მიწისქვეშა "სარაკეტო ქალაქები" და "კოღოების ფლოტი" - სად მალავენ შეიარაღებას ირანელები?!
რა იცის ტრამპმა, რამდენი ბალისტიკური რაკეტა და კამიკაძე-დრონი დარჩა ირანს მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქებში“?
„მათი საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, სამ დღეში 24 გემი - ეს ძალიან ბევრი გემია. მათი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი აღარ არსებობს, ამიტომ მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები, არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. აღარ აქვთ თვითმფრინავები, კომუნიკაციის საშუალებები. რაკეტები აღარ აქვთ, გამშვები მოწყობილობები აღარ აქვთ, შესაბამისად - დაახლოებით 60% და 64%“, - მორიგი განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რაშიც ნაწილობრივ მართალია, ნაწილობრივ - არა…
საქმე ისაა, რომ ყოველი დაზიანებული თუ ჩაძირული ირანული ფრეგატი, კორვეტი და წყალქვეშა ნავიც კი ადვილად დასაფიქსირებელია თანამგზავრული და საჰაერო დაზვერვის შედეგად, ისევე, როგორც აეროდრომებზე და თვით ანგარებშიც კი განადგურებული მოძველებული ირანული „ფანტომები“ და „სუ“-ები, რასაც ვერ ვიტყვით „მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქების“ შიგნით დაზიანების ხარისხზე...
მას შემდეგ, რაც აშშ-მა კოალიციასთან ერთად 35 წლის წინ, 1991 წლის 17 იანვარს დაიწყო ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“, ქუვეითში შეჭრილი სადამ ჰუსეინის ერაყის წინააღმდეგ და ორიოდე დღეში თითქმის მთელი საჰაერო თავდაცვის კომპლექსები და ავიაცია გაუნადგურა, აიათოლების ხელისუფლებამ ირანში სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო... მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქების“ მასობრივად მშენებლობის თაობაზე, რომლებსაც ასე ადვილად ვეღარ მისწვდებოდნენ ამერიკული „ტომაჰავკები“ თუ ისრაელის დამრტყმელი თვითმფრინავები...
აქ მინდა ერთი პარალელი გავავლო ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორის - პოლ ვერხოვენის არანაკლებ ცნობილ მძაფრსიუჟეტიან ფანტასტიკურ ფილმთან - Starship Troopers („ვარსკვლავური დესანტი“), რომელშიც ნაჩვენებია დედამიწელების ვარსკვლავური ომი „ობობების პლანეტასთან“.
სიუჟეტის თანახმად, 23-ე საუკუნის ბოლოს დედამიწას მთლიანად მართავენ სამხედროები, რომლებიც სხვა პლანეტების დაპყრობას ახორციელებენ, იქიდან ბუნებრივი წიაღისეულის მოსაპოვებლად.
მაგრამ ერთ-ერთ დასაპყრობ პლანეტაზე დიდი ზომის ობობები ცხოვრობენ, რომლებიც აზროვნებით ადამიანებს არ ჩამოუვარდებიან და თანასწორ ბრძოლას უმართავენ მათ პლანეტაზე გადასხმული დედამიწელების „ვარსკვლავურ დესანტს“.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის სამხედროები კოსმოსურ ხომალდებსა და ძლიერ შეიარაღებას ფლობენ, „არახნიდები“ აგრძელებენ ბრძოლას გამოქვაბულებიდან მოულოდნელი თავდასხმების ტაქტიკით და ამასთან - მოზრდილ ქვებს უშვებენ დედამიწისკენ, რომლებიც მეტეორიტების სახით ზუსტად ხვდებიან დედამიწის მეგაპოლისებს და ათასობით ადამიანის დაღუპვას იწვევენ...
არათუ დაახლოებით, არამედ - ზუსტად ასეთი ტაქტიკით მიდის დღეს ომი ირანთან, აშშ-ისა და ისრაელის მონაწილეობით - ის, რაც ირანის მიწისა და წყლის ზემოთ იყო ირანის არმიისაა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბების, აეროდრომების, საზღვაო პორტების, საზენიტო-სარაკეტო დანადგარების, თვითმფრინავებისა და ხომალდების სახით, ამერიკულმა და ისრაელის რაკეტებმა და საავიაციო ბომბებმა მართლაც თითქმის სულ დააზიანეს ან საერთოდ გაანადგურეს, მაგრამ მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქებში“ ირანს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი შეიარაღება რჩება...
