"საქართველოზე ძალიან ვნერვიულობ... ქვეყნის საჰაერო თავდაცვა სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს" - მამუკა მამულაშვილის პროგნოზი ირანის ომზე და "ქართული ლეგიონის" სპეცოპერაცია უკრაინაში
"რეგიონი არასტაბილური ხდება, საქართველო მზად უნდა იყოს ნებისმიერი საფრთხისთვის. დრონები შეიძლება შემთხვევით საქართველოშიც შემოფრინდნენ, საჰაერო თავდაცვა მზად უნდა იყოს“, - ეს მიმართვა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა. ის ასევე საუბრობს ოკუპირებულ აფხაზეთში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უპრეცედენტო შემთხვევაზე და „ქართული ლეგიონის“ მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე, რომლის შედეგადაც რუსეთის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
- სიმართლე გითხრათ, საქართველოზე ძალიან ვნერვიულობ. ჩვენი რეგიონი ნელ-ნელა არასტაბილური ხდება და აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, ვეცადოთ, რომ ეს დიდი ომი და იმპერიებს შორის დაპირისპირება საქართველოს არ შეეხოს. ყველა სისტემა უნდა იყოს მობილიზებული და აუცილებელია საკუთარი მოსახლეობის დაცვა. დრონები შესაძლოა შემთხვევით საქართველოს ტერიტორიაზეც შემოფრინდნენ, რადგან ეს ტექნოლოგიები ყოველთვის სრულყოფილი არ არის და შესაძლებელია მიმართულება აერიოს.
მე არ ვიცი, რამდენად მზად არის საქართველო სიტუაციის შესაძლო გამწვავებისთვის. ჩვენ, მაგალითად, გვყავს სპეციალური დრონების ჯგუფები, რომლებიც ე.წ. პერეხვატჩიკ დრონებს იყენებენ - ეს არის უპილოტოები, რომლებიც სხვა დრონებს ანადგურებენ, მათ შორის „შაჰიდებს“ და შორ მანძილზე მოქმედ აპარატებს. ეს საკმაოდ ახალი ტექნოლოგიაა და უკრაინაში, დაახლოებით, სამი თვეა, აქტიურად გამოიყენება. „ქართულ ლეგიონს“ ჰყავს ერთი ჯგუფი, რომელიც ამ საქმეზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიები ჯერ არ არის. თუმცა რა საჰაერო თავდაცვის სისტემებიც არსებობს, ისინი აუცილებლად სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. ირანის ქმედებები ხშირად ქაოტური და არაპროგნოზირებადია. ამ პირობებში საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიც. ამიტომ პირველ რიგში სწორედ საჰაერო თავდაცვის ძალები უნდა იყვნენ მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის.
- ასეთი საფრთხის შესახებ, ალბათ, მოსახლეობაც უნდა იყოს ინფორმირებული.
- აუცილებლად. უნდა ამოქმედდეს შეტყობინების სისტემებიც. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს დრონის აღმოჩენის ან ჩამოვარდნის შემთხვევაში, სად უნდა შეაფაროს თავი და რა წესები უნდა დაიცვას, რადგან ასეთი აპარატების აფეთქებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ზოგადად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის აუცილებელია სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერება. რუსეთი ჩვენი ერთადერთი საფრთხე არ არის, ყველა მხრიდან რისკის ქვეშ ვართ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო თავდაცვა სკოლებშიც კი ისწავლებოდეს.
- ორიოდე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. დრონები დაფიქსირდა ასევე გუდაუთისა და სოხუმის მიმართულებებზე. რა შეგიძლიათ ამის შესახებ გვითხრათ?
- აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული და რუსეთი ამ ბაზებს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. შესაბამისად, ეს ობიექტები უკრაინული შორს მანძილზე მოქმედი დრონების სამიზნე ხდება და დარტყმები სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდება. გარკვეულწილად, ეს საქართველოსთვისაც დადებითი ფაქტორია, რადგან ოკუპანტი ჩვენს ტერიტორიაზე იღებს სერიოზულ დარტყმებს. ვფიქრობ, მსგავსი შეტევები მომავალშიც გაგრძელდება.
- ეს მოვლენები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე როგორ შეიძლება აისახოს?
- შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს ამერიკის, ისრაელისა და ირანის დაპირისპირება, ვიდრე რამდენიმე დრონის გამოჩენა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მთლიანად რეგიონის უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება ეს დიდი ომი და როგორ განვითარდება ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. ირანი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთთან ერთად წლების განმავლობაში ახალისებდა, ავითარებდა და აფინანსებდა ტერორიზმს. ამიტომ გარკვეულწილად ლოგიკურიც არის ის დარტყმები, რომლებიც ახლა ხორციელდება. ავტორიტარული რეჟიმები ნელ-ნელა სუსტდება სხვადასხვა ქვეყანაში. შეერთებული შტატები ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდა და, ფაქტობრივად, ღია დაპირისპირების რეჟიმშიც გადავიდა.
- ამერიკა-ისრაელისა და ირანის დაპირისპირებამ შეცვალა თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის სურათი?
- მსოფლიო ყურადღება ნელ-ნელა სხვა რეგიონებზეც გადადის. ეს უკრაინისთვის მთლიანად დადებითი არ არის, თუმცა ამ პროცესის შედეგად მსოფლიომ კარგად დაინახა, რა საფრთხეს უქმნიდა უკრაინას ირანის მიერ რუსეთისთვის ყოველდღიურად მიწოდებული „შაჰიდის“ ტიპის დრონები. ფაქტობრივად, ყოველდღე ხორციელდებოდა შეტევები უკრაინის დედაქალაქზე. დღეს მათი ინტენსივობა შედარებით შემცირებულია, თუმცა საფრთხე მაინც რჩება. შეერთებულმა შტატებმა კარგად გააცნობიერა, რომ ასეთ დრონებს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, იმ რაოდენობის დრონების მიწოდებას, რასაც ირანი ადრე ახორციელებდა რუსეთისთვის, მომავალში ვეღარ შეძლებს, რადგან თავადაც აქტიურ სამხედრო დაპირისპირებაშია ჩართული. გარკვეულწილად ეს უკრაინაში სიტუაციას შეამსუბუქებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინამ მოდუნება უნდა დაიწყოს, პირიქით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემების კიდევ უფრო გაძლიერება და შესაბამისი ამუნიციის მიწოდება.
- ცოტა ხნის წინ, „ქართულმა ლეგიონმა“ მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაატარა და როგორც ვიცი, დაჭრილებიც გყავთ.
- დიახ, რუსეთის ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტზე იერიში მივიტანეთ, ახალი ტიპის დრონების გამოყენებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო, თუმცა დეტალების გახმაურების უფლება არ გვაქვს. ოპერაცია „ქართული ლეგიონის“ ერთ-ერთმა ჯგუფმა ჩაატარა. სამწუხაროდ, ერთი ოპერატორი მძიმედ დაგვეჭრა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების შეფასებით, მალე ფეხზეც დადგება, თუმცა საკმაოდ მძიმე ტრავმები აქვს მიღებული, მუცლის არეში. შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ოპერაციები თითქმის ყოველდღიურად ტარდება, დაახლოებით, 90 პროცენტი საერთოდ არ ხმაურდება. მაგალითად, კურსკის ოპერაციის დროსაც ჩვენი მებრძოლები ავანგარდში იყვნენ, თუმცა არც ერთ მათგანზე არ გავრცელებულა ინფორმაცია, კონკრეტულად რა მიმართულებით იყვნენ ჩართულნი ოპერაციაში.
- „ქართული ლეგიონი“ საჭიროების შემთხვევაში საქართველოში დასაბრუნებლად თუ არის მზად?
- რა თქმა უნდა, თუ ამას ქართველი ხალხი მოითხოვს. თუ ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ დრონების დიდი რაოდენობა საქართველოს თავზე დაიწყებს გადაფრენას და ქვეყანას დაბომბვის საფრთხე დაემუქრება, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას შევთავაზებთ. გვყავს შესაბამისი სპეციალისტები და ჯგუფები, რომლებიც სწორედ ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ მუშაობენ. შეგვიძლია დავეხმაროთ იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს. ტექნოლოგიები, რომლებიც უკრაინაში განვითარდა ომის პროცესში და რომლებსაც ჩვენც ვიყენებთ, საკმაოდ მოწინავეა. დღეს უკვე ისეთი ვითარებაა, რომ ახლო აღმოსავლეთში „შაჰიდებისგან“ დაცვის საკითხში ამერიკამ უკრაინას სთხოვა დახმარება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინელი სპეციალისტების ჩართვის ბრძანება უკვე გასცა.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)