შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია - აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება. „უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მათ შესაძლო გავლენაზე სამხრეთ კავკასიაზე, ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:
- ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როგორ ან რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში პროცესები - ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საბოლოოდ ირანის რეჟიმი რომ დამარცხდება, თითქმის დარწმუნებული ვარ. თუმცა მთავარი კითხვაა, რის ფასად დაუჯდება ეს სამყაროს.
თუ ყველაფერი შედარებით მოკლე ან საშუალო პერიოდში დასრულდა, ვფიქრობ, მსოფლიო დალაგდება ისე, როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იდეალური არ იქნება, მაგრამ ცივილიზებული სამყარო დაიბრუნებს დომინაციას საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, თანასწორობისა და თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნებით. შესაბამისად, ახალი გლობალური წესრიგი უფრო უკეთესი იქნება. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა და ამოსუნთქვის საშუალება მიეცა ირანსა და მის ავტორიტარული რეჟიმის მქონე პარტნიორებს, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს დამატებითი სირთულეები. იმედია, საქმე აქამდე არ მივა.
დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად პოზიტიური ამ დრამატულ ისტორიულ მომენტში არის ის, რომ რუსეთი ამ დიდ გლობალურ პროცესებში საკუთარ პოლიტიკურ იმპოტენციას აჩვენებს. მას მოუწია თავისი პარტნიორი ვენესუელა ისე დაეთმო, რომ ვერაფერი გააკეთა. ახლაც პრაქტიკულად პარალიზებულია ირანთან დაკავშირებულ პროცესებში. შესაძლოა კულუარებში რაღაცას ცდილობს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის ირანს, თუმცა რეალურად მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამით მსოფლიო კარგად ხედავს, რომ რუსეთის პრეტენზია ზესახელმწიფოს სტატუსზე და მისი იმპერიული ამბიციები რეალურ საფუძველს მოკლებულია. ასე რომ, ერთი მხრივ, რთული პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ამავე დროს ის გარკვეულ იმედსაც იძლევა.
რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ის, რასაც ვხედავთ, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან ამ ყველაფერს, მათ შორის ირანშიც. ჩვენ ამ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობასაც უნდა თანავუგრძნოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სასტიკია რეალობა.
- ამ კონფლიქტის ჭრილში სამხრეთ კავკასიაზეც მინდა ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ ოთხი დრონი თავს დაესხა აზერბაიჯანს - ერთი ნახიჩევანის აეროპორტთან ჩამოვარდა, მეორე კი სკოლასთან. აზერბაიჯანმა პირდაპირ დაადანაშაულა ირანი, თუმცა თეირანი ამას უარყოფს. უკვე მეორე დღეს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში დააკავეს ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ტერორისტულ აფეთქებებს გეგმავდა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმ გლობალური დაპირისპირების ფონზე, რასაც ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ, რამდენად რეალურია, რომ სამხრეთ კავკასიაც აღმოჩნდეს ჩათრეული? ბუნებრივია, ჩვენ ყველაზე მეტად საქართველოს ბედი გვაშფოთებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, რამდენად მზად ვართ?
- ირანი ამ მძიმე ომში ერთგვარ ტერორისტულ ტაქტიკას მიმართავს. მათ, ფაქტობრივად, 12 ქვეყანა გახადეს ამ ომის მონაწილე. თითქოს ომის მხარეები ცნობილია, მაგრამ ირანი ცდილობს გააფართოოს კონფლიქტის მასშტაბი და მძევლად აიყვანოს მთელი რეგიონი. ამას სრულიად უსაფუძვლო არგუმენტებით ამართლებენ, თუმცა ეს კლასიკური ტერორისტული ქცევაა - როდესაც მძევლებს აიყვან იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიო.
სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეგიონში ვართ. მართალია, ირანთან პირდაპირი საზღვარი არა გვაქვს, მაგრამ არსებობს ლოჯისტიკური ხაზები. თქვენ ახსენეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც ნავთობი ისრაელსაც მიეწოდება და სავსებით ბუნებრივია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ირანის სამიზნედ იქცეს. აზერბაიჯანის განცხადებით, ეს მათ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ საქართველოშიც. ეს რისკები ნამდვილად არსებობს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ირანის რეჟიმისგან - და არა ირანელი ხალხისგან - მომდინარე პოტენციური საფრთხეები სათანადოდ არც გაანალიზებულა და არც გაუთვალისწინებიათ, მით უფრო, რომ ირანი რუსეთის პარტნიორიც არის და თავადაც რეგიონული იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფოა. ბოლო წლებში ჩვენ უფრო იმას ვხედავთ, როგორ არის უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მოქალაქეების თვალთვალით, დევნითა და შიდაპოლიტიკური პროცესებით დაკავებული. ვფიქრობ, საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში ქვემო ქართლში, სადაც ირანული გავლენა ძალზე გაიზარდა. როგორც ამბობენ, ბევრი ჩვენი ახალგაზრდა მუსლიმანი მოქალაქე მიჰყავდათ ირანში და ამზადებდნენ თითქოს სასულიერო მოღვაწეებად. რეალურად რა ხდებოდა იქ, ზუსტად არ ვიცით და ეჭვი მაქვს, ეს არც ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ სრულად შესწავლილი.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, კერძოდ, თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში ფუნქციონირებდა სანქცირებული და ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ირანული უნივერსიტეტის ფილიალები. ამ დაწესებულებებში რა ხდებოდა, არ ვიცით. იგივე ითქმის ირანელების დაფინანსებულ მეჩეთებზე, მედრესეებსა და საკვირაო სკოლებზე - რას ასწავლიან იქ, ხომ არ მიმდინარეობს იდეოლოგიური მომზადება? თუ ეს ყველაფერი არ კონტროლდებოდა, ბუნებრივია, ეს რისკებს უფრო ზრდის და შესაძლოა საქართველოში გაჩნდნენ ფანატიკური ჯგუფები, რომლებიც ერთ დღეს გააქტიურდებიან.
შესაძლებელია თუ არა ასეთი სცენარები? - ამ თემაზე დასმული კითხვები სავსებით ლეგიტიმურია. ჩვენ ეს კითხვები უნდა დავუსვათ სპეცსამსახურებს, რომლებიც ვალდებული არიან იმოქმედონ და უპასუხონ საზოგადოების კითხვებს, რამდენად დაცულია ქვეყანა ირანის იდეოლოგიური გავლენებისგან, რაც მომავალში შეიძლება ძალიან სერიოზულ საფრთხედ იქცეს.
ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი, აზერბაიჯანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ჩვენ მარტივად გავუხსენით საზღვრები ირანს. ისინი შეშფოთებული იყვნენ, რომ საქართველოში შეიძლებოდა ირანული გავლენის პლაცდარმი შექმნილიყო და გვთხოვდნენ, ეს პროცესი უფრო მკაცრად ყოფილიყო გაკონტროლებული. აზერბაიჯანი მაშინვე ხედავდა იმ საფრთხეებს, რომელთა რეალიზაციასაც ახლა ვხედავთ.
მას შემდეგ, რაც ეს კითხვები დაისვა და ამ პრობლემაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი, სუს-ი დაინტერესდა. როგორც გვითხრეს, გამოკითხვაზე დაიბარეს ის პირები, რომლებმაც საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება - თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე. არადა, ის ინფორმაცია ღია წყაროებით კარგა ხანია ვრცელდება. უცნაურია, რომ სუს-ი ამ საკითხით მხოლოდ ახლა დაინტერესდა, მაშინ როდესაც მათი მთავარი ფუნქცია სწორედ სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. სინამდვილეში ეს უწყება გადაქცეულია პარტია "ქართული ოცნების" უსაფრთხოების რგოლად. ახლა სუს-ი რის გარკვევას ცდილობს და რატომ დაიბარა ისინი? ალბათ, ისევ საზოგადოების დასათრგუნად და გასაჩუმებლად. თუ სუს-ს დღეს სწორედ ხიდაშელისა და სანიკიძისგან სურს გაარკვიოს, რეალურად რა ხდებოდა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ. სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ისრაელის საელჩოს განცხადებაც.
- 6 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში მიზანმიმართული და სისტემური დარღვევის საპასუხოდ. ევროკომისია განმარტავს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის მიზანია ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის მხარდაჭერა. ასევე მოვისმინეთ განცხადებები, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებს არ გადახედავს, მალე შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმაც დაკარგონ.
