"მთავრობის უცნობი განკარგულებები" - რაში იხარჯებოდა ბიუჯეტი
190 ათასი ლარი, ანაკლიაში ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალისთვის, 85 ათასი ლარი ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, 675 ათასი ლარი სახანძრო ავტომობილის კიბის შესაძენად - ეს იმ ხარჯების არასრული ჩამონათვალია, რაშიც წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდური წილი იხარჯებოდა. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" იწყებს კვლევას - "მთავრობის უცნობი განკარგულებები", სადაც დეტალურად არის აღწერილი რამდენად გაუმჭვირვალედ და არამიზანმიმართულად ხდებოდა სახელმწიფო სახსრების განკარგვა, როგორ აფუძნებდა მთავრობა საკუთარ შპს-ებს და ტენდერის გარეშე აცხადებდა გამარჯვებულად...
ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თავმჯდომარე: "სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების ანალიზისას ირკვევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა გათვალისწინებულია "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის". 2011 წელს ამ ფონდისთვის ბიუჯეტიდან 359.2 მილიონი ლარი გამოიყო. რადგან ამ ფონდიდან გამოყოფილი თანხების სიდიდით ერთ-ერთი გამორჩეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, ჩვენთვის საინტერესო იყო თუ რა ფორმით და რა მიზნებისთვის ხდებოდა ამ თანხების ათვისება. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობის კანცელარიას, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე გაცემული განკარგულებების ქსეროასლების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტს არ გამოუთხოვია ის განკარგულებები, რომლებიც წარმოადგენდნენ საიდუმლო დოკუმენტს. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული განკარგულებები არ მოიძიებოდა არც პროგრამა "კოდექსში" და არც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების საფუძველზე, ინსტიტუტის მიერ მთავრობის კანცელარიას წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი ქმედების განხორციელების (საჯარო ინფორმაციის გაცემა) მოთხოვნით და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში, ინსტიტუტს გადაეცა მოთხოვნილი მთავრობის განკარგულებების ქსეროასლები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის N163 განკარგულებით, სამეგრელოს რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ს, რომლის 100 %-იანი წილის მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, გამოეყო 85 ათასი ლარი. აღნიშნულ შპს-ს აგრეთვე საშუალება მიეცა, სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით, ანუ ტენდერის გამოცხადების გარეშე. საინტერესოა აგრეთვე, რომ მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ისთვის გადარიცხული თანხა აესახა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გადარიცხული ტრანსფერი (რაც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გაუმჭვირვალობის კიდევ ერთ ინდიკატორად შეიძლება იქნეს მიჩნეული). მსგავსი სქემით, შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ისთვის მთავრობის ფონდიდან გამოიყო თანხა ასევე მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის N370 (7 მილიონი ლარი), 2012 წლის 8 თებერვლის N228 (34.4 ათასი ლარი) და 2012 წლის 31 იანვრის N165 (370 ათასი ლარი) განკარგულებებით.
7 მილიონი ლარი მიმართული იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალი ბულვარის, ცენტრალური პარკის მოწყობისთვის, 34.4 ათასი ლარი ანაკლია-განმუხურის ახალი სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე კაფე-რესტორნის საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების ხარჯებისთვის, ხოლო 370 ათასი ლარი შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS"-ის ფუნქციონირებისათვის. ფინანსთა სამინისტროს კი ისევ დაევალა აღნიშნული თანხები აესახა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გადარიცხული ტრანსფერი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის N218 განკარგულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისათვის, შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" (მისი 100 %-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, ხოლო მართვას ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო) გადაერიცხა 5 მილიონი ლარი. შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალება კვლავ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით მიეცა. ამ შემთხვევაშიც, გადარიცხული თანხის ასახვა ფინანსთა სამინისტროს დაევალა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გადარიცხული ტრანსფერი. იმავე წყლის პარკის მოწყობის მიზნით, 2012 წლის 21 თებერვალს, მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ეკონომიკის სამინისტროს, კომპანია "ჭჰიტეწატერ ჭესტ Iნდუსტრიეს-თან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებისა და კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების დაფინანსებისათვის, გამოეყო 949 447 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
2012 წლის პირველ კვარტალში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის, ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის ანაკლიაში დადგმის მიზნით, მთავრობის განკარგულებით გამოეყო 190 ათასი ლარი, ასევე გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით...
ზემოთ მოყვანილი საქართველოს მთავრობის განკარგულებები საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმისა, თუ რამდენად გამჭვირვალედ და მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საბიუჯეტო სახსრების განკარგვა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მეშვეობით ჩატარებული გაუმჭვირვალე შესყიდვები, ზრდის კორუფციული გარიგებების ალბათობას. ამავე დროს, აღნიშნული მიდგომა არღვევს საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ წესებს და საზოგადოებაში აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად და რეალური კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა სახელმწიფო შესყიდვები".
(სპეციალურად საიტისთვის)