ირანის "განკითხვის დღის იარაღის" საიდუმლო ანუ როგორ მივიდა მსოფლიო ახალ დიდი ომამდე - კვირის პალიტრა

ირანის "განკითხვის დღის იარაღის" საიდუმლო ანუ როგორ მივიდა მსოფლიო ახალ დიდ ომამდე

ორმაგი დანიშნულების მოწყობილობა-დანადგარებისა და ინსტრუმენტების საქართველოდან ექსპორტის აღმკვეთი ღონისძიებების შესამუშავებლად 1990–იანი წლების მეორე ნახევარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურიმა ბიურომ თბილისში რამდენიმე თათბირ-სემინარი ჩაატარეს. ამ ღონისძიებებში, რომლებიც აშშ-ის ძველ საელჩოში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შენობაში იმართებოდა, ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურად ვმონაწილეობდი.

ბუნებრივია, განხილვა/ანალიზის საგანი მხოლოდ ირანი არ იყო: საქართველოს ხელისუფლებას უნდა აღეკვეთა ორმაგი დანიშნულების მოწყობილობა-დანადგარებისა და ინსტრუმენტების ექსპორტი იმ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ბირთვული და ქიმიური იარაღის ფარულ წარმოებას გეგმავდნენ. გავიდა რამდენიმე თვე და შემთხვევით შევიტყვე, რომ ირანში ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში ჩემი CV გავაგზავნე. ერთი კვირის შემდეგ კი ვიზაზე უარი მითხრეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი მონაწილეობა ამ საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციაში მათთვის მიზანშეწონილი არ იყო. არანაირი სხვა ახსნა/დასაბუთება, მხოლოდ - უარი ვიზაზე. სიმართლე გითხრათ, დღემდე არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი.

ამ მოვლენებიდან გავიდა ათ წელზე ოდნავ მეტი დრო და საქართველოში ირანის საელჩოს ყურადღების ცენტრში კვლავ მოვხვდი. თუმცა სანამ ამის შესახებ მოგითხრობთ, მინდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ირანის სპეცსამსხურების აქტიურობის რამდენიმე ფაქტი გავიხსენო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ის ყველაზე დიდი თავისტკივილი იმ ატომური პოტენციალის და მასობრივი განადგურების (უპირველესად - ქიმიური და ბიოლოგიური) იარაღის გაკონტროლება გახდა, რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე აღმოჩნდა გაფანტული. აშშ-ის სპეცსამსახურები ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ ბირთვული ტექნოლოგიების, ურანისა და მისი ნარჩენების, ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ტერორისტების და ტერორისტული ორგანიზაციების სპონსორი ქვეყნების ხელში მოხვედრა, ასევე, მათ მიერ შესაბამისი მიმართულების სამეცნიერო კადრებისა და კვალიფიციური სპეციალისტების გადაბირება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ეკონომიკური და სამხედრო დახმარების ხელშეკრულებები მხოლოდ იმ პირობით ფორმდებოდა, თუ აშშ მიიღებდა ასევე ორმაგი დანიშნულების მოწყობილობა-დანადგარებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აღკვეთის სრულ გარანტიას. მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების ტექნოლოგიების, სამეცნიერო-ტექნიკური გამოკვლევების და ინფორმაციის, აგრეთვე, სამეცნიერო მომსახურების ექსპორტი პოსტსაბჭოთა ქვეყნების კანონმდებლობით უნდა აკრძალულიყო. თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდის ქაოსს და მატერიალურ გაჭირვებას, გასაკვირი სრულიადაც არ იქნება, თუ რესურსებით მდიდარ და ბირთვული იარაღის შექმნაზე მეოცნებე რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურს მოეხერხებინა და შეეძინა შესაბამისი ტექნოლოგიები, ნედლეული და გადაებირებინა მეცნიერ-სპეციალისტები. ერთ-ერთი ამგვარი „საეჭვო რეპუტაციის“ ქვეყანა ირანი გახლდათ, რომელიც „პროქსი“ სტრუქტურების დახმარებით ცდილობდა ბირთვული ტექნოლოგიების, მოპოვებას.

ამერიკის განსაკუთრებული ყურადღება რუსეთისა და უკრაინისკენ იყო მიმართული, რადგანაც ამ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე იყო უმეტესად განლაგებული ბირთვული რაკეტები, ბირთვული ტექნოლოგიების საწარმოები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები.

