ირანული ომის "კავკასიური პროგნოზი": საქართველოს "შესაძლებლობების ფანჯარა", "ირანის აზერბაიჯანი" და სომხეთის სასურსათო კრიზისი - კვირის პალიტრა

ირანული ომის "კავკასიური პროგნოზი": საქართველოს "შესაძლებლობების ფანჯარა", "ირანის აზერბაიჯანი" და სომხეთის სასურსათო კრიზისი

ირანული დრონების დარტყმა ნახიჩევანის აეროპორტზე, როგორც ჩანს, გააძლიერებს სამხრეთკავკასიური ქვეყნების შიშს, რომ ომის თეატრი მათზეც შეიძლება გავრცელდეს, თუმცა ომი მათთვის ინტერესთა რეალიზების ერთგვარ ფანჯარადაც შეიძლება იქცეს“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „როგორ აისახება აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე?“ (ავტორი - მაგერამ ზეინალოვი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ომის სავარაუდო შედეგები აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მიმართ, აგრეთვე, მათი როლი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების განვითარებაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანისაგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, ხოლო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანი ლაჩრობასა და ტერორიზმში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, ირანულმა დრონებმა საზღვართან ახლოს მდებარე აზერბაიჯანული ავტონომიური ანკლავის დედაქალაქის -ნახიჩევანის აეროპორტს შეუტიეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აგრესიის აქტი უპასუხოდ არ დარჩება“.

თავის მხრივ, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უარყვეს აზერბაიჯანის ბრალდებები და აღნიშნეს, რომ მათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონები არ გაუშვიათ და რომ ასეთი განზრახვა საერთოდ არ ჰქონიათ.

მოვლენების სწრაფი განვითარების ფონზე, სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, ამჟამად ერთი რამ აერთიანებთ: ოფიციალურად არც ერთ მათგანს არ გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია რომელიმე მხარის მიმართ. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი მოყუჩდნენ და დიდი სახელმწიფოების მოქმედებას აკვირდებიან.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ფარხად მამედოვი, რომელიც ხშირად სამთავრობო პოზიციებს ახმოვანებს, თვლის, რომ ირანული დრონის აეროპორტზე შეტევა „თეირანის უმადურობაა“ იმ დროს, როცა აზერბაიჯანი ომში ნეიტრალიტეტს იცავს. მისი თქმით, ისიც აშკარად ჩანს, რომ ამჟამად ირანის შეიარაღებული ძალების მართვაში სრული გაურკვევლობა სუფევს - ვინ რას აკეთებს, ამას არავინ აკონტროლებს.

ზოგიერთი ექპერტი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს „მოყუჩება და ლოდინი“ შეიძლება არ გამოუვიდეთ - გამორიცხული არ არის, რომ ომის ქარცეცხლმა სამხრეთ კავკასიაც მოიცვას.

აზერბაიჯანი და „სამხრეთი აზერბაიჯანი“

როგორც აზერბაიჯანელი ეკონომისტი ნატიკ ჯაფარლი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აზერბაიჯანი, ნავთობის ფასის ზრდის გამო დივიდენდებს იღებს (ერთი ბარელის ღირებულება 86 დოლარია), ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი აუცილებლად გამოიწვევს ირანული სურსათისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქციაზე ფასების მატებას.

ომის დაწყების დროიდან ირანმა სურსათის ექსპორტი შეწყვიტა. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ როგორ აისახება ამ ფაქტის შედეგი აზერბაიჯანზე: ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ირანული პროდუქციის იმპორტი აზერბაიჯანმა 633 მილიონი დოლარის მოცულობით განახორციელა ანუ მერვე ადგილი დაიკავა იმპორტიორ ქვეყნებს შორის.

აზერბაიჯანს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ირანთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს. ირანში ყველაზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს (თითქმის 20 მილიონამდე) ანუ უფრო ბევრი, ვიდრე - უშუალოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (10 მილიონი).

„დავაკვირდეთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ნათქვამს - აზერბაიჯანი „ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელებისათვის „საიმედო ადგილს წარმოადგენსო“, ამ განცხადებით მან, ფაქტობრივად, უკვე გადადგა ნაბიჯი, რომლის გაკეთებას ადრე ერიდებოდა“, - ამბობს კონულ ხალილოვა, „ბიბისის" აზერბაიჯანული სამსახურის რედაქტორი, - „ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა ილჰამ ალიევი ირანში მცხოვრებ თანამემამულეებს ნოსტალგიური ტონით ახსენებს ეროვნული გაერთიანების შესაძლებლობას“.

აზერბაიჯანში დღესაც ახსოვთ თავიანთი ტერიტორიების გაყოფა სპარსეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის, მე-19 საუკუნეში (გულისტანისა და თურქმანჩაის ხელშეკრულებების მიხედვით). მას შემდეგ, რაც 1989 წლის 31 დეკემბერს ნახჭევნის ავტონომიაში აქტივისტებმა აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე საბჭოთა სასაზღვრო ბარიერები გაარღვიეს, ეს დღე „მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღედ“ აღინიშნება.

ირანის ჩრდილოეთ ნაწილს ბაქოში ხშირად უწოდებენ „სამხრეთ აზერბაიჯანს“, თუმცა ოფიციალურად ასეთი ტერიტორია არ არსებობს, არის მხოლოდ ირანის პროვინციები „აღმოსავლეთ აზერბაიჯანის“, „დასავლეთ აზერბაიჯანისა“ და „არდებილის“ სახელმწოდებით.

ბაქოს პოლიტიკური ინტრიგები ირანს აღიზიანებს - თეირანი შიშობს, რომ კავკასიური აზერბაიჯანი „ირანის აზერბაიჯანში“ სეპარატიზმს აღვივებს. 20 წლის წინათ, როცა ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში მცხოვრები აზერბაიჯანელების საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მიტინგები იარაღის ძალით ჩაახშო, დაიღუპნენ ადამიანებიც. გარდა ამისა, ირანს არა ერთხელ გაუკრიტიკებია აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან, რომელსაც თეირანი „დაუძინებელ მტრად“ თვლის.

აზერბაიჯანისათვის ირანი არის დიდი, სახიფათო და კარგად შეიარაღებული მეზობელი. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან აზერბაიჯანს ეშინია, ვაითუ ირანიდან ისლამური რევოლუციის ექსპორტი მოხდეს.

აზერბაიჯანი საერო სახელმწიფოა, თანაც - ანტირელიგიური საბჭოური წარსულით. ისლამური პარტია, რომელიც მხარს უჭერდა ირანის თეოკრატიულ სახელმწიფოებრივი წყობის მოდელს, ბაქომ ჯერ კიდევ 1995 წელს აკრძალა. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში აქტიურად აკონტროლებენ რელიგიას და როცა საჭიროდ თვლიან, არ ერიდებიან მეჩეთების დახურვასაც და იმ რელიგიური მოღვაწეების დაპატიმრებას, რომლებიც არ ემორჩილებიან სახელმწიფოს პოლიტიკას, რელიგიის სფეროში.

ბაქოსა და თეირანის ურთიერთობა გარკვეულწილად მოგვაგონებს აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობას: ზოგჯერ გაღვივებულია, ზოგჯერ მინავლებული.

ბოლო წლებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ირან-აზერბაიჯანს შორის დამოკიდებულება თანდათან თბებოდა: ჩატარდა ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ირანის პრეზიდენტი გულთბილად მასპინძლობდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს და ლექსებს აზერბაიჯანულ ენაზე უკითხავდა... თუმცა პარალელურად, ბაქო ირანელ „ჯაშუშებს“ იჭერდა და თეირანს ქვეყნის დესტაბილიზების მცდელობაში ადანაშაულებდა.

