საქართველოს საჰაერო თავდაცვა და ირანული "შაჰიდების" საფრთხე - ემუქრება თუ არა ჩვენს ქვეყანას "აზერბაიჯანული სცენარი"?!
ამერიკის საელჩო და ლუგარის ცენტრი - ირანული კამიკაძე-დრონების შესაძლო „მსუყე“ სამიზნეები თბილისში?!
მას შემდეგ, რაც დღეს ირანულმა კამიკაძე-დრონებმა საჰაერო შეტევა მიიტანეს აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე, გუშინ კი ირანული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს თურქეთის მიმართულებით, უკვე აღარაფერია გამორიცხული, მათ შორის ისეთი ახალი „მსუყე “ სამიზნეების მოძებნა სამხრეთ კავკასიაში, რომლებზეც შეტევაც ირანის ამჟამინდელ ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს და საპასუხო დარტყმების თავიც არ დაუკარგავს...
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიიდან ირანს არავინ დამუქრებია, არ არის გამორიცხული, რომ როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნების დედაქალაქებში ირანმა შეტევები მიიტანა აშშ-ის საელჩოებზე, იგივე სცადოს ბაქოშიც, ერევანშიც და თბილისშიც, რასაც დაემატება ახალი სამიზნეები ისრაელის საელჩოების სახით, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში არ არის...
ბაქომ და ერევანმა საკუთარ პრობლემებზე იტეხონ თავი, ჩვენ კი უფრო ის გვადარდებს, რომ რომელიმე საშუალო რგოლის ირანელ ოფიცერს, გინდ არმიიდან და მით უმეტეს - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან, მართლაც არ დაუჯდეს ჭკუაში თბილისში მდებარე აშშ-ისა თუ ისრაელის საელჩოს შენობაზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება...
თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობების კომპლექსიდან ირანის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვრამდე, პირდაპირი ხაზით 241 კმ-ია, ისრაელის საელჩოდან კი - 233 კმ.
მართალია, ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, დაბალ სიმაღლეზე მფრენი კამიკაძე-დრონები სწორხაზოვნად, როგორც წესი, არ დაფრინავენ და ხშირ მანევრირებას ახდენენ დაბრკოლებების გვერდის ასავლელად, მაგრამ ირანული კამიკაძე-დრონების უმეტესი ნაწილის ფრენის სიშორე სრულიად საკმარისია ამ მანძილის დასაფარად.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე ისრაელის საელჩო „მთელი“ 8 კმ-ით ახლოა ირანის საზღვართან, დიღომში განთავსებული აშშ-ის საელჩოს კომპლექსი განცალკევებულად დგას და საუკეთესო კონტრასტულ სამიზნეს წარმოადგენს ინერციული და თანამგზავრული ნავიგაციით მართვადი ირანული კამიკაძე-დრონებისთვის...
ანალოგიურის თქმა შეიძლება თბილისის აეროპორტთან განცალკევებით მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზე, რომელიც ირანის რეჟიმისთვის, ასევე, აღიქმება, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ამერიკული ობიექტი, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს იურისდიქციაშია.
ისევე, როგორც სპარსეთის ქვეყნების დედაქალაქებში, ირანულმა კამიკაძე-დრონებმა შეუტიეს აშშ-ის საელჩოებისა და საკონსულოების შენობებს,თბილისში განცალკევებით მდებარე აშშ-ის საელჩოს კომპლექსი შეიძლება მორიგ „მსუყე ლუკმად“ ჩათვალონ ირანული „შაჰიდების“ გამშვებებმა...
დღეს საქართველოში ზოგი საუბრებს იმაზე, რომ ირანმა შეიძლება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსაც დაარტყას, რაც ასევე სულაც არ არის გამორიცხული, მაგრამ აიათოლების რეჟიმისთვის ბევრად მომგებიანი იქნება, არა სადღაც მინდორში აალებული მილსადენის ვიდეოკადრები, არამედ ის, რომ მთელმა მსოფლიომ იხილოს მორიგი ამერიკული საელჩოს ან სხვა ცნობილი ამერიკული ობიექტის „აგიზგიზება“, სპარსეთის ყურის შემდეგ კიდევ ერთ ქვეყანაში...
თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობაზე შემოტევამდე, ირანულ კამიკაძე-დრონებს გზაში „გასავლელი“ ექნებათ სომხეთის დედაქალაქ ერევანში განთავსებული ბევრად უფრო გრანდიოზული ამერიკული საელჩოს კომპლექსიც, რომელზე დარტყმაც აიათოლების რეჟიმიდან შემორჩენილებს არანაკლები სიხარულის საფუძველს მისცემდა, თუმცა ირან-სომხეთის მრავალწლიანი განსაკუთრებული სამეზობლო ურთიერთობებით გამომდინარე, შეიძლება ირანულმა კამიკაძე-დრონებმა „თვალები დაიბრმავონ“, გვერდზე ჩაუფრინონ ერევანს და „საკბილოები“ მაინცდამაინც ჩვენს თბილისში ეძებონ...
ამავე ბლოგში, 3 მარტის სტატიაში „დიდი საფრთხე საქართველოსთვის: რამდენად შესაძლებელია, რომ ქართული ცის გავლით ირანულმა „შაჰიდებმა“ დაარტყან რუმინეთში ამერიკულ ანტისარაკეტო რადარს?!“ ვწერდით, რომ სომხეთიდან შემოფრენილ ირანულ კამიკაძე-დრონებს ერთი საათიც კმარათ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შავი ზღვის სანაპიროზე გავიდნენ და ფრენა რუმინეთისკენ, ამერიკული ანტისარაკეტო რადარისკენ გააგრძელონ.
სომხეთის საზღვრიდან თბილისში, აშშ-ის საელჩომდე პირდაპირი ხაზით სულ რაღაც 60-იოდე კმ-ია, რომლის გადალახვა 180 კმ/სთ სიჩქარით მფრენ ირანულ „შაჰიდებს“ 20-30 წუთში შეეძლებათ (თუკი რეაქტიულძრავიანი კამიკაძე-დრონები იქნებიან, მაშინ ეს დრო ნახევრდება), რაც ძალიან მცირე დროა დაბალ სიმაღლეზე მფრენი მცირე ზომის კამიკაძე-დრონების აღმოჩენა/გაყოლება/დამიზნება/ჩამოგდებისთვის.
საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა, სამწუხაროდ ვერ დაიკვეხნის ვერც ეშელონირებული ზღუდეების არსებობით და ვერც რადიოლოკატორებისა და საზენიტო რაკეტების სიმრავლით, რომ ასპროცენტიანად იქნეს გადაკეტილი პოტენციურად საშიში საჰაერო მიმართულებები ჩვენს დედაქალაქამდე...
ირანულ „შაჰიდებსა“ და მის კლონ რუსულ „გერანებს“ უკრაინელები ოთხ წელზე მეტია, ძირითადად, მობილური საზენიტო ჯგუფებით ებრძვიან, რომლებიც პიკაპზე დამონტაჟებულ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევსა და მძლავრ პროჟექტორს აერთიანებს, ზოგიერთს ღამის ხედვის ხელსაწყოები და თბოვიზორებიც აქვთ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია უშუალოდ მსროლელი მეზენიტეების გამოცდილებასა და მოხერხებულებაზე...
საქართველოს საჰაერო თავდაცვას არც ასეთი მობილური საზენიტო ჯგუფები ჰყავს და არც ამგვარი შეიარაღება აქვს და შესაბამისად, არ ფლობს დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონების სწრაფი აღმოჩენა/ჩამოგდების ტაქტიკასა და გამოცდილებას.
რაც შეეხება, „იგლასა“ თუ „გრომის“ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლესების გამოყენებას, ისინი ნაკლებად ეფექტიანი არიან მოტოციკლეტის მსგავსი შიდაწვის ძრავიანი „შაჰიდების“ მიერ გამოყოფილი სითბოზე დამიზნებისას, რადგან რეაქტიულძრავიანი საფრენი აპარატებისგან განსხვავებით, ისინი ბევრად ნაკლებ სიმხურვალეს გამოყოფენ, რაც არ არის საკმარისი „გრომების“ სითბური თვითდამიზნების თავაკების მიერ „შაჰიდების“ მიზანში ამოსაღებად.
იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სტატიაში გამოთქმული ვარაუდები კონკრეტულ საფრთხეებზე, არასოდეს განხორციელდება რეალობაში და ჩვენი ქვეყანა თავის დედაქალაქიან-სოფლებიანად გადაურჩება იმ საშინელებას, რაც დღეს ჩვენს სამეზობლოში ხდება...