არსებული ინფორმაციით, 1991 წელს უკრაინაში იყო: დაახლოებით, 2000-მდე ბირთვული ქობინი, 170-ზე მეტი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა და 40-ზე მეტი სტრატეგიული ბომბდამშენი. ამ პოტენციალით უკრაინა, ფაქტობრივად, მსოფლიოში მესამე ბირთვული სახელმწიფო გახლდათ აშშ-ისა და რუსეთის შემდეგ. ორწლიანი მოლაპარაკებების დასრულების შედეგად უკრაინამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არაბირთვული სახელმწიფო გახდებოდა და ყველა ქობინს რუსეთს გადასცემდა. 1994 წლის 5 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში (დღევანდელი გადასახედიდან უკრაინისთვის ნამდვილად ბედის დაცინვაა) ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას. სადაც, ასევე, გათვალისწინებული იყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, კერძოდ - მთავარი: უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. გარანტორი ქვეყნები კი იყვნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი და... რუსეთი. ამიტომ, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმა, რუსეთის მიერ არა მარტო საერთაშორისო სამართლის ნორმების, არამედ - საკუთარი ვალდებულებების დარღვევაც იყო.

ismail

ისმაილ ჰანია, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ყოფილი მეთაური

საკუთრი ბირთვული შეიარაღება რუსეთს, ასევე, გადასცეს ბელორუსიამ და ყაზახეთმა. საინტერესოა, თუ რამდენად საიმედოდ იყო დაცული თავად რუსეთში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების ტექნოლოგიები, სამეცნიერო-ტექნიკური გამოკვლევები და შესაბამისი საიდუმლო ინფორმაცია? თუ გავიხსენებთ გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ქაოსს, გასაგები გახდება, რომ ამ მხრივ სწორედ რუსეთში არსებობდა ყველაზე დიდი საფრთხე. იმ პერიოდში რუსეთი დასავლეთის კრედიტებითა და გრანტებით სულდგმულობდა, ამიტომ „კრემლი“ ცდილობდა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მკაცრად იცავდა ყველა საერთაშორისო ვალდებულებასა და მოთხოვნებს. ამის საილუსტრაციოდ რუსეთის ხელისუფლებამ მანამდე წარმოუდგენელ ხერხს მიმართა: სპეცსამსახურები მასმედიაში აქვეყნებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღკვეთეს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ხელში ჩაეგდოთ ბირთვული იარაღის წარმოების ტექნოლოგიები და სამეცნიერო-ტექნიკური გამოკვლევები. ქვემოთ გაგაცნობთ იმ მაგალითებს, რომელიც კონკრეტულად ირანს ეხება.

უნდა ითქვას, რომ 1995-1998 წლის ზაფხულამდე რუსეთის კონტრდაზვერვა საკმაოდ აქტიურ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებდა ირანის დაზვერვის წინააღმდეგ.

1997 წლის დასაწყისში სამარაში ირანის სამი მოქალაქე ცდილობდა ერთ-ერთ ადგილობრივ სამეცნიერო-ტექნიკურ ფირმასთან გაეფორმებინა, ვითომდა, აირსატუმბი სადგურის აღჭურვილობის წარმოების ხელშეკრულება. მაშინ ეფ-ეს-ბემ დაადგინა, რომ სინამდვილეში ირანელებს თხევადი საწვავის რაკეტის ძრავის აგრეგატებისა და კომპონენტების წარმოება სურდათ. ირანელები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მისცეს და მხოლოდ ქვეყნიდან გააძევეს.

1997 წლის 15 ნოემბერს ეფ-ეს-ბემ მოსკოვის მეტროში ირანის საელჩოს ტექნიკური თანამშრომელი რეზა თეიმური დააკავა, რომელიც რუსეთის მოქალაქისგან სარაკეტო ძრავების ტექნიკური დოკუმენტაციის შეძენას ცდილობდა. შემდეგ რეზა თეიმური ირანის საელჩოს გადასცეს და მოსკოვი 18 ნოემბრის საღამოს დატოვა. მოსკოვში ირანის საელჩომ მაშინ განაცხადა, რომ საელჩოს არანაირი კავშირი არ აქვს სარაკეტო ტექნოლოგიების დოკუმენტაციის შეძენასთან, ხოლო რეზა თეიმური საელჩოს თანამშრომელი არ არისო. თან ისიც დაამატეს: ირანი არ ეძებს სარაკეტო ტექნოლოგიებს და ირანის პროგრამები მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისააო. სწორედ ამაზე იტყვიან: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

hasan

ჰასან ნასრალა, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰესბოლას“ ყოფილი მეთაური

1997 წლის ივნისში რუსეთიდან გააძევეს ირანის სამხედრო დელეგაცის წევრი აზიზ მასუდი, რომელიც რუსეთის მოქალაქისგან სამხედრო ავიაციის თანამედროვე ტექნიკური დოკუმენტაციის შეძენას ცდილობდა.

