ირანის დარტყმა აზერბაიჯანზე: რატომ ვერ მოიგერია აზერბაიჯანულმა საჰაერო თავდაცვამ Arash-2-ის ტიპის კამიკაძე-დრონები?! - კვირის პალიტრა

ირანის დარტყმა აზერბაიჯანზე: რატომ ვერ მოიგერია აზერბაიჯანულმა საჰაერო თავდაცვამ Arash-2-ის ტიპის კამიკაძე-დრონები?!

ირანმა კამიკაძე-დრონებით აზერბაიჯანის ნახიჩევანსაც კი დაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა ირანს აიათოლა ხამენეის დაღუპვა ღიად მიუსამძიმრა, რაც ტრამპის მოწონებას არ დაიმსახურებდა...

სიტუაცია ირანის ომთან დაკავშირებით ელვისუსწრაფესად იცვლება -ირანმა თავის კიდევ ერთ მეზობელს, აზერბაიჯანს, უფრო სწორად კი მის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასაც დაარტყა - ნახიჩევანის აეროპორტზე დღეს, ერთი საათის წინ, ირანულმა კამიკაძე-დრონმა Arash-2-მა მიზანმიმართული შეტევა განახორციელა...

ეს განსაკუთრებით მოულოდნელად გამოჩნდა იმის ფონზე, როდესაც ისრაელ-აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არათუ ოფიციალურად მიუსამძიმრა ირანს მისი უზენაესი ლიდერის - აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა, არამედ პირადად ეწვია ბაქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს სამძიმრის გადასაცემად, რაც მგონი, მსოფლიოში, არც ერთი ქვეყნის პირველ პირს არ გაუკეთებია და რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია...

1-naxi-1772705063.jpeg
აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი ირანული საჰაერო თავდასხმის ყველაზე ახლო და ამასთან - მსხვილ სამიზნედ იქცა...

დაზუსტებული ინფორმაციით, ერთი ირანული კამიკაძე-დრონი Arash-2 (რისი იდენტიფიცირებაც შეიძლება გავრცელებულ ვიდეოკადრებში) დამახასიათებელი ხმით პიკირებს ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალის შენობაზე და ფეთქდება (აეროპორტის შენობა დაზიანდა, დაიჭრა ორი ადამიანი), ხოლო მეორე ირანულმა კამიკაძე-დრონმა კი შეტევა მიიტანა ნახიჩევანის სოფელ შეკერაბადის სკოლის სიახლოვეს...

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულია ირანის სრულუფლებიანი ელჩი, მისთვის ოფიციალური პროტესტის გადასაცემად და იმის სათქმელად, რომ აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად...

რატომ დაარტყა ირანმა თავის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანას, მით უმეტეს მაშინ, როცა აზერბაიჯანის საჰაერო სივრციდან ისრაელის ან აშშ-ის ირანზე საჰაერო თავდასხმის რაიმე ოფიციალური ინფორმაცია აქამდე არ გაჟღერებულა?

ის, რომ ირანულ რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს ირანის სამეზობლოში ახალ-ახალ ქვეყნებზე მიაქვთ იერიშები, უფრო იმას მიუთითებს, რომ ირანის რეჟიმმა აირჩია მოქმედების შემდეგი გზა - ჩვენს შემდეგ თუნდაც ქვა-ქვაზე აღარ დარჩესო და საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ყველა მიმართულებით, სადამდეც მიწვდება.

2-naxi-1772705063.jpg
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული კამიკაძე-დრონის Arash-2-ის საჰაერო შეტევისა და აფეთქების მომენტი...

რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთ საჰაერო შეტევებს გეგმავენ არა ირანის გენშტაბში, ცენტრალიზებულად (თუკი ამდენი დაბომბვების შემდეგ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საერთოდ ფუნქციონირებს), არამედ საშუალო რგოლის სამხედრო მეთაურები კონკრეტული მიმართულებებით...

კითხვას ბადებს კიდევ ერთი მომენტიც...

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს აზერბაიჯანისთვის, რომელთანაც მას არ აქვს პირდაპირი სახმელეთო და საჰაერო კავშირი (აქამდე მიმოსვლა სწორედ ირანის ტერიტორიის გავლით ხორციელდებოდა) და ნახიჩევანი 1990-ანი წლების დასაწყისიდან მუდმივად წარმოადგენდა აზერბაიჯანთან ომში მყოფი სომხეთის მხრიდან პოტენციური შეტევის მიმართულებას (ის, რომ ყარაბაღისა და აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონის „დამკავებელმა“ სომხეთმა ვერ გაბედა ნახევრადალყაში მოქცეულ ნახიჩევანზე თავდასხმა, პირველ რიგში, თურქეთის საპასუხო ქმედებების შიშის გამო იყო), შესაბამისად, ოფიციალური ბაქო ცდილობდა, მუდმივად გაეძლიერებინა ნახიჩევანის ავტონომიურად თავდაცვის პოტენციალი, მათ შორის - თანამედროვე საჰაერო-საზენიტო კომპლექსების საშუალებით...

3-naxi-1772705063.png
ნახიჩევანის აეროპორტი ათი კმ-ითაც კი არ არის დაშორებული ირანის საზღვრიდან, რამაც გაართულა ძალიან დაბალ სიმაღლეზე სამიოდე წუთით შემოფრენილი ირანული კამიკაძე-დრონის დროული აღმოჩენა და სწრაფი რეაგირება მის ჩამოსაგდებად...

ამ მიზნით, ბაქო ისრაელში, თურქეთში და რუსეთში ყიდულობდა სხვადასხვა სიშორის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიიდან შეჰქონდა ნახიჩევანის ტერიტორიაზე და ისინი ისე იყვნენ განთავსებულნი, რომ საჭიროების შემთხვევაში, დროულად აღმოეჩინათ და მოეგერებინათ ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ანუ სომხეთის საზღვრის მხრიდან დაწყებული საჰაერო იერიშები, შესაბამისად, სამხრეთ მიმართულებას, ირანთან საზღვარს, ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

4-naxi-1772706115.png
ირანული კამიკაძე-დრონი Arash-2-ი საყოველთაოდ ცნობილ Shahed-136 -ზე დიდია და თუკი „შაჰიდს“ მხოლოდ 50 კგ-იანი საბრძოლო ქობინი მიაქვს, „არაშის“ საბრძოლო მუხტის მასა 260 კგ-მდეა...

ამასთან, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანმა ჩათვალა, რომ ნახიჩევანზე სომხეთიდან თავდასხმის საფრთხე თითქმის გაქრა და ეტყობა, მოდუნდა, რადგან ნაკლებად ელოდებოდა ნახიჩევანზე თავდასხმას და თანაც „ზურგიდან“ - ირანიდან...

და რაც მთავარია - ნახიჩევანის აეროპორტის ტერმინალი, რომელზეც საჰაერო შეტევა განხორციელდა, ირანის საზღვრიდან პირდაპირი ხაზით 10 კმ-ითაც კი არ არის დაშორებული, რა მანძილის გასაფრენად ირანულ კამიკაძე-დრონ Arash-2-ს 3 წთ-იც კი ეყოფოდა...

ეს რამდენიმე წუთი კი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ძალიან დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონი აღმოაჩინო და მოასწრო სწრაფი რეაგირება მის ჩამოსაგდებად...