მათხოვარი ბავშვები - საზოგადოებისა და სახელმწიფოს საზრუნავი - კვირის პალიტრა

მათხოვარი ბავშვები - საზოგადოებისა და სახელმწიფოს საზრუნავი

არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ კვლავ ეიფორიაში ვრჩებით - ეს არც ისე გასაკვირია იმ ხალხისგან, რომელსაც საკუთარი ბედის გადაწყვეტის საშუალება არასოდეს ჰქონია. სხვათა შორის, ეს მეც მეხება, - საკუთარ თავს ხშირად ვატყობ პროტესტს შენობებში ბავშვებამოიღლიავებული დევნილების შეჭრის გამო ან ჩამოძონძილ, სახე დაკარგულ ადამიანებთან შეხვედრისას, რომლებიც თითქმის ძალით ცდილობენ მოწყალება გამოგართვან...

ეს ყველაფერი ცივი წყლის გადასხმასავით არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ალბათ დიდხანს დავრჩებით იმავე საზოგადოებად, როგორიც ვიყავით. მანამდე, ვიდრე არ გაჩნდება იმ ღირსების შეგრძნება, რომ ვიღაცის ქონება ძალით არ უნდა დაისაკუთრო, რომ არც მოწყალება უნდა "გამოგლიჯო" ვინმეს, რომ საერთოდაც ხელის სამათხოვროდ გაწვდენის უნდა გრცხვენოდეს, როცა ჯანმრთელი და ტანმრთელი ხარ; ვიდრე ყველანი არ მივხვდებით, რომ მათხოვრობა მხოლოდ სიღატაკის ბრალი არ არის. ტრაგედიაა აბა რა არის - ქალაქი მათხოვრადქცეული ხალხითაა სავსე და ეს ჩვენ ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია; რომ აპანაქება სიცხესა თუ ყინვაში ასფალტზე ფეხმორთხმული ახალგაზრდა ქალები, ჩვილებს პირში ჭუჭყიან ბოთლებს სჩრიან და საღამოობით ამ კოშმარით ნაშოვნით სუპერმაეკეტებში ნაყიდ მზა კერძებს შეექცევიან, აფთიაქებში პამპერსს ყიდულობენ, რათა მეორე დღეს საკუთარ პირმშოებს ამოაცვან და ქუჩაში "კომფორტულად" იმათხოვრონ.

თუ რატომ იმძლავრა ჩვენში მათხოვრის ფსიქოლოგიამ, ნამდვილად არის სერიოზული ფსიქოლოგიური განსჯის საგანი. სავარაუდოდ, ამას ხელი სახელმწიფოს პოლიტიკამაც შეუწყო, რომელმაც საერთაშორისო ვალების იოლად აღება არჩია ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე ტვინის ჭყლეტას. მაგრამ წარსულს ვეღარაფერს ვუშველით და მომავალში უნდა შევეცადოთ მათხოვრის ფსიქიკის ჩამორეცხვას. ამაში საზოგადოების როლიც შედის, რომელიც დაუფიქრებლად იყოფს ხელს ჯიბეში საღსალამათი ადამიანებისთვის ფულის საჩუქებლად და ამ დროს გარშემო უამრავი მშიერი, უძლური და დავრდომილია. სხვათა შორის, ამგვარმა დამოკიდებულებამ ჩვენში უცხოელი მათხოვრების მომრავლებაც გამოიწვია, - პირადად მე ამგვარ ამპლუაში მრავალჯერ მინახვს ახოვანი აფროამერიკელი, რომელმაც იმდენად კარგად იცის ქართული, რომ ერთხელაც საცემრად გამოეკიდა ქალბატონს, რომელმაც პეკინის პროსპექტზე საკუთარი მაღაზიის კართან მდგომზე რაღაც ჩაილაპარაკა ქართულად.