1994 წლიდან რუსეთში ძალზე აქტიურობდა ირანული სამრეწველო ჯგუფი (რეალურად კი - ირანის დაზვერვის რეზიდენტურა) "Sanam Industrial Group", რომლის წარმომადგენლები (ფაქტობრივად, ირანელი მზვერავები) ცდილობდნენ, მიეღოთ ინფორმაცია უახლეს სარაკეტო-კოსმოსურ, საავიაციო, ბირთვულ და ლაზერულ ტექნოლოგიებზე, რისთვისაც ფულს არ იშურებდნენ. მათ ძალზე "მეგობრული" კონტაქტები დაამყარეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ელიტასთან. ირანის დაზვერვას შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა: სანქტ პეტერბურგში არსებულ ბალტიის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში (იგივე ლენინგრადის სამხედრო-მექანიკური ინსტიტუტი) მათ "სტუდენტთა" დიდი დესანტი მიავლინეს. ირანის სპეცსამსახურებმა შეძლეს, მოსკოვში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ წამყვან ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში (ჩემი ინფორმაციით - მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში) ძლიერი ოპერატიული პოზიციების მოპოვება და დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ, სპეციალიტთა ჯგუფის გადაბირება. მიზანი უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიების დამუშავება და ირანისთვის გადაცემა იყო. 1998 წლის იანვარში Sanam Industrial Group-ს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობა აეკრძალა. აქვე ვიტყვი, რომ ეს ვითომდა კომერციული ორგანიზაცია 2000-იანი წლების დასაწყისიდან დასანქცირებულია, როგორც ირანის ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე.

1998 წლის დასწყისში ირანის მოქალაქემ ალი მაზიდი მუჰამედიმ შეძლო მოსკოვში დროებით მცხოვრები სამი ტაჯიკი პიროვნების დახმარებით 22 ტონა ლეგირებული ფოლადის შეძენა, ფარულად ირანში გადატანის მიზნით. 1998 წლის მარტის ბოლოს აზერბაიჯანის საბაჟოს თანამშრომლებმა ეს ტვირთი დააკავეს. შემდეგ გაირკვა, რომ ლეგირებული ფოლადი Scud ტიპის ბალისტიკური რაკეტების საწვავის ავზების დასამზადებლად იყო განკუთვნილი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ირანის სპეცსამსახურების წინააღმდეგ რუსეთის კონტრდაზვერვის განსაკუთრებული აქტიურობა 1995-1998 წლებზე მოდის, როდესაც ამ სპეცსამსახურს სერგეი სტეპაშინი და შემდეგ - ნიკოლაი კოვალიოვი ხელმძღვანელობდნენ.

1998 წლის 25 ივნისს ეფ-ეს-ბეს დირექტორად ვლადიმერ პუტინი დაინიშნა. ამ პერიოდიდან კარდინალურად შეიცვალა რუსეთის კონტრდაზვერვის საქმიანობის პრიორიტეტები და მისი მთავარი ძალები ირანის ნაცვლად "ნატოს" წევრი ქვეყნის - თურქეთის წინააღმდეგ იქნა მიმართული. პუტინის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ირანის ბირთვული პროგრამა რუსეთ-ამერიკის "პოლიტიკური ვაჭრობის" ის ძირითადი კომპონენტი გახდა, რომელსაც რუსეთი მაშინ მოიმარჯვებდა, როცა სჭირდებოდა. პუტინის მმართველობის დროს გაძლიერდა პოლიტიკური სამკუთხედი „ რუსეთი-ირანი-სომხეთი“, რომელიც ეკონომიკურად, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად დაუპირისპირდა მაშინ პროდასავლურ პოლიტიკურ სამკუთხედს: „აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს“.

ასევე დაგაინტერესებთ: რას ეზიდებოდნენ ირანული სპეცსამსახურები საქართველოდან თეირანში?!

რატომ არ დაეხმარა ედუარდ შევარდნაძე ჰეიდარ ალიევს?! - უცნობი ამბები წარსულიდან

რუსთაველის გამზირი: "კაგებეს" საცდელი პოლიგონი?! - საიდუმლო ნივთიერება, რომლითაც ქართველები დაწამლეს

"ეს სტალინისთვის! ეს ბერიასთვის!" - ქართველთა დასჯის ქრონიკა: რა საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა "სობჩაკის კომისიამ"