- დღევანდელი მდგომარეობით არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უკან დაიხევს და შეცვლის არჩეულ პარადოქსულ პოლიტიკას. ერთი მხრივ, აცხადებენ, თითქოს მზად არიან ევროპასთან ინტეგრაციისთვის და ცდილობენ ამერიკელებთან მოლაპარაკების გზების გამონახვას, თუმცა რეალურად სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ.
ფაქტობრივად, ისინი დასავლეთს ეუბნებიან: ვაღიარებთ, რომ პრობლემური პარტნიორები ვართ და ამ გზის გაგრძელებასაც ვაპირებთ, მაგრამ მიგვიღეთ ისეთი, როგორი მამაძაღლებიც ვართო. იმასაც კი არ ეუბნებიან, თქვენი მამაძაღლები ვიქნებითო, რადგან აქ რუსეთის ფაქტორი ძალიან ძლიერია.
მოკლედ, ეს პოზიცია სრული აბსურდია და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან დრამატულ ვითარებას ქმნის. აშკარაა, რომ ხელისუფლების ორიენტაციაა ააშენოს რუსული ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატიის სისტემა, სადაც არსებობს ერთი დომინანტური ძალა, რომელიც აკონტროლებს როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, და მათი ყველა ნაბიჯიც სწორედ ამ მიმართულებით არის გადადგმული. მეტსაც გეტყვით - ზოგიერთი გადაწყვეტილება, მაგალითად, ბოლო, რომელიც ხელისუფლების აღიარება-არაღიარებას ეხება, რუსეთშიც კი არ მიუღიათ. იქაც კი არ მოქმედებს ამგვარი აბსურდული კანონი. ფაქტობრივად, ამით რუსეთსაც კი გაუსწრეს.
მოკლედ, ხელისუფლება აგრძელებს იმ კურსს, რომელიც შესაძლოა დასრულდეს იმით, რომ მართლაც მთელ ქვეყანას გაუუქმდება უვიზო მიმოსვლის უფლება. ყოველდღიურად ევროკავშირს ლანძღავენ, ელჩებს პირდაპირ ესხმიან თავს და რატომ უნდა უნდოდეს ევროკავშირს საკუთარ სივრცეში ქვეყანა, რომელიც იმ ღირებულებებს უარყოფს, რაზეც ევროპა დგას? ევროკავშირი საკუთარ თავს იცავს და თავად არჩევს პარტნიორებს.
- ამის პარალელურად ვნახეთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში. მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთან, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორი იყო, ბოლო დროს ურთიერთობა თითქმის შეწყვეტილია. თქვენი აზრით, ამ ვიზიტს შეუძლია შეცვალოს არსებული ვითარება?
- შეუძლებელია რამე შეცვალოს. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ასე არ წყდება. დელეგაციის კომიკურ შემადგენლობაზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს - მაღალი დონის ურთიერთობები მაღალი დონის კონსულტაციების გარეშე არ დალაგდება.
ასეთი მოლაპარაკებები კი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიმართება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ასე ვთქვათ, იმ ფასეულობების მიღმაა, რაზეც ეს ურთიერთობები დგას, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს მმართველობის მოდელი და ურთიერთობების სტანდარტი ამერიკულთან შეუთავსებელია.
აგიხსნით, რას ვგულისხმობ - ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მარკო რუბიო ირანზე საუბრისას ამბობდა, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა რთულია, რადგან მას მართავს არაინსტიტუციური სულიერი ლიდერი, ხოლო ინსტიტუციურ ხელმძღვანელობასთან საუბარს აზრი არა აქვს, რადგან ის გადაწყვეტილებებს არ იღებსო. როგორც იტყვიან, "მულო, შენ გითხარი და, რძალო, შენ გაიგონეო".
დიქტატორებსაც კი ელაპარაკებიან, მაგალითად, პუტინს, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო მტრად მიიჩნევს, მაგრამ საქმე ის არის, რომ პუტინი ინსტიტუციონალიზებული დიქტატორია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და სწორედ ამიტომ ელაპარაკებიან. ამავე პრინციპით ელაპარაკებიან ლუკაშენკოსაც... აქ კი ვის უნდა დაელაპარაკონ? - ივანიშვილი თავად არ ჯდება მოლაპარაკებებზე, თუმცა რომც დაჯდეს, ოფიციალური შეხვედრების გამართვა მასთან შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით ჩიხში ვართ. ბოლო დროს ხშირად ვამბობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავლად ორი გზა არსებობს: ერთი - ივანიშვილი საერთოდ გაქრეს, ასე ვთქვათ, "აორთქლდეს", და გაჩნდეს განცდა, რომ კობახიძე რეალური პრემიერ-მინისტრია. ეს შეუძლებელია და არც სახელმწიფოს ინტერესებშია, რადგან ასეთი სცენარი ხელისუფლების სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს - სისტემა ჩამოიშლება, გაჩნდება დიდი ვაკუუმი და შესაძლოა მძიმე პროცესები განვითარდეს.