ამ ომმა, ისევე, როგორც წინაომებმა, აჩვენა, რომ როდესაც მოწინააღმდეგე მხარე უდიდეს უპირატესობას ფლობს ცაში და, ფაქტობრივად, გაბატონებულია შენი საჰაერო სივრცის სრული კონტროლით, დაივიწყე შენი თვითმფრინავები, შვეულმფრენები, სამხედრო ხომალდები, ტანკები თუ საარტილერიო დანადგარები, რადგან რადიოლოკატორებისა და საზენიტო დანადგარების განადგურების შემდეგ, მოწინააღმდეგის ავიაცია დანარჩენ სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებსაც უკვე სრული დაუსჯელობით ჯართად აქცევს...გარდა იმისა, რომლებიც მიწისქვეშა გვირაბებში საიმედოდაა გადამალული...
ირანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ 31-ივე პროვინციაში ჰქონდა მოწყობილი მიწისქვეშა სარაკეტო ბაზა. დასავლეთის დაზვერვისთვის ცნობილია, რომ არსებობს, სულ მცირე, ცხრა მათგანი, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ბაზებია -ხორამზადე, კერმანშაჰი, ხორამაბადი, თავრიზი.
ირანული მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქების“ პირველი ფოტოები თავად ირანულმა სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა, ათი წლის წინ. სქემატურად, ყველა ობიექტი მსგავსია - ისინი გვირაბების ქსელს წარმოადგენენ, რომლებიც, როგორც წესი, 6-10 მეტრის სიმაღლისა და დაახლოებით, 6 მეტრის სიგანისაა. დიდი მოცულობის მიწისქვეშა დარბაზების ნაკლებობას გვირაბების სიგრძე ანაზღაურებს, თითოეული მათგანის სიგრძე ათობით კილომეტრს შეიძლება აღწევდეს.
ბალისტიკური რაკეტების ან სატრანსპორტო საშუალებების გამშვები მექანიზმების რიგები კომპაქტურად არის განთავსებული გვირაბების კედლებთან. კერძოდ, ეს უკანასკნელნი ინახება საბრძოლო მასალასთან ერთად, რათა საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებას შეეძლოს ზედაპირზე გამოსვლა და რაკეტის დაუყოვნებლივ გაშვება.
ასეთი ობიექტების სიღრმე არ სახელდება. სხვადასხვა შეფასებით, ტიპური გვირაბები, სადაც სარაკეტო იარაღი ინახება, შეიძლება განთავსდეს 30-80 მეტრის სიღრმეში, რაც საკმარისია ჩვეულებრივი საჰაერო დარტყმების გასაძლებად. მაქსიმალურ სიღრმედ ცხადდება 500 მეტრი, მაგრამ ასეთი მაჩვენებლები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი გვირაბი მთის ქვეშაა გათხრილი.
ამტკიცებენ, რომ თითოეული ასეთი ობიექტი ავტონომიურია და აქვს დამოუკიდებელი ელექტრომომარაგების სისტემა, ქვესადგურებზე დარტყმების შემთხვევაში. სავარაუდოდ, ეს არის მიწისქვეშა დიზელის გენერატორები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი ძირითადი სისტემების, როგორიცაა განათება და ვენტილაცია, ენერგიით უზრუნველყოფა, სამოქალაქო ქსელში ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში.
ზოგიერთი სარაკეტო ბაზა ადაპტირებულია მიწისქვეშა რაკეტების გაშვებისთვის. ამ მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია რელსური მექანიზმით, ბალისტიკური რაკეტების გამშვები სპეციალური დანადგარით, რომლის ამოსასვლელიც ზედაპირზეა შენიღბული.
ირანელებს ასეთ მიწისქვეშა სარაკეტო ბაზებზე აქვთ საჭირო ინფრასტრუქტურა თხევადსაწვავიან ბალისტიკურ რაკეტებში სტარტის წინ, ნავთისა და ტოქსიკური დამჟანგავის შესავსებად.
არსებობს სხვა მიწისქვეშა ბაზები, რომლებშიც, რაკეტების ნაცვლად, საბრძოლო თვითმფრინავები ინახება და ისინი გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ, იქვე მდებარე აეროდრომიდან ფრინდებიან.
ირანის ყველაზე ცნობილი მიწისქვეშა საჰაერო ბაზაა „ორაბ 44“, რომელიც ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთით მდებარე მთებში, ჰორმოზგანის პროვინციაში მდებარეობს. მისი მშენებლობა 2010-იან წლებში დაიწყო და საჯაროდ მხოლოდ ორი წლის წინ გაიხსნა. იგი განკუთვნილია პილოტირებული თვითმფრინავების, მათ შორის - გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების განსათავსებლად და მათი მომსახურებისთვის სრული ოპერატიული შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
ირანის არმია და გუშაგთა კორპუსი აქტიურად აშენებდნენ მცირე ზომის მიწისქვეშა ბაზებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა განთავსებულიყო მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი. ზოგიერთი მათგანი სტრუქტურით „სარაკეტო ქალაქების“ მსგავსია და არ გააჩნიათ ასაფრენი ბილიკები, რადგან ისინი განკუთვნილია „არაშისა“ და „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონების მობილური გამშვები მოწყობილობების განსათავსებლად და ამ დრონების სარაკეტო სასტარტო ამაჩქარებლებით ადგილიდან გასაშვებად.
მიწისქვეშ ასევე განთავსებულია საკმაოდ დიდი ზომის სადაზვერვო და დამრტყმელი დრონებიც, საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის - აეროდრომით, დაცული სერვის-სადგურებითა და არსენალებით. ისინი, ასევე, წარმოადგენენ ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა შორი მოქმედების იარაღის გამშვები მოწყობილობების ბაზას.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა ირანელებს საზღვაო ბაზებზე 30-მდე სამხედრო ხომალდი და დამხმარე გემი ჩაუძირეს, ირანელების განკარგულებაში რჩება „კოღოების ფლოტი“- ასობით მცირეტონაჟიანი სწრაფმცურავი სარაკეტო და საპატრულო კატარღები, რომლებიც ბორბლებიან პლატფორმებზეა შენახული მიწისქვეშა გვირაბებში, სპარსეთის ყურის სანაპიროს გასწვრივ და მათი გამოყვანა გვირაბებიდან და წყალში ჩაშვება ოპერატიულად შეიძლება.
ასევე დაგაინტერესებთ: საქართველოს საჰაერო თავდაცვა და ირანული "შაჰიდების" საფრთხე - ემუქრება თუ არა ჩვეს ქვეყანას "აზერბაიჯანული სცენარი"?!
ომის 100 საათი ციფრებში - რა შეძლეს ამერიკამ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ და რა მიიღეს საპასუხოდ
სპარსეთის ყურის სიახლოვეს მოწყობილ მიწისქვეშა საცავებში ირანელები, ასევე, ინახვენ ხომალდსაწინააღმდეგო მობილურ სარაკეტო დანადგარებს, რომელთა საბრძოლო გამოყენების შედეგად სრულიად ჩაიკეტება ჰორმუზის სრუტე.
ამ ომის დაწყების წინ დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებში თვლიდნენ, რომ ირანის განკარგულებაში იყო 1 000-დან 3 000 კმ-მდე ფრენის სიშორის მქონე 2,5-3 ათასი ბალისტიკური რაკეტა და კიდევ უფრო მეტი - 300-500 კმ ფრენის რადიუსის მქონე რაკეტა, რომლებიც მართალია, ირანიდან ისრაელს ვერ სწვდებოდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, „მშვენივრად“ ირჩევენ ახლომდებარე სამიზნეებს სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებში, სადაც ამერიკული საჰაერო ბაზებია განთავსებული.
„შაჰიდებისა“ და „არაშების“ კამიკაძე-დრონების რაოდენობა კი, ალბათ, ათი ათასსაც კი ბევრად აღემატება და ახლა ეს ირანული კამიკაძე-დრონები უფრო დიდ თავსატეხად გადაიქცნენ ამერიკელი სამხედროებისთვის, ვიდრე - ირანული ბალისტიკური რაკეტები, რადგან არც ამერიკელებს, არც ისრაელს და მით უმეტეს - სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს არ გააჩნიათ იმის გამოცდილება და კონკრეტული აღჭურვილობა, რაც რუსეთთან ოთხწლიან ომში დააგროვა უკრაინის არმიამ, ირანული „შაჰიდებისა“ და მისი რუსული კლონების, „გერანების“ მასობრივად მოგერიების პროცესში...
აშშ-ისა და ისრაელის ავიაცია დღე და ღამე ნადირობს ირანის მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქების“ - გვირაბების პორტალებიდან, რაკეტების გასაშვებად მცირე ხნით გამოსულ მობილურ სარაკეტო დანადგარებზე და გარკვეულ წარმატებასაც აღწევენ, ისევე, როგორც ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბებით ცდილობენ ამ გვირაბების „ჩახვრეტას“.
მაგრამ ყოველთვის დარჩება იმის შესაძლებლობა, რომ ირანმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ყოველღამ გაუშვას ისრაელის მიმართულებით, თვეების განმავლობაში და მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდეს ისრაელის მოსახლეობა.
ამის აღკვეთა, ალბათ, მხოლოდ სახმელეთო ოპერაციის ჩატარებითა და ყოველი ასეთი მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქის“ ინდივიდუალურად სრული კონტროლის აღების შემდეგ თუ იქნება შესაძლებელი...