ხოლო იმისთვის თუ რატომ არ ნიშნავს სიღატაკე ქუჩაში სამათხოვროდ გამწესებას, მართალია სამწუხარო, მაგრამ ჩვენი ის რეალობაც ადასტურებს, რომ ქუჩაში გამოსულ ბავშვებს შორის უამრავი საკუთარი შრომით არა მხოლოდ თავს, არამედ ოჯახსაც არჩენს. "ბავშვები არშემდგარი უფლებებით, რომლებიც ქუჩაში ეწევიან ეკონომიკურ აქტივობას", - ასეთ შეფასებას აძლევენ მათ ადამიანთა უფლებების დამცველები, როცა ბავშვების დარღვეულ უფლებებზე წერენ. მაგრამ როგორც წესი, ეს უკანასკნელნი საზოგადოებისაგან ბევრად მეტ სიბრალულს იწვევენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც მოწყალების მისაღებად ხალხს უკან დასდევენ. საქმე ის არის, რომ ამ უკანასკნელი კატეგორიის ბავშვების სკოლაში დაბრუნება და გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ მშობლებს დაასაქმებ, ისინი კი, თავის მხრივ, შვილებს არჩენენ. თუ არადა, იმის მიუხედავად, რომ ასეთი ბავშვები შეიძლება დამნაშავეებად არ იქცნენ, მათი უმეტესობა სრულფასოვანი მოქალაქე მაინც ვერ იქნება.

მათი რიცხვი კი საკმაოდ ბევრია, - საქართველოში ქუჩაში გასული ბავშვების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით კი მათი რიცხვი თითქმის 5 ათასამდეა. მათ შორის თითქმის მესამედი საკუთარი შრომით ირჩენს თავს. ამ შრომაში შედის როგორც ფიზიკური სამუშაო, მაგალითად, ბაზრების ტერიტორიებზე კლიენტებისთვის ბარგის გადატანის მომსამსახურის შეთავაზება, ისე საკუთარი ნაკეთობებით ან საეკლესიო ნივთებით ვაჭრობა, - უფრო ხშირად სანთლებით ან ქაღლდზე შესრულებული ხატების ასლებით. ეს უკანასკნელი წლების წინ ძალზე კარგად იყიდებოდა. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ბავშვების განმარტებით ხატების ნავაჭრი თანხის ნაწილი საქველმოქმედო საქმეს ხმარდებოდა. მოგვიანებით ამ ბიზნესს გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაციები დაეპატრონნენ და საზოგადოებამაც ამ საქმის მიმართ ინტერესი დაკარგა.

ასევე იყიდება სეკლესიო სანთლებიც. მართალია, ამ სანთლების ჩამოსხმასთან ეკლესიებს კავშირი არ აქვთ, მაგრამ რახან სანთლის ანთება ღვთიური საქმეა, საზოგადოება არ იზიარებს, რომ სანთლები ბავშვებისგნ იყიდოს. ამ საქმით მიღებული შემოსავალი ყოფნის იმას, რომ ბავშვებმა შინ იმდენი პროდუქტი მიიტანონ, ოჯახის წევრები ერთჯერადად დააპურონ. თუმცა იმასაც გააჩნია, ოჯახში რამდენი წევრია. მაგალითად, იმ პატარა ბიჭებს, რომლებიც ვაკეში, ყოფილი მეცხრე საავადმყოფოს შესასვლელთან გასაყიდი სანთლებით ხელში შემხვდნენ, შინ სამ-სამი და-ძმა ელოდებათ და საეჭვოა მათი ნავაჭრი ყველას ყოფნიდეს. ამის მიუხედავად, ბიჭებს შრომა არ ეზარებათ, - მთელი დღე აქ უნდა ვიდგეთ, სანამ ყველა სანთელს არ გავყიდით, არ წავალთო. ადრე ისინი ცალ-ცალკე ვაჭრობდნენ, მაგრამ როცა ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს და დარწმუნდნენ, რომ ორნი ერთად უფრო კარგად გადაიტანდნენ მთელი დღე ქუჩაში დგომას, უკვე ერთად არიან და ცხოვრებასაც ერთად ებრძვიან. არადა, ისინი არა მხოლოდ თავიანთი ოჯახებისთვის არიან საჩუქარი, არმედ სახელმწიფისთვისაც, - მათი გზაზე დაყენება ჯერ კიდევ შეიძლება. და ამის გაკეთება სახელმწიფომ მაშინ კი არ უნდა დაიწყოს, როცა ყველა "პრიორიტეტულ" პრობლემას გადაწყვეტს, არამედ დღესვე, რადგან ჩვენი მომავალი ეს არის, უმომავლოდ კი არაფრის კეთებას არ აქვს აზრი.

(სპეციალურად საიტისთვის)