„დღევანდელ სიტუაციაში ილჰამ ალიევი ირანის სისუსტის მომენტით სარგებლობს“, - თვლის კანულ ხალილოვა, „ბიბისის“ ჟურნალისტი, - „ეს მოწმობს იმას, რომ ბაქოს რაღაც აქვს ჩაფიქრებული და სიგნალს იძლევა: თუ ირანი აზერბაიჯანზე ზეწოლას მოახდენს - სამხედრო ან დიპლომატიური თვალსაზრისით, ბაქო მზად იქნება სამაგიეროს გადასახდელად“.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს და ისრაელს ერთმანეთთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვთ, ბაქო თეირანის მიმართ ნეიტრალიტეტს იცავს. „აზერბაიჯანი სავსებით სწორად იქცევა, რომ შექმნილ სიტუაციაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, პრაქტიკულად, არ მონაწილეობს არანაირ ანტიირანულ პოლიტიკურ თუ სამხედრო მოვლენებში“, - ამბობს ნატიკ ჯაფარლი.

თუ სიტუაცია ირანში ისე განვითარდება, რომ სამოქალაქო ომი დაიწყება, არსებობს რისკი იმისა, რომ ირანელი ლტოლვილები მეზობელი ქვეყნების საზღვარს მიაწყდებიან, მათ შორის - აზერბაიჯანის საზღვარსაც, რაც ბაქოს დიდ პრობლემებს შეუქმნის.

სომხეთი: სასურსათო კრიზისი და „ტრამპის დერეფანი“

ლტოლვილებთან დაკავშირებული რისკები არსებობს სომხეთის მიმართაც, რაც ერევანს აშფოთებს, თუმცა მისთვის ეს ერთადერთი არ არის და არც მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ორი მხრიდან მას თურქეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრება, რომლებთანაც ჯერჯერობით ფართო სავაჭრო ურთიერთობა არ არის განვითარებული. ამიტომაც ბევრი პროდუქტი სომხეთში ირანიდან შედის, სპარსეთის ყურის ნაპირზე მდებარე იმ ნავსადგურების მეშვეობით, რომლებსაც აშშ და ისრაელი ბომბავს (ბენდერ-აბასი, ხორემშეჰრი და ა.შ.).

ერევნელი ჟურნალისტი მარკ გრიგორიანი შიშობს, რომ ომმა შეიძლება, სომხეთში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს. შევადაროთ: აზერბაიჯან-ირანის საქონელთბრუნვა 650 მილიონი დოლარია, სომხეთ-ირანისა კი - მილიარდ დოლარს აღწევს.

გარდა ამისა, ირანს არ მოსწონს ე.წ. ტრამპის სამშვიდობო დერეფანიც, რომელშიც ტვირთების ნაკადს ამერიკული კომპანიები გააკონტროლებენ. აწ უკვე დაღუპული აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი ალი აქბარ ვილაიეთი „ტრამპის გზის“ კრიტიკისას ამბობდა, რომ ირანი იზოლაციის საფრთხის წინაშე დგას და რომ თეირანი შეეცდება, დერეფანი „დონალდ ტრამპის დაქირავებულთა სასაფლაოდ გადააქციოს“.

„დონალდ ტრამპის მარშრუტმა“ (სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებმა) აზერბაიჯანიდან ანკლავამდე - ნახიჩევანის ავტონომიამდე, სასაზღვრო მდინარე არაქსზე უნდა გაიაროს. არაქსზე არსებული ხიდების მეშვეობით ირანული პროდუქცია სომხეთის ყველაზე სამხრეთ რეგიონში - სიუნიკში ყოველდღიურად შედის და საოლქო ცენტრიდან - კაფანიდან მთელ ქვეყანაში ნაწილდება. აქ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ირანული ნომრების მქონე ავტოტრაილერებს. „ტრამპის დერეფნის“ მონაკვეთზე გადის გაზსადენიც, რომლის მეშვეობით, სომხეთი ირანულ გაზს იღებს. თავის მხრივ, სომხეთი „ტრამპის დერეფნით“ ირანს ელექტროენერგიას აწვდის.

ნატიკ ჯაფარლიც და მარკ გრიგორიანიც დარწმუნებულნი არიან, რომ დერეფანს და ზოგადად, სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობას არაფერი ემუქრება. „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ირანის შემდგომ მთავრობაზე. თუ რელიგიური ხელისუფლება შენარჩუნდება, მაშინ თეირანი თავისი უკმაყოფილების გამოხატვას გააგრძელებს“, - ამბობს მარკ გრიგორიანი.

