"არავის ეპატიება განცხადება, რომელიც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ" - გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელზე
არავის ეპატიება ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი, ხელისუფლებაში იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
მისი თქმით, „სამწუხარო მოცემულობაა , როცა უცხოური ძალის გარდა, საქართველოში არსებობენ მენტალურად ანტიქართულად მოაზროვნე ადამიანები.”
„ესენი არიან ეს ე.წ. NGO-ს ვითომ ლიდერები, მერე პოლიტიკური პარტიის ვითომ ლიდერები და ა.შ. ამაზე მეტი გაცხადებული უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა რა შეიძლება იყოს, რომ შენს მოწინააღმდეგეს ეუბნები, „აი საქართველოს ეს წერტილები აქვს სუსტი”. მოგონილია, მაგრამ მაინც ეუბნები, რომ აქ არის შავი ხვრელები, აქ არის ამერიკის ვითომ გასაღიზიანებლად ირანული მიმდინარეობა და ა.შ.
ყველა ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ სხვა ქვეყნის ინფორმაციას ფლობდეს და მის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ როცა შენს ქვეყანას მტრობ იმით, რომ პირდაპირ, საჯაროდ ეუბნები შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაც უნდა გააკეთო ბუნებრივია, რომ აქ უკვე დადასტურებულად არის ამ ადამიანების უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა.
არავის არ ეპატიება ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი, ხელისუფლებაში იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ. შენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ და ახლა წარმოადგენ უცხო ქვეყანას. თან საჯაროდ ეუბნები და აცხადებ, რომ აი, საქართველოში არის ისეთი პროცესები, რომელიც საჭიროებს, რომ დაარტყას მათ შორის შეერთებულმა შტატებმა. აი ეს არის მათი მენტალობა პირდაპირი გაგებით, რომ ოღონდ თვითონ რამენაირად დაიკმაყოფილონ ის ბოღმა, რაც აქვთ, რომ ხალხი მხარს არ უჭერს და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, მაჭარაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც გენერალ მაიორის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებას შეეხებოდა.
მისი თქმით, პრობლემა ის არის, რომ ეს ხალხი მენტალურად არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.
"ინტერპრესნიუსი"