რა ღირს ომი?! - "თუ ესკალაცია დიდხანს გაგრძელდა, ქაოსი და გაღატაკება მდიდრებსაც ისევე დაემუქრებათ, როგორც სხვა დანარჩენებს" - კვირის პალიტრა

რა ღირს ომი?! - "თუ ესკალაცია დიდხანს გაგრძელდა, ქაოსი და გაღატაკება მდიდრებსაც ისევე დაემუქრებათ, როგორც სხვა დანარჩენებს"

ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში უპრეცედენტო კრიზისი შეიქმნა, რასაც ანალიტიკოსები გლობალური ეკონომიკისთვის უდიდეს გამოწვევად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ სრუტე იურიდიულად არ დახურულა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მუქარამ და კომერციულ გემებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა მისი დე ფაქტო ბლოკადა გამოიწვია. გადამზიდავმა კომპანიებმა და სადაზღვევო სააგენტოებმა უარი თქვეს გარისკვაზე, რის გამოც სპარსეთისა და ომანის ყურეებში ასობით ტანკერი მოლოდინის რეჟიმშია გაჩერებული. ჰორმუზის სრუტეზე გლობალური ნავთობით ვაჭრობის 20%-მდე გადის, რაც დღეში 20 მილიონი ბარელია. ბაზრიდან ამ მოცულობის გაქრობამ ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა უკვე გადააჭარბა 90 აშშ დოლარს ბარელზე და ანალიტიკოსების ვარაუდით, ბლოკადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ადვილად გადასცდება 100-დოლარიან ნიშნულსაც. საფრთხე ემუქრება ევროპის ენერგოუსაფრთხოებასაც, რადგან სრუტეზე გადის თხევადი ბუნებრივი აირის მსოფლიო ვაჭრობის ასევე 20%, რომელიც ძირითადად კატარიდან მოედინება. შედეგად, ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი მყისიერად გაორმაგდა და მეგავატ-საათზე 30 ევროდან 60 ევრომდე ახტა. კრიზისი შეეხო გლობალურ სასოფლო-სამეურნეო მიწოდებასაც, ვინაიდან სრუტეზე გადის ყველაზე მოთხოვნადი სასუქის გლობალური ვაჭრობის მესამედი.

ისტორიულ მაქსიმუმზეა სადაზღვევო პრემიებისა და ტანკერების ქირაობის ფასები. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ კი, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა აღმოჩნდნენ, რადგან სრუტეში გამავალი ნავთობის 80%-ზე მეტი სწორედ მათკენ მიემართებოდა. ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება საწვავის, ტრანსპორტირებისა და წარმოების ხარჯებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დასავლელი ეკონომისტები შიშობენ, რომ ეს ინფლაციის ახალ ტალღას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, შეაფერხებს ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესს და გლობალური სტაგფლაციის საფრთხეს მნიშვნელოვნად გაზრდის. რას გამოიწვევს ეს ყველაფერი, რა გავლენა ექნება რიგით ადამიანებზე და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, ან რა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, ანალიტიკოსi ლიანა ჯერვალიძე გვესაუბრება.

- თუ ეს ომი გაგრძელდა, მსოფლიო ნავთობისა და გაზის ფასების კატასტროფულ ზრდას უნდა ელოდოს. ეს გამოიწვევს გლობალურ ინფლაციურ ტალღას და დეინდუსტრიალიზაციას, რაც პირველ რიგში ევროპაზე აისახება.

ევროპული ეკონომიკა დიდწილად ამ რეგიონიდან, ასევე ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მიღებულ რესურსებსა და პროდუქციაზეა დამოკიდებული, უბრალოდ, "ჩაწვება". არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს აქტიური საბრძოლო მოქმედებები და რამდენად ღრმა იქნება ის ეკონომიკური ორმო, რომელშიც მსოფლიო მიწოდების ჯაჭვების ჩახსნის გამო აღმოჩნდება.

- ჰორმუზის სრუტე რამდენიმე დღეა ჩაკეტილია.

- ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ზრდა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის მეყსეული შედეგია. ენერგომატარებლების გაძვირება კი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, რადგან მათ ფასზე, ფაქტობრივად, გლობალური ეკონომიკის ყველა სექტორია დამოკიდებული. ენერგორესურსების ღირებულების ცვლილება პირდაპირ აისახება წარმოების ხარჯებზე, ტრანსპორტირებასა და სამომხმარებლო პროდუქტების საბოლოო ფასზე, რაც ინფლაციურ პროცესებს უფრო აჩქარებს.

- ისეთი ალტერნატივა არ არსებობს, რომელიც შეამცირებდა ზარალს?

- დღეს ენერგეტიკული ალტერნატივა კვლავ რუსეთია. არსებული ინფორმაციით, ტრამპმა ინდოეთს ნება მისცა სანქციების გვერდის ავლით შეისყიდოს რუსული ნავთობი, რადგან გლობალურ ბაზარზე სხვა ალტერნატიული რესურსი უბრალოდ აღარ არსებობს. შედეგად, ინდოეთმა განაახლა რუსული ნედლეულის შესყიდვა იმავე მასშტაბით, როგორც ამას აკრძალვამდე აკეთებდა. ენერგობაზარზე შექმნილმა კრიტიკულმა დეფიციტმა ვაშინგტონი აიძულა, სანქციების პოლიტიკაში გარკვეულ დათმობებზე წასულიყო, რათა თავიდან აეცილებინა ფასების უფრო მეტი ზრდა.

- ინდოეთი, ვიდრე ამერიკა აუკრძალავდა, ნავთობს ყიდულობდა რუსეთისგან, ამუშავებდა, გაჰქონდა ბაზარზე და ფასი იყო დაბალი. ახლა ინდოეთი ისევ რომ ჩაერთვება ამ პროცესში, ფასს ვერ დააგდებს?

- რა თქმა უნდა, ვერა. იმუშავებს ახალი ფასით.

- ევროპაში ისედაც პრობლემებია ამ მხრივ და ირანში მიმდინარე მოვლენები როგორ შეცვლის მოცემულობას?

- ევროპა იძულებული გახდება რუსეთისგან ენერგორესურსები ძალიან ძვირად შეიძინოს. იმ მოცულობას, რასაც სპარსეთის ყურიდან და ჰორმუზის სრუტიდან იღებდნენ, სხვა წყაროებით ვერ ჩაანაცვლებენ. მართალია, ვენესუელა ამერიკის კონტროლის ქვეშ გადავიდა, მაგრამ ხანგრძლივი სანქციების გამო მისი საწარმოო ბაზა და მილსადენები სრულ განახლებასა და დიდ ინვესტიციებს საჭიროებს. ერთადერთი გამოსავალი მოხმარების შემცირებაა, რაც პირდაპირ ნიშნავს ენერგიის მიწოდების შეზღუდვას ან ინდუსტრიისთვის, ან მოსახლეობისთვის. ზაფხულში ნავთობზე მოთხოვნა იზრდება, აპრილიდან კი გაზსაცავების შევსება უნდა დაიწყოს, რათა ევროპა ზამთარს მომზადებული შეხვდეს. ამ კრიზისისგან გარანტირებულად დაზღვეული მხოლოდ ამერიკაა, რომელიც გაზს საკუთარი წარმოებით უზრუნველყოფს, მსუბუქ ნავთობს კი მექსიკიდან და კანადიდან იღებს.

- ენერგორესურსების საუდის არაბეთის გავლით გადამისამართება რამდენად რეალურია?

- მართალია, არსებობს მილსადენი, რომელიც წითელ ზღვაზე გადის, თუმცა ის სრულად ვერ ჩაანაცვლებს ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობას. საუბარი არ არის მხოლოდ ნედლ ნავთობზე; სრუტის მეშვეობით ხდებოდა დიზელის, ბენზინისა და საავიაციო საწვავის ტრანსპორტირებაც, რასაც საუდის არაბეთის უმსხვილესი გადამმუშავებელი ქარხნები აწარმოებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მილსადენებით ძირითადად ნედლი ნავთობი გადაიქაჩება, მზა პროდუქცია კი ბაზრებზე ტანკერებით გადის, რისთვისაც ჰორმუზის სრუტე კვლავაც შეუცვლელია.

- ჰორმუზის სრუტის გახსნა ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესში შედის და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ომის გაგრძელების პირობებში მისი გახსნა და ფუნქციონირება შესაძლებელი გახდეს?

- თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა რეალობა ისაა, რომ ამ ეტაპზე მძაფრი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. კონფლიქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ ირანი იარაღს დაყრის და კაპიტულაციას გამოაცხადებს. დღეს ტრამპის მოთხოვნა სწორედ ეს არის - რეჟიმმა უნდა აღიაროს მარცხი, რათა ვაშინგტონმა თავად გადაწყვიტოს, ვინ ჩაუდგება ქვეყანას სათავეში. თუმცა, რამდენად დათანხმდება ირანი ამ პირობებს, ძნელი სათქმელია.

ირანის დესტაბილიზაცია მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას ნიშნავს. ასეთ პირობებში 90-მილიონიანი მოსახლეობის შეკავება შეუძლებელი გახდება - ხალხი მთელ რეგიონში გაიფანტება, რაც მასობრივ მიგრაციასთან ერთად, ტერორისტული ჯგუფების გააქტიურებასა და საერთო ქაოსს გამოიწვევს. ეს საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ უშუალო მეზობლებს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებასაც.

- ანუ რეალურად ახლა იმაზე მეტი პრობლემების წინაშე ვდგავართ, ვიდრე რუსეთის შეჭრა იყო უკრაინაში?

- უკრაინაში რუსეთის შეჭრა ევროპისთვის უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა, რამაც არსებული მიწოდების ჯაჭვების ჩახსნა გამოიწვია. ევროპა იძულებული გახდა, გადასულიყო გაცილებით ძვირ რესურსზე და ხშირ შემთხვევაში, ეს ისევ რუსული ნედლეული იყო, რომელიც მრავალი შუალედური რგოლის გავლით მიეწოდებოდათ, რაც პროდუქტს მნიშვნელოვნად აძვირებდა. დღეს კი მოწმენი ვართ მეორე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიწოდების ჯაჭვის ჩახსნისა. თუ უკრაინის კრიზისი ევროკავშირზე დარტყმა იყო, ირანის კონფლიქტი პირდაპირ აზიურ ბაზრებზე - ინდოეთსა და ჩინეთზე ახდენს გავლენას. მაგალითად, იაპონიაში ენერგორესურსების 90% სწორედ ამ რეგიონიდან შედის. მიწოდების ჯაჭვების აღდგენის გარეშე იაპონია, სამხრეთი კორეა და ჩინეთი იძულებული გახდებიან ენერგომატარებლების მისაღებად ისევ რუსეთს მიმართონ.

- ამ ვითარებაში შუა დერეფნის პერსპექტივა ხომ იზრდება და როგორ შეიძლება ბაქო-ჯეიჰანის მილსადენების გამოყენება, გამტარობის რა რეზერვებია ამ მხრივ?

- ბაქო-სუფსის მილსადენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, ფაქტობრივად გაჩერებულია. 5-დან 7 მილიონ ტონამდე გამტარუნარიანობის მილსადენში ერთი წვეთი ნავთობიც აღარ გადის. ოფიციალურ მიზეზად შავ ზღვაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები სახელდება, თუმცა პარალელურად ვხედავთ, რომ თურქეთი ჩვეულებრივ იღებს რუსულ ნავთობს, გადაამუშავებს და ევროპაში შეაქვს. მილსადენის გაჩერებით საქართველო დიდ ფინანსურ შემოსავლებს კარგავს, ევროპული ბაზარი კი მიწოდების ჯაჭვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს.

საქართველოში გვყავს ენერგეტიკის სფეროს პროფესიონალების ძალიან კარგი ჯგუფი, რომელიც წლებია ამ საკითხებზე მუშაობს და ბაქო-სუფსის მილსადენის გააქტიურების თემა ადრეც არაერთხელ დააყენეს. თავის დროზე, ამ პროექტით უცხოელი ინვესტორებიც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა მაშინ მისი ამუშავება ვერ მოხერხდა. იმედია, არსებულ ვითარებაში მილსადენის ამოქმედება მაინც მოხერხდება, რადგან წლიურად 5-დან 7 მილიონ ტონამდე ნავთობის გატარება სოლიდური მაჩვენებელია და მნიშვნელოვანი წვლილი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე რეგიონული ენერგოუსაფრთხოებისთვის.

წლიურად რამდენიმე მილიონი ტონის გატარება უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. ამ მილსადენის ამუშავება ახლა ყველაზე უპრიანია და აუცილებელია, ქართულმა მხარემ ამაზე ხმა აიმაღლოს, რადგან ეს ინფრასტრუქტურა ჩვენიცაა და არა მხოლოდ რომელიმე კონსორციუმის.

დღეს არსებული ვითარება გამჭვირვალეა - მიმდინარეობს ომი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაცხრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ეკონომიკა უბრალოდ ჩამოიქცევა. ეს კრიზისი დაარტყამს ყველას: მომხმარებელს, მწარმოებელსა და ექსპორტიორს. ყურის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის ექსპორტზე არიან დამოკიდებული, ყოველდღიურად კარგავენ შემოსავლებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე ამ ქვეყნების მმართველები ზღაპრულად მდიდრები არიან, სახელმწიფოებრივ დონეზე ქაოსი და გაღატაკება მათაც ისევე დაემუქრებათ, როგორც სხვა დანარჩენებს.

რუსა მაჩაიძე