ჟურნალისტი თვლის, რომ ერევნელებისათვის, ირანის გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, ომი სადღაც შორს მიმდინარეობს და ირანელებს მხოლოდ ტურისტების სახით ხედავენ. ისინი ერევანში თავს ისე გრძნობენ, როგორც „თავისუფალ ევროპაში“, სადაც შეიძლება სპირტიანი სასმელები დალიონ და დრო გაატარონ.

სომხეთიც, აზერბაიჯანის მსგავსად, ომში რომელიმე მხარის პოზიციას არ იკავებს, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს ავრცელებს - იგი ავტობუსში ზის და ღვეზელს შეექცევა, ნარდს თამაშობს და თბილისს სტუმრობს. „ესე იგი, პრემიერი გვაჩვენებს, რომ ქვეყანა საიმედოდ არის დაცული და ჩვენ ომის გამო არაფერი ცუდი არ გვემუქრება“, - ამბობს მარკ გრიგორიანი.

ასევე დაგაინტერესებთ: შურისძიება საიქიოდან: რა საიდუმლო გეგმა დატოვა აიათოლა ხამენეიმ?! - "მსოფლიო დიდ ცეცხლში გაეხვევა"

"კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა პუტინის წინაშე „თავი დახარეს“: უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ჯარები რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ შევლენ" - The Daily Telegraph

კანდალური სტატია: „ღალატი უკრაინის მიმართ - ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღალატი, რაც კი ამერიკას ჩაუდენია“ - The Guardian

საიდუმლო ფაილები: ტრამპი უცხოპლანეტელებს მიადგა - "გაასაჯაროვეთ მასალები მფრინავ თეფშებზე და არამიწიერ არსებებზე!"

საქართველო - „შესაძლებლობების ფანჯარა“

საქართველო ირანს უშუალოდ არ ესაზღვრება, მაგრამ ის მყუდრო სახლი გახდა ათასობით ირანელისათვის, რომელთაგან ბევრი ისლამური რეჟიმის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. თბილისში მათ აქვთ რესტორნები და კაფეები, მოქმედებს ირანული დიასპორაც. ირანში მომხდარი სისხლიანი პროტესტების დროს, იანვარში, საქართველოში მცხოვრები ირანელები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და თანამემამულეებს მხარი დაუჭირეს.

როცა ცნობილი გახდა აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა, ირანელები ამერიკული დროშებით ხელში მივიდნენ თბილისში არსებულ თავიანთი ქვეყნის საელჩოსთან.

საქართველოსა და ირანის სავაჭრო საქონელთბრუნვა ყველაზე მცირეა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის - გასული წლის 11 თვეში ექსპორტ-იმპორტმა მხოლოდ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქართველი დამკვირვებლები შექმნილ სიტუაციაში არა მარტო პრობლემებს ხედავენ, არამედ საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკური როლის ზრდის შესაძლებლობასაც, სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, როცა რუსეთი და ირანი დასავლური სანქციების ქვეშ არიან მოქცეულები.

„ჩვენი ქვეყნებისათვის რომელიმე მხარისთვის სასარგებლო პოზიციის დაკავება ძალიან სარისკოა“, - ამბობს გიორგი მჭედლიშვილი, უნივერსიტეტ „ევროპის“ პროფესორი და სამხრეთ კავკასიის მცოდნე ექსპერტი, - „თუმცა აშკარაა, რომ სამივე სახელმწიფოს „შესაძლებლობების „ფანჯარაც“ უჩნდება.

„ძლიერდება კავკასიური დერეფნის როლი ევროპა-აზიის დერეფნებს შორის და ამით უნდა ვისარგებლოთ. სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩემი აზრით, გაჩენილი „შესაძლებლობების ფანჯრით“ კარგად სარგებლობენ, ცდილობენ, ძველი უთანხმოებები უკან, წარსულში დატოვონ და სამხრეთ კავკასიის ერთობლივ მომავალს ოპტიმისტურად შეხედონ. ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი თბილისში ამ მიზნით დადებულ ერთ-ერთ აგურს წარმოადგენს. ერთობლივი მიდგომა რეგიონის სრულფასოვანი განვითარებისადმი ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად - ეს არის ჩვენი შანსი“, - ხაზს უსვამს ექსპერტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო