"სახლამდე 300 მეტრი იყო დარჩენილი და ეს უბედურება დატრიალდა..." - 21 წლის საბა მეტრეველის ტრაგედია - კვირის პალიტრა

"სახლამდე 300 მეტრი იყო დარჩენილი და ეს უბედურება დატრიალდა..." - 21 წლის საბა მეტრეველის ტრაგედია

ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭის, 21 წლის საბა მეტრეველის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბა თავის მშობლიურ სოფელში, ქარელის სოფელ ბებნისში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როცა ელექტრობოძს შეეჯახა და იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. გლოვაა დღეს მის მშობლიურ სოფელში, სადაც საბა ყველას უყვარდა.

ის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და როგორც ჩანს, სოფელში მშობლებთან იყო ჩასული.

“უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, სახლამდე სადღაც 300 მეტრში მოხდა ეს უბედურება. საბა 21 წლის იყო. ელექტროგადამცემი ხაზის ბეტონის ბოძს შეეჯახა. კლინიკაში მიჰყავდათ, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. ძალიან გამორჩეული ახალგაზრდა იყო, თბილისში სწავლობდა, სტუდენტი იყო, თან კურიერადაც მუშაობდა, მოტოციკლით მოძრაობდა, ტარების გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ეს უბედურება დატრიალდა. ძალიან დიდი ტკივილია, სიტყვები არ მაქვს. მთელი სოფელი დამწუხრებულია. რა უნდა გითხრათ, სიცოცხლით სავსე ბიჭი აღარ გვყავს”, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭს ემოციურად ემშვიდობებიან.

“დღეს ჩემი ბავშვობის ნაწილი წავიდა. ჩემი ბიძაშვილი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ადამიანი, ვისთანაც ყველაზე თბილი და უდარდელი წლებია დაკავშირებული. ერთად გავიზარდეთ - საბავშვო ბაღში სულ ჩემი „პარა“ იყავი, ერთად ვცეკვავდით, სკოლაში, პირველ კლასებში ერთ მერხთან ვისხედით და სულ ნერვებს მიშლიდი. კომაროვიდან გამოსულები, მშობლების ჩუმად „ერთჯერად სუპებს“ ვჭამდით და ეს პატარა საიდუმლოებიც კი ახლა ყველაზე ძვირფას მოგონებად მექცა. აღდგომა დღეს ერთად დავრბოდით და წითელ კვერცხებს ვაგროვებდით, მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს დღეები ოდესმე მხოლოდ მოგონებად დარჩებოდა. ბოლოს მაშინ გნახე, როცა ბებოს ვემშვიდობებოდით... იდექი მარტო და ტიროდი. სიტყვები ვერ ვიპოვე, უბრალოდ, მოვედი და ხელი ჩაგკიდე. მაშინ ვგრძნობდი რამდენად გტკიოდა გული… დღეს კი ვერ ვიჯერებ, რომ შენზე მიწევს ამის თქმა, შენთან ერთად ჩემი ბავშვობის ნაწილი წავიდა, მშვიდად განისვენე, საბა... შენ ყოველთვის იქნები ჩემი ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონება”, - ასეთ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიძაშვილი.

ძალიან განიცდიან მის ტრაგიკულად დაღუპვას მისი უნივერსიტეტის ლექტორებიც. საბა მეტრეველი ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი იყო.

“საყვარელი, კეთილი და მუდამ მოღიმარი ბიჭი წავიდა, ის ერთადერთი იყო, ვინც „ქბ გვანცა“ შემარქვა და თავისი ხალისით მთელი ჯგუფი ამ თამაშში აიყოლია. ჩემი მარჯვენა ხელი იყო ფინალურებზე, სულ გვერდით მედგა და ახლა ეს სიცარიელე ყველაზე მეტად აუდიტორიაში იქნება შესამჩნევი, სადაც ეს სემესტრი მის ჯგუფელებთან ერთად უნდა გავატარო. უნივერსიტეტში მოსული არ იყო, ოთახში შემოვიდოდა, როგორ ხართ ქბ გვანცა, ფინალურ გამოცდებზე ასისტენტად ხომ შემიყვანთ სხვა კურსებთან დამკვირვებლადო, შემყავდა და იქაც არ ისვენებდა, ხან ჩამორთმეული მობილური მიჰქონდა სტუდენტთან, ხან მე მატყუებდა, გარეთ გეძახიანო, რომ ბავშვებს დახმარებოდა...

სიტყვები არ მაქვს, საბას ამბავმა ისე მატკინა გული. პირველი კურსიდან განსაკუთრებული ბავშვი იყო, პირველკურსელებთან გამოცდის ჩატარებაში მეხმარებოდა. ბოლო პერიოდში ვეხუმრებოდი, წებოსავით ხარ, ვერ დაგემალე ვერსად-თქო და ახლა თვითონ დაიმალა. მშვიდობით საბა, გპირდები ხშირად გაგიხსენებთ ხოლმე უნივერსიტეტში, აუდიტორიაში, სადაც შენც უნდა ყოფილიყავი ამ სემესტრში”, - წერს ლექტორი გვანცა აბესაძე.

მისი კიდევ ერთი ლექტორი ირაკლი ჯანგავაძე წერს, რომ მომხდარით შეძრულია: “ვაიმე საბა - ეს რა დილა გაგვითენე. ერთი კვირის წინ, საგამოცდო პერიოდში, ჩემზე უდიდესი ამაგის მქონე ბებია გარდამეცვალაო მწერდი და ვცდილობდი შენს გამხნევებას - მისი სულის ხსოვნისთვის კარგი კაცი უნდა გამოხვიდე-თქო გწერდი (თუმცა უკვე ისედაც იყავი კარგი კაცი, უბრალოდ, არ ვიცოდი რა მეთქვა )… ბოლო ლექციებამდეც ჩვენთან ერთად იყავი სულ - სიტყვა შეასრულე რომ მომეცი. ვცდილობდი მაქსიმალურად წამეხალისებინე და მოტივაცია ამემაღლებინა შენთვის. ახლა როგორ მოვიქცე? სად გამოვნახო ძალა და სწორი სიტყვები, რომ შენს ოჯახს და ჩვენს საყვარელ ბავშვებს შენი ლამაზი სულის “გაფრენა” მივუსამძიმრო? მშვიდობით საბა, გაფრინდი იქ სადაც მართალნი განისვენებენ”.

‍"კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული საბა მეტრეველის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს..

(სპეციალურად საიტისთვის)