მეორე გზა არის ივანიშვილის ინსტიტუციონალიზაცია - ის უნდა გამოვიდეს "ბუჩქებიდან" და ფორმალურად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება მოლაპარაკებების დაწყების შანსი. ეს არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი მოგვარდება - არა, ეს მხოლოდ პროცესის დაწყების საფუძველი იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შანსებიც, მათ შორის მისი პირადი უსაფრთხოების, რომელიც დღეს უკვე სერიოზული რისკების ქვეშ დგას. მეეჭვება, ივანიშვილს კიდევ ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთის იმპერიას შეაფარებს თავს. რუსეთმა საკუთარი პარტნიორების მიმართ სრული იმპოტენცია აჩვენა.
ივანიშვილმა უნდა იფიქროს ალტერნატიულ გზებზე - თუნდაც საკუთარი უსაფრთხოებისთვის, და თუ გულის სიღრმეში სადღაც ქვეყანაზეც ფიქრობს, მაშინ ქვეყნისთვისაც. ვიმეორებ: იმისათვის, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან საუბარი შესაძლებელი გახდეს, საჭიროა მისი დაბრუნება პრემიერ-მინისტრის რანგში. უნდა მოხდეს მისი როლის ფორმალიზება. მას შეუძლია მთელი ეს მდგომარეობა კობახიძეს გადააბრალოს, "ჩარეცხოს" და გარკვეული შემობრუნება დაიწყოს.
- გასულ კვირას ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ("კოალიცია ცვლილებისთვის", "გირჩი" - მეტი თავისუფლება", "დროა", "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ფედერალისტები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ევროპული საქართველო", "თავისუფლების მოედანი") ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადა, რაც, მათი განმარტებით, სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს. ოპოზიციური პარტიებიდან ალიანსში გაერთიანებაზე უარი თქვა ორმა დიდმა ოპოზიციურმა ძალამ: "ლელო" - ძლიერი საქართველო" და "გახარია - საქართველოსთვის".
- ჩვენს პოლიტიკურ პროცესში პარტიების გამსხვილება ცუდი არ არის, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პრობლემა ის არის, რომ საკუთარი თავის ერთადერთ ალტერნატივად გამოცხადება, ჩემი აზრით, აბსურდულია. თუნდაც ელექტორალური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ის გაერთიანება, რაც შეიქმნა, და მის მიღმა დარჩენილი "ლელო" და გახარიას პარტია ერთად, დაახლოებით ერთნაირი მხარდაჭერით სარგებლობენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - ამ პოლიტიკურ პროცესში მთავარი ის კი არ არის, ეს ძალები გამსხვილდებიან თუ არა, არამედ ის, რომ ძალა პარტიებში კი არა, ხალხშია, მასთან კომუნიკაცია კი ფაქტობრივად არ არის. არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ტელეეკრანებიდან, მონოლოგის რეჟიმში, მოხერხდეს დაქსაქსული საპროტესტო ენერგიის კონსოლიდაცია. ქვეყანაში მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ვერ ხედავს სრულფასოვან ალტერნატივას - ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის არა მხოლოდ სურვილი აქვს, არამედ რეალური შესაძლებლობაც და რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანა უკეთესი იქნება.
ამ რეალობის შესაქმნელად და ელექტორატის ნდობის დასაბრუნებლად აუცილებელია ხალხთან მუშაობა. არ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება, მაგრამ ეს აშკარად არ კმარა. დღეს მხოლოდ ხალხია ის ძალა, რომლისაც ხელისუფლებას რეალურად ეშინია. თუ ახალი ალიანსი შეძლებს საზოგადოებრივი პროტესტის მობილიზებას, მაშინ ის შეიძლება იქცეს სერიოზულ ძალად, რომელიც მომავალში რეალურად მოახერხებს ცვლილებებს. თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ ისევ იმ მოცემულობას მივიღებთ, როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.