეს კამიკაძე-დრონი ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მთელი 145 კმ-ით დაცილებული რუსეთის საზღვრიდან, ქალაქ სოჭის მიმართულებით მაშინ, როდესაც თუკი აქამდე სოჭს ოკუპირებული აფხაზეთის ციდან უტევდნენ, უკრაინული კამიკაძეები, ისინი ახლა ამას საზღვრისპირა გაგრა-განთიადის რაიონიდან ახდენდნენ...
უკრაინული კამიკაძე-დრონების რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ცაში გამოჩენის ქრონოლოგია ასეთია:
- 2025 წლის ზაფხულში სოჭისკენ მფრენმა უკრაინულმა დრონებმა რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი გადაკვეთეს;
- 2026 წლის 23 თებერვალს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაგრის რეგიონში, მამზიშხას მთაზე პირველი სადამკვირვებლო მოედნის მახლობლად აფეთქება მოხდა“; „ტერიტორიის შემოწმების დროს აღმოაჩინეს ნამსხვრევები, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენ აპარატს ეკუთვნოდა“;
- 2026 წლის 24 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტულმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დე ფაქტო საზღვრის მახლობლად, სოფელ განთიადში (ცანდრიპში) დრონი ჩამოაგდეს. მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
ამჯერად უკრაინული კამიკაძე-დრონი კი ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში გამოჩნდა, რაც ორ ვერსიას აჩენს:
პირველი ვერსია - უკრაინული სამხედრო დაზვერვა ნელ-ნელა „ითვისებს“ ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონს, რათა ოჩამჩირის პორტში მეტ-ნაკლებად მსხვილტონაჟიანი რუსული სამხედრო ხომალდების გამოჩენის შემთხვევაში მათ კამიკაძე-დრონები „მიუსიოს“, როგორც ამას სისტემატურად აკეთებს ოკუპირებული სევასტოპოლისა და რუსული ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზების წინააღმდეგ;
მეორე ვერსია - გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა გააძლიერა საჰაერო თავდაცვა ოკუპირებული აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სოჭი-ადლერის მიმართულებით, უკრაინის გენშტაბი რუსეთის სამხრეთ ნაწილში კამიკაძე-დრონების გაგზავნას აპირებს ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირე-ტყვარჩელის მიმართულებიდან რუსეთის ჩრდილო-კავკასიისკენ, რადგან იმ რაიონში რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალებები თითქმის არ არის - რუსი გენერლები ამ, სამხრეთ მიმართულებაზე მეზობელი საქართველოდან არანაირ საფრთხეს არ ელოდებიან.
რაც შეეხება თავად აფეთქებული კამიკაძე-დრონის ფრაგმენტების ანალიზს - გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს თვითმფრინავის კონსტრუქციის დრონის „ჩარჩოს“ ფორმის კუდის ნაწილი ზედ დაწერილი ციფრებით - 4055 01-რაც მის სერიულ ან საიდენტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 23 თებერვალს გაგრის რეგიონში, მამზიშხას მთაზე ჩამოვარდნილი დრონიც ანალოგიური კონსტრუქციის იყო.
უკრაინის შეიარაღებაში არსებობს რამდენიმე დრონი, რომლებსაც აქვთ ე.წ. ჩარჩოს ფორმის კუდი (ორკოჭიანი ან Twin-boom კონსტრუქცია). ეს დიზაინი უზრუნველყოფს ფრენის სტაბილურობას და საშუალებას იძლევა, დრონის უკანა ნაწილში განთავსდეს მბიძგავი პროპელერი.
„ჩარჩოს“ ფორმის კუდი დამახასიათებელია შორსმფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონისთვის An-196 Liutyi-ისთვის (რომელიც პირდაპირ ატერორებს რუსეთს მისივე ტერიტორიის სიღრმეში), მაგრამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონი უფრო მცირე ზომისაა, სხვა ტიპისაა და უფრო წააგავს უკრაინულ PD-2 («People's Drone»)-სა ან Fire Point FP-1-ს, მაგრამ მათგან მაინც განსხვავდება კუდის ჰორიზონტალური ფრთასხმულობის ფორმით.