ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა, მაგრამ დედა ამის წინააღმდეგი იყო - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ეკა ჩხეიძის ქალიშვილი, ინანო მუშკუდიანი
იტალიაში მცხოვრები ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი ინანო მუშკუდიანი დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. დედა - მსახიობი ეკა ჩხეიძე, ბაბუა - რეჟისორი თემურ ჩხეიძე, დიდი ბებია - მსახიობი მედეა ჩახავა. მამა -არქიტექტორი ლევან მუშკუდიანი, ბაბუა მამის მხრიდან -საოპერო მომღერალი და კინომსახიობი თენგიზ მუშკუდიანი.
ბავშვობაში ინანოს მსახიობობა უნდოდა, მაგრამ დედა ამის წინააღმდეგი იყო. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ინანომ ბიზნესის მიმართულებით გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდა "ოპერა დიზაინში". ეს შპს ცნობილი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

სამსახურიდან ინანოს ხშირად უხდებოდა ტრენინგებზე სიარული სხვადასხვა წამყვან ინდუსტრიული დიზაინის კომპანიაში. ერთი ასეთი ტრენინგი შედგა შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, კომპანიაში "ვიტრა". ინანომ აქ ნახა პირველად, თუ როგორ ხდება დიზაინის შექმნა, წარმოება, პროტოტიპაცია. ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისთვის, რომ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. შესაბამისი სასწავლებელი დიდხანს ეძება და საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა ინტერიერისა და ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტზე, რომში.

ინანო სწავლის დაწყებისთანავე მიხვდა, რომ არ შემცდარა და ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით გააკეთებდა.