ირანული ომის რუსულ-ჩინური „კუდები“ ანუ რას გეგმავენ პუტინი და სი ძინპინი?!
ირანში მიმდინარე აშშ-ისრაელის ოპერაცია როგორ ზეგავლენას იქონიებს გლობალურ პოლიტიკაზე და როგორ შეიძლება უპასუხონ "გრეითპაუერებმა", ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორებს: იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძესა და GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
"რუსეთი ამ კონფლიქტით ბევრ რამეს იგებს"
ბიძინა ლებანიძე: - ამ კონფლიქტის გახანგრძლივება, პირველ რიგში, არ აწყობთ ყურის სახელმწიფოებს, რადგან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მათ დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს. გარდა ამისა, დაბომბვის საპასუხოდ ირანი ბომბავს ამ ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს... მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვთ, მათი რესურსი ბოლოს და ბოლოს ამოიწურება. დღეს გლობალურ ბაზარზე თავდაცვითი რაკეტების დეფიციტია, , ამ რესურსის ამოწურვა რეგიონის უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს უქმნის. კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა ირანი ე.წ. ფეილდ სთეითად (ჩამოშლილ სახელმწიფოდ) აქციოს, რასაც სამოქალაქო ომი, ქურთების გააქტიურება და რეგიონული არასტაბილურობა მოჰყვება. პროცესებში უკვე ჩართული არიან "ჰეზბოლა" და ჰუსიტები, ისრაელი კი საპასუხო სპეცოპერაციებს გეგმავს.
თურქეთი განსაკუთრებით ფრთხილობს, რათა ამერიკამ ირანში შესაჭრელად ერაყელი ქურთები არ გამოიყენოს, რაც თურქეთისთვის წითელი ხაზია. ამიტომ ანკარა, ისევე როგორც ევროკავშირი, დაინტერესებულია ომის სწრაფი დასრულებით. ირანის დაშლა ევროპისთვის ლტოლვილთა ახალ, უკონტროლო ტალღას ნიშნავს...
ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ნავთობზე ფასები გაიზარდა. ეს აწყობს რუსეთს და აძლევს საშუალებას ევროკავშირზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა დღემდე რუსული თხევადი გაზის იმპორტიორია. პუტინმა ახლახან განაცხადა, ხომ არ შევწყვიტოთ თხევადი გაზის მიწოდება ევროპაშიო...
რაც შეეხება ჩინეთს, ის ირანული ნავთობისა და სხვა პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ბევრ პრობლემას უქმნის მსოფლიო ეკონომიკას და საქმე მხოლოდ ნავთობსა და გაზს არ ეხება. მაგალითად, სასუქები, რომლებიც ასევე ყურიდან მიეწოდება სხვა ქვეყნებს. სრუტის ხანგრძლივმა ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია და საკვები პროდუქტების ფასების კრიზისამდე მიგვიყვანოს.
ევროკავშირს ბევრი არაფერი შეუძლია, მისი გავლენა სპარსეთის ყურეში, მით უმეტეს, სამხედრო ესკალაციისას, მინიმალურია. არც ამერიკაზე აქვთ ზემოქმედების ბერკეტი და არც საერთო ევროპული პოლიტიკა, გარდა მოწოდებისა, რომ ესკალაცია დიდხანს არ გაგრძელდეს.
მართალია, ამერიკა სპეცოპერაციებისას იყენებს ევროპულ ბაზებს, ეს მაინც არ არის ისეთი ბერკეტი, რომლითაც ევროპა ტრამპს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას აიძულებს.
რაც შეეხება რუსეთს, მას არც აინტერესებს ესკალაციის მალე დასრულება. პირიქით - მართალია, რეჟიმის დამხობის შემთხვევაში რეგიონში მთავარ მოკავშირეს დაკარგავს, მაგრამ ბევრ რამეს იგებს, პირველ რიგში, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას. მეორე მხრივ, მსოფლიოს ფოკუსი უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე გადადის. რაც მეტ საჰაერო თავდაცვის საშუალებასა და ჭურვს გამოიყენებენ ახლო აღმოსავლეთში, მით ნაკლები რესურსი დარჩება უკრაინისთვის. რუსეთს ახლო აღმოსავლეთში ოპორტუნისტული პოლიტიკა აქვს, ირანის რეჟიმის დაცემა მისთვის კატასტროფა არ იქნება - სირიის მსგავსად, ახალ ხელისუფლებასთანაც ეცდება სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნებას.
