„საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთიანი პლატფორმა უნდა შექმნან“
როგორ აისახება კავკასიაზე ირანში მიმდინარე პროცესები, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი მამუკა არეშიძე.
- ბატონო მამუკა, ახლახან აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა ბომბები. რა საფრთხეს უქმნის ეს პროცესები საქართველოს?
- აზერბაიჯანში, კერძოდ, ნახიჩევანში მომხდარ ფაქტზე სხვადასხვა ვერსიაა. ერთია, რომ ეს შესაძლოა ირანის გამაფრთხილებელი ღონისძიება იყოს როგორც თურქეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის. არც ის არის გამორიცხული, ეს მესამე ძალის მიერ იყოს მოწყობილი, რათა აზერბაიჯანს ხელ-ფეხი გაეხსნას ანტიირანული მოქმედებისთვის. არ არის გამორიცხული, ისრაელს ან აშშ-ს დასჭირდეს აზერბაიჯანი, როგორც საშეტევო პლატფორმა. აზერბაიჯანმა უკვე ჯარი განალაგა თავისი საზღვრის გასწვრივ, მზად ჰყავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.
მოგეხსენებათ, როცა ისრაელსა და ირანს შორის პირველი კონფლიქტი იყო, მაშინ როგორც ირანული მხარე ამბობდა, ისრაელმა აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენა სამხედრო აქტიურობისთვის. კატეგორიულად იმის თქმა, ვინ შეუტია ნახიჩევანს, რთულია.
ჩვენი ქვეყნისთვისაც პირდაპირი საფრთხე თავდასხმისა და ომში ჩართვისა, ერთი შეხედვით არ ჩანს, თუმცა აზერბაიჯანის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული გარკვეული აქტიურობა ჩვენს ტერიტორიაზეც. ვთქვათ, ამერიკის საელჩოზე, ან ენერგოდერეფნებზე თავდასხმა საჰაერო საშუალებებით. ძალიან დაბალი ალბათობით ვეჭვობ ამას, რადგან ისრაელისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა უფრო სხვა კატეგორიაშია გადასული, ვიდრე საქართველოსი.
შეიძლება მოინდომონ სომხეთის გამოყენებაც. კარგი იქნება, თუ რეგიონის ქვეყნები შეეცდებიან, უფრო შუალედური პოზიცია დაიკავონ და თან ერთი პლატფორმით გამოვიდნენ...
როგორც ჩემთვის ცნობილია, აშშ-ის ადმინისტრაციაშიც იყო ორჭოფული დამოკიდებულება ამ სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით და ტრამპი თავს იკავებდა. როგორც გამოჟონა ინფორმაციამ, ტრამპი არ იყო დარწმუნებული, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ირანის ხელისუფლება დაემხობოდა. ჯეი დი ვენსმა და ახალგაზრდებმა დაარწმუნეს, ასე მოხდებაო, მაგრამ ასე არ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეფექტურად იმუშავა როგორც ისრაელის, ისე აშშ-ის დაზვერვამ, სპეცსამსახურებმა პირველ ეტაპზე და მერე უკვე საჰაერო ძალებმა. ძალიან დიდი რეზულტატი მიიღეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გაგრძელების გეგმა არ ჰქონიათ. ის, რაც დღეს ხდება ირანის საზღვრებზე, გეგმა არ არის, ეს არის სურვილი მდგომარეობის შეცვლისა და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. მე ვგულისხმობ ქურთების ფაქტორის გამოყენებას.
ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ძალიან დიდხანს ცდილობდნენ როგორც ისრაელის, ისე ამერიკული, განსაკუთრებით ბრიტანული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ ირანის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ქურთები გამოეყენებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ირანი სხვა ტიპის ქვეყანაა, მაგრამ ახლა უკვე სხვა რამ მოიფიქრეს - არა ადგილობრივი ქურთების და პირველ რიგში ბელუჯების, არამედ ჩამოსული ქურთების გამოყენება. პირველი შეტევის მერე მოინდომეს ადგილობრივი ქურთების გააქტიურება, მაგრამ არ გამოუვიდათ და ამიტომ იძულებული შეიქნენ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ადმინისტრაციის რეგულარული არმია `პეშმერგა~ გამოეყენებინათ. ლოგიკურად, ეს არის ერაყის მოქალაქეების ირანის ტერიტორიის ერთგვარი ინტერვენცია. დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში იმ ბელუჯებსაც გაააქტიურებენ, რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს, უფრო სწორად, აღმოსავლეთ ირანში ცხოვრობენ. ბელუჯების გამოყენება ნიშნავს, რომ ფრონტი გაიშლება არა მხოლოდ ირანის ტერიტორიაზე, მის მოსაზღვრე პაკისტანშიც, სადაც 10-12 მილიონამდე ბელუჯი ცხოვრობს.
