ევროკომისია საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა - კვირის პალიტრა

ევროკომისია საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა

ვროკომისია საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს.

„ახლა მათ მოეთხოვებათ ვიზა ოფიციალური მიზნებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, დღეს კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და მესაზღვრეებისთვის, რათა წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმაროს.

„სახელმძღვანელო პრინციპები ევროკავშირის გარე საზღვრებს გადამკვეთი საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმების რეკომენდაციას იძლევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას უნდა გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შესვლის აკრძალვა. წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლა/გასვლის სისტემა, რომელიც ევროკავშირში თანდათანობით ინერგება გასული წლის ოქტომბრიდან, უზრუნველყოფს უსაფრთხოების შემოწმების დამატებით ფენას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განაგრძეთ კითხვა