რუსეთი ოფიციალურად ყოველთვის ეთანხმებოდა გაეროს მიერ მიღებულ ბირთვული იარაღის წარმოების აკრძალვის დადგენილებებსა და სანქციებს, კვერს უკრავდა აშშ-ს ირანის ბირთვული პოტენციალის გაფართოების საფრთხის შესახებ, სინამდვილეში კი თავად აქეზებდა (პოლიტიკური მხარდაჭერით და ტექნიკური დახმარებით) ირანის ზღვარგასულ ჯიუტობას. ასე გრძელდებოდა წლობით. ამასობაში კი ირანი გამალებით მუშაობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე, ხოლო მისი ხელისუფლება მწვავე და სახიფათო განცხადებებს აკეთებდა და განადგურებით ემუქრებოდა ისრაელს. ისიც კარგად იყო ცნობილი, რომ ირანი აფინანსებდა ლიბანში განლაგებულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“, რომლის ერთ-ერთი მეთაური - ჰასან ნასრალაჰა არ მალავდა და პირდაპირ აცხადებდა: ირანი „ჰესბოლას“ აწვდის იარაღს, აფინანსებს და შთააგონებსო.

ირანის ხელისუფლება ასევე არ აკლებდა ყურადღებას ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასსაც“. 2006 წლის 23 ივნისს სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალში“ გამოქვეყნდა ამ სტრიქონების ავტორის სტატია: „ირანის ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლო“, სადაც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების ანალიზის საფუძველზე, გაკეთებული იყო ორი ძირითადი დასკვნა:

1. ირანი აქტიურად მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე;

2. ირანი აფინანსებს და ყველანაირად ეხმარება საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს.

გამოქვეყნებულ მასალას საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს გამოხმაურება და ოფიციალური წერილი მოჰყვა, ჟურნალ „არსენალის“ ღრმად პატივცემული მთავარი რედაქტორის სახელზე. წერილის დედანს ქვემოთ გთავაზობთ.

.picture3-1772777141.jpg

ირანის საელჩო კატეგორიულად არ დაეთანხმა ჩემ მიერ გამოთქმულ შეფასებებს. კერძოდ, წერილში აღნიშნული იყო: „...თითქოს ირანის უშიშროების მინისტრი კოორდინაციას უწევს სპეცსამსახურებს, მათ შორის - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, ასევე, დივერსანტ-ტერორისტულ ჯგუფებს და აფინანსებს მათ, რაც დასავლური პრესის ზოგიერთი წარმომადგენლის ცილისმწამებლური პროპაგანდის მიბაძვაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო“.

ირანის საელჩოს ოფიციალურ წერილში კიდევ ბევრი ამგვარი „მარგალიტი“ იყო: „... მასობრივი განადგურების იარაღს ირანის თავდაცვის დოქტრინაში ადგილი არ აქვს“, „ირანი არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისთვის“ და სხვ.

რეალობა კი ამგვარია: 2002-2003 წლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა ირანში, კერძოდ ნათანზესა და არაკში აღმოაჩინეს საიდუმლო ობიექტები, კერძოდ - ცენტრიფუგები; 2005-2010 წლებში: ირანმა განაახლა ურანის გამდიდრება, გაეროს უშიშროების საბჭომ კი ირანს სანქციები დაუწესა, ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე უარის თქმის გამო. ამის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანის ხელისუფლების ურთიერთობა „დამალობანას თამაშს“ დაემსგავსა: ირანი სისტემატურად ზღუდავდა სააგენტოს ინსპექტორების ბირთვულ ობიექტებზე დაშვებას.

picture4-1772777183.jpg

ნათანზეს ბირთვული ობიექტი 2026 წლის 1 მარტს დაბობვისა და სარაკეტო დარტყმების შემდეგ

2025 წლის ივნისში ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა ნათანზეს ბირთვულ ობიექტზე და სერიოზულად დააზიანა ის. 2026 წლის 1 მარტს ისრაელმა და აშშ-მა რამდენჯერმე დაბომბეს იგივე ბირთვული ობიექტი, რომელიც თეირანის სამხრეთით, 250 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.

4 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ბირთვულ ბომბს ქმნის. მისი გამდიდრებული ურანის დიდი მარაგი, რომელიც ბირთვული იარაღის წარმოებისთვის საკმარისია, და, ასევე, ჩემი ინსპექტორებისთვის სრული წვდომის მინიჭებაზე უარი, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამ მიზეზების გამო, ჩემს წინაანგარიშებში აღნიშნული იყო, რომ ვიდრე ირანი არ ითანამშრომლებდა ატომური ენერგიის სააგენტოსთან, უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში, სააგენტო ვერ შეძლებდა დადასტურებას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი“ (ციტატის დასასრული).

მკითხველისთვის მიმინდვია მტყუან-მართლის გარკვევა. ჩემი აზრით კი, განვლილმა დრომ და განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, თუ ვის მხარეს იყო სიმართლე.

(მეორე ნაწილის დასასრული)