მოკლედ, ამერიკელებიც და ისრაელიც მიხვდნენ, რომ ამ ძალების გამოყენების გარეშე ვერ მოახერხებენ ირანის ხელისუფლების დამხობას.
- ფიქრობთ, ომი დიდხანს გაგრძელდება?
- დიახ. ყოველთვის ვამბობდი, რომ კომპლექსურად უნდა დაწყებულიყო საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია, რათა ირანის რეჟიმი დამხობილიყო. ჯერ სახმელეთო ოპერაციით ამერიკელები თავის თავს ამის უფლებას ვერ აძლევენ, ისრაელი ხომ გამორიცხულია, რადგან საკმარისია ერთმა ისრაელის ჯარისკაცმა დადგას ფეხი ირანის მიწაზე, რომ მთელი ისლამური სამყარო ფეხზე დადგება.
- სირიისმაგვარი პროცესი იქნება?
- დიახ. ასადის რეჟიმი უაღრესად არაპოპულარული იყო და ალავიტები ასადის რეჟიმის 18 პროცენტს შეადგენდნენ, ირანში კი სულ სხვა ვითარებაა. ქვეყანაში რკინისებური სამხედრო იდეოლოგიური კარკასია, ერთი კაცის სიკვდილი, პრაქტიკულად, არც ცვლის ვითარებას. იდეოლოგიური კარკასი ძალიან ბევრი ადამიანის მხარზე დგას.
ირანმა კარგად შეისწავლა აშშ-ის სამხედრო ოპერაციები წინა აზიის მასშტაბით, ერაყში, სირიაში და ა.შ. გაითვალისწინა ყველაფერი და ისეთი ტიპის რესურსი შექმნა, რომელიც არ არის კონცენტრირებული არც ადამიანების ერთი ჯგუფის ხელში და არც სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით. მთელი სამხედრო პოტენციალი გაფანტული აქვთ ირანის ტერიტორიაზე. პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე უნდა იომონ, რომ ირანის აქტივობა შეაჩერონ.
რასაკვირველია, ლიდერების ლიკვიდაციამ გარკვეულწილად შეცვალა ვითარება. მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით ვერაფერი შეცვალა. ისიც ვერ გაითვალისწინეს, რომ აიათოლა ეყრდნობოდა ძალიან სერიოზულ არაერთ ჯგუფს, რომელთა მეშვეობით მართავდა სიტუაციას. ამ ჯგუფების არსებობამ შეინარჩუნა რეჟიმი და გარდა ამისა, აიათოლას ზოგიერთ გადაწყვეტილებაში უაღრესად აქტიურად მონაწილეობდა მისი შვილი, რომელიც ახლახან დასახელდა აიათოლას თანამდებობაზე. გარდა ამისა, გადარჩენილია ერთ-ერთი უძლიერესი ფიგურა ირანის ხელისუფლებაში - ალი ლარიჯანი, რომელიც წლების განმავლობაში დიდი გავლენით სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს. ის დიდი კლანის ხელმძღვანელია. ალი ლარიჯანი ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა. ეს ნიშნავს, რომ მართალია, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები გაანადგურეს, მაგრამ არა გადამწყვეტი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დიპლომატიის უმაღლესი კლასის დემონსტრირებას ახდენს ყველა პლატფორმაზე, სადაც გამოდის. ყველა ადგილზე ჰყავთ პირი, რომელსაც შეუძლია ირანული პოლიტიკა წარმატებით გაატაროს და ეს ჩანს კიდევაც - ანუ კარკასი ძლიერი აქვს და ასე ადვილად ვერ დაიშლება.
ირანში არის გამწარებული ხალხი, ულიდერო უმართავი მასა, ის არ არის ოპოზიცია. ახლა ეს ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდეს, ისე ამოჟლეტენ, გულშემატკივარიც არ ეყოლებათ, იმიტომ, რომ ახლა გამწარებულები არიან ბასიჯები, `ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის~ სახალხო დანამატი - ეს არის შეიარაღებულ პირთა ჯგუფები, რომლებიც სხვა საქმით არიან დაკავებული, მაგრამ იდეოლოგიურად მათ მხარეს არიან. იანვრის მოვლენების დროს ხალხს რომ ესროდნენ, სწორედ ბასინჯები იყვნენ.
- ირანის მუქარაზე რას იტყვით?
- ირანი ამბობს, უახლოეს დღეებში დავარტყამთ ისრაელის ატომურ სადგურსო, და ეს კატასტროფა იქნება. როგორც ირკვევა, ისრაელის რკინის გუმბათი, ვგულისხმობ თავდაცვის გუმბათს, არ არის ისეთი დაუძლეველი, როგორც ასაღებდნენ ებრაელი სამხედროები და პოლიტიკოსები.
- კავკასიის ქვეყნებმა რა უნდა გააკეთონ?
- ალიევი თეთრ ცხენზეა ამხედრებული სომხეთთან გამარჯვების შემდეგ და რეგიონის ლიდერი ქვეყანაა.
საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ამ ომში არ ჩაგვითრიონ. პატარა ქვეყნებს არა აქვთ საშუალება, რომ ასეთ ვითარებაში მაინცდამაინც ერთ მხარეს დადგნენ. ეს აუცილებლად გამოიწვევს მეორე მხარის აგრესიას. ამიტომ უნდა შეეცადონ აწარმოონ ბალანსის პოლიტიკა.
ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ მხარე...
რატომ იყო ფაშინიანი ჩამოსული? მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი ხვალინდელი დღეა, არა მხოლოდ ეკონომიკური, რეგიონული პოლიტიკის თვალსაზრისითაც. სომხეთი უაღრესად რთულ მდგომარეობაშია, აზერბაიჯანიც არ არის დალხინებული. ჩვენ შეგვიძლია შედეგს მივაღწიოთ, თუ გარკვეულ საკითხებში ერთიან პოლიტიკას შევიმუშავებთ, ერთი მიდგომის დემონსტრირებას მოვახდენთ.
- აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთიც ჩაერთვება?
- რეგიონში თურქეთის მთავარი მოწინააღმდეგე ისრაელია, აქედან გამომდინარე, თურქეთი მხარეა, მიუხედავად იმისა, რომ ირანში ომის დაწყების წინააღმდეგი იყო და ხმამაღლა აცხადებდა ამას, მაინც მხარეა, განსაკუთრებით ანტიისრაელურ ქმედებებში.
აზერბაიჯანი ისრაელის მოკავშირეა, თან თურქეთი მსხვილი მოთამაშეა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სამ პატარა ქვეყანას: აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს. ჩვენს უნდა შევეცადოთ, გვქონდეს ერთიანი მიდგომა. საერთოდ, ერთიანი პოლიტიკის წარმოება წარმოუდგენელია სამ ქვეყანაში, მაგრამ ერთ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია. აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ არა მარტო რეგიონის, არამედ წინა აზიის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. მას აქვს სერიოზული ენერგეტიკული რესურსი, პლუს არის გამარჯვებული და დიპლომატიითაც ძალიან სერიოზული გარღვევები მოახდინა წლების განმავლობაში. უნდა მოვახერხოთ ერთ საკითხზე მოლაპარაკება - რეგიონის პოლიტიკის განსაზღვრაზე ამ კონფლიქტის კონტექსტში, რომ მხარეები არა ვართ, რომ მშვიდობა გვინდა. ყველა მსხვილი მოთამაშე ცდილობს რაღაც სათავისოდ გააკეთოს და იმისათვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ გამოყენებული, ერთიანი პლატფორმა გვჭირდება.