ქუვეითელ პილოტს სამი ამერიკული „არწივი“ შეგნებულად ჩამოუგდია? - კვირის პალიტრა

ქუვეითელ პილოტს სამი ამერიკული „არწივი“ შეგნებულად ჩამოუგდია?

„არსენალის“ ბლოგში, 2 მარტის სტატიებში „პირველი ამერიკული დანაკარგი - ვინ ჩამოაგდო "არწივი"?! და "ერთი კი არა, სამი ამერიკული "არწივი" ჩამოუგდიათ ...“ ვწერდით იმის შესახებ, რომ თანამედროვე ომების ისტორიაში უნიკალური შემთხვევა მოხდა ქუვეითის ცაში, როდესაც რაკეტების მოხვედრის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგდებული იქნა სამი ამერიკული ორადგილიანი F-15E Strike Eagle ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი (მათი ეკიპაჟების ექვსივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება და ცოცხალი გადარჩა), რაც „მეგობრული ცეცხლით“ შეცდომით განადგურებული ავიაციის „მსოფლიო რეკორდად“ იქცა, რადგან აშშ-ის ბიუჯეტმა რამდენიმე წუთში 300 მლნ დოლარის ზარალი ნახა, რადგან თითოეული F-15E Strike Eagle-ის ფასი მოდერნიზაციის შემდეგ 100 მლნ დოლარს სცდება ...ზემოხსენებულ სტატიებში მაშინ გამოვთქვით შემდეგი მოსაზრება- „...უფრო სავარაუდოა, რომ ამერიკული „დამრტყმელი არწივი“... „მეგობრული ცეცხლის“ მსხვერპლი შეიქმნა და ის ან თავად ამერიკელმა, ან სულაც - ქუვეითელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს შეცდომით, როდესაც რადიოლოკატორის ეკრანზე ირანიდან გამოშვებულ მორიგ ფრთოსან რაკეტაში ან კამიკაძე-დრონში აერიათ...

ამასთან, ეს საზენიტო რაკეტა (ან შეიძლება სულაც „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტა) არ იყო იმ სიმძლავრის, რომ აფეთქების შედეგად ჰაერშივე ფრაგმენტებად დაეშალა 30-ტონიანი ამერიკული „არწივი“, ხოლო ის გარემოება, რომ რაკეტის აფეთქება თვითმფრინავის რეაქტიული ძრავების საქშენებთან მოხდა, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ გამოყენებული იქნა სითბური დამიზნების რაკეტა...“

და როგორც აღმოჩნდა სამივე ვარაუდი გამართლდა- ამერიკული „არწივები“ ქუვეითის გამანადგურებლიდან გაშვებულ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის სითბური დამიზნების, შედარებით მცირე საბრძოლო ქობინის მქონე რაკეტებს ჩამოუგდიათ...

2-kuv-1772957131.jpg
F/A-18 Hornet-იდან „ჰაერი-ჰაერი“ კლასის სითბური დამიზნების მართვადი რაკეტის AIM-9 Sidewinder-ის გაშვების მომენტი...

ახლახან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრის ქუვეითური F/A-18 Hornet-ი ამერიკულ F-15E Strike Eagle-ს. კადრები აღებულია იმ ინციდენტიდან, რომლის დროსაც, სამი ასეთი ამერიკული „არწივი“ განადგურდა... არსებული ინფორმაციით, როგორც ქუვეითური F/A-18 Hornet, ასევე სამი ამერიკული F-15E Strike Eagle იმ დროს ქუვეითის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის მისიებს ასრულებდნენ. თუმცა, ოპერაციის დროს Hornet-ის პილოტმა, როგორც ჩანს, F-15E-ები მტრის თვითმფრინავებად ამოიცნო და ისინი „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის სამი რაკეტით ჩამოაგდო. ვიდეოში ნაჩვენები ჩამოგდებისას, როგორც ჩანს, AIM-9 Sidewinder ტიპის სითბური დამიზნების რაკეტა გამოიყენეს.

საინტერესოა, რომ F/A-18 Hornet და F-15E Strike Eagles, როგორც ჩანს, არ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული „ჩემი-სხვისი“ ანუ „მეგობრის ან მტრის იდენტიფიკაციის“ (IFF) სისტემით. ეს გარკვეულწილად გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ ორი ქვეყანა ახლო მოკავშირეა. შესაძლებელია, რომ სისტემა გაუმართავი იყო, გამორთული იყო, ან ქუვეითელმა პილოტმა უბრალოდ უგულებელყო იგი.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ F/A-18 გაშვების მომენტში F-15E-სთან შედარებით ახლოს დაფრინავდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პილოტი არა მხოლოდ რადარზე აკონტროლებდა სხვა თვითმფრინავს, არამედ, სავარაუდოდ, ვიზუალურადაც ხედავდა მის სილუეტს და პოტენციურად ახდენდა ტიპის იდენტიფიცირებას.

ანუ ქუვეითელი პილოტი, არა მარტო რადარის ეკრანზე, არამედ თვალითაც ხედავდა ახლოს მფრენ „არწივს“, რომლის ამოცნობა, რომ ის ირანის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავი არ იყო და ამერიკელებს ეკუთვნოდათ, ძნელი არ გახლდათ, მაგრამ მან მაინც დააჭირა თითი ღილაკს რაკეტის გასაშვებად და თანაც სამჯერ...

ახლო აღმოსავლეთში საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის არ არის კეთილგანწყობილი შეერთებული შტატებისა და მისი ქმედებების მიმართ, თუნდაც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ქუვეითი, რომლებიც ვაშინგტონთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებენ. ამიტომ, არ შეიძლება სრულად გამოირიცხოს ის შესაძლებლობა, რომ Hornet-ის ქუვეითელმა პილოტმა განზრახ ჩამოაგდო სამი ამერიკული F-15E ... პირადი მოტივებით!

ვიდეო: ქუვეითის თვითმფრინავიდან ამერიკულისკენ რაკეტის გაშვებისა და მოხვედრის მომენტი