- ეს ყველაფერი ჩინეთზე რა გავლენას მოახდენს?
- ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრებით, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ალიანსიდან ირანის გამოთიშვა ამერიკას საშუალებას მისცემს აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთზე მოახდინოს ფოკუსირება. თუმცა ეს შეხედულება გადაჭარბებული მგონია. რა თქმა უნდა, ჩინეთი იზარალებს ირანში რეჟიმის შეცვლით ან ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვით, რადგან ენერგორესურსების, სასუქებისა და სხვა პროდუქტების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ სპარსეთის ყურიდან იღებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას გადამწყვეტი როლი ჰქონდეს ჩინეთ-ამერიკის გლობალურ კონკურენციაში. ამ ორ სახელმწიფოს შორის მთავარი დაპირისპირება მაღალ ტექნოლოგიებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, შეიარაღებასა და გლობალურ ფინანსურ სისტემებზე გადის, ირანი კი არც ერთ ამ სფეროში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს.
ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი ირანში პროამერიკული ხელისუფლების მოსვლით ჩინეთისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება. მას მხოლოდ ნავთობის მარაგების სხვა წყაროებით ჩანაცვლება მოუწევს, რაც რთული არ იქნება, თუმცა შესაძლოა ჩინეთი უფრო მეტად გახადოს რუსეთზე დამოკიდებული.
- ირანში რეჟიმის შეცვლა რამდენად არის შესაძლებელი? ტრამპი ამბობს, რომ აიათოლას კანდიდატი მასთან უნდა შეათანხმონ.
- ირანში ეს რთული იქნება. ამას განაპირობებს თავად ირანის პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც რგოლებადაა აწყობილი - პირველი რგოლის განეიტრალების შემთხვევაში, მართვა მეორეზე გადადის, შემდეგ მესამეზე და ა.შ. გარდა ამისა, სისტემა დეცენტრალიზებულია, რაც ირანში პროამერიკული ძალების მოსვლას თითქმის შეუძლებელს ხდის.
"არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ პროცესებს შეაჩერებს"
თორნიკე შარაშენიძე: - როცა ამერიკა ბომბავს ირანს, იქ რუსეთმა რა უნდა გააკეთოს? ვერანაირად ვერ ჩაერევა. შეუძლია მხოლოდ იარაღი მიაწოდოს, მაგრამ უკრაინაში ომის გამო ზედმეტი შეიარაღება არა აქვს. მიწოდებასაც ლოჯისტიკა სჭირდება. უკრაინაში ადვილია - აწვდიან პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ა.შ. ირანის გამო ამერიკასთან ომში, ცხადია, არ ჩაებმებოდა, ეს სისულელეა. ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთთან ომს ერიდებიან...
ჩინეთს უფრო მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე რუსეთს, რადგან ირანი მისი დიდი ნავთობმიმწოდებელია, რუსეთს კი ნავთობი არ სჭირდება, პირიქით, ამ სიტუაციაში ჩინეთი მისგან უფრო მეტს ყიდულობს...
ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებზე სერიოზული შეტევები აღარ ყოფილა. გაანადგურეს ბუნკერების დიდი ნაწილი, სადაც რაკეტები და დრონები ინახებოდა. საკითხავია, მერე რა იქნება? შეიძლება მივიღოთ სირიის მსგავსი ქაოსი და ამის საშიშროება ძალიან დიდია. ირანში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც დასრულებულია, თუ რაღაც სიურპრიზი არა აქვთ შემონახული. ევროპის თავშეკავებული განცხადებები გასაგებია - რეგიონში სიტუაციის არევის შემთხვევაში ქაოსი მას მისწვდება, ამერიკა კი შორს არის. ევროპა ასევე დამოკიდებულია ამ რეგიონის ნავთობზე. ჰორმუზის სრუტე ერთი კვირაა დაკეტილია და ევროპა ზარალს ნახავს. მართალია, გაზსაცავებში ჯერ კიდევ აქვთ მარაგი, მაგრამ ნავთობის მხრივ რა იქნება და როდის გაიხსნება სრუტე, უცნობია. გასაგებია ესპანეთის განცხადებებიც, ის არ უჭერს მხარს ამერიკას, დიდად არ ადარდებს მისი მუქარა, რომ აღარ დაიცავს - მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. ამიტომაცაა ორიენტირებული საკუთარ ეკონომიკურ ზრდაზე და არა მილიტარისტულ ბიუჯეტზე. გარდა ამისა, მათ ტერიტორიაზე ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს და არ სურთ მათი განაწყენება. ბრიტანეთშიც მსგავსი ვითარებაა. იქაც მიიჩნევდნენ, რომ ეს ომი საჭირო არ იყო და ამერიკას სხვა მიმართულებით უნდა ემოქმედა. ბრიტანეთსაც ბევრი მუსლიმანი მოქალაქე ჰყავს. ომის პირველივე დღეს, თანაც რამადანის დროს, შიიტების სულიერი ლიდერი მოკლეს, შიიტები კი გაცილებით ფანატიკოსები არიან. ამიტომ ტრამპის ეს ნაბიჯი ბევრმა ვერ გაიგო, მგონი, ვერც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
- როდესაც ნატოს მთავარი წევრი იბრძვის, სხვების ასეთი პოზიციები ნატოს პერსპექტივას როგორ ცვლის?
- ამერიკამ ეს ომი ნატოს წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის გარეშე დაიწყო. ნატოს წევრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ - ასეთი რამ მხოლოდ ჰიპოთეზური იყო და ისიც ისრაელისთვის, რომელიც ალიანსის წევრი არ არის. ნატოს წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის დახმარებაზე არიან ფოკუსირებული, თუმცა დახმარება ძალიან უჭირთ, რადგან ამერიკა უკრაინას შეიარაღებას აღარ აწვდის. ვფიქრობ, ირანში დახარჯული რესურსის გამო უკრაინა კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს დახმარებას... როგორც ჩანს, ამერიკამ და ისრაელმა ყველაფერი ისე დაგეგმეს, რომ სხვებს არაფერი ჰკითხეს. ახლა უმთავრესია, რა შედეგს მივიღებთ. თუ ირანში "სირიის ვარიანტი" განმეორდა, ეს მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა არ იქნება, იქაც მშვიდობიანი ადამიანები იხოცებიან, ხოლო თუ საკითხს ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე შევხედავთ, ამას ნავთობის ფასების სერიოზული ზრდა მოჰყვება. ირანში არეულობა ტერორისტული ჯგუფების გაჩენას ნიშნავს, რაც საფრთხეს შეუქმნის მეზობელ ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოებს. ირანული ნავთობის ექსპორტი შეიძლება საერთოდ შეწყდეს. ევროპას ეს სიტუაცია არ აწყობს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაზის ფასი ისედაც გაორმაგდა, ახლა კი ნავთობიც ძვირდება, რაც სამომხმარებლო ბენზინზე უკვე აისახა... სწორედ ამიტომ იბრძვის ორბანი "დრუჟბას" ნავთობსადენის განახლებისთვის - მას რუსეთიდან იაფი ნავთობის მიღება სურს. ჩინეთიც და ინდოეთიც რუსულ ნავთობს შედარებით იაფად ყიდულობენ. რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა ახლა შეიძლება დროებითია, მაგრამ თუ ირანში ქაოსი გახანგრძლივდა, ფასები მაღალ ნიშნულზე დიდი ხნით დარჩება. ვფიქრობ, ისრაელს ირანში "სირიის ვარიანტის" შექმნა აწყობს, რადგან მიიჩნევს, რომ სირიის მოვლენებმა საბოლოოდ მასზე დადებითად იმოქმედა. სირია, როგორც საფრთხე, ისრაელისთვის განეიტრალდა. ამიტომ, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ირანშიც ჯობს ქაოსი იყოს, ვიდრე მუდმივად დაბომბვის მოლოდინში იყვნენ. რამდენად რეალური იყო ირანის მიერ ისრაელის დაბომბვის საფრთხე, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, ისრაელი ირანს ყოველთვის პირველი ბომბავდა. არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ პროცესებს შეაჩერებს, რადგან ამერიკის შეიარაღებულ ძალებს წინ ვერავინ გადაუდგება. თავად ამერიკამ უნდა გადაწყვიტოს, როდის გაჩერდეს და ირანში იმ ჯანსაღ ძალებს დაელაპარაკოს, რომლებიც კომპრომისზე წავლენ.
რუსა